– აქ სულ ვაშლის ხეები გვქონდა. ეზო რომ გადაგვიწვეს, უზარმაზარი ვაშლები ესხა. თვალწინ მიდგას, როგორ ეკიდა ცეცხლი ვაშლებით დახუნძლულ ტოტებს… – მიყვება ჩემი ერგნეთელი მასპინძელი, სანახევროდ აღდგენილი სახლის წინ დგას და ხელის მოძრაობით მიხსნის, როგორი ნაყოფი ჰქონდა მის ვაშლის ხეებს, რომელიც გაუნადგურეს. თმა ზღაპრის წიგნის ბებოსავით გათეთრებია, ცუდად ესმის, მაგრამ მის მეხსიერებას დეტალები ნათლად შემოუნახავს. ოთხმოც წელსაა გადაცილებული და ახალი ცხოვრება რამდენიმე წლის წინ დაიწყო თავის ოჯახთან ერთად. მისთვის არავის უკითხავს, უნდოდა თუ არა, მზად იყო თუ არა, ჰქონდა თუ არა სულიერი ძალა ან მატერიალური შესაძლებლობა. უბრალოდ, ასე მოხდა. ზოგჯერ ადამიანები საკუთარი ბედის ბატონ-პატრონები სულაც ვერ ვართ.
ისტორიები გადამწვარ ბაღებზე, ცეცხლში გახვეულ ვაშლებსა და მანდარინებზე საქართველოში აღარავის უკვირს. უფრო მეტიც, ზოგჯერ მეჩვენება, რომ სენტიმენტები დაგვიბლაგვდა, იმ საზოგადოებად ვიქეცით, რომლის წევრებიც თავდაცვით ნაგებობებს დიდი მონდომებით აშენებენ, რათა კედლებს მიღმა დარჩენილებს შემთხვევით თვალი არ მოჰკრან. ალბათ ესეც თვითგადარჩენისკენ სწრაფვის ნაწილია – შეინარჩუნო ემოციური წონასწორობა და სიმშვიდე, თუნდაც სხვების გასაჭირზე თვალის დახუჭვის ფასად.
რამდენიმე დღის წინ ფეისბუქზე საინტერესო პოლემიკას შევესწარი – განიხილებოდა, უნდა დაეხმაროს თუ არა სახელმწიფო სოციალურად დაუცველებს, უმუშევრებს, დევნილებს. „რატომ ჩვენი ხელფასის ხარჯზე?” „რატომ ჩვენი შრომის ხარჯზე?” „ხელი გაანძრიონ და ეშველებათ!” – ისმოდა ჩემს თაიმლაინზე. გულახდილად რომ ვთქვა, ადამიანების ერთმანეთისადმი გულგრილობა აღარ მაკვირვებს, აღარ მაკვირვებს ხმამაღალი შეძახილები: „მე თუ შევძელი, სხვებმა რატომ ვერ შეძლეს?” ბოლო დროს განსაკუთრებით ვერიდები ასეთ პოლემიკაში ჩართვას, რადგან როგორც ყველას, თავდაცვისა და წონასწორობის შენარჩუნების საკუთარი მექანიზმი მეც გამაჩნია, მაგრამ ზოგჯერ მაინც მიჭირს მოთმენა. თავი ვერც ამჯერად შევიკავე.
გამოდის, ქვეყანაში, სადაც უმუშევრობის მაჩვენებელი სრულ შეუსაბამობაშია უმაღლესი განათლების მქონე ადამიანების რაოდენობასთან, სადაც საუკეთესო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებსაც კი ხშირად უჭირთ სამსახურის პოვნა, სადაც არ არსებობს დასაქმების პოლიტიკა, სადაც თანმიმდევრული კარიერული ზრდაც კი სირთულეს წარმოადგენს, ჩვენ ვთხოვთ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღე იბრძვიან გადარჩენისთვის, სახელმწიფოს მოხსნან ყოველგვარი პასუხისმგებლობა და თავს ისე მიხედონ, რომ ჩვენ არც კი გავიგოთ მათი არსებობის შესახებ.
გამოდის, ჩვენ მიერ გადახდილი გადასახადების სწორედ ის ნაწილი გვენანება და გვაფიქრებს ყველაზე მეტად, რომელიც სოციალურად დაუცველ და დევნილ მოსახლეობას ხმარდება, თითქოს არასოდეს გაგვეტანებინოს ქარისთვის ერთი თეთრიც კი.
გამოდის, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველა ისე ცხოვრობს, როგორც თავად მოისურვებს და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი უამრავი ადამიანი, უბრალოდ, საკუთარი არჩევნის საფუძველზე ცხოვრობს სრულიად გაუსაძლის პირობებში.
გამოდის, საკუთარი ხალხის შესახებ არაფერი ვიცით.
მე შევხვედრივარ ადამიანებს, რომლებიც უარს ამბობენ შედარებით მაღალანაზღაურებად დროებით სამუშაოზე, რადგან ასეთის არსებობის შემთხვევაში, ისინი ავტომატურად კარგავენ სახელმწიფო დახმარებას, რომლის მოგვიანებით აღდგენაც საკმაოდ რთულია. თუ ვინმე მეტყვის, რომ სამსახურის დაკარგვისგან დაზღვეული არავინაა, მე ვუპასუხებ, რომ განსაკუთრებით ძნელია, როცა საზღვრისპირა სოფელში ულუკმაპუროდ რჩები, ამიტომ ადამიანების არჩევანს, ჰქონდეთ რეგულარული, მიზერული შემწეობა, ცალსახად სიზარმაცეს ვერ მივაწერ. მათ ეშინიათ, ეშინიათ გაურკვეველი მომავლის, ზოგიერთისთვის ალბათ რთულად გასაგებია და შიმშილის ეშინიათ, რომელიც მუდამ ჩასაფრებულია ზღურბლთან და მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ აძლევთ.
მე შევხვედრივარ ადამიანებს, რომლებსაც საერთაშორისო ან არასამთავორობო ორგანიზაციების მიერ ნაჩუქარი მაცივრისა და ტელევიზორის გამო სახელმწიფო დახმარება მოეხსნათ. ძნელია, ასეთ ადამიანებს უმტკიცო, რომ ყველაფერი მათზეა დამოკიდებული და საკუთარი ცხოვრების ბატონ-პატრონები თავად არიან.
ვყოფილვარ დევნილთა ჩასახლებებში და მინახავს, როგორ ამუშავებენ ისინი სულ რამდენიმე კვადრატულ მეტრ მიწას, როგორ უვლიან პაწაწინა ბოსტანს და რამდენიმე ნერგს, უვლიან და ალბათ შორს დარჩენილი მშობლიური ეზოს ვაშლები და მანდარინები უდგათ თვალწინ, ცეცხლის ალში გახვეული ვაშლები და მანდარინები. წარმოუდგენელია, ამ ხალხს შრომის მნიშვნელობაზე წაუკითხო ლექცია. მათ ისედაც ყველაფერი კარგად იციან.
ცხადია, იმის თქმას არ ვცდილობ, რომ ზარმაცი ადამიანები არ არსებობენ, თუმცა სიღარიბე რომ ყოველთვის სიზარმაცის შედეგი არაა, ამაში საკუთარი გამოცდილებაც მარწმუნებს.
სამშობლოს არ ირჩევენ. სამშობლო ან გპატრონობს, ან შენგან ითხოვს პატრონობას. სამშობლო მარტო მიწა და სოციალურ ქსელებში გასაზიარებელი ლამაზი ხედები არაა. სამშობლო, პირველ რიგში, ის ხალხია, ვისაც ჩვენ ხშირად ვუბზუებთ ცხვირს, ვისაც „ჩამოთრეულებს” ვეძახით, ვისი ტრაგედიაც არ გვაინტერესებს, ვისი დამკსდარი ხელებიც ახლოდან არასოდეს გვინახავს, ის ხალხია, ვისთვისაც ჩვენი შემოსავლის ნაწილის გაღება გვენანება.
არც დემოკრატიული სახელმწიფოს მოქალაქეობა ნიშნავს მხოლოდ საკუთარ უფლებებზე ზრუნვას. ჩემი აზრით, ის უფრო პასუხისმგებლობის აღებას გულისხმობს, პასუხისმგებლობის აღებას მათზე, ვისი ცხოვრებაც ჩვენი ცხოვრებისგან განსხვავდება, ვისაც ჩვენზე მძიმე ხვედრი ერგო.
ალბათ ადამიანობაც სულ ესაა.