კვირა, ოქტომბერი 6, 2024
6 ოქტომბერი, კვირა, 2024

როგორ ვასწავლოთ სამშობლოს სიყვარული

რატომ აღარ გვიყვარს სამშობლო და სად გაქრა ღირსება

ქართულის მასწავლებლის ხმამაღალი ფიქრი

 

თქვენი ქართველობა იწყება ღირსებიდან და არა პირიქით!“

მერაბ მამარდაშვილი

 

აი, გავხსენი ფაილი და უნდა დავწერო წერილი პირველკლასელებზე, რომლებიც ეს-ესაა იჭყიტებიან წერა-კითხვის საოცრებათა სამყაროში, მაგრამ სიტყვებს თავს ვერ ვუყრი, ვერაფერზე ვფიქრობ, გარდა უკრაინელი ხალხის თავგანწირვისა, მათი პატრიოტიზმის უმაღლესი გამოვლინებისა, მათი გმირობისა, დანაკარგებისა, ბრძოლებისა და ადამიანობისა. საიდან იბადება ან ყალიბდება სამშობლოს ამდაგვარი გაგება და სიყვარული? ჩვენ გვიყვარს სამშობლო? რის გაღება შეგვიძლია ქვეყნისთვის, თუ ამის საჭიროება დადგა? როგორი იქნება ჩვენი არჩევანი: პირადი კეთილდღეობა (შესაძლოა დროებითიც) თუ სამშობლოსთვის ამ კეთილდღეობაზე უარის თქმა? თავისა და მიზნების გაწირვა? რატომ გახდა და გაუფერულდა ჩვენს ეპოქაში ისეთი ცნებები, როგორიც თავგანწირვა და თავშეწირვაა? რამ ან როდის (თუ ამ ორ კითხვას პასუხი გაეცა, ცხადია, ისიც გვეცოდინება, რატომ) ჩაკლა ჩვენში ის პატრიოტული სული, რომელმაც ქართველი ერი გადაარჩინა და უამრავი ჯოჯოხეთური შემოსევისთვის გააძლებინა? და მოდი, ხმამაღლა ვიფიქრებ იმაზე, რა უნდა გავაკეთოთ და საერთოდ თუა შესაძლებელი, ისევ გავაჩაღოთ პატრიოტიზმის მინავლული ნაღვერდალი, რა გვაკლია, რა გვჭირდება გასაერთიანებლად.

ფიქრს მერაბ მამარდაშვილის სიტყვებით დავიწყებ: „ადამიანი იწყება ღირსებიდან და მას მხოლოდ საკუთარი ღირსების გავლით შეუძლია ჭეშმარიტად გააცნობიეროს თავი ამა თუ იმ ერის შვილად! ქართველობა არ არის ბიოლოგიური მოცემულობა – ეს არის ნება იყო ქართველი, ნება კი რაინდული ღირსების ფენომენია და მე თუ არა მაქვს ის, რამდენიც არ უნდა ინებოს ერმა თუ ბერმა, მე ვერც კაცი ვიქნები და ვერც ქართველი!“ და კიდევ: „ქართულ ინტელიგენციას არ გამოუყენებია ბოლო ხუთი წელი იმისათვის, რომ საკუთარი ხალხისთვის სიმართლე ეთქვა. იმის მაგივრათ, რომ ებრძოლათ უკვე გათავისებულ ცუდ ჩვევებთან – პატრიოტიზმის მცდარ გაგებასთან, ჩამორჩენილობასთან, საკუთარ თავზე შეყვარებასთან, დარწმუნებასთან იმაში, რომ ჩვენ ყველაზე კარგნი ვართ, ყველაზე ჭკვიანნი, ყველაზე ლამაზნი და არავინ არ გვჭირდება – ისინი საკუთარ ამბიციებში ჩაფლულნი თამაშობდნენ ყველაფერ ამით“. და ერთიც: „სანამ გაგრძელდება პატივმოყვარეობის მაამებელი ხატების შექმნა: ოჰ! რა კარგად ვიყავით, კულტურაც გვქონდა, სოფელიც ყვაოდა!.. ვიდრე ამ ყალბ ნუგეშისცემას გააგრძელებენ, დაუსრულებლად იტრიალებენ წრეში, როგორც დანტეს გმირები – ჯოჯოხეთში“.

ჰო, ღირსება მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია ერის არა მხოლოდ ერად ჩამოყალიბებისთვის, არამედ მისი არსებობის გაგრძელებისთვისაც. ღირსება, შეიძლება ითქვას, პატრიოტიზმის და ქვეყნის სიყვარულის გაცნობიერების საყრდენია. აი, წლების წინ ზურაბ ჟვანიამ რომ თქვა და ისტორიაში ღირსების აქტად ჩაიწერა: „მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი!“ უჰ, ახლაც ჟრუანტელი მივლის! როგორი სიტყვები იყო, როგორი სწორი და დროული, ქართველებში ღირსების სიმები რომ აატოკა, როგორ გვჭირდება დღესაც ღირსების გარეშე დარჩენილ შეშინებულ ქართველობას ასეთი სიტყვები, ასეთი გამხნევება. რომ ჩვენ გვეკუთვნის მნიშვნელოვანი ადგილი მსოფლიოში, რომ ჩვენი ხმა უნდა ისმოდეს, რომ სწორ მხარეს ვდგავართ ისტორიის ამ მეტად სახიფათო და კრიტიკულ მონაკვეთში. მაგრამ მოჯადოებული წრე რის მოჯადოებული წრე იქნება, ყველა რომ არ ჩაგვითრიოს და რაღაც იზოლირებულ, სამყაროსგან მოწყვეტილ განზომილებაში საკუთარ წვენში არ ჩაგვხარშოს. ილუზიურ წარმოდგენებში, წარსულის გაიდეალებაში, მეფეთა წმინდანად შერაცხვაში, უბრალო ადამიანების დავიწყებაში გადის წლები, და ქართველობა ყოველ ჯერზე არასწორ მხარეს აღმოჩნდება ხოლმე. თუმცა, მაგრამ, მიუხედავად ამისა… და მართლდება უპრინციპობა, კოლაბორაციონისტობა, უღირსებობა, სირაქლემობა.

მაინც სად გაქრა ჩვენი ღირსება? რამ გახადა პატრიოტიზმი ისეთი მყიფე, რომ სადაცაა ისე ჩამოიშლება, მისგან „იზმი“ თუღა დარჩება? რამ აქცია „პატრიოტიზმი“ ნამდვილი პატრიოტიზმის სიმულაკრად, აჩრდილად? რამ დააკარგვინა ნამდვილობა? ბოლოს და ბოლოს, რატომ აღარ გვიყვარს სამშობლო? რამ ჩაკლა ჩვენში ეს გრძნობა, რომელიც მეექვსე გრძნობად უნდა გვქონოდა, რომელსაც უნდა დავეცავით და გადავერჩინეთ? დიახ, უფსკრულის პირას ვდგავართ. ერთი სულის შებერვა, ერთი ხელი კვრა და – ჩავიკარგებით ისტორიის ქვესკნელში, საიდანაც თავის დახსნა შეუძლებელია. ამ ყველაფერს ქართულის მასწავლებლის პერსპექტივიდან შევხედავ და კიდევ ერთხელ დავიწყებ ხმამაღლა ფიქრს.

ჩვენი ამირანი მიჯაჭვულია – ათასწლეულებია, მისი გასაკეთებელი საქმე ჩვეულებრივმა მოკვდავებმა იტვირთეს, შიშველი ხელებით დაერივნენ დევებს და დაუწყეს ჟლეტა, თუმცა კარგად გეცოდინებათ, დევების ხოცვა რა ძნელია – ერთი თავს მოკვეთ და ათი ამოსდის, მათი სული კი ჩიტის გულშია და ეს ჩიტი ცხრა მთას იქით ცხოვრობს (შესაძლოა, ეს ცხრამთასიქითა სივრცე ჩვენი ჩრდილოელი მეზობელიც იყოს, აკი იქ იბადებიან დევები და ურჩხულები, ან ჩვენ ვბადებთ მოჩვენებით ფოლადებს, რომლებიც საბოლოოდ მონსტრებად გარდაისახებიან და სიკვდილის სუნი სდით). ვერ გავანადგურეთ დევები – უკვდავები და ძლიერები, ბოროტები და ხარბები, თვალთმაქცები და მყრალები; ხან მხსნელებად გვევლინებიან, ხან მტრებად, ხანაც უბრალო დამკვირვებლებად. ჰოდა, ჩვენი პატრიოტიზმის გასაღებიც აქ უნდა იყოს, წლების წინ მათთან ბრძოლით დაწყებული ურთიერთობა დღეს მეგობრობაში გადაიზარდა. დევებთან მეგობრობა სახიფათოა, ისინი დემენტორებივით არიან – გწოვენ ყველაზე ჯანსაღსა და სათუთს. აი, ამოგვაცარიელეს პატრიოტიზმისგან და მის ნაცვლად ფსევდოპატრიოტიზმი დაგვიტოვეს, პატრიოტიზმის აჩრდილი. გვატყუებენ, გვაჯერებენ რომ ჩვენთვისვე აჯობებს, გავჩუმდეთ, რომ დუმილი ოქროა, რომ წერტილი ვართ მსოფლიო რუკაზე და მალე ეს წერტილიც გადაიღებება ლურჯ-წითელ ფერებად, თუ არ გავჩერდებით, თუ ფრთხილად არ ვიქნებით. არადა, დღეს, როგორც არასდროს, მინდა ვიყვირო: დიახ, მე საქართველოს მოქალაქე ვარ – მრავალთაგან ერთი; მე ევროპელიც ვარ, უძველესი კულტურისა და ცივილიზაციის შემქმნელი; მე თავისუფლების მოტრფიალე ვარ და ამ თავისუფლებას ვიმსახურებ! ჩემი თავისუფლება მორწყულია გმირების სისხლით და რა დამათმობინებს! და ჩემი ქვეყანა ისეთი მრავალფეროვანია, იმდენი ხასიათი, ნიჭი და ტალანტია ჩვენთან, იმდენი კულტურა და ისტორია! და მაინც ვერ გამოგვიგნია იმ წითელი ბურუსიდან, 70 წელი ჩრდილოეთიდან რომ მოდიოდა, რომ დევებს და ურჩხულებს ისევ ვუდგამთ ძეგლებს, ვუხსნით მუზეუმებს და გვენატრება! ვეძებთ შემცვლელებს და რომ ვერ ვპოულობთ, სასოწარკვეთილები ისევ ჩრდილოეთისკენ ვაცეცებთ თვალებს, გვენატრება ის გამაბრუებელი და მომწამვლელი წითელი ბურუსიც. და აი, ეს გაჩუმება, ეს ბელადების სიყვარული, ჩრდილოეთისკენ გაწვდილი ხელიც იმით მართლდება რომ ომი არ გვინდა, რომ ამის თავი არ გვაქვს, ცოტანი ვართ ქართველები; ამიტომ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მაამებლები და ჩუმები – ემანდ რომელიმე დევი არ გავაღიზიანოთ. ისევ ეს ნაცნობი რიტორიკა, ისევ ეს ირაციონალური შიშები. ამის მეტი რა გამოგვივლია, ამის მეტი რა ვიცით, ისიც, რომ ოქროს გალიის ნებაყოფლობით დადგმასაც არ მოაქვს მშვიდობა, რომ ეს ოქროს გალიაც სისხლს ითხოვს, იმიტომ, რომ ურჩხულები სისხლით იკვებებიან, მათ სასიცოცხლოდ სისხლი სჭირდებათ და რაც უფრო უმანკო იქნება ეს სისხლი, მით უკეთესი. მითიური ვამპირებისა არ იყოს, ქალწულთა სისხლით რომ ძლიერდებიან. ჰოდა, მოვიდა დრო, უარი ვთქვათ ამ ჯოჯოხეთურ მოჯადოებულ წრეზე ტრიალზე, გადავუხვიოთ გატკეპნილ გზას და, უწინარეს ყოვლისა, საკუთარი ისტორია წავიკითხოთ, ოღონდ გამოვტოვოთ მითები და ლეგენდები, გამოვტოვოთ მეფეთა ქება-დიდება და კრიტიკულად შევხედოთ, გავიაზროთ. სად და როდის დავუშვით შეცდომა? ვინ არის მტერი და ვინ – მოყვარე? როდის ვიყავით ყველაზე უსაფრთხოდ? როდის იყო ქართველი ერი ბედნიერი? არა ტერიტორიები, არა სიმდიდრე, არა საჭმელ-სასმელი, არა წმინდანი მეფეები, არა მოგებული ბრძოლები, – მოიძებნება კი ჩვენს ისტორიაში ეპოქა, როდესაც ქართველი ბედნიერი იყო? ქართველი ლაღი იყო? არ ეშინოდა? არ დარდობდა? ამაზე უნდა ვისაუბროთ, ამაზე ბევრი უნდა ვიკითხოთ და ვწეროთ, იქნებ მივაგნოთ იმ რეცეპტს, იმ ძალიან საჭირო ინგრედიენტს, რომელიც დავკარგეთ და აღარ გვახსოვს. იქნებ მართლა ოქროს საწმისს გაჰყვა ჩვენი იღბალიც? ვიყავით კი მანამდე ნამდვილად ბედნიერები? პატრიოტიზმი, სამშობლოს სიყვარული, უპირველეს ყოვლისა, ქმედებაა და ეს ქმედება გარდაისახება გრძნობებად და ემოციებად. ცხადია, რაზეც ზრუნავ, რაშიც შენს ენერგიასა და შრომას დებ, ის ძალიან საყვარელი და ძვირფასი ხდება, ისე, როგორც შვილები. დიახ, სამშობლო შვილად უნდა გვექცეს და არა მამად, იმიტომ რომ მხოლოდ ასეა შესაძლებელი ნამდვილი, ჯანსაღი პატრიოტიზმის აღდგენა, პატრიოტიზმისა, რომელიც ბაღებიდან და სკოლებიდან დაწყებული ზრუნვაა იმ ადგილზე, სადაც ვცხოვრობთ, სადაც ვიზრდებით, იმ ადამიანების ისტორიების გაცნობა, რომლებმაც ქვეყანა შეგვიქმნეს, რომელთა ძვლებსა და სისხლზე დგას დღევანდელი ჩვენი თავისუფლება და იდენტობა. ასე უნდა დაიწყოს პატრიოტიზმის გაღვივება.

პატრიოტიზმის დღევანდელი გაგება მჭიდროდ უკავშირდება გლობალიზაციასაც, რადგან თუ შენი ქვეყანა გიყვარს, მას ვერ გამოაცალკევებ მსოფლიოსგან. მსოფლიოს ქვეყნებს შორის ჩვენი ადგილის დანახვა და განსაზღვრაც ზრუნვა და სიყვარულია. ისიც, რომ დედამიწა ყველას სახლია და ამ სახლზე შენი ქვეყანა ერთი პატარა ოთახია, რომ თუ დედამიწა დაზიანდა, თუ სახლს საფუძველი შეერყა, შენი ოთახიც ჩამოიფშვნება, რომ თუ მეზობელ ქვეყანაში, მეზობელ ოთახში ომია, შენ ვერ იქნები შენთვის, „ღობეს ჩხირი“ აღარ გამოვა სხვისი ჭირი, რომ ჩრდილოეთი კორეა იქცა კარიკატულ მაგალითად დედამიწის საერთო სახლის უარყოფისა. რომ თუ ბუნებრივ რესურსებს დაზოგავ, ელექტროენერგიას გათიშავ და ონკანს დაკეტავ, როცა არ გჭირდება – პატრიოტიზმის გზას ადგახარ. მასწავლებლებს რამხელა მისია გვაკისრია, მგონი, ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებთ. ჩვენ შეგვიძლია პატრიოტიზმის აჩრდილი ნამდვილ პატრიოტიზმად ვაქციოთ, შეგვიძლია ქმედებით ჩავანაცვლოთ მჭახე, მკვდარი ლექსები, შეგვიძლია, ნაცვლად ძველი მეფეების დიდებისა, მათ შეცდომებზეც დავფიქრდეთ, შეგვიძლია, მოსწავლეებთან ერთად ერთი ხე მაინც დავრგოთ, რათა ხე იქცეს ახლად დამყნობილი პატრიოტიზმის სიმბოლოდ. ჩვენ შეგვიძლია, თავადვე დავძლიოთ და გავიმარჯვოთ შიშებსა და ფობიებზე, უარი ვთქვათ დევების მსახურებაზე და მათთან მეგობრობაზე, ვიქცეთ მაგალითებად. შენ ეს შეგიძლია მასწავლებელო, შენ შეგიძლია ნამდვილი პატრიოტიზმის აღმოცენება, სამშობლოს გადარჩენა, თავისუფლების განმტკიცება, ძლიერი სულის ადამიანების გამოზრდა. ჰოდა, რაღაც უყურებ, დაიწყე დღესვე!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

როგორ გავხდი ავტორიტეტი

კომუნიზმი

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“