დღეს რომ უხეშობა ჩვენი საზოგადოებისთვის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, არავისთვისაა შეუმჩნეველი. ამის დასაფიქსირებლად ნამდვილად არ არის საჭირო მეცნიერული კვლევის ჩატარება. საკმარისია მხოლოდ ქუჩაში გავიდეთ და დავუკვირდეთ, როგორ ურთიერთობენ და ელაპარაკებიან ერთმანეთს ადამიანები, განურჩევლად ასაკისა და სქესისა. თუმცა, განსაკუთრებით მტკივნეული და საყურადღებოა, როცა ბავშვებსა და მოზარდებში ვაწყდებით უხეშობას.
უხეშობა ბავშვებში შეიძლება საკმაოდ ადრეულ ასაკში დავაფიქსიროთ. გარდატეხის ასაკში უხეშობისაგან კი პრაქტიკულად არცერთი მოზარდი არ არის დაზღვეული. ხშირად ისეთი ბავშვებიც კი, რომლებიც ადრეულ ასაკში, უმცროს სასკოლო პერიოდში, არანაირ პრობლემას არ უქმნიდნენ აღმზრდელებს, გარდატეხის ასაკში საოცრად უხეშები ხდებიან. ბევრი მშობელი იბნევა და საგონებელში ვარდება, როცა მისი, ერთ დროს მოალერსე, მეგობრული, კეთილშობილი, წყნარი ბავშვი ყველაზე უმნიშვნელო და უვნებელი შენიშვნების და შეკითხვების პასუხად იწყებს უხეშობას. მთავარი გრძნობა, რომელიც უხეშ ადამიანს ეუფლება, არის ბრაზი, რომელიც გამანადგურებელია ფსიქიკისთვის. თუ ის დომინანტური გახდება, ფსიქიკური დაავადებაც კი შეიძლება განვითარდეს. გარდა ამისა, როცა ადამიანს სიბრაზე და გაღიზიანება იპყრობს, ის კომფორტულად და მყუდროდ ვერ გრძნობს თავს – ვერ პოულობს ადგილს, დადის წინ და უკან, შეიძლება რაიმე ნივთი, რაც ხელში მოხვდება, მოისროლოს, გაიჯახუნოს კარი. შემდეგ, როცა უარყოფითი ემოციების სიმძაფრე ჩაცხრება, ის განიცდის დაღლილობას, აპათიას, სინდისის ქენჯნას, სინანულს. ამასთან ცდილობს, იპოვოს საკუთარი თავშეუკავებლობის გამართლება. ბუნებრივია, მსგავს სიტუაციებში ბავშვებს უფრო უჭირთ, რადგან მათი ფსიქიკა ნაკლებად მდგრადია, თავდაცვის მექანიზმები კი ჯერ კიდევ სუსტი.
ბავშვებში უხეშობის დასაძლევად და მოქმედების ეფექტიანი სტრატეგიის შესამუშავებლად აუცილებელია, უპირველეს ყოვლისა, უხეშობის გამომწვევ მიზეზებში გავერკვეთ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, აღნიშნული ქცევის გამომწვევი მიზეზი შეიძლება სრულიად განსხვავებული იყოს.
ბავშვის უხეშობის ყველაზე გავრცელებული მიზეზები:
- ასაკობრივი თავისებურებები – ყველას სმენია გამოთქმა „რთული“ ასაკი. და ეს არ ეხება მხოლოდ გარდატეხის, მოზარდობის ასაკს. თუმცა, სწორედ ამ ასაკის მოზარდებში ვლინდება უხეშობა ყველაზე ნათლად. მათთვის უხეშობა, როგორც წესი, არის პროტესტი მშობლების მხრიდან კონტროლის და მეურვეობის წინააღმდეგ, რადგან ის თავს უკვე დიდად, ზრდასრულად გრძნობს;
- მშობლების მხრიდან ყურადღების ნაკლებობა – შესაძლოა, სრულიად ობიექტური მიზეზების გამო – დიდი დატვირთვა სამსახურში, მოუცლელობა, ოჯახში სხვა ბავშვების და ხანდაზმული ნათესავების ყოფნა, რომლებიც ასევე საჭიროებენ მოვლას და ყურადღებას – მშობელმა საკუთარ შვილს ვერ დაუთმოს დრო და არ გამოიჩინოს მის მიმართ სათანადო ყურადღება. მაგრამ ბავშვისთვის ძნელია ოჯახში არსებული მდგომარეობის ანალიზი და მიღება. ის ცდილობს, მიიპყროს ყურადღება და უხეშობა ხდება ამ მიზნის მიღწევის ინსტრუმენტი. თუ ბავშვისთვის არავის სცალია, არავინ აქცევს ყურადღებას, თავისი უხეშობით მან შეიძლება ძალიან სწრაფად მიიპყროს ყველას ყურადღება. ასეთ შემთხვევაში, ის მომავალშიც განახორციელებს მსგავს ქცევას. ბევრი ბავშვისთვის ეს უმოკლესი გზაა ყურადღების ცენტრში მოსახვედრად. გავითვალისწინოთ, რომ „ნეგატიური, უარყოფითი“ ყურადღება ასევე ყურადღებაა. „თუ გეჩხუბებიან, გლანძღავენ, ეს ნამდვილად არ არის კარგი, მაგრამ, თუ საერთოდ ვერ გამჩნევენ, ეს უკვე პრობლემაა!“ – ასე ფიქრობს ბავშვი და თუ გავითვალისწინებთ, რომ უყურადღებობა და გულგრილობა ზრდასრული ადამიანისთვისაც არ არის ადვილი ასატანი, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ჩვენი ყურადღების მისაპყრობად ბავშვმა უხეშობაზეც არ თქვას უარი;
- ქცევის ოჯახური მოდელი -ცნობილია, რომ მხოლოდ მშობლების პირადი მაგალითი შეიძლება იყოს აღზრდის ყველაზე უფრო ეფექტიანი მეთოდი. და, თუ ოჯახში მშობლებს შორის უხეშობა ნორმას წარმოადგენს, ან გარშემომყოფებთან უხეშობა მიღებულია, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ დროთა განმავლობაში ბავშვი აითვისებს და გაიმეორებს ქცევის ამ მოდელს;
- უხეშობა, როგორც საპასუხო რეაქცია – თუ ბავშვი მუდმივად განიცდის ზეწოლას, მას უყვირიან, მის მიმართ აღზრდის რეპრესიულ მეთოდებს იყენებენ, გარკვეულ ეტაპზე ის „აფეთქდება“ – თავადაც დაიწყებს უხეშობას, ყვირილს; მოაწყობს ისტერიკას;
- უფროსების მანიპულირების მცდელობა – ცნობილია, რომ ბავშვები „კარგი“ მანიპულატორები არიან. და, თუ მშობლები იწყებენ მათი ახირებების დაკმაყოფილებას უხეშობის და ისტერიკის მოწყობის შემდეგ, რისკი იმისა, რომ ბავშვი სასურველის მიღწევას ისევ უხეშობით და ისტერიკის მოწყობით შეეცდება, საკმაოდ დიდია. იმ შემთხვევაში კი, თუ შევეცდებით ასე მიჩვეულ ბავშვს უარი ვუთხრათ მისი სურვილის დაუყოვნებლივ შესრულებაზე, შეიძლება მასში გამოვიწვიოთ აგრესია და უხეშობა. თუ სკოლამდელი და უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვს უხეშობა ჩვევად ჩამოუყალიბდება, გარდამავალ ასაკში შეიძლება ურთიერთობის სერიოზულმა პრობლემებმა იჩინოს თავი.
რეკომენდაციები ბავშვებში უხეშობის დასაძლევად:
- დავადგინოთ მისაღები ქცევის მკაფიო საზღვრები, განვიხილოთ ის ბავშვთან და დავრწმუნდეთ, რომ მან სწორად გაიგო ჩვენი ნათქვამი. შეიძლება ზოგიერთმა მშობელმა სხვა გზას მიმართოს – სიმკაცრე, აკრძალვები, მკაცრი ტონით საუბარი. თითოეული ოჯახი ინდივიდუალურად უდგება აღნიშნულ პრობლემას. ამ შემთხვევაში გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ოჯახის ყველა წევრი იცავდეს შეთანხმებას და მიღებულ წესებს;
- ბევრი აღმზრდელი, როგორც მშობელი, ასევე პედაგოგი, ხშირ შემთხვევაში, იგნორირებას უკეთებს ბავშვის კარგ ქცევას, კარგ ქმედებებს. სამაგიეროდ, ყურადღების გარეშე არ ტოვებს აღსაზრდელის შეცდომებს და მიუღებელ ქცევებს. იმას, რომ პატარა ადამიანი ცდილობს რაიმეს კარგად გაკეთებას, ჩვენ ხშირად ნორმად მივიჩნევთ, ვთვლით, რომ ეს ასეც უნდა იყოს. მაგრამ საკმარისია მან რაიმე მიუღებელი, არასასიამოვნო ქცევა განახორციელოს, რომ ჩვენ ყველა საქმეს გვერდზე გადავდებთ პრობლემაში გასარკვევად. ბევრი მშობელი თვლის, რომ თავი უნდა შევიკავოთ შექებისგან, რაც არ უნდა გააკეთოს ბავშვმა, რადგან მათი აზრით ეს უარყოფითად იმოქმედებს მასზე. მაგრამ, თუ ხშირად შევაქებთ ბავშვს, დადებით კომენტარებს გავუკეთებთ მის ქცევას, როცა ის ყველანაირად ცდილობს ჩვენთვის მოსაწონი რამის გაკეთებას, მას აღარ დასჭირდება უხეშობა, მიუღებელი, უარყოფითი ქცევის განხორციელება ჩვენი ყურადღების მისაპყრობად;
- პატივი ვცეთ ბავშვის უფლებას იყოს ცუდ გუნებაზე, ჰქონდეს უარყოფითი ემოციები, არ სურდეს ლაპარაკი, ჰქონდეს განმარტოების სურვილი. ეს განსაკუთრებით გასათვალისწინებელია გარდატეხის ასაკში მყოფ ბავშვთან ურთიერთობისას. მოზარდობის ასაკი ეს ის პერიოდია, როდესაც სამყაროს ორი ფერი აქვს – შავი და თეთრი, ამასთან ჭარბობს შავი ფერი. ნუ გამოვხატავთ უკმაყოფილებას და ნუ გავუწყრებით მოზარდს, თუ ის უარს ამბობს ჩვენთან საუბარზე, გვთხოვს, რომ გარკვეული დროით არ შევეხოთ და ამის მიზეზად ასახელებს იმას, რომ ცუდ ხასიათზეა, მარტო ყოფნა და მუსიკის მოსმენა სურს;
- თავად ჩვენც მოვერიდოთ უხეშობას. ნუ გავაუფასურებთ მოზარდის გრძნობებისა და განცდების მნიშვნელობას. ნუ ვიქნებით უხეში მისი უხეშობის საპასუხოდ. თუ ჩვენ დავკარგეთ კონტროლი და უხეშობა გამოვავლინეთ, გულწრფელად მოვუხადოთ ბოდიში;
- მოვუყვეთ მოზარდს გარდატეხის ასაკის სირთულეებთან დაკავშირებით ჩვენი გამოცდილების შესახებ. ალბათ, ყველას გვახსოვს, როგორ გვეჩვენებოდა ამ ასაკში, რომ სამყარო ინგრევა და არავის ესმის ჩვენი. გავუზიაროთ მოზარდს, რა გრძნობებს და ემოციებს განვიცდიდით ამ პერიოდში,რომ იცით, როგორ გრძნობს თავს. სინამდვილეში ჩვენ ეს შეიძლება ნამდვილად არ ვიცოდეთ. უბრალოდ ვესაუბროთ ანალოგიურ, მსგავს გამოცდილებაზე და მხარი დავუჭიროთ მოზარდს;
- კონფლიქტურ სიტუაციებში ნუ ვაწარმოებთ დიალოგს ხმააწეული ტონით. თუ მოზარდი უხეშობს და ყვირის, ვუთხრათ: „არ შემიძლია შენთან ასეთი ტონით საუბარი. მოდი, ორივე დავმშვიდდეთ და შემდეგ გავაგრძელოთ“. ამას შესაძლოა, სულ რამდენიმე წუთი დასჭირდეს – ბავშვი დამშვიდდება და კვლავ მზად იქნება დიალოგისთვის;
- თუ ბავშვმა გაგვანაწყენა თავისი უხეშობით, ნუ შევაფასებთ მას, ნაცვლად ამისა ვესაუბროთ ჩვენს გრძნობებზე: „მე შენ ძალიან მიყვარხარ, მაგრამ შენგან ასეთი სიტყვების მოსმენა ძალიან მტკენს გულს“. დიალოგი გრძნობად დონეზე მოზარდთან ურთიერთობის გასაღებია;
- რეაგირების გარეშე არ დავტოვოთ ნებისმიერი ადამიანის მიმართ ბავშვის მიერ გამოვლენილი უხეშობა. ის ელოდება უფროსების რეაქციას საკუთარ ქმედებებზე. მათი მხრიდან იგნორირება კი აღიქმება როგორც ასეთი ქცევის ნებართვა;
- ნებისმიერი ასაკის ბავშვის აღზრდაში ყველაზე მნიშვნელოვანია მშობლის მაგალითი. თუ ჩვენ საკუთარ თავს ვაძლევთ უფლებას, ვიყოთ უხეში ადამიანებთან ურთიერთობისას, ნუ ველით, რომ ჩვენი აღსაზრდელი ინტელიგენტურობის განსახიერება იქნება. ბავშვები იმახსოვრებენ და იმეორებენ ჩვენი ქცევის მოდელს, ჩვენს სიტყვებს და რეაქციებს სხვადასხვა ვითარებაში. თვალყური ვადევნოთ ჩვენს ქცევას და მეტყველებას ბავშვის თანდასწრებით;
- ავუხსნათ ბავშვს, რომ უხეშობის გამოვლენის შემთხვევაში არ უნდა მოგვერიდოს ბოდიშის მოხდა ჩვენი ქცევის გამო და კარგი იქნება, თუ ამის მაგალითს ჩვენ თავად მივცემთ;
- ვაკონტროლოთ ჩვენი ემოციები. რა თქმა უნდა, უფროსებიც ვიღლებით ემოციურად, მაგრამ ეს მაინც არ გვაძლევს უფლებას, რომ პირველივე უხეშობის შემთხვევაში ბავშვს თავს რისხვად დავატყდეთ.
უხეშობა კომპლექსური პრობლემაა. მის ფორმირებაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი. ერთობლიობაში ისინი იძლევიან უარყოფით ქცევით რეაქციას, რომლის კორექტირება შეიძლება და საჭიროა კიდეც. ვიყოთ უფრო ყურადღებიანი მოზარდის მიმართ, გვიყვარდეს ის ჩვენთვის მიუღებელი და არასწორი ქცევის მიუხედავად. დავაფასოთ და ვისიამოვნოთ მისი სწრაფი განვითარების პროცესზე დაკვირვების, ამ პროცესის სწორი მიმართულებით წარმართვის, მოზარდის პიროვნების ფორმირების პროცესში აქტიური მონაწილეობის მიღების შესაძლებლობით.