სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ფემიციდის უხილავი მსხვერპლები

„რა მოხდა #323 ავტობუსში?

ავტობუსში მომხდარი მკვლელობის დეტალებზე ბრალდების მხარე ბევრს არაფერს ლაპარაკობს. ამბობს მხოლოდ იმას, რომ 21 მაისს, დილის საათებში 31 წლის სოფო კვარაცხელია, მისი მეუღლე 38 წლის როინ მებონია და მათი ორი მცირეწლოვანი შვილი #323 ავტობუსში ერთად იმყოფებოდნენ, როდესაც ბრალდებულმა ცივი იარაღით ათამდე ჭრილობა მიაყენა ქალს, ძირითადად ყელის არეში. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. კაცი დანაშაულის ადგილზე დააკავეს”. ადიო თავისუფლება, 23 მაისი, 2022 წელი

„46 წლის ქალს, რომელსაც 25 წლის განმავლობაში ქმარი გამუდმებით სცემდა და ბოლოს ამის გამო პოლიციაში იჩივლა, თანასოფლელებმა აქცია მოუწყვეს, შვილებმა კი საჩივრის გამოტანა აიძულეს. ახლა მაია ქმართან დაშორებულია, მაგრამ ხუთი შვილიდან ორმა მასთან ცხოვრებას მამასთან ცხოვრება არჩია, თანასოფლელების ნაწილი კი დღემდე არ ემეზობლება”. სამხრეთის კარიბჭე. 18.06. 2018

„სურამში ცოლის მკვლელობის ბრალდებით ქმარი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, კაცმა გვიან ღამით მძინარე ცოლი, სავარაუდოდ, სანადირო თოფით მოკლა. სასიკვდილო ჭრილობით ქალი ადგილზე გარდაიცვალა. მკვლელობის დროს სახლში სამი მცირეწლოვანი იმყოფებოდა. მეზობლების თქმით დანაშაულის ჩადენის შემდეგ ილია ქურდაძემ შვილები გააღვიძა და უთხრა, რომ მათი დედა მოკლა”. ორმულანიუსი.ჯი 06.07.2020

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში 65 წლის კაცმა 58 წლის ცოლი მოკლა. ის ამჟამად დაკავებულია.უწყება ამბობს, რომ ქალი მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, კაცი კი ცხელ კვალზე დააკავეს”. ნეტგაზეთი. 8 ივლისი, 2022 წელი

ყველა ამბავი, რომელსაც ახლა კითხულობთ, ძალიან ჰგავს საშინელებათა ჟანრის ფილმს, რომლის ნახვისას სუნთქვა გეკვრება, გულისცემა გიჩქარდება და თვალებზე ხელს იფარებ. მაგრამ კინოსგან განსხვავებით, ასეთ შემთხვევებს რეალური მსხვერპლი ჰყავს ჩვენს ქვეყანაში და ფემიციდის მსხვერპლთა სტატისტიკა საგანგაშოდ მატულობს. ზოგჯერ ისე გადაებმება ერთმანეთს ასეთი დღეები გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკების მაყურებლები ვხდებით, თითქოს ქალების მკვლელი ვირუსი დაფრინავს ჰაერში და ლამაზი, ძლიერი, სიცოცხლის სურვილით სავსე ქალები მიჰყავს აქედან. შემდეგ კი ისევ ყველაფერი ჩვეულებრივად გრძელდება, სანამ კიდევ ერთ საშინელ ამბავს არ გავიგებთ.

ფემიციდი გენდერული ნიშნით მოტივირებული სასტიკი დანაშაულია. ფემიციდს უმეტესად წინ უძღვის ძალადობის ისეთი ფორმები, როგორიცაა, ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური ძალადობა და სხვა. რაც განპირობებულია მოძალადის მხრიდან ქალის გაკონტროლების სურვილით.

ერთ საღამოსაც მსგავსი საშინელი ამბავი წავიკითხე ფეისბუკზე. ჩემს საყვარელ ქალაქში, კიდევე ერთი ქალი მოკლეს. მკვლელი ყოფილი ქმარია. მეზობლებს კივილი შემოესმათ, კარი შეამტვრიეს და მოკლული ქალი იპოვეს. ფემიციდის მსხვერპლი ქალის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ნაცნობ ქალთან ვაკავშირებ, რომელიც ამავე ქალაქში ცხოვრობს და მისი ისტორია თითქმის ერთი-ერთში ემთხვევა ფემიციდის მსხვერპლი ქალისას. (სხვათა შორის, ამ ქალთა ისტორიები ძალიან ჰგავს ერთმანეთს: ქალები გარბიან, ცდილობენ დაუსხლტნენ მოძალადე ქმრებს და შემდეგ მათ კლავენ). ვცდილობ, გადავამოწმო ინტერნეტში მისი ყოფნის დრო, რომ გამოვრიცხო, ის ნამდვილად არ არის. მესენჯერი და ფეისბუქი გაუქმებული აქვს, უფრო მეტად მეშინია. შემდეგ სხვა საკომუნიკაციო პლატფორმაზე ვეძებ, სადაც ჩანს, რომ რამდენიმე წუთის წინ აქტიური იყო. მაინც ვწერ მოგონილი მიზეზით და საბედნიეროდ, ის კარგადაა.

რიცხვების ენაზე ფემიციდის მსხვერპლთა რაოდენობა საქართველოს სახალხო დამცველის 2022 წლის ანგარიშის მიხედვით ასე გამოიყურება:

2021 წლის საქართველოში მოკლეს 22 ქალი;

2020 წელს – 24 ქალი;

2019 წელს კი -19 ქალი.

ქალის მკვლელობის მცდელობის სტატისტიკა ასეთია:

2021 წელს – 31 შემთხვევა;

2020 წელს – 27 შემთხვევა;

2019 წელს – 22 შემთხვევა.

ახლახან კიდევ ერთი ქალი მოკლეს. ფეისბუქი მოკლული ქალის მამის ატირებულ ვიდეოს მთავაზობს, სადაც მამა ჰყვება შვილის ყოფილ ქმარზე. მამას ეგონა სიძე გამოსწორდებოდა, ამიტომ არ ჩაერია, ფიქრობდა მისი შვილისთვის ასე იქნებოდა კარგი. სანამ ყველაზე სასტიკი შედეგი არ დადგება, საზოგადოება და ამ საზოგადოების კონკრეტული წევრები – მშობლები, ნათესავები, მეზობლები, მეგობრები განგრძობით ძალადობის ფაქტებს არ ვიმჩნევთ, არ ვერევით „სხვისი ოჯახის საქმეში”, სამწუხაროდ, მგონია, რომ ასეთ ამბებს კიდევ მოვისმენთ.

ძალადობის მსხვერპლსაც არ სჯერა, რომ დაუჯერებენ, რომ მიიღებენ, რომ ცუდი თვალით არ შეხედავენ, რომ არ იჭორავებენ მასზე და ოჯახის დანგრევის გამო არ დაადანაშაულებენ. ამ შემთხვევების გაანალიზებისას ყოველთვის იკვეთება განწყობა, რომელიც ძალადობის მსხვერპლ ქალებს აქვთ, როდესაც სცემენ და მოკვლით ემუქრებიან – მათ არ აქვთ იმედი, რომ ვინმე დაიცავს, ძალადობის მოჯადოებული წრიდან გამოიყვანს და გადაარჩენს. სწორედ ამიტომ, ხშირად ჩუმად ყოფნით, ძალადობას შეგუებულები რჩებიან ან ზოგჯერ გაქცევით შველიან თავს.

ოგორ გავზარდოთ გოგო შვილები? ოგორ დავიცვათ ისინი? ას მოვიქმედებდით, რომ გავიგოთ, ჩვენს შვილს ცუდად ექცევიან? ოგორ გავაძლიეროთ გოგონები? ვასწავლოთ, რომ თავის დაცვა შეძლონ? – შემზარავი შემთხვევების პარალელურად მატულობს და ისმის კითხვები, რომელთა ავტორები შემაძრწუნებელი შიშით და რისხვით სავსე მშობლები არიან, ხშირად უფრო დედები, ისინი უფრო მეტს ლაპარაკობენ, ვიდრე მამები.

კლინიკურ ფსიქოლოგთან და ფსიქოთერაპევტთან თამარ ფაცაციასთან რამდენიმე თვის წინ ჩავწერე ინტერვიუ წყვილებს შორის კონფლიქტურ ურთიერთობებზე და იმაზე, რა გავლენას ახდენს ასეთი ურთიერთობები ბავშვზე. გთავაზობთ მცირე ამონარიდს ინტერვიუდან, სადაც კარგად ჩანს, რა შედეგები მოაქვს არაჯანსაღ ურთიერთობას ბავშვებისთვის და როგორ შეიძლება ძალადობის მსხვერპლმა ვერ ამოიცნოს საგანგაშო სიგნალები.

ოდესაც ბავშვი იზრდება არაჯანსაღ ურთიერთობაში, ეს მისთვის ხდება სამყაროსთან ურთიერთობის მოდელი და იქცევა მის ბუნებრივ მდგომარეობად. ას ზრდასრულობამდე მიაქვს ეს მძიმე ტვირთი და შესაძლოა მის რომანტიკულ ურთიერთობაშიც იგივე განმეორდეს, რადგან ასეთი ქცევა მისთვის ნაცნობია.

როდესაც ბავშვი იზრდება ჯანსაღ გარემოში, სადაც მშობლები ერთმანეთს პატივს სცემენ, უსმენენ, არ უყვირიან, ერთად არიან ჩართული აქტივობებში, ასეთი ქცევაც ბავშვისთვის არის მაგალითი, ნაცნობი და ცხოვრებისეულ გზაზე ის, დიდი ალბათობით, ეცდება იპოვოს მსგავსი გარემო და ქცევის და ურთიერთობის ასეთი ფორმა გახდება მისთვის სტანდარტი. ამ შემთხვევაში, შესაძლოა ბავშვის ცხოვრების ხარისხი იყოს უფრო მაღალი, თავს გრძნობდეს უსაფრთხოდ, მიღებულად, აღიარებულად და გრძნობდეს, რომ ის უყვართ, არ გააჩნდეს დამაბრკოლებელი დანაშაულის გრძნობა და ლაღად განვითარდეს, დააფიქსიროს საჭიროებები, უფრო თამამი იყოს გარემოს შემეცნებაში, ექსპერიმენტირებაში. მაღალი თვითშეფასების მქონე ადამიანი ნაკლები ალბათობით დაუკავშირებს ცხოვრებას კონფლიქტურ პიროვნებას, რადგან ასეთი ქცევა არ არის მისთვის ნორმა, რადგან გაზრდილია ოჯახში, სადაც არის მიმღებლობა და პატივისცემა და როგორც კი აღმოჩნდება გარემოში, სადაც ამის საპირისპირო ხდება, ეს შესაძლოა იყოს გამაფრთხილებელი ნიშანი, რომ ამ სიტუაციას უნდა გაეცალოს, რომ ეს არ არის ჯანსაღი. ხოლო კონფლიქტურ გარემოში გაზრდილი ბავშვისათვის მსგავსი გარემოა ბუნებრივი, ნაცნობი და შესაძლოა არ ჩაირთოს განგაშის სიგნალი, რომელიც ეტყვის მას, რომ უნდა დატოვოს ეს გარემო“.

 რა უნდა გავაკეთო მშობლებმა, მასწავლებლებმა, სკოლამ და დანარჩენმა საზოგადოებამ, რომ ასეთი სასტიკი რეალობა თავიდან ავირიდოთ? თითქოს, ძალიან მარტივია ამ კითხვაზე პასუხი: მშობლებმა ყველა სიტუაციაში მხარი უნდა დავუჭიროთ ჩვენს შვილებს, მივიღოთ ისინი, როცა უჭირთ და არ მოვუხუჭოთ თვალი არანაირ ძალადობას ჩვენ გარშემო. როგორ შეგვიძლია ყველამ შევიტანოთ წვლილი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში? ალბათ, ისევ იმით, რომ ხშირად, მკაფიოდ და ხმამაღლა ვისაუბროთ ასეთი დანაშაულების შესახებ მშობლებმა შვილებთან და მასწავლებლებმა სკოლაში მოსწავლეებთან. რა უნდა მოვითხოვოთ სახელმწიფოსგან? სახელმწიფომ და შესაბამისმა სტრუქტურებმა უნდა იმოქმედონ ეფექტურად და დაიცვან ძალადობის მსხვერპლი ქალები, სანამ ისინი სასტიკი რეალობის წინაშე აღმოჩნდებიან.

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“