სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

მავნე ჩვევა ბავშვებში და მისი დაძლევის გზები

საბავშვო ბაღში შვილის გამოსაყვანად მისულ დედას სამი წლის ნიკა ატირებული დახვდა. პატარას ხელზე რომ დახედა, ქალმა აღშფოთება ვერ დამალა – სიწითლე და ნაკბენის კვალი ბავშვს ჯერ კიდევ ეტყობოდა. აღმზრდელმა აუხსნა მშობელს, რა მოხდა: „ბავშვები მშვიდად თამაშობდნენ, მაგრამ უეცრად გიო და ნიკა სათამაშოს გამო ერთმანეთს წაეკიდნენ. მათკენ გავეშურე გასაშველებლად, მაგრამ ჩემს მისვლამდე გიომ მოასწრო და ნიკას იმ ხელზე უკბინა, რომელშიც სათამაშო ეჭირა“.

ვფიქრობ, მსგავსი შემთხვევები უცხო არ უნდა იყოს იმ აღმზრდელებისთვის, რომლებსაც პატარებთან აქვთ ურთიერთობა. ბავშვმა შესაძლოა უკბინოს თანატოლს, მაგრამ ხშირად უფროსსაც არ ინდობს. არიან დედები, რომლებსაც საკუთარ თავზე გამოუცდიათ ბავშვის ნაკბენის სიმწარე.

კბენის ჩვევა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჩვევაა ადრეული ასაკის ბავშვებში, ამიტომ, თუ დავინახეთ, რომ პატარამ ხელები აგრესიულად მომუშტა და საკბენად მოემზადა, შეშფოთება ვერ გვიშველის. აჯობებს, ამ ჩვევის დაძლევა ვცადოთ. ამისთვის საჭიროა ქცევის მიზეზების გარკვევა. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სკოლამდელ პერიოდში, ბავშვის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, კბენას შესაძლოა სრულიად სხვადასხვა მიზეზი ჰქონდეს.

 

კბენის მიზეზები

  • უპირველეს ყოვლისა, კბენა ძლიერი ემოციის – იმედგაცრუების, სასოწარკვეთის, ეჭვიანობის, საფრთხის განცდის – გამოვლინებაა. თუ პატარა აღმოჩნდა ისეთ სიტუაციაში, რომელშიც თავს დაუცველად გრძნობს, მან შესაძლოა მიმართოს აღნიშნულ გზას. როდესაც ვინმეს კბენს, ის თითქოს იწყებს შემდგომი მოვლენების მართვას. გავითვალისწინოთ, რომ როდესაც ბავშვი თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს, ის მუდმივ მზადყოფნაშია რეალურ თუ წარმოსახვით საფრთხეზე რეაგირებისათვის, მუდმივად თავდაცვით პოზიციაში იმყოფება. ბავშვი კბენს მას, ვისთვისაც წინააღმდეგობის გაწევას ვერ ახერხებს.
  • წლამდე ასაკის ბავშვებში კბენის მიზეზი კბილების ამოჭრასთან დაკავშირებული დისკომფორტი და ტკივილია. ამ დროს პატარა მზადაა, დაკბინოს და დაღრღნას ყველაფერი, რაც ხელში მოხვდება. კბენით ის ცდილობს, შეამციროს ღრძილებზე დატვირთვა და უსიამოვნო შეგრძნებებისგან გათავისუფლდეს.
  • ზოგიერთი ბავშვი კბენის საშუალებით ერთგვარ „ექსპერიმენტებს ატარებს“. ერთი წლის ბავშვისთვის კბენა სამყაროს შემეცნების ერთ-ერთი ხერხია. პატარამ შეიძლება უკბინოს უფროსს ან თანატოლს, ისევე როგორც „კბენს“ მის ხელში მოხვედრილ ნებისმიერ სათამაშოს.
  • ხანდახან ბავშვი იკბინება, როდესაც ვერ ახერხებს სხვა გზით მიზნის მიღწევას ან საკუთარი სურვილების ადეკვატურად გამოხატვას. მაგალითად, როდესაც სურს სათამაშო, მაგრამ მეტყველებით ვერ ახერხებს თავისი სურვილის ისე გადმოცემას, რომ გაუგონ, მან შეიძლება კბენას მიმართოს და ასე გამოხატოს სურვილი. შემთხვევითი არ არის, რომ ბავშვების უმრავლესობა ივიწყებს ამ ჩვევას 3-4 წლის ასაკიდან, როცა მეტყველება უმჯობესდება და პატარები უკეთესად ახერხებენ სიტყვიერ კომუნიკაციას გარშემო მყოფებთან.
  • ბავშვი იკბინება მაშინ, როდესაც საფრთხეს გრძნობს, როდესაც თავს ვერ ართმევს სიტუაციას და ვერ ახერხებს თავისი უფლებების დაცვას სხვა, უფრო მისაღები ხერხით. ამ დროს კბენა მისთვის თავდაცვის საშუალებაა. ასეთი ქცევა დამახასიათებელია თანატოლებთან ურთიერთობაში მყოფი ბავშვებისთვის.
  • ზოგიერთი ბავშვი იკბინება საკუთარი ძალის საჩვენებლად. როგორც წესი, ასე იქცევიან პატარები, რომლებიც სხვებზე ძალაუფლების მოპოვებისაკენ ისწრაფვიან.
  • კბენის მიზეზად შეიძლება იქცეს ასევე ყურადღების დეფიციტი უფროსების მხრივ. ყურადღების მოთხოვნილება ადრეული ასაკის ბავშვის მთავარი სოციალური მოთხოვნილებაა. თუ ბავშვი მორჩილი და დამჯერია, მაგრამ ჩვენ მას „ვამჩნევთ“ მხოლოდ მაშინ, როცა ის რამე აკრძალულს აკეთებს, ბავშვს „გამოაქვს დასკვნა“: „ცუდად მოქცევა კარგია, იმიტომ რომ მხოლოდ ამ გზით შეიძლება უფროსების ყურადღების მიპყრობა“. ის ფაქტი, რომ უფროსი ბრაზობს, მისთვის ნაკლებმნიშვნელოვანია იმ კმაყოფილებასთან შედარებით, რომელსაც მისი ყურადღებით იღებს.

 

როგორ დავძლიოთ

  • ადრეულ ასაკში ბავშვები ჯერ კიდევ მეტისმეტად პატარები არიან იმისათვის, რომ ერთმანეთს დაუკავშირონ კბენის ფაქტი და უფროსის გაბრაზება. ამდენად, ასეთ სიტუაციებში დასჯა დიდად ვერ დაგვეხმარება. უკეთესი იქნება, თუ იმას დავამშვიდებთ, ვისაც ბავშვმა უკბინა, კბენია პატარას კი ვუსაყვედურებთ და ავუხსნით, რომ კბენა მტკივნეულია. აუცილებელია, საუბრისას გვქონდეს მკაცრი, უკმაყოფილო გამომეტყველება და მტკიცე ხმა. ადრეულ ასაკში ბავშვებს შესაძლოა არ ესმოდეთ, რას ვეუბნებით, მაგრამ მათ ძალიან კარგად ესმით სხეულის ენა, შესანიშნავად ხვდებიან ყველაფერს გამომეტყველებით და ინტონაციით.
  • ნუ გავიცინებთ, თუ დავინახეთ, რომ ბავშვმა ვინმეს უკბინა ან, პირიქით, მას უკბინა სხვამ.
  • ნუ ვუკბენთ პატარას ხუმრობით. ის ვერ შეამჩნევს განსხვავებას ჩვენს ნაზ კბენასა და საკუთარ კბენას შორის.
  • ვიზრუნოთ, რომ ჩვილს ჰქონდეს საკმარისი რაოდენობის უსაფრთხო სათამაშო კბილების ამოჭრის პერიოდში. წინააღმდეგ შემთხვევაში დისკომფორტის მოსახსნელად ის აუცილებლად დაიწყებს კბენას.
  • ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის დაძლევაზე მუშაობის დროს აუცილებელია აღმზრდელთა თანმიმდევრული და შეთანხმებული მოქმედება. თუ მამა სჯის ბავშვს კბენისთვის, ბებია კი იცავს, თუ დედამ გუშინ გაიცინა, როცა მისმა შვილმა თანატოლს უკბინა, დღეს კი ასეთივე ქცევისთვის მკაცრად სჯის, ბავშვი დაინახავს, რომ სხვადასხვა სიტუაციაში ოჯახის სხვადასხვა წევრთან შეიძლება სხვადასხვანაირად მოიქცეს და დაიწყებს უფროსებით მანიპულირებას სასურველის მისაღებად.

ამასთან ერთად, უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვი იკვლევს ნებადართულის საზღვრებს არა მხოლოდ გარემომცველი საგნობრივი სამყაროს მიმართ, არამედ ადამიანებთან ურთიერთობაშიც, ამიტომ ოჯახში ბავშვის აგრესიული და მიუღებელი ქცევის მიმართ დამოკიდებულება ერთმნიშვნელოვანი უნდა იყოს. ბავშვს უნდა ვასწავლოთ იმის გაგება, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება და რომ ცუდ ქცევას უსიამოვნო შედეგი მოჰყვება, მაგალითად, ავუკრძალავთ თამაშს.

  • მოვერიდოთ ბავშვის ფიზიკურად დასჯას. ფიზიკური დასჯით ჩვენ მას ქცევის უარყოფით ნიმუშს ვაჩვენებთ და ნუღარ გაგვიკვირდება, თუ მომავალში სხვებთან ურთიერთობაში თვითონვე მოიქცევა ასე.
  • შევუქმნათ ბავშვს უსაფრთხო გარემო, რათა დაცულობის განცდა ჰქონდეს და არ დასჭირდეს აგრესიული ქცევის გამოვლენა საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად. გვახსოვდეს, რომ კბენა – რეაქციაა იმ დისკომფორტზე, რომელსაც ბავშვი მოცემულ მომენტში განიცდის. ამიტომ რაც უფრო მეტ მზრუნველობას, ალერსს და სითბოს გამოვავლენთ მის მიმართ, მით უფრო მეტი შანსია, აღნიშნული ჩვევა არ ჩამოუყალიბდეს.
  • შევაქოთ ბავშვი კარგი ქცევისთვის. თუ მოცემულ მომენტში არ იკბინება, მაგრამ მსგავს სიტუაციებში, ჩვეულებრივ, ასე იქცევა ხოლმე, აუცილებლად აღვნიშნოთ, რომ დღეს მისი ქცევა მოგვწონს.
  • ნუ დავტოვებთ ბავშვს უყურადღებოდ. პატარები დაპროგრამებულები არიან იმაზე, რომ მიიპყრონ ჩვენი ყურადღება ნებისმიერი – პოზიტიური თუ ნეგატიური გზით, ამიტომ კბენას ყურადღების მიპყრობის გზად მიიჩნევენ.
  • თუ პატარამ კბენით ტკივილი მოგვაყენა, ვუთხრათ ამის შესახებ. სათქმელი კი ასე ჩამოვაყალიბოთ: „ძალიან მეტკინა, მე მწყინს, როცა მკბენ“ – და არა ასე: „რამდენჯერ უნდა გითხრა, ასე ნუ იქცევი-მეთქი!“ საყვედურები, ჩხუბი და დასჯა კიდევ უფრო გააძლიერებს ბავშვის აგრესიას. თუნდაც მეყსეულად გავაჩეროთ, ემოცია დარჩება და ადრე თუ გვიან გამოსავალს იპოვის.

მთავარია, გვიყვარდეს ბავშვი არა მხოლოდ მაშინ, როცა ალერსიანი და დამჯერია, არამედ მაშინაც, როცა მრისხანებას გამოხატავს. თუ პატარა ჩვენში, ჩვენს სიყვარულში დარწმუნებული იქნება, მას არ დასჭირდება ჩვენი სიყვარულის „შემოწმება“ ასეთი აგრესიული ხერხით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“