სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

დიდი ლურსმანი, პატარა ლურსმანი

იმ დღეს მოულოდნელად ქურთულ ქორწილში აღმოვჩნდი. ჰო, მოქმედება თურქეთის ერთ-ერთ ქალაქში ხდება. ამ ქალაქში ერასმუს პროექტის გაცვლითი ლექციებით ვარ. ამ დროს გარემოს ქიმიის ლაბორანტის ბიჭი ცოლს ირთავდა. ქალაქში ბევრი ქურთი ცხოვრობს, თუმცა თურქებისგან ვერც გაარჩევ, სანამ საკუთარ ენაზე არ დაიწყებენ საუბარს. ჰოდა, აიჩა ჰანიმმა ბიჭის ქორწილში დამპატიჟა. მეც სიამოვნებით წავედი, რატომაც არა? საინტერესოა სხვადასხვა ტრადიციის ნახვა და მონაწილეობის მიღება.

ჩვენებური სუფრა არ ჰქონიათ, შვედურ სტილში იყო მაგიდები გაშლილი. ვისაც უნდოდა, მიდიოდა და მიირთმევდა. დანარჩენები ტრადიციულ ქურთულ ჰალაიში იყვნენ ჩაბმული.

ჰალაი რა არის? ცეკვაა, ტელევიზორში მაინც გექნებათ ნანახი. ერთ მწკრივში დგებიან და მიდიიი…. ცეკვავენ. პირველი და ბოლო მოცეკვავე ცხვირსახოცებს იქნევენ.

მომღერლებიც მონდომებულები მღერიან:

„გირგირ ბისმაროოო, ჰაიდა, ჰურჰურ ბისმაროოო“. და მიდიი მოცეკვავეები როკვას უფრო უმატებდნენ. აიჩამ ჰალაიში მეც მიმიპატიჟა. ვინც მიცნობს, ძალიან გაუკვირდება, რასაც დავწერ – მეც ჰალაიში ჩავდექი.

რატომ გაუკვირდება, იცით? არ მიყვარს ცეკვა და მგონი აცეკვებული, არც არავის ვუნახივარ, მაგრამ აიჩას ბიჭის ქორწილში ჰალაიში ჩამაყენეს და მეც ბისმაროს შეძახილებით მწკრივს გავყევი. შეიძლება აქა-იქ ფეხიც ავურიე, მაგრამ არც არავის შეუმჩნევია, რადგან „გირგირ, ჰურჰურ“ შეძახილებით აქეთ-იქეთ როკავდნენ.

ცოტა ხნის შემდეგ, როცა უკვე ჩემს საყვარელ თურქულ ყავას ვწრუპავდი და ზედ რომელიღაც ქურთულ ტკბილეულობას ვაყოლებდი, მორიდებით ვიკითხე, ეს გირგირ ჰურჰურ ბისმარო, რას ნიშნავს-მეთქი?

გირგირ ბისმარო – დიდი ლურსმანი; ჰურჰურ ბისმარო – პატარა ლურსმანიო, მითხრეს.

აქ კი ჩემდაუნებურად წამომცდა – მოიცა, მოიცა, ეს ამდენი ხალხი დიდ-პატარა ლურსმნის გამო ვცეკვავდით-მეთქი?

კიო, შემომცინეს და მაშინვე მივხვდი, რომ მომავალი სტატიის თემა ვიპოვე.

ორ სინჯარაში რკინის ლურსმანი მოვათავსოთ, ჩავამატოთ 10-10 მლ განზავებული მარილმჟავას ხსნარი. პირველ სინჯარაში ჩავამატოთ უროტროპინი (დაახლოებით ¼ აბი) და მთლიანად გავხსნათ.

პირველ სინჯარაში წყალბადის გამოყოფის სიჩქარე ნელ-ნელა მცირდება და რამდენიმე წამის შემდეგ ძნელად შესამჩნევი ხდება.

მეორე სინჯარაში, რომელშიც უროტროპინი არ იყო დამატებული, რკინა მარილმჟავასთან ენერგიულად მოქმედებს.

ამერიკელმა ქიმიკოსებმა შეისწავლეს, რის დასამზადებლად იკმარებს ადამიანის ორგანიზმში არსებული რკინა. აირჩიეს ახალგაზრდა, სპორტს მიმდევარი, ჯანმრთელი კაცის სხეული (საერთოდ, კაცის ორგანიზმი უფრო მეტ რკინას შეიცავს). აღმოჩნდა, რომ თუ ასეთი სხეულიდან რკინას მთლიანად გამოვყოფთ, მისგან ერთ საშუალოზე მცირე ზომის, ანუ „ჰურჰურ“ ლურსმანს დავამზადებთ.

რკინა ადამიანის ორგანიზმში ისეთი ცილების შემადგენლობაში შედის, როგორიც ჰემოგლობინი და მიოგლობინია. ჰემოგლობინი რთულ ორგანულ ჯგუფს შეიცავს, რომელსაც ჰემი ეწოდება. რკინის იონი სწორედ ჰემთან არის დაკავშირებული. ჰემოგლობინს ჟანგბადი გადააქვს და მთელ ორგანიზმში ანაწილებს. უკან კი მეტაბოლიზმის შედეგად წარმოქმნილი ენდოგენური ნახშირორჟანგი და წყალბადის იონები მოაქვს, რომელიც ამოსუნთქულ ჰაერთან ერთად გამოდის გარეთ. მიოგლობინი კუნთის ცილაა. ის ასევე იკავშირებს ჟანგბადს, ოღონდ მას მარაგად ინახავს.

რკინას სპეციფიკური ცილა ფერიტინიც შეიცავს. ის რკინის იონების სამარაგო ფუნქციას ასრულებს.

ალუმინის შემდეგ რკინა დედამიწაზე ყველაზე გავრცელებული მეტალია. თავისუფალი სახით იშვიათად გვხვდება, უმთავრესად მადნებსა და მინერალებშია: ოქსიდებში, კარბონატებში, სულფიდებში, სულფატებში, სილიკატებში. სამრეწველო მნიშვნელობის რკინის მადნებია: მაგნეტიტი (მაგნიტური რკინაქვა Fe3O4), ჰემატიტი (წითელი რკინაქვა Fe2O3), ლიმონიტი (მურა რკინაქვა 2Fe2O3·3H2O), სიდერიტი (რკინის შპატი FeCO3), პირიტი (რკინის ალმადანი FeS2). ზოგიერთი მინერალური წყალი რკინას სულფატისა (FeSO4) და ჰიდროკარბონატის (Fe(HCO3)2) სახით შეიცავს. ზოგჯერ მინერალური წყაროს სათავესთან მურა წითელი ფერის დანალექი შეიმჩნევა. ეს ნალექი მიუთითებს, რომ წყალი სხვა მარილებთან ერთად რკინასაც შეიცავს. ორვალენტიანი რკინა იჟანგება ჰაერის ჟანგბადით, ურთიერთქმედებს წყალთან და წითელი ფერის რკინის (III) ჰიდროქსიდად გამოილექება.

ერთი „გურგურ ბისმაროთი“, ანუ დიდი ლურსმნით სახალისო ექსპერიმენტის გაკეთება შეიძლება. ლურსმნის რკინის საგნის ზედაპირი გახეხეთ (გააპრიალეთ). აანთეთ სანთელი და საგნისკენ ისე დახარეთ, რომ პარაფინი კრიალა რკინის ზედაპირს დაეწვეთოს. თავად ლურსმანი ოდნავ შეათბეთ, რათა პარაფინი დაცემისთანავე არ გაცივდეს, გაიშალოს და მეტალის ზედაპირი თხელი ფენით დაფაროს. გაციების შემდეგ პარაფინის შრე რკინის ზედაპირამდე ნემსით დაკაწრეთ. პიპეტით აიღეთ აფთიაქში ნაყიდი იოდის ხსნარი და ნაკაწრის ღარებში ჩააწვეთეთ. იოდის ხსნარი გაფერმკრთალდება. იგივე გაიმეორეთ. ერთი საათის შემდეგ პარაფინიანი შრე მოაცილეთ. მეტალის ზედაპირზე დაინახავთ ნაკაწრების მკაფიო სურათს – ყველაფერს, რაც პარაფინის ფენაზე დახატეთ ან დაწერეთ.

ლურსმანი შესაძლოა „უხილავი“ ხანძრით დაიწვას.

როდესაც ამბობთ სიტყვა „ხანძარს”, რას გულისხმობთ? არა, „ხანძარს” ჩვენც იმავე მოვლენას ვუწოდებთ, რასაც თქვენ, მაგრამ თუ ვიტყვით: „უხილავი ხანძარი”, აბა, რას ვგულისხმობთ? ახლავე აგიხსნით.

ადამიანი უძველესი დროიდან ცდილობდა ატმოსფერული ზემოქმედებისგან მეტალების დაცვას. ამისთვის იყენებდა ცხიმს, მცენარეულ წებოვან ნივთიერებებს. მოგვიანებით მეტალების, კერძოდ, კალის გამოყენება დაიწყო.

რკინა საშუალო აქტიურობის მეტალია. ჰაერის, წვიმის, ნიადაგისა და სხვა ფაქტორების ზემოქმედებით ადვილად იჟანგება და ფხვიერ მასას წარმოქმნის.

რკინის ლურსმანი სუფთა ჟანგბადის არეში აქტიურად იწვის და რკინის ოქსიდის ფენით იფარება. ჟანგბადი დედამიწის ატმოსფეროს მეხუთედს შეადგენს, ამიტომ რკინისა და ფოლადის ნაკეთობების „წვა” ძალიან ნელა მიმდინარეობს, მაგრამ არ წყდება. ეს უხილავი ხანძარია, რომელსაც კოროზია ეწოდება. მის შედეგად ყოველწლიურად იშლება ათეულ მილიონობით ტონა ლითონი, რომლის გამოდნობაზეც უზარმაზარი შრომა და სახსრებია დახარჯული.

თავისუფალი სახით დაუჟანგავი რკინა მთვარეზეა აღმოჩენილი, რაც იქ ატმოსფეროს არარსებობითაა გამოწვეული. გამოდის, რომ კოროზიისგან დასაცავად რკინა მშრალ ადგილას უნდა ინახებოდეს, თუმცა ეს თითქმის შეუძლებელია.

როგორ დავიცვათ მეტალები და მათი შენადნობები კოროზიისგან?

მეტალის კონსტრუქციებს ჰაერის მიმართ მდგრადი საღებავებით, ლაქებით ფარავენ.

იღებენ უჟანგავ ფოლადს, რისთვისაც Cr, V, W, Si, Ni, Co-ს ამატებენ.

მეტალის კონსტრუქციებს სხვა მეტალებისგან (Zn, Mn) დამზადებულ ფირფიტებს ამოაკრავენ.

ამატებენ ინჰიბიტორებს (კოროზიის შემანელებელ ნივთიერებებს), მაგ. უროტროპინს.

ჰოდა, ჩემი სტატიაც სწორედ ამ ექსპერიმენტით დავიწყე, რადგან იმ გახურებული ცეკვა-თამაშის დროს, არც მეტი, არც ნაკლები, თურმე, ლურსმანს უმღეროდნენ.

ლიტერატურას, რომ გადავხედე, რამდენიმე სახეობის ლურსმანი არსებობს.

ანჯამის, ბრტყელთავა, გემის, ერთზომა, თავბურცა, თავმსხვილა, თავფართო, მავთულის, ნალის, ნაჭედი, ორზომა, რელსის, საბუნიკე, საკასრე ლურსმანი და ვინ მოთვლის, კიდევ რა. ძველად ლურსმნებს მადნებიდან გამოდნობილი რკინისგან ამზადებდნენ.

მადნებიდან რკინის მიღების ტექნოლოგია დაახლოებით შემდეგი უნდა ყოფილიყო. გამოდნობას წინ უძღოდა მადნის გამდიდრება, ფუჭი ქანების მოცილება, ხშირად დაფხვნა, გარეცხვა, წინასწარი გამოწვა აქროლად ნივთიერებათა მოსაცილებლად. ამ გზით შესაძლებელია, მადანს გოგირდსაც აცლიდნენ.

ქურას ჯერ შეშით გაახურებდნენ, შემდეგ ხის ნახშირით ავსებდნენ და ჰაერს უბერავდნენ. როდესაც ნახშირი გავარვარდებოდა და მისი დონე დაიწევდა 2-3 კგ. მადანს ჩატვირთავდნენ და ზემოდან ნახშირით დაფარავდნენ. ასე მეორდებოდა 5-6-ჯერ, შედეგად ქურაში დაახლოებით 20კგ. მადანი გროვდებოდა.

როდესაც ნახშირი ქურის შუაწელამდე გამოიწვებოდა, წიდას გამოუშვებდნენ და პროცესს ნახშირის საბოლოო დაწვამდე განაგრძობდნენ. ამის შემდეგ გავარვარებულ, დარბილებულ რკინას გამოიღებდნენ და გამკვრივების, წიდის მოცილების მიზნით, უროებით ჭედავდნენ. ამ გზით მიღებული რკინა ნახშირბადის მცირე რაოდენობას შეიცავდა. ასეთი რკინა რბილი იყო, არ იწრთობოდა, ამიტომ იარაღების დასამზადებლად არ გამოდგებოდა. ალბათ, არც ლურსმანი გამოვიდოდა მისგან. საჭირო იყო მისი ნახშირბადით გამდიდრება. ამას რკინისა და ნახშირის ერთად გახურებით აღწევდნენ, შემდეგ კი გამოჭედავდნენ. პროცესს რამდენჯერმე იმეორებდნენ, ასე ხდებოდა რკინისგან ფოლადის მიღება.

უკვე დაღამდა, მეც ნელ-ნელა სასტუმროსკენ წასასვლელად მოვემზადე. აიჩამ თქვა, ესენი დილამდე მოილხენენო… სავარაუდოდ, „გირგირ ჰურჰურ“ ლურსმნის ჰანგებზე.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“