ოთხშაბათი, ივლისი 17, 2024
17 ივლისი, ოთხშაბათი, 2024

ვანის ლიტერატურული ტრადიცია- ერთი სკოლის და ერთი მასწავლებლის შესახებ

გაზაფხულზე იმერეთს არაფერი სჯობს. სულ სხვანაირი სიმწვანე, ხასხასა, გაკუწკუწებული ეზოები, მოყვავილე მაგნოლიები და აზალიები, ტიტები და ნარცისები, უნაბი და კომში.

სწორედ იმერეთში წავედი რამდენიმე ძალიან კარგ მწერალთან ერთად განსაკუთრებული მისიით – ლიტერატურული პრემია „საბას” ნომინანტებს იმერეთის რამდენიმე სკოლისთვის ელექტრონული წიგნების სახლ „საბას” ბიბლიოთეკა უნდა გადაგვეცა, 600-ზე მეტი ელექტრონული წიგნითა და შესაბამისი ტექნიკით.

ამ მოგზაურობაზე, მკითხველთან შეხვედრაზე, ჩვენი სკოლების მდგომარეობაზე, საოცარ გაზაფხულზე და უსაყვარლეს მასპინძელ-მოსწავლეებზე ბევრი მაქვს მოსაყოლი, თუმცა ახლა ერთ ამბავზე შევჩერდები, მინდა მოგითხროთ, როგორ გრძელდება ლიტერატურული ტრადიცია გალაკტიონის სოფელთან ახლოს, შუამთის სკოლაში და როგორ ვიპოვე სრულიად განსაკუთრებული ქართულის მასწავლებელი.

ერთი შეხედვით რამის გამოცნობა შეგიძლიათ? მაგალითად, ფერით მიხვდეთ, ახალია თუ არა ბოსტნეული, რომელიც ბაზარში იყიდეთ. ან გატყუებთ თუ არა ადამიანი, რომელიც გესაუბრებათ, ან როგორ ნიადაგზეა აშენებული სახლი და ემუქრება თუ არა კედლებს ეროზია? შეგიძლიათ? მე – არა. ერთადერთი, რასაც ერთი თვალის შევლებით ვცნობ, გნებავთ გუმანი დაარქვით, გნებავთ ინტუიცია, ან უბრალოდ, სიყვარული – ვცნობ სკოლებს, რომელთაც კარგი ქართულის მასწავლებელი ჰყავთ, ყველაფრით ვცნობ, ასეთი სკოლები განსაკუთრებით ცოცხლები არიან.

ვანის რაიონის სოფელ შუამთის სკოლაში ახლომდებარე სოფლების მოსწავლეებიც სწავლობენ, მათ შორისაა, გალაკტიონ ტაბიძის სოფელი, ჭყვიში, რომლის ერთმა გენიალურმა შვილმა სრულიად შეცვალა ქართული პოეზიის მდინარება.

სკოლაში მოსწავლეებთან ერთად მთელმა პედკოლექტივმა გვიმასპინძლა. შეხვედრის დროს კი ჩემთვის ყველაზე საინტერესო ამბავი გავიგე – სკოლის მკითხველთა კლუბის შესახებ.

არა, უფრო სწორად, მკითხველთა კლუბზე ცოტა ადრე შევიტყვე, როცა ელექტრონული წიგნების კატალოგით დაინტერესებული ხან ერთმა მოსწავლემ მოირბინა – ამ წიგნებში ჰოლდენ კოფილდის ამბავი არის? ხან კიდევ მეორემ – თანამედროვე მწერლების წიგნები ჩამოგვიტანეთ?

მოსწავლეთა ლიტერატურული ცნობისწადილის მთავარი მიზეზიც ცოტა ხანში გავიცანით – ქალბატონი აზა სართანია, სოფელ შუამთის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

-მკითხველთა კლუბი 2014 წელს დავაარსეთ მე და ბავშვებმა, უფრო სწორად, იმ ბავშვებმა, რომლებსაც კითხვა უყვართ. მიზანი ახალგაზრდების სულის გაფაქიზებაა, ეს ცოდნის გარეშე შეუძლებელია, ცოდნის მიღება კი -კითხვის გარეშე. ამ უხეშმა ეპოქამ, მხოლოდ კაპიტალის დაგროვებით რომაა დაკავებული, ლიტერატურა, მთლიანად ხელოვნება, უგულებელყო. ლიტერატურის უმთავრეს მოვალეობად კი ის მიმაჩნია, არ დაგვავიწყდეს, რომ ადამიანები ვართ. ახალგაზრდებმა ბევრი მხატვრული ლიტერატურა უნდა იკითხონ, შეიყვარონ წიგნი და გადაარჩინონ სამყარო. ვინც მხატვრულ ლიტერატურას კითხულობს, არასოდეს გახდება ბოროტი, შურისმაძიებელი, უსიყვარულო, უნდო. აი, ეს არის ჩვენი კლუბის არსებობის არსიც”, – მპასუხობს ქალბატონი აზა, როდესაც კლუბის დაარსების შესახებ ვეკითხები.

შემდეგ, რასაკვირველია, მისი პედაგოგიური ცხოვრება მაინტერესებს, გაკვეთილები, აქტივობები, სიახლეები:

-ჩემს სადამრიგებლო კლასში ყველაფერს ვაკეთებ: კლასისა თუ სასკოლო ღონისძიებებს, აქციებს და ა. შ. 2013-2014 სასწავლო წელს რაღაც ხალისს შევიტან სასკოლო ცხოვრებაში-მეთქი, შევკრიბე თვითმმართველობის წევრები და გადავწყვიტეთ იუმორისტული გაზეთის გამოშვება. მოსწავლეთა პრობლემებზე უნდა დაგვეწერა. მოპოვებული მასალები ჩემთვის უნდა მოეწოდებინათ. მე კი სამი ისეთი მოსწავლე მყავდა შერჩეული, მასწავლებლებმა და არც მოსწავლეებმა დღესაც არ იციან, ვინ იყვნენ. ხელმძღვანელი მე რომ ვიყავი, ეს კი იცოდნენ. ,,წკიპურტი” ერქვა ჩვენს გაზეთს. პირველი წკიპურტი გათბობას ეხებოდა. ატყდა აჟიოტაჟი. ბავშვებიც გამოცოცხლდნენ”.

ლიტერატურამ სკოლის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა, წიგნები მოსწავლეების ყოველდღიური მეგობრები გახდნენ, დისკუსია, წიგნების განხილვა, წიგნების გაცვლა-გამოცვლა სასწავლო პროცესის განუყრელი ნაწილი გახდა.

-ბევრი ვიფიქრე, როგორ დამეინტერესებინა ბავშვები. მოდით ახლა და წავიკითხოთ და გავაანალიზოთო, ამის თქმით არაფერი გამოვიდოდა. ჰოდა, პირველად პოეზიის საღამო მოვაწყვეთ, ბევრი გასართობი პროგრამით. მთავარი მხატვრული კითხვის კონკურსი იყო, ექსპრომტი – მეგობრული. ერთ-ერთი კონკურსი იყო ,,გამოიცანი, ვინ რა თქვა”. მე მქონდა მომზადებული ჩემი სავარაუდო პასუხები. ბავშვებისამ ჩემ მიერ მოფიქრებულს ბევრად აჯობა. მონაწილეებმა იმ დღეს მანამდე მიჩქმალული უნარები გამოავლინეს (მე ყოველთვის მათ უპირატესობას ვუსვამ ხაზს და ესეც კარგ შედეგს იძლევა).

არამხოლოდ ლიტერატურა, სიახლეები კინოში, საზოგადოებრივი მოვლენები, ახალგაზრდობის პრობლემები – საინტერესო განხილვები, კამათი და ყველაფერი ის, რასაც ცოცხალი სკოლა ჰქვია.

-ურუშაძის ,,მანდარინებს” ვუყურეთ ერთად და ჩვენი აზრიც გამოვხატეთ. თქვენი საჩუქრის შემდეგ უფრო სწრაფად შევძელით ,,თეთრი ბაირაღების” წაკითხვა. ამ ორ დღეში შევიკრიბებით და ერთმანეთს ჩვენს აზრს გავუზიარებთ. ამის შემდეგ დაბალ კლასებში გამოვაცხადებთ აკაკის საიუბილეო კონკურსს დაწყებითებში მხატვრულ კითხვაში, მაღალ კლასებში – ვიქტორინაში. თუ იშრომებ და იბრძოლებ, შედეგი აუცილებლად იქნება. მანამდე კლუბში გაწევრიანება რომ არ სურდა, ისეთი მოსწავლე რომ მთხოვს, თქვენთან მინდა და რამე კარგი პროექტი მოვიფიქროთო, ეს უკვე შედეგია. კლუბში მხოლოდ მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებია გაერთიანებული. ნეტავ განახათ, მერვეკლასელები როგორ ერთვებიან ქართულის პროექტებში, რომ სექტემბრიდან კლუბის წევრობის ღირსი გახდნენ, თავი მომაწონონ.

მოკლედ, დიდი გეგმები აქვთ, რომელთა შესრულებაში მე ეჭვი არ მეპარება, ისევე როგორც ლიტერატურული ტრადიციის უწყვეტობაში, რომლის სულის ჩამდგმელი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“