მათემატიკის გაკვეთილის გეგმა „მოქალაქეობის“ მოტივებზე
დღეს მსოფლიოში განვითარებული მოვლენები, კერძოდ, რუსეთ-უკრაინის ომი, ყველას სატკივარია. ვფიქრობ, შეუძლებელია, საკლასო სივრცეში ამ თემაზე ყურადღება არ გამახვილდეს. მაშ, როგორ დავუკავშიროთ ის მათემატიკის გაკვეთილს? „დროშები ჩქარა“ გამახსენდა და მათემატიკის საკითხები, რომლებიც სწორედ ახლა ისწავლება მე-7 კლასში, საშუალებას მაძლევს, ჩემი მოსწავლეები სოლიდარობის აქციას შევუერთო. მით უმეტეს, მათი გულები გაჟღენთილია თანადგომითა და თანაგანცდით.
სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, „მათემატიკურ ენაზე“ დამეგეგმა „მშვიდობის ერთი გაკვეთილი“, რომელსაც გაგიზიარებთ.
სამიზნე ცნება: ანალიზური გეომეტრია, გარდაქმნები
საკითხები:
- საკოორდინატო სიბრტყე;
- პარალელური გადატანა;
- სიმეტრია.
მკვიდრი წარმოდგენები:
- სიბრტყესა თუ სივრცეში გეომეტრიულ ობიექტებს სხვადასხვა ურთიერთმდებარეობა აქვს. ანალიზური გეომეტრია გვეხმარება ადგილმდებარეობის განსაზღვრაში, ასევე – გეომეტრიულ ობიექტებსა და ელემენტებს შორის კავშირის აღწერაში.
- გარდაქმნებისა და სიმეტრიის შესწავლა გვეხმარება ფიზიკური ცვლილების გააზრებაში.
ესგ-ის მიხედვით მისაღწევი შედეგი:
მათ VII.11: მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული გარდაქმნების განხორციელება და მათი გამოყენება ფიგურათა თვისებების დასადგენად.
- გარემომცველ ობიექტებს შორის მოიძიებს სიმეტრიულ ობიექტებს;
- ხაზავს ბრტყელი ფიგურის (ტეხილი, მრავალკუთხედი) სიმეტრიულ ფიგურას მითითებული ღერძების მიმართ. ახდენს ბრტყელი ფიგურის (ტეხილი, მრავალკუთხედი) პარალელურ გადატანას;
- უთითებს ბრტყელი ფიგურის სიმეტრიის ღერძს/ღერძებს; ახდენს სიმეტრიულობის დემონსტრირებას.
მათ VII.12. მოსწავლეს შეუძლია კოორდინატთა მეთოდის გამოყენება.
- ორიენტირებს რუკაზე ან საკოორდინატო სიბრტყეზე კოორდინატების გამოყენებით;
- ასახელებს საკოორდინატო ღერძების მიმართ მოცემული წერტილის ღერძულად სიმეტრიული წერტილის კოორდინატებს;
- პოულობს პარალელური გადატანით მიღებული ფიგურის ნებისმიერი წერტილის კოორდინატებს მისი წინასახის კოორდინატებისა და მიმართული პარალელური გადატანის მეშვეობით.
კლასი: VII
გაკვეთილის ტიპი: შემაჯამებელი
მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ სიბრტყეზე ორიენტირებას და გეომეტრიული ობიექტის ადგილმდებარეობის განსაზღვრას; გეომეტრიული ობიექტების გარდაქმნებით მიღებული ფიზიკური ცვლილებების გააზრებას; აუმაღლდებათ მოქალაქეობრივი მსოფლმხედველობა და განუვითარდებათ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვის უნარი.
გაკვეთილის მსვლელობა:
აქტივობა 1. „დროშები ჩქარა“
მოსწავლეები დავაწყვილე და ვუთხარი, რომ თემის შეჯამებას ვაპირებდით. „თქვენ დაგირიგდებათ ბარათები ამოცანის პირობით. საკოორდინატო სიბრტყეზე უნდა გამოსახოთ გეომეტრიული ობიექტები, შეასრულოთ პარალელური გადატანა და სიმეტრიული ასახვები. ამ სამუშაოს შესრულების შედეგად კი ნაშრომზე უკრაინისა და საქართველოს დროშები გამოისახება. თქვენს ნამუშევარს, როგორც ყოველთვის, საკლასო ოთახში გავაკრავთ, დავათვალიერებთ და შევაფასებთ“. შევამჩნიე, რომ მოსწავლეებს სიხარულით აენთოთ თვალები. ეს მუხტი გაკვეთილის ბოლომდე შენარჩუნდა. მუშაობის დროს ვგრძნობდი, რომ მოსწავლეები უდიდეს მოწიწებას და პატივისცემას გამოხატავდნენ უკრაინელი ხალხის მიმართ.
თავდაპირველად ბადე ფურცლები დავურიგე:
შემდეგ სხვადასხვა წყვილს თითო ბარათი მივეცი (სულ 5 ბარათი მოვამზადე). დავალების პირობები სხვადასხვა დონისაა – ადვილი, საშუალო და ძნელი, ამიტომ მოსწავლეებს ბარათები მათი მზაობის შესაბამისად გადავეცი.
ბარათი #2. ამოცანის პირობა | მოსწავლეთა ერთ-ერთი წყვილის ნამუშევარი | |
|
|
ბარათი #3. ამოცანის პირობა | მოსწავლეთა ერთ-ერთი წყვილის ნამუშევარი | |
|
|
ბარათი#4. ამოცანის პირობა | ერთ-ერთი მოსწავლის ნამუშევარი | |
|
|
ბარათი#5. ამოცანის პირობა | მოსწავლეთა ერთ-ერთი წყვილის ნამუშევარი | |
|
|
ზოგიერთმა მოსწავლემ დახაზა დროშა და შექმნა ამოცანის პირობა.
აქტივობა: მშვიდობა მსოფლიოს
მოსწავლეებს ვთხოვე, მოეფიქრებინათ სლოგანები, რომლებიც მსოფლიოს მშვიდობისკენ მოუწოდებდა და დროშებზე დაეწერათ.
ემოციები, რომლებიც ბავშვებმა დროშებზე გადაიტანეს, საკლასო ოთახში ვერ დაეტია და დერეფანში, ჩვენი საკლასო ოთახის კარზე გამოვფინეთ როგორც უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი.
ეს გაკვეთილი შეგიძლიათ საბაზო საფეხურის სამივე კლასში დაგეგმოთ და ჩაატაროთ, კლასისა და მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით და კურიკულუმის მცირედი ცვლილებით.
მშვიდობა მსოფლიოს!
გამოყენებული ლიტერატურა:
- ეროვნული სასწავლო გეგმა
https://ncp.ge/ge/curriculum/mat-vii11/348
- მათემატიკის გზამკვლევი. მე-7 კლასი. შედგენილი ქეთი ცერცვაძის მიერ, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში. https://math.ge/meshvide-klasi/