სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

მნიშვნელობა აღარ აქვს

ჭკვიანი და მკვდარი კაცებისა ტყუილიც დაიჯერება. ჟურნალ Esquire-ის ფურცელზე სულმნათი გაბრიელ გარსია მარკესის ასეთი სიტყვები წერია: „ჩვენ გვიწევს, ვიბრძოლოთ ენის გაქვავების წინააღმდეგ. ისეთმა სიტყვებმა, როგორებიცაა „ერი”, „დემოკრატია”, დაკარგა მნიშვნელობა. ყველას, ვისაც არჩევნების ორგანიზება შეუძლია, თავი დემოკრატი ჰგონია”.
კოლუმბიიდან საქართველომდე ოკეანე და მრავალი ათასი კილომეტრია, მაგრამ მარკესის აზრი ჩვენს ქვეყანას ისევე ერგება, როგორც თემიკო ჩირგაძე – ვაჟა ზაზაევიჩის როლს. „ერისა” და „დემოკრატიის” გარდა, ჩვენში ყველა, როგორც იტყვიან, ძაღლი და ღორი, წაღმა-უკუღმა რომ ატრიალებს, უამრავმა სიტყვამ თუ ფრაზამ დაიწყო გაქვავება. ბევრი კი თავიდანვე ქვადშობილი იყო. მათ დაკარგეს მნიშვნელობა ან მნიშვნელობის გარეშე დაიბადნენ, ზოგიერთი საფიცარი, ამაღელვებელი ფრაზის გაგონებაზე კი არათუ სისხლის ტემპერატურა არ გვიწევს მაღლა, არამედ ხანდახან გვეცინება კიდეც.

ამას ჩვენ ყოველდღე ვაკეთებდით: შინ, ოჯახის წევრებთან საუბრისას; სკოლებში, გადაუმოწმებელი და გაუაზრებელი ისტორიული პასაჟების მოყოლისას; ბირჟებზე, ქვეყანაში მოქმედი კანონების ალტერნატიული, ქუჩის კანონების შექმნისას; საზოგადოებრივ ტრასპორტში, დადგენილი წესების ერთობლივად უგულებელყოფისას; სუფრებზე, მლიქვნელობისა და ფარისევლობის ზეიმის დროს; პარლამენტში, საკუთარი უნიათობის მაღალფარდოვანი სიტყვებით გადაფარვისას; მიტინგის ტრიბუნაზე, ხელოვნური ცრემლების მოსადენად.
დღეს ჩვენ ისე გვჭირდება ერთად დგომა, როგორც არასდროს
ქართული მიტინგების სცენარის გამოცნობა ისევე იოლია, როგორც დაბალბიუჯეტიანი ჰოლივუდური ფილმის ფინალისა, რომელშიც უბრალო ბიჭს კოლეჯის ფეხბურთის გუნდის კაპიტნის შეყვარებული უყვარს, მაგრამ თქმა ვერ გაუბედავს. რუსთაველის გამზირზე, ყოფილი და მომავალი (ამისა ვეღარა გავიგე რა) პარლამენტის შენობის წინ, უკან საეჭვობანერგაკრულ სცენაზე გამოსული მოპატრიოტო ან ვაიმოპატრიოტო ელემენტი ადრე თუ გვიან აუცილებლად იტყვის სიტყვებს: „ქართველებო, დღეს ჩვენ ისე გვჭირდება ერთად დგომა, როგორც არასდროს”. მიდი და არკვიე ახლა მტყუან-მართალი. ბოლო-ბოლო, ერთი და ორი ცრუ მესია გვინახავს?!

ერთადერთი ემოცია, რომელიც ამ სიტყვების გაგონებისას მეძალება, სიცილია, ამის მთქმელი ადამიანები კი წამსვე გადაიქცევიან ხოლმე კომიკურ, პატარა პერსონაჟებად, რომლებიც, რამე რომ იყოს, ასანთის კოლოფშიც თავისუფლად მოთავსდებოდნენ. გახსოვთ, როგორ მთავრდება „მარტოობის 100 წელიწადი”? „ადამიანთა მოდგმა, რომელიც განწირულია ასწლიანი მარტოობისთვის, მეორედ ვეღარ მოვა ამქვეყნად”. ჩვენს შემთხვევაში კი ასე მგონია: ადამიანთა მოდგმას, რომელიც ცალ-ცალკე, ინდივიდუალურად ვერ აკეთებს თავის საქმეს, გაერთიანება არ უწერია.
თავისუფლება ლომთა ხვედრია
ჩვენში დარჩეს, მაგრამ თავისუფლება ადამიანთა ხვედრი უფროა. ოღონდ ყველა ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი ვერ ან არ ახერხებს იყოს თავისუფალი თავისი დამოკიდებულების, კომპლექსების, მიჯაჭვულობის, წარსულის, მოკლე მეხსიერების გამო. რაგბის თამაშის წინ, რესტორნებში, მანქანებში ვუსმენთ და ხანდახან ავყვებით ხოლმე სიმღერას, რომელშიც ამბობენ, რომ თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია. ამასობაში ვერ ვაცნობიერებთ, რომ ეს სიტყვები ჩვენზე კია დაწერილი, მაგრამ არ გვეხამება.

ტალონით ნაყიდი რუსული ხიზილალას გემო; ფიქრი: რას იტყვის მეზობელი, თუ ჩემმა შვილმა ტატუ გაიკეთა; ეჭვი, რომ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც მიწისქვეშა გადასასვლელში უკრავენ, პატრონი არ ჰყავთ; რწმენა, რომ ნუგეში ვითომდა საერთო რელიგიის აღმსარებელი მეზობელის უბეშია; იმის კომპლექსი და მცდარი აზრი, რომ ვინც ტელევიზორში ხშირად გამოდის, შენზე ჭკვიანია; შიში, რომ კონკურენტზე უკეთესი ვერ იქნები; ძალა, რომელსაც საკუთარ ორგანიზმსა და გონებაში ვერ პოულობ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის; არგუმენტი, რომ ვაჟა-ფშაველა მხოლოდ იმიტომაა მაგარი, რომ ალენ დელონმა წაიკითხა (თუმცაღა არ წაუკითხავს); იდეა, რომ რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ. ეს ყველაფერი და კიდევ ვინ მოთვლის რამდენგვარი სიმსივნე გვართმევს საშუალებას ვიყოთ თავისუფლები. ესაა ბალასტი, რომელიც აეროსტატიდან უნდა გადაიყაროს.
და თუკი თავისუფლება მართლაც ლომთა ხვედრია, მაშინ ჩვენ ნაღდად არ ვართ ლომები. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.
მანდილოსნებს გაუმარჯოს
ამ სადღეგრძელოს ორ რამეს ვედავები – სიკეკლუცესა და სიყალბეს. გამარკვიეთ ერთი, რატომ უნდა გაუმარჯოს მანდილოსნებს ცალკე? ქართულ სუფრაზე მე არ მომისმენია მამაკაცების სადღეგრძელო. თუ მაინცდამაინც არ ვიშლით, იქნებ აჯობებდეს ვთქვათ, ადამიანებს გაუმარჯოსო. განა ქალი სხვა სახეობაა?

ასეც რომ არ იყოს, ამ სიტყვებს გაგრძელება და საქმით დასტური არ გააჩნია.

ცოტა ხნის წინ ერთ თბილისურ საპურმარილეში ასეთ ამბავს შევესწარი: ფერხორციანი მამაკაცები ერთი მათგანის დღეობას აღნიშნავდნენ. სუფრა ეზნიქებოდათ. ხორხოცებდნენ, ნაკლებად სასაცილო ანეკდოტებს ჰყვებოდნენ, გაუცინარზე იცინოდნენ. მიჰყვნენ პროტოკოლით განსაზღვრულ სადღეგრძელოებს და მიადგნენ მანდილოსნებს. სად წაუვიდოდნენ?! დიდად აზიზი სიტყვებით შესვეს. ზოგიერთმა უცნობი პოეტების ნაკლებად ცნობილი ლექსებიც მოაყოლა. არ გასულა ხუთი წუთი, რომ ერთმა მათგანმა, ყველაზე მთვრალმა და ცუდი ენის კაცმა, მიმტან გოგონას მიმართა:

– სადაა ჩემი ხინკალი?

– გამოვა თუ არა, მოგიტანთ, ბატონო, – უპასუხა მიმტანმა და შებრუნდა.

– ოე, …-ო – უღრიალა მამაკაცმა, რომელმაც ხუთი წუთის წინ ცრემლმოსადენი სიტყვებით დალია მანდილოსნების სადღეგრძელო.

ღმერთმა დამიფაროს, იმას ვამბობდე, რომ ასე უგვანად ბევრი მოიქცეოდა. ცხადია, ცოტა მოიძებნება ასეთი არაკაცი, მაგრამ ამ სიტყვების ფასი რომ ნულია, ნული ეგეთი უნდა.
დანარჩენზე მერე დავწერ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“