ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

რა უნდა იცოდეს მასწავლებელმა

ხშირად ვლაპარაკობთ იმაზე, რა უნდა ასწავლოს მასწავლებელმა ბავშვს, რა უთხრას, რაზე დასვას აქცენტი, რა ფასეულობებს აზიაროს, რისი პატივისცემა ასწავლოს, რა უნარები განუვითაროს, და თითქმის არასოდეს – იმაზე, რა შეიძლება ასწავლონ ბავშვებმა უფროსებს, მათ შორის – მასწავლებლებს.

ხშირად გვგონია, რომ ზრდასრულებმა ვიცით ყველაფერი, რაც პატარებს სჭირდებათ, ჩვენს ხელთაა მართვის სადავეები და დომინანტებიც ჩვენ ვართ, ჩვენ ვადგენთ თამაშის წესებს. სულ ტყუილად.

უფროსებმა ზოგჯერ იმაზე გაცილებით ნაკლები ვიცით, ვიდრე სასურველია. ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია გვეპარება, ისეთ საკვანძო დეტალებს ვერ ვამჩნევთ, რომ ყველაფერს აზრი ეკარგება.
კაილი შვარცი ამერიკელი მასწავლებელია კოლორადოს შტატიდან, დენვერში ცხოვრობს და ასწავლის სკოლაში, სადაც განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს საშუალება აქვთ, უფასოდ მიიღონ ლანჩი და სხვა სერვისები. უფრო გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, ამ სკოლაში არცთუ ისე დალხენილი ოჯახებიდან დადიან ბავშვები. კაილიმ ერთ დღეს გადაწყვიტა, მოსწავლეებისთვის გულწრფელობის გაკვეთილი ჩაეტარებინა და სთხოვა მათ, დაემთავრებინათ ფრაზა: „მინდა, ჩემმა მასწავლებელმა ჩემ შესახებ იცოდეს…” მიუხედავად იმისა, რომ ექსპერიმენტი თავისთავად გულისხმობდა მოსწავლეებზე ახალი ინფორმაციის მიღებას, პატარების ღია ბარათებმა აჩვენა, რომ მათ იმაზე გაცილებით სერიოზული საფიქრალი აქვთ, ვიდრე გვგონია; რომ ამ საფიქრალს, როგორც წესი, ჩვენ, უფროსები ვუჩენთ. ჩვენ, ვინც, ჩვენი დაულაგებელი ცხოვრებისა და მოუგვარებელი პრობლემების გადამკიდე, იმისთვისაც კი ვერ ვიცლით, რომ ჩვენს შვილებსა და მოსწავლეებს ვესაუბროთ.

„მინდა, ჩემმა მასწავლებელმა იცოდეს, რომ მე არ მაქვს სახლში ფანქარი, რომელიც საჭიროა დავალებების შესასრულებლად”.

„მინდა, ჩემმა მასწავლებელმა იცოდეს, როგორ მენატრება მამა, რომელიც ბოლოს მაშინ ვნახე, როცა 3 წლის ვიყავი. სწორედ ამ დროს დააბრუნეს ის იძულებით ამერიკიდან მეხიკოში”.

„მინდა, ჩემმა მასწავლებელმა იცოდეს, რომ არ მყავს მეგობარი, რომელსან ვეთამაშებოდი”.

„მინდა, ჩემმა მასწავლებელმა იცოდეს, რომ ძალიან მიყვარს სკოლა”.

„მინდა, ჩემმა მასწავლებელმა იცოდეს, რომ ჩემი უფროსი ძმა ძილის დროს ისე ხვრინავს, დაძინებას ვერაფრით ვახერხებ”.

„მინდა, ჩემმა მასწავლებელმა იცოდეს, რომ ზოგჯერ დავალებები შეუსრულებელი მრჩება, ვინაიდან დედა ხშირად არ არის სახლში და ვერავინ მეხმარება მათ მომზადებაში”.

„მინდა, ჩემმა მასწავლებელმა იცოდეს, რა სევდიანები არიან ბავშვები და უკეთ ესმოდეს ჩვენი”.

„მინდა, ჩემმა მასწავლებელმა იცოდეს, როგორ ბრაზდებიან „კარგი” მოსწავლეები, როცა მათ გაკვეთილზე „ცუდების” გვერდით სვამენ”.

„მინდა, ჩემმა მასწავლებელმა იცოდეს, რომ წუხელ დედაჩემი ძალიან ცუდად გახდა და საავადმყოფოში მოგვიწია წაყვანა”.

„მინდა, ჩემმა მასწავლებელმა იცოდეს ვიეტნამური – ის შეძლებდა ჩემთან საუბარს იმ ენაზე, რომელიც მავიწყდება”.

„მინდა, ჩემმა მასწავლებელმა იცოდეს, როგორ მინდა წიგნების წაკითხვა. მხოლოდ ერთი წიგნი მაქვს და ისიც უკვე წავიკითხე”.

„მინდა, ჩემი მასწავლებელი იცნობდეს ჩემს მშობლებს”.

მოსწავლეთა წერილების შინაარსმა კაილიზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა გაკვეთილზე მიღებული გამოცდილების შესახებ და სხვა მასწავლებლებსაც ურჩია იმავეს გაკეთება. ექსპერიმენტი ინტერნეტს ვირუსივით მოედო. წამყვანმა მედიასაშუალებებმა მას სტატიები მიუძღვნეს. ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ უფროსები სათანადო ყურადღებას არ აქცევენ პატარებს, საზოგადოებისთვის უცნობია მისივე წევრების პრობლემები, ადამიანთა შორის დიალოგი მცირდება და გაუცხოება იზრდება.

თავად კაილი ამბობს, რომ მისმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რა ზედაპირულად ვიცნობთ ერთმანეთს. დენვერში შეუძლებელია 10 წუთი ისე იარო, ამ სკოლას არ წააწყდე. და თუმცაღა ეს მოსწავლეები ყველას დღეში რამდენჯერმე გვხვდებიან, გვესალმებიან და გვესაუბრებიან, მათი ყოველდღიურობით არავინ ინტერესდება, ყველას ჰგონია, რომ ამერიკაში ბავშვებს დალხენილი ცხოვრება აქვთ.

კაილის ექსპერიმენტის შემდეგ ბევრმა მოისურვა, დახმარებოდა მის მოსწავლეებს და ახლა უკვე მიმდინარეობს აქცია პირობითი სახელწოდებით „წიგნების მოსავალი”, რომელში მონაწილეობაც ყველას შეუძლია. ყველას შეუძლია, კაილის მოსწავლეებს წიგნები აჩუქოს და რეალობის გაუმჯობესებაში დაეხმაროს.

„წიგნების მოსავალი” კარგი სახელია, ისევე როგორც დავალების დაწყება ფრაზით: „მინდა, ჩემმა მასწავლებელმა იცოდეს”. ცხადია ყველაფერს წიგნები და მასწავლებლები ვერ გააკეთებენ, მაგრამ თუ ბავშვებს მიეცემათ საშუალება, მიიღონ კარგი განათლება, ისაუბრონ საკუთარ პრობლემებზე, ეძებონ მათი მოგვარების გზები და უფროსებიც მოუსმენენ მათ, „მოსავალი” ნამდვილად იქნება მათი უკეთესი მომავალი.
კაილისთვის თვალყურის დევნება შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე: – https://twitter.com/kylemschwartz

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი