ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

განსხვავებულობის შესახებ

იყო და არა იყო რა. არც ისე უხსოვარ დროში, არც ცხრა მთასა და არც ცხრა ზღვას გადაღმა, არც მოჯადოებულ სამეფოში და არ ზღაპრულ მხარეში, ხალხი სოციალური ქსელების გარეშე ცხოვრობდა, ცხოვრობდა უფრო მშვიდად, ვიდრე დღეს. მაშინ ადამიანები მარილისა და შაქრის სათხოვნელად მეზობელთან გადადიოდნენ, ერთმანეთისთვის რაიმე მნიშვნელოვანის სათქმელად ჯერ წერილებს, მერე  ტელეფონს, ცოტა უფრო გვიან კი მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს იყენებდნენ. მხოლოდ ყველაზე ახლობლებმა იცოდნენ, ვინ სად დადიოდა დღის განმავლობაში, ვინ ვისთან ერთად სადილობდა და ვახშმობდა, ვინ სად ისვენებდა და მოგზაურობდა.

ერთ დღეს ჩვენ, ყველანი, ავდექით და ვირტუალურ სივრცეში გადავბარგდით, ავაშენეთ „კედლები”, მოვიწყვეთ „სახლები”, გავიჩინეთ ნაცნობ-მეგობრები და სხვანაირად განვაგრძეთ ცხოვრება, გამჭვირვალედ, სხვების დასანახად, საგანგებოდ შერჩეული ლოკაციებით, სიტყვებით, ღიმილით, ურთიერთობებით. სხვებს არ ვკიცხავ, თითს არავისკენ ვიშვერ, ჭკუასაც არ ვარიგებ ვინმეს _ მე თვითონ, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი და როგორც ადამიანი, ისე ვარ მიბმული სოციალურ ქსელებზე, ვეღარც პირადი ცხოვრება წარმომიდგენია მუდმივი სქროლვისა და მიმოწერის გარეშე და ვერც საქმის კეთება.

ამ პოსტის წერა სულაც არ დამიწყია იმისთვის, რომ სოციალური ქსელების გამოყენების ავკარგიანობაზე ვილაპარაკო. ფეისბუქის „კედლებში” საიმედოდ გამაგრებული ადამიანების რაოდენობაზე მეტად, მე სხვა რამ მაშფოთებს _ ტენდენციები, რომლებსაც ვხედავ და გვერდს ვერ ვუვლი.

 სოციალურ ქსელებში ჩვენ, ყველამ, საკუთარი ადგილის პოვნა ვცადეთ. ზოგი საკუთარი საქმიანობის პოპულარიზაციას ეწევა, ზოგი _ ქველმოქმედებას, ზოგს ბედნიერი პირადი ცხოვრება გამოაქვს სააშკარაოზე, ზოგი კი ნაჩუქარი ნივთების გამოფენას მართავს. თუმცა არავის, არცერთ კატეგორიას, არ ავიწყდება, სხვის ცხოვრებას თვალი ადევნოს და პირველივე შესაძლებლობისთანავე, გაკიცხვის და ჭკუის სწავლების შანსი ხელიდან არ გაუშვას.

სოციალურმა ქსელებმა კარგად გამოაჩინა, როგორ გვიყვარს ერთმანეთის საქმეში ცხვირის ჩაყოფა, თავის სხვაზე აღმატებულად წარმოჩენა, ზოგჯერ ყალბი თავმდაბლობა და უფრო მეტიც, მრავალგზის ხსენებული სოციალური ქსელები სწორედ იმიტომ გვიყვარს, რომ თავისუფალ, შეუზღუდავ ტრიბუნას გვაძლევს, ვთქვათ ყველაფერი, რის თქმასაც სხვა დროს მხოლოდ საკუთარ სამზარეულოში შევძლებდით და საუკეთესო შემთხვევაში, რამდენიმე მეზობელი და მეგობარი თუ მოგვისმენდა.

კედელს რომ ჩამოვყვები, ვხედავ, როგორ მოძღვრავენ ერთმანეთს ჩვეულებრივი დიასახლისები, შესანიშნავი დიასახლისები და არაჩვეულებრივი დიასახლისები, ახალბედა დედები, გამოცდილი დედები და მრავალშვილიანი დედები, კარგი ცოლები, უფრო კარგი ცოლები და საუკეთესო ცოლები, ვაჟკაცები, ნამდვილი ვაჟკაცები და მოლიბერალო ვაჟკაცები, ჭკვიანები, ძალიან ჭკვიანები და ყველაზე ჭკვიანები და ასე, დაუსრულებლად. დაკვირვებული ვარ, რომ მამები ერთმანეთს ძალიან იშვიათად მოძღვრავენ. მიზეზი მარტივია _ მათ უმრავლესობას წარმოდგენა არა აქვს ბავშვის აღზრდაზე.

ყოველდღე ვკითხულობ, როგორ გამოხატავენ აღშფოთებას ადამიანები სხვების ცხოვრების გამო. აღშფოთებას იწვევს ყველაფერი, სოციალურ ქსელში ზედმეტი აქტიურობით დაწყებული, პოლიტიკური მოსაზრებებით დამთავრებული.

თქვენ ალბათ გგონიათ, რომ აი, ახლა, მეც იგივეს ვაკეთებ, ვდგავარ და ხმამაღლა გავყვირი, რა მაღიზიანებს, ჭკუას ვისწავლები და სხვებს მივუთითებ, რა წერონ და რა არა. სინამდვილეში კი ის მაწუხებს, რაც ჩემთვის დღესავით ნათელია _ ჩვენ ერთმანეთს ვერ ვეგუებით, ჩვენ არ შეგვიძლია, სხვა ადამიანები მივიღოთ ისეთები, როგორებიც არიან, ისე, როგორც ცხოვრობენ. ვერ ვიჯერებთ, რომ განსხვავებები ნორმალურია, რომ ზოგი ნამცხვრებს აცხობს და თავად უვლის შვილებს, ზოგს კი რთული სამუშაო გრაფიკი აქვს და ძიძის დახმარება ესაჭიროება, ზოგს ბათუმში ურჩევნია დასვენება, ზოგს _ ხევსურეთში, ზოგი კი სულაც კანარის კუნძულებზე ატარებს შვებულებას და ეს ნორმალურია.

არ ვიცი, მიზეზი რა არის, რა გვაიძულებს, ხელი ვკრათ ყველას, ვინც ჩვენსავით არ ფიქრობს და ჩვენგან განსხვავებული ყოფა აქვს. არასწორი აღზრდა? თვითრეალიზაციის პრობლემა? იქნებ სიყვარულის ნაკლებობა? ეს, ალბათ, რთული და გრძელვადიანი კვლევის საგანია. თუმცა ხანდახან მაინც მეფიქრება, რა ადვილი იქნებოდა ამ უმნიშვნელო განსხვავებების მიღება, ერთმანეთის თვალში ბეწვის ძებნით თავს რომ არ ვიღლიდეთ, ან, სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, ოდნავ მეტად რომ გვიყვარდეს ერთმანეთი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი