შაბათი, მარტი 2, 2024
2 მარტი, შაბათი, 2024

მე, ფემინისტი

რამდენიმე დღის წინ საქართველოს ერთერთი ყველაზე კარგი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს შევხვდი _ ქალებისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ირანელ ნობელიანტ შირინ ებადიზე და მის წიგნზე სალაპარაკოდ მიმიწვიეს. რა თქმა უნდა, სიამოვნებით დავთანხმდი. სტუდენტები საზოგადოების ყველაზე საინტერესო ნაწილად მიმაჩნია და მგონია, რომ მათთან ურთიერთობის შანსის ხელიდან გაშვება ნამდვილად არ ღირს.

განრიგის მიხედვით, ჩემამდე სტუდენტებს ერთი ძალიან ცნობილი ქართველი ჟურნალისტი ქალი ესაუბრა, რომელსაც, ცოტა არ იყოს, სიტყვა გაუგრძელდა, ამიტომ მომიხდა, შეხვედრის ნაწილს მეც დავსწრებოდი. მან ბევრი საინტერესო რამ თქვა, კარგი აქცენტებიც გააკეთა, გულახდილად მოყვა თავისი ცხოვრების შესახებ, ილაპარაკა, რა პრობლემები ხვდებათ გზაზე ქალებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში წარმატების მისაღწევად იბრძვიან, საინტერესო ფაქტორებსა და გარემოებებს გაუსვა ხაზი, არც ქალთა მკვლელობებისთვის აუვლია გვერდი. ვიქნები გულახდილი და ვიტყვი, რომ მეც დიდი სიამოვნებით ვუსმენდი, იქამდე, სანამ მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით არ გაისმა სიტყვები: “არა, ფემინისტი კი არ გეგონოთ, არა ვარ ფემინისტი”. ამ სიტყვებმა უამრავი რამ დაიტია: თავის მართლება, უკან დასახევი გზა,  აუდიტორიის კეთილგანწყობის მოპოვების სურვილი და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულება ფემინიზმის მიმართ. ცნობილმა ქართველმა ჟურნალისტმა, რომელსაც ათასობით ადამიანი უყურებს და უსმენს, ისე იუკადრისა ფემინისტობა, თითქოს ვინმეს რაღაც საშინელი დანაშაული დაებრალებინოს.

მე იქვე ვიდექი, აუდიტორიის კართან, ხელში ებადის წიგნის ინგლისურენოვანი გამოცემა და ჩემი თარგმანი მეჭირა, ვიდექი საკუთარი და სხვების უფლებებისათვის მებრძოლი ქალის ისტორიით მკლავებდამძიმებული და საშინლად მინდოდა, ნაბიჯი წინ გადამედგა და ცნობილი ქართველი ჟურნალისტი ქალისთვის მეთქვა, რომ ის ფემინისტია, რომ ყველაფერი, რაც მან ილაპარაკა, იყო ძალიან ფემინისტური, რომ ფემინიზმი საკუთარ ოთახში ჩაკეტილი, გაბრაზებული ქალების ნაძალადევი გამოგონება არ არის, რომ ფემინიზმი, თავისი არსით, სიკეთის მომტანია არა მარტო ქალებისთვის, არამედ მთელი საზოგადოებისთვის, რადგან ის არა კაცების ჩაგვრას, არამედ ქალთა გააქტიურებას და ამით ქალებისა და მამაკაცების თანაბარ პირობებში ჩაყენებას გულისხმობს.

ჩვენ, ადამიანებს, ორი ძალიან დიდი მტერი გვყავს: არცოდნა და შიში. ხშირად ვერ ვხვდებით, ვინ ვართ სინამდვილეში, უფრო ხშირად კი, ვიცით, მაგრამ საკუთარი ცოდნის გვეშინია. გვეშინია გაკიცხვის, საზოგადოებრივი აზრის, ოჯახის, მეზობლების, გარშემომყოფების უცოდინრობის და შიშების გვეშინია. სწორედ შიშის და არცოდნის წყალობით ვტრიალებთ ჩაკეტილ წრეში, რომელიც, სამწუხაროდ არსად წყდება. ვტრიალებთ და ვხოცავთ ერთმანეთს, მერე კი გვამებს საგულდაგულოდ ვმალავთ და ვივიწყებთ. შიშისა და არცოდნის ბრალია, რომ ჰომოფობებითა და სექსისტებით სავსე ქვეყანაში, სალანძღავი სიტყვა, არც მეტი, არც ნაკლები, „ფემინისტი” ჰგონიათ.

რა თქმა უნდა, ჩემს ლექციას გაცილებით ნაკლები სტუდენტი დაესწრო, ვიდრე ცნობილი ქართველი ჟურნალისტისას. რა თქმა უნდა, ჩემს წიგნებს, თარგმანებს და ბლოგპოსტებს გაცილებით ნაკლები ადამიანი კითხულობს, ვიდრე მის გადაცემას უყურებს. მათი რიცხვი, ვინც ხმამაღლა ამბობს, რომ ფემინისტია, ჩვენს ქვეყანაში ძალიან მცირეა და ასე იქნება იქამდე, სანამ ისინი, ვისაც ხალხი უსმენს, შიშით შეჰყვირებენ სტუდენტებით გადაჭედილ აუდიტორიაში: „არა, მე ფემინისტი არა ვარ!”

თქვენ კი, ვისაც უბრალოდ, თანასწორობის გჯერათ, ვინც თვლით, რომ არჩევნებზე წასვლის უფლება ქალებს და მამაკაცებს ერთნაირად აქვთ, ვისაც მიგაჩნიათ, რომ ცხოვრება თავისა და კისრის როლის თამაში კი არა, ურთიერთგაგება და პატივისცემაა, შეგიძლიათ, თამამად თქვათ, რომ ფემინისტები ხართ. სცადეთ, ძალიან ადვილია.

მე ფემინისტი ვარ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი