კვირა, აპრილი 28, 2024
28 აპრილი, კვირა, 2024

აღმოსავლეთი თუ დასავლეთი? აზია ვართ თუ ევროპა?

(აზრთა სხვადასხვაობა XX აუკუნის ქართულ მოდერნისტულ მწერლობაში)

არსებობს შეკითხვები, რომლებიც განსაკუთრებით აქტუალურია ამა თუ იმ ხალხში. ამ კითხვებზე პასუხის მიღების მცდელობა ვლინდება ერის კულტურული ცხოვრების ყველა სფეროში, მათ შორის ლიტერატურაში. ასეთ ეგზისტენციალურ ან ონტოლოგიურ შეკითხვას პირობითად შეიძლება ვუწოდოთ გერმანული, რუსული ან ქართული. გერმანელისთვის მარად აქტუალური შეკითხვებია: რა არის გერმანელობა? რა არის მეტაფიზიკა? რუსისთვის: ვინ არის დამნაშავე? რა ვაკეთოთ? ქართველისთვის: აღმოსავლეთი თუ დასავლეთი? აზია ვართ თუ ევროპა? საქართველოში მოდერნიზმის შემოსვლა და განვითარება პირდაპირ კავშირშია ამ შეკითხვაზე პასუხთან, რადგან ამ შეკითხვაზე პასუხი განსაზღვრავს ქვეყნის პოლიტიკურ, მსოფლმხედველობრივ, კულტურულ ორიენტაციას. ამ თვალსაზრისით ქართული მოდერნიზმი უნიკალური და თვითრეფლექსურია.

ჩვენ მიერ განსახილველ რომანებში დასაწყისშივე თვალშისაცემია ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემის მცდელობა. ის ფაქტი, რომ მე-20 საუკუნის პირველ მეოთხედში საქართველოში ევროპული მოდერნიზმი დომინირებდა[1] თავისთავად მიუთითებს იმდროინდელი საქართველოს ევროპული ფასეულობებისკენ სწრაფვაზე. „ქართულ მოდერნიზმში დეკლარირებულია მისწრაფება სწორედ ევროპული კულტურისკენ“ (წიფურია 2010, 8). მიიჩნეოდა, რომ ესთეტიკურ-ლიტერატურული და სოციოკულტურული განახლების ერთადერთი გზა პროევროპულობაში იყო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქართულმა მოდერნიზმმა კულტურულ-მსოფლმხედველობრივი სივრციდან საბოლოდ განდევნა აღმოსავლეთი, არც იმას, რომ საქართველო მთლიანად განუდგა აღმოსავლეთს.

საქართველოში, XIX საუკუნიდან მოყოლებული, ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობდა სამი პარადიგმა: ვეროპოცენტრისტული, აზიაცენტრისტული და სინთეზური. პირველს (ოქციდენტოცენტრისტულს) მხარს უჭერდა ქართველი საზოგადო მოღვაწე ილია ჭავჭავაძე (1837-1907). სწორედ მისი შემოტანილია საქართველოში სიტყვა „ევროპეიზმი“. 1889 წელს წერილში აზია წინათ და ეხლა ილია აზიას თავის თავში ჩაკეტილობასა და უმოქმედობას საყვედურობს და მომავალ წარმატებას ევროპასა და ამერიკას უწინასწარმეტყველებს[2]. ილია ჭავჭავაძე ქართულ ლექსის გამოთქმაში ევროპეიზმის შემომტანად პოეტ დავით გურამიშვილს (1705-1792) ასახელებს, ხოლო ნამდვილ ევროპელად, „ევროპეიზმის ბრწყინვალე წარმომადგენლად“, რომანტიკოს პოეტს ნიკოლოზ ბარათაშვილს (1817-1845) მიიჩნევს. ამათ უპირისპირდება პოეტ ბესიკ გაბაშვილის (ბესიკი 1750-1791) აღმოსავლური ხაზი. ილია ჭავჭავაძე თვითონ იყო საქმეზე (მოქმედებაზე) და არა ჭვრეტაზე (უმოქმედობაზე), დინამიკურობაზე და არა სტატიკურობაზე ორიენტირებული ევროპული ტიპის ადამიანი. პროევროპული ორიენტაციის რადიკალური მხარდამჭერი იყო პუბლიცისტი გერონტი ქიქოძე (1886-1960) (ქიქოძე 1916, – დასავლეთის კარები). იგი ამ გზიდან გადახვევას კოლონიზატორი რუსეთისკენ მიბრუნებას უთანაბრებდა. ამის საპირისპიროდ, აზიაცენტრისტულ პოზიციას იცავდა ლიტერატურათმცოდნე და ფოლკლორისტი ვახტანგ კოტეტიშვილი (1893-1937) (კოტეტიშვილი 1920, აზიისაკენ), ისიც იმავე მიზეზით. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამ ორი მოღვაწის საპირისპირო შეხედულებებს რუსეთისგან თავის დახსნის იდეა აერთიანებდა. რა პოზიციაზე იდგნენ ქართველი მოდერნისტი მწერლები? მათი განწყობა ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენჯერმე შეიცვალა, მაგრამ, მიმაჩნია, რომ საბოლოოდ ისინი მხარს უჭერდნენ მესამე გზას, ე. წ. სინთეზის თეორიას, რომელიც დიდი გერმანელი მწერლის, გოეთეს (1749-1832) დასავლურ-აღმოსავლური დივანის მხატვრულ-კონცეპტუალური იდეიდან – ევროპისა და აზიის ერთიანობა[3] – იღებს დასაბამს. გრ. რობაქიძე მთელი ცხოვრება გოეთეს მოწაფედ მიიჩნევდა თავს. ავტობიოგრაფიულ წერილში ჩემი ცხოვრება[4] გრ. რობაქიძე წერს, რომ ირანში ყოფნის დროს, მას თან ჰქონდა წაღებული ორი წიგნი, ესენია: ნიცშეს ზარატუსტრა და გოეთეს დივანი. კ. გამსახურდიამაც დიონისოს ღიმილში ინდოეთში წასაღები წიგნების კატალოგში გოეთეს საუბარი ეკერმანთან შეიტანა (გამსახურდია 1992, 118). ამ ორ მწერალთან გოეთეს ხსენება აღმოსავლეთის კონტექსტში შემთხვევითი არ არის. ქართველი მოდერნისტები არ იზიარებდნენ ამერიკელი პოეტის ჯოზეფ რედიარდ კიპლინგის (1865-1936) პოზიციას, რომლის მიხედვითაც აღმოსავლური და დასავლური კულტურა გათიშულია და ისინი ვერასდროს დაუახლოვდებიან ერთმანეთს. მათთვის არ იყო ევროპა სუბიექტი და აზია ობიექტი, როგორც ეს თანამედროვე მეცნიერის ედვარდ საიდის (1935-2002) ორიენტალიზმშია აღწერილი, არამედ ამ ორ დიდ კულტურას თავისთავადი ღირებულება ენიჭებოდა. სინთეზის თეორიის არსი გამოთქვა გრიგოლ რობაქიძემ: „ძვირფასია დასავლეთი ევროპა, მაგრამ ევროპისათვის აღმოსავლეთს ვერ დავსთმობთ, უმჯობესი იქნება მათი ქორწილი ქართული ნადიმით გადავიხადოთ“ (ხოფერია 2008, 144 – ლეილა). აქ საუბარია ქართულ ნიადაგზე ოქციდენტისა (დასავლეთი) და ორიენტის (აღმოსავლეთი) გაერთიანებაზე, მათ ჰარმონიულ შერწყმაზე. აღმოსავლეთშიც შეიძლება დასავლეთის პოვნა და დასავლეთშიც – აღმოსავლეთის. იმავე აზრის გამომხატველია ქართველი სიმბოლისტი პოეტის ტიციან ტაბიძის (1895-1937) სტრიქონი: „ჰაფიზის ვარდი მე პრუდომის ჩავრგე ვაზაში“. ასევე კონსტანტინე გამსახურდიას „მონოკლისა და ჩოხის“ (მონოკლი – დასავლეთის, ჩოხა – აღმოსავლეთის სიმბოლო ო. ჯ) კონცეფცია.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლმხედველობრივად და თეორიულად ქართველი მოდერნისტი მწერლები არც ევროპას უარყოფდნენ და არც აზიას, ამ საკითხთან დაკავშირებით დიონისოს ღიმილსა და გველის პერანგში გატარებული იდეა მაინც განსხვავდება ერთმანეთისგან. ჩემი თეზისი ასეთია: გრ. რობაქიძის რომანში დასავლეთი და აღმოსავლეთი არ უპირისპირდება ერთმანეთს, არამედ ერთმანეთში გადადის და გარკვეულ მთლიანობას ქმნის, ხოლო დიონისოს ღიმილში ღირებულებითი თვალსაზრისით ისინი დაპირისპირებულ მხარეებს წარმოადგენენ. ეს მდგომარეობა მთავარი პერსონაჟების, არჩიბალდ მეკეშისა და კონსტანტინე სავარსამიძის, სულიერ წყობაზე აისახება. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ამ რომანების კონცეფცია არსებითად ქართულ კულტურაში დასავლურ-აღმოსავლური სინთეზის იდეას ეფუძნება, გველის პერანგი ოდნავ უფრო გადახრილია აღმოსავლეთისკენ, დიონისოს ღიმილი კი ზომიერად ოქციდენტოცენტრულია[5].

ეს ორი ტენდენცია რომანების დასაწყისშივე ვლინდება. დიონისოს ღიმილში მოქმედება საფრანგეთში იწყება. კონსტანტინე სავარსამიძე პარიზში, „ლუქსემბურგის პარკში“ სეირნობს. პარკში ყოველდღე ხვდება ომის ინვალიდი, სახედასახიჩრებული, ფეხებმოკვეთილი მახინჯი, რომლის დანახვაც მხოლოდ ბეღურებს თუ უხარიათ; ყველა ერიდება, ყველამ გარიყა. ეს შთამბეჭდავი ექსპრესიონისტული სურათი მიუთითებს სამყაროს მახინჯი არსის შესახებ და მიგვანიშნებს თვითონ სავარსამიძეზე, როგორც შინაგანად დამახინჯებულ და ტრავმირებულ ადამიანზე. გველის პერანგის დასაწყისში არჩიბალდ მეკეში ირანშია, ქალაქ ეკბატანაში[6]. ორივე რომანიდან ჩანს, რომ მთავარი პერსონაჟები ბევრს მოგზაურობენ. დიონისოს ღიმილში პროტაგონისტის მოძრაობის მთავარი მარშრუტი ევროპის ქვეყნებია (საფრანგეთი, იტალია, გერმანია. ბოლოს საქართველო – აბასთუმანი.), გველის პერანგში კი არჩიბალდ მეკეში უფრო აღმოსავლეთის ქალაქებში მოგზაურობს (ჰამადანი, ყაზვინი, ენზელი, მენჯილი და ბოლოს საქართველო – თბილისი, საირმე.), თუმცა რომანიდან ჩანს, რომ არჩიბალდს ევროპის ქალაქებშიც უმოგზაურია: ლონდონში, პარიზში, ლოზანაში. ხმელთაშუა ზღვის პირას ამერიკელი მილიარდერის ფერგიუს ურვოორის ვილაშიც უცხოვრია (რობაქიძე 1989, 85). კონსტანტინე სავარსამიძეც დააპირებს ინდოეთში მოგზაურობას, მაგრამ ვერ მოახერხებს, თუმცა დასავლეთში აღმოაჩენს აღმოსავლეთს, როდესაც ბერლინში ინდოელ ბრაჰმანს აბსენ ტუნგს შეხვდება და დაემოწაფება (გამსახურდია 1992, 298). ამ ეპიზოდში შეიძლება დავინახოთ სინთეზის თეორიის გამოძახილი.

გველის პერანგი აღმოსავლეთის აღწერით იწყება. მწერალი ცდილობს, დაგვანახოს აღმოსავლეთის სული. არჩიბალდ მეკეში ფესვებს მოწყვეტილი ადამიანია, ის ვერ გრძნობს თავის ძირს, რის გამოც ნაღვლიანი და მოწყენილია. რომანში ჩანს მოდერნული იდენტობადაკარგული ადამიანის ტრაგედია. მეკეშს დაკარგული აქვს თავისი თავი; ფესვებსა და დაკარგულ მამას ეძებს. ამ განცდას უზიარებს ამერიკელ მილიარდერს ფერგიუს ურვოორს, რომელიც თვითონაც სპლინითა და ამაოების გრძნობით ავსებული მოდერნული ადამიანის ტიპია (რობაქიძე 189, 24-25). არჩიბალდი აღმოსავლეთის შესახებ ხშირად ესაუბრება ადამიანს, რომელზეც ყოველთვის ამბობს: „სპარსი თუ ჰინდუ თუ ეგვიპტელი“ (რობაქიძე 1889, 30). ეს ადამიანი ჩალმიანი კაცი ტაბა ტაბაია; შერეული ადამიანი, რომელსაც ასევე არა აქვს ერთი იდენტობა, იგი, სავარაუდოდ, მთელ აღმოსავლეთს წარმოადგენს. არჩიბალდ მეკეშის აზრით, აღმოსავლეთში გამოვლენილია ერთიანობა, ეს ვლინდება ერთი ღმერთის „იაგვეს“[7] იდეაში. აღმოსავლეთში მამაა მთავარი, დასავლეთში – შვილი. დასავლეთი მიჯნავს, ყოფს და აპირისპირებს მამასა და შვილის, აღმოსავლეთში მამაშია ძეც, ძე სხვაც არის და ამავე დროს მამაც. არჩიბალდის აზრით, ევროპის ანალიტიკა ამას ვერ მიხვდება, ევროპამ უარყო აღმოსაველეთსთვის დამახასიათებელი ერთიანობის იდეა, ამიტომ „აღმოსავლეთში ჰამლეტ შეუძლებელია: მამას მოცილებული… აქ არც ფაუსტია: მამას რომ დაეძებს… ჩვენში [აღმოსავლეთში ო. ჯ.] „შვილი“ იმთავითვე მამის წიაღშია…“ (რობაქიძე 1989, 46). ამ მსჯელობის შემდეგ ასეთი დასკვნაა გაკეთებული: „ეს კანტის თავში არ შევა.. სეფორეს სიტყვა სძლევს მთელ ჰეგელს…“ (რობაქიძე 1989, 46). ესე იგი ევროპელი ამას ვერ გაიგებსო. ამ ეპიზოდიდან ჩანს, რომ გველის პერანგში გარკვეული სიმპათია აღმოსავლეთისკენ იხრება. გაინგლისელებული არჩიბალდი განაგრძობს დაკარგული მამისა და ეროვნული ფესვების ძებნას, ბოლოს მიაგნებს კიდეც და აქ ხორცი ესხმება აღმოსავლური ერთიანობის იდეას.

დიონისოს ღიმილის პირველივე გვერდებზეც დასავლეთისა და აღმოსავლეთის, ევროპისა და აზიის საკითხზე მსჯელობა გვხვდება. კონსტანტინე სავარსამიძეც სამშობლო- და მამადაკარგული, ფესვებს მოწყვეტილი ადამიანია. „ვისაც გზა დაუკარგავს, ვისაც სამშობლო დაუკარგავს, ყველა პარიზში მოდის. უსამშობლოთა სამშობლო – პარიზი“ (გამსახურდია 1992, 10). ისიც, როგორც არჩიბალდ მეკეში, „ინგლისური სპლინით“ (გამსახურდია 1992, 10) არის შეპყრობილი. რომანში გვხვდება პერსონაჟი პოეტი მენიე, რომელიც აღმოსავლეთის თაყვანისმცემელია და გარდა ფრანგული რომანტიზმისა, უარყოფს ყველაფერს ევროპულს. იგი „თაყვანს სცემს ინდოეთსა და სპარსეთს“ (გამსახურდია 1992, 22). რომანში ასეთი უკიდურესობა დაძლეულია დოქტორ რაიმერის პოზიციით: „სინთეტური ხაზის მოძებნაა საჭირო სენსორულ აღმოსავლეთსა და მოტორულ დასავლეთს შორის“ (გამსახურდია 1992, 22-23). მოტანილ ეპიზოდში პირდაპირ არის საუბარი დასავლურ-აღმოსავლური სინთეზურობის შესახებ.

ამ საკითხთან დაკავშირებით ჩერქეზ მხატვარ ხალილ ბეისა და კონსტანტინე სავარსამიძეს შორის ასეთი დიალოგი იმართება:

  • აზიას ისეთივე დიდი მომავალი აქვს, როგორც წარსული.
  • სამწუხაროდ, აზია მკვდარია, ჩემო ხალილ!
  • ასე გგონიათ? აზია გარინდებულია, ჩვენ ის მკვდარი გვგონია.
  • თქვენ ძლიერ ჰგავხართ ქართველს, აზიელი არ უნდა იყოთ.
  • რაო? განა ქართველები აზიელები არა ხართ?
  • არასოდეს.
  • მაშ უკადრისობთ აზიელობას?
  • სრულიადაც არა, მაგრამ ჩვენ საუკეთესო სისხლი აზიელებს შევანთხიეთ. მუდამ შაჰების და ცეზარების, სულტანების და იმპერატორებს შორის ვიდექით.
  • მაშ ევროპელები?
  • არც ეგ… საქართველო მესამე იქნება (გამსაუხრდია 1992, 70). უპასუხებს სავარსამიძე.

ამ დიალოგიდან ჩანს, რომ სავარსამიძე კატეგორიულად არ ეთანხმება ქართველების აზიელობას („აზია მკვდარია“). არც ქართველების ევროპელობას ემხრობა, ამბობს, რომ ჩვენ არც ერთი ვართ და არც მეორე, არამედ – მესამე. და რა არის ეს მესამე? ალბათ ის, რაზეც ზემოთ გვქონდა საუბარი – ევროპისა და აზიის დაქორწინება ქართულ სუფრასთან. სად ვლინდება რომანში დასავლეთის მიმართ მეტი სიმპათია?

კონსტანტინე გამსახურდია დიონისოს ღიმილში რამდენჯერმე ახსენებს გერმანელ ისტორიკოსსა და ფილოსოფოსს ოსვალდ შპენგლერს (1880-1936) (გამსახურდია 1992, 249-250-282). ამ მოაზროვნემ 1918 წელს გამოაქვეყნა საყოველთაოდ ცნობილი გახმაურებული ნაშრომი ევროპის დაისი[8].

შპენგლერს მიაჩნდა, რომ ნებისმიერ კულტურას გააჩნია განვითარების ფაზები. კულტურა ექვემდებარება სამყაროს ზოგად კანონზომიერებებს, ესაა: დაბადება, ზრდა, დაბერება და კვდომა. მისი თეორიის მიხედვით, როდესაც კულტურა ცივილიზაციის ფაზაში შედის (გერმანელ მოაზროვნეებში, ფრანგებისგან განსხვავებით, კულტურა და ცივილიზაცია დაპირისპირებული ცნებებია), ეს მის დაღუპვას მოასწავებს. დასავლური ფაუსტური კულტურა მესამე ფაზაშია და იგი მალე მოკვდება. იგი ამ კულტურას „დაბერებულ ფაუსტად“ მოიხსენიებს, რომელიც კვდომისთვის ემზადება. შპენგლერს მიაჩნდა, რომ ეს სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ამის შეცვლა შეუძლებელია. ამ კულტურის ალტერნატივაა ახალი აღმოსავლური კულტურა, რომელიც ახლა ჩაისახა და დომინირებისთვის ემზადება, ესაა რუსულ-აზიატურ-მონღოლოიდური კულტურა. შპენგლერის ეს თეორია აშკარა ანტიდასავლური პათოსის მატარებელია. ამ მიდგომას კატეგორიულად არ ეთანხმებოდნენ ქართველი მოდერნისტები, რაც მათ ნაწერებშიც აისახა.

ოციან წლებში, მაშინ როცა დიონისოს ღიმილი იწერებოდა, ძალიან მოდური იყო შპენგლერის ეს თეორია. მასზე ევროპულ სალონებში ბევრს ლაპარაკობდნენ. „ჰანდენბეკის სალონშიც“, რომელსაც კონსტანტინე გამსახურდია აღწერს თავის რომანში, შეკრებილი: „პოეტები, მხატვრები, მწერლები, უნივერსიტეტის ახალგაზრდა დოცენტები… აგინებდნენ ევროპის ცივილიზაციას, ყველა შპენგლერს ეთანხმებოდა, მაგრამ არცერთს თავში არ მოსვლია ამ „დასაღუპავ“ ევროპიდან გაქცევა“ (გამსახურდია 1992, 248-249). რომანის ამ მონაკვეთში გამოხატულია შპენგლერის თეორიის საწინააღმდეგო განწყობა, ევროპა თუ იღუპება, ეს ბატონები ასე მშვიდად რატომ არიან? რატომ არ გარბიან ადგილიდან, რომელიც დასაღუპადაა განწირული? კ. გამსახურდიას დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ კარგად ჩანს მის პუბლიცისტურ წერილში Anoo 1923[9]. იგი წერს: „დასავლეთის ცივილიზაციისა და კულტურის ცეცხლოვანი ეტლი უახლოვდება ჩვენი სამშობლოს საზღვრებს. …ჩვენი ლოზუნგია: ოკციდენტ! …განახლება უნდა ქართულ შემოქმედებას. დაფიქრება მართებს ქართველობას, მორალური გარდატეხა ჩვენს ეროვნულ პიროვნებას. ახალი იმედებით გაცისკროვნებას მოელის ჩვენგან ახალი წელი“.

კონსტანტინე გამსახურდია შპენგლერის თეორიასთან ერთად, რომელიც რომანულ-გერმანული კულტურის დაღუპვის გარდაუვალობას წინასწარმეტყველებდა, აკრიტიკებდა რუსი მწერლის ფიოდორ დოსტოევსკის (1821-1981) სლავიანოფილურ პოზიციასაც, რომელიც რუსული მესიანიზმის იდეას ეფუძნებოდა. „მისი პანსლავიზმი ისეთივე აბსურდი იყო, როგორც მთელი მისი კულტურფილოსოფია. მას გულწრფელად სჯეროდა, რომ სლავიანელები ყველაზე მაღლა უნდა დავაყენოთ, რადგან ისინი ყველაზე წინ მიდიან. ევროპის დიდ ცივილიზაციაზე და კულტურაზე მას ფრიად ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა. მან ვაგონის ფანჯრიდან დაათვალიერა გერმანია, შვეიცარია, ერთი ღამეც ფლორენციაში და ორიოდე კვირა ლონდონის სიტის მიდამოებში და უკვე მზად იყო ზღაპარი „კბილ ჩამძვრძალ ევროპის შესახებ” (ლომიძე 2016, 281). ქართველი მოდერნისტებისთვის დასავლური კულტურის რუსულ-აზიურით ჩანაცვლება, „ჩრდილოეთის გუგუნი… ევროპის ზურგზე“ (რობაქიძე 1989, 183), განახლება კი არა, აპოკალიფსური საფრთხეა, რომელიც ევროპასა და საქართველოს წალეკვას უქადის. აზიას „წინ მოუძღვება თმაწითური მონღოლი. …ეს გახლავთ აზიის შემოტევა. …პარიზისკენ ხომ არ მოდიან ეს მონღოლები?“ (გამსახურდია 1992, 78). ამ შეკითხვიდან გამოსჭვივის მოახლოებული ტრაგედიის წინათგრძნობა. კონსტანტინე გამსახურდია სხვა წერილშიც მიუთითებს საქართველოს აუცილებელ განწმენდაზე „აღმოსავლეთის პასიურობისა და აზიური ინერტულობისაგან“ (ბრეგაძე 2018, 145-146).

შევაჯამოთ ჩვენი მსჯელობა: გველის პერანგიცა და დიონისოს ღიმილიც ოქციდენტთან და ორიენტთან დაკავშირებით ეფუძნება სინთეზის (ევროპისა და აზიის ჰარმონიული ერთიანობის) იდეას, მაგრამ ამ იდეის ფარგლებში გველის პერანგი ოდნავ მაინც გადახრილია აღმოსავლეთისკენ, დიონისოს ღიმილი კი – დასავლეთისკენ.

ოთარ ჯირკვალიშვილი

 

[1] სიმბოლისტური დაგჯუფება ცისფერყანწელები; დადაისტური ტენდენციები; იმპრესიონიზმი; ექსპრესიონიზმი; ფუტურიზმი. ყველა ეს მიმდინარეობა არსებობდა მეოცე საუკუნის 20-იან წლებში.

[2] https://gdi.ge/uploads/other/0/385.pdf

[3] არ იგულისხმება გეოგრაფიულ-ისტორიული ერთიანობა.

[4] გერმანულიდან თარგმნა ლაშა ბაქრაძემ. https://burusi.wordpress.com/2009/05/30/%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%9A-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94-%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%98-%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%9D/

[5] ოქციდენტი – დასავლეთი (ევროპა). საპირისპ. ორიენტი – აღმოსავლეთი (აზია).

[6] ეკბატანა – ქალაქი ირანში, თანამედროვე ჰამადანი.

[7] ებრ. יהוה – ღმერთი იაჰვე ან იეჰოვა.

[8] გერმ. Der Untergang des Abendlandes

 

[9] https://poetry.ge/poets/konstantine-gamsakhurdia/essay/9519.anno-1923.htm

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი