ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

დედობის სირთულეები

„უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, შვილს ნამდვილად არ გავაჩენდი. დარწმუნებული ვარ, ასე მოვიქცეოდი”.

სამი შვილის დედა, 45 წლის

„ის გამოცდილება რომ მქონოდა, რაც ბავშვების აღზრდისას გროვდება, წარმოდგენა რომ მქონოდა იმაზე, რას ნიშნავს შვილის გაზრდა, არც ერთი არ მეყოლებოდა. ეს ჩემი ცხოვრების კოშმარია”.

ორი შვილის დედა, 57 წლის

„ალბათ გავაშვილებდი, ნამდვილად, სენტიმენტების გარეშე… მიჭირს ამის თქმა, იმიტომ რომ მიყვარს, თანაც ძალიან”.
სამი შვილის დედა, 38 წლის

ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა ისრაელში მცხოვრები სოციოლოგის ორნა დონათის კვლევა, რომელიც 23 ქალთან ზეპირ ინტერვიუებს ეყრდნობა და არკვევს, დედობა ქალის გააზრებული არჩევანია თუ საზოგადოებრივი პოლიტიკის შედეგი. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ორნა იმ ქალებზე სვამს აქცენტს, რომლებისთვისაც დედობა მძიმე აღმოჩნდა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ შვილების გაჩენის შემდეგ თავისუფლება დაკარგეს და მათმა პიროვნულმა ინტერესებმა უკანა პლანზე გადაინაცვლა. ეს ქალები თანხმდებიან, რომ შვილის გაჩენამდე ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდათ იმაზე, რას ნიშნავს დედობა. შესაბამისად, მათი არჩევანი, გამხდარიყვნენ დედები, ნაკლებადაა პირადი გადაწყვეტილება და უფრო საზოგადოებრივი პოლიტიკის ნაწილია. საზოგადოება წყვეტს, რომ ქალის მთავარი ფუნქცია დედობაა, ის ბედნიერი უნდა იყოს შვილების გაზრდით, დედობა წმინდათაწმინდა საქმეა და ქალიც სიამოვნებით უნდა სწირავდეს შვილებს ყველაფერს, რაც გააჩნია.

კვლევის მონაწილე ქალების ასაკი 20-დან 70 წლამდე მერყეობს და თითოეული მათგანი ამბობს, რომ შვილები ძალიან უყვართ. რაც არ უყვართ, დედის როლია. ისინი სიამოვნებით გააკეთებდნენ სხვა საქმეს, მოივლიდნენ მთელ მსოფლიოს იმ პასუხისმგებლობისა და ვალდებულებების გარეშე, რაც დედობას ახლავს თან. ქალები ამბობენ, რომ ამ გრძნობას ხანდაზმულ ასაკშიც კი ვერ აღწევენ თავს, როცა მათი შვილები უკვე ზრდასრულები და დამოუკიდებლები არიან. ამ დროს საზოგადოება მათგან უკვე შვილიშვილების მოვლას, მათზე მზრუნველობას ელის.

ორნას კვლევას ინტერნეტში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგი წერს, რომ, დიახაც, დედობაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს და არ შეიძლება, დედამ შვილებზე ასეთი ტონით ილაპარაკოს, ადამიანებმა პირნათლად უნდა შეასრულონ თავიანთი მოვალეობა და რა საჭიროა ყველაფრისგან პრობლემის შექმნა, ყველაფრის განხილვა. ზოგს მიაჩნია, რომ ამ თემაზე დისკუსიის დაწყება დროულია და ძალიან კარგია, რომ ეს განხილვის საგნად იქცა, ასე უფრო გაადვილდება ქალების გათავისუფლება იმ როლისგან, რომელსაც მას გარემო სთავაზობს. სხვები კლასიკად ქცეულ ფემინისტებს იხსენებენ და ამბობენ, რომ იმაზე, რაც ორნას კვლევამ აჩვენა, მაგალითად, სიმონ დე ბოვუარი გასული საუკუნის შუა ხანებში წერდა „მეორე სქესში”.

ბოვუარი, რომელსაც ქალის როგორც დამოუკიდებელი ინდივიდის დასახატავად ისეთ ფაქიზ თემებზე დასჭირდა წერა, რომლებზეც მანამდე ხმამაღლა თავად ქალებიც არ ლაპარაკობდნენ, ქალის დეფინიციისთვის დაწვრილებით, მშრალად, ყოველგვარი აღტაცების გარეშე  აღწერს მის ფიზიოლოგიას: მენსტრუაციის, ორსულობის, მშობიარობის, ლაქტაციის პროცესებს – და ამბობს, რომ ქალის ბიოლოგიური აგებულება განსაზღვრავს საზოგადოებაში მის როლს, ქალი გვარის კვლავწარმოების მექანიზმი ხდება და თუ ოდესმე დამოუკიდებლად ცხოვრება მოუნდა, სწორედ საკუთარ ფიზიოლოგიას უნდა აუაროს გვერდი და შეთავაზებული როლის შესრულების ნაცვლად საკუთარ სურვილებს მიუგდოს ყური.

„…ქალებად კი არ იბადებიან, ქალები ხდებიან. არც ბიოლოგიური, არც ფიზიკური თუ ეკონომიკური ხვედრი არ განსაზღვრავს იმ ხატს, რომელსაც იძენს ადამიანის მდედრი საზოგადოებაში”.

მიუხედავად იმისა, რომ ბოვუარის მანამდე გამოუთქმელმა შინაარსებმა დუმილს მიჩვეული საზოგადოება გააღიზიანა (როგორც დღეს – ორნას კვლევამ), ის ერთ-ერთი პირველია, ვინც ქალებს რეალობის ალტერნატივები შესთავაზა, ტაბუების მოხსნა დაიწყო. მისი ტაქტიკა სწორი აღმოჩნდა – ქალებზე საუბარი მხოლოდ ცალკეული თემების განხილვით შეუძლებელია, სრული სურათისთვის ყველა ასპექტი მნიშვნელოვანია.

 

პირველი შვილი თითქმის სამი წლის წინ გავაჩინე. ზაფხულის ცხელი დღე იყო. როცა მივხვდი, რომ სამშობიაროში წასვლის დრო მოვიდა, ჩაი დავაყენე. რამდენიმე ფინჯანი გამოვწრუპეთ მე და ჩემი შვილების მამამ და მერეღა წავედი ექიმთან. მას შემდეგ ცხელი ჩაი აღარ დამილევია. ვამზადებ, მერე წვრილმან საზრუნავებზე გადავერთვები ხოლმე და ჩაი ცივდება. მგონია, ცხელი ჩაის დაბრუნება იქნება ნიშანი იმისა, რომ ბავშვები დაიზარდნენ. ეს – ხუმრობით, სერიოზულად კი ზაფხულის იმ ცხელი დღის შემდეგ ბავშვებზე ფიქრისას რაც ყველაზე ხშირად მიტრიალებს გონებაში, სწორედ ისაა, რომ ბავშვის გაჩენამდე ჩვენ ძალიან ცოტა რამ ვიცით იმის შესახებ, რას ნიშნავს დედობა და აქ იგულისხმება როგორც წმინდა ფიზიოლოგიური პროცესები, ასევე თანმხლები ფსიქიკური მდგომარეობები. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან გვესმის, რა ბედნიერებაა შვილის ყოლა და როგორი ამაღელვებელია ამასთან დაკავშირებული ამბები, არავინ გვაფრთხილებს იმის შესახებ, რომ შვილის გაჩენა ავტომატურად გულისხმობს ჩვეული რიტმის შენელებას, ზოგჯერ – დაპაუზებას, რომ პირველი, რაც ბავშვის დაბადებას მოჰყვება, ბეიბი ბლუზია, მას კი – დაღლილობა და ემოციათა მრავალფეროვანი სპექტრი და შენ გამუდმებით იდგები დილემის წინაშე: მეტი დრო გაატარო შვილთან თუ შეინარჩუნო აქტიური ცხოვრების წესი და პირადი ინტერესები.

მიუხედავად იმისა, რომ შენამდე ეს გზა დედამ, ბებიამ, მეგობარმა, მეზობელმა, თანამშრომელმა, უბრალო ნაცნობმა და მილიონობით სხვა ქალმა გამოიარა, მაინც მარტოს გიწევს ამ პროცესებთან გამკლავება, სწორედ იმიტომ, რომ ეს ქალები თავიანთ გამოცდილებაზე, ვნებებზე, სირთულეებზე არ ლაპარაკობენ. მათ ჰგონიათ, ეს მხოლოდ მათი საქმეა, რომ თუ დაიღლებიან ან მოსწყინდებათ, ეს მათი სისუსტე იქნება და ამის გამო სინდისი უნდა ქენჯნიდეთ.

ჩემთვის რომ ეკითხათ, ვეტყოდი, რომ რამდენჯერაც უნდა დავმდგარიყავი არჩევანის წინაშე, შვილებს ალბათ ყოველ ჯერზე გავაჩენდი. არა საზოგადოებისთვის ხარკის გადახდის ან გვარის გაგრძელების მიზნით, არამედ იმიტომ, რომ დიდ პასუხისმგებლობასთან, რუტინასთან, სევდასა და დაძაბულობასთან ერთად მათ დიდი სიხარული, ბედნიერება და სისავსის შეგრძნებაც მოაქვთ. რასაც შევცვლი, ის იქნება, რომ როცა გაიზრდებიან, ბევრს მოვუყვები გოგოობასა და დედობაზე, რომ ჩემსავით და ბევრი სხვა ქალივით სრულიად მოუმზადებლები არ აღმოჩნდნენ საზოგადოებრივი წნეხის, საკუთარი ვნებებისა და მომავალი შვილების პირისპირ. რომ ნამდვილად თვითონ გადაწყვიტონ, როგორი ცხოვრება უნდათ და თავად იკისრონ პასუხისმგებლობა საკუთარ გადაწყვეტილებაზე. ასე გაცილებით ადვილია მშობლობაც, მასწავლებლობაც, პრეზიდენტობაც და ნებისმიერი სხვა საპასუხისმგებლო პოზიციაც.
კვლევა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე:

https://www.jstor.org/discover/10.1086/678145?uid=2&uid=4&sid=21106521048743

დისკუსია თემაზე:
https://twitter.com/hashtag/regrettingmotherhood?src=hash

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი