ხუთშაბათი, ოქტომბერი 10, 2024
10 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

ზაფხულის რიტუალები

ზაფხულს არასოდეს ველოდები. უკეთესად რომ აგიხსნათ, რა თქმა უნდა, მეც მიყვარს ზღვა და ბუნება, მზეზე გარუჯვა და პიკნიკზე სიარული, მეგობრებთან ერთად ღამეების თენება და ყველა სხვა სიკეთე, რომელიც ზაფხულს მოჰყვება თან. თუმცა ჩემი ზაფხულები ყოველთვის ისე გადის, რომ დასვენებას ვერ ვახერხებ და სექტემბრიდან დაღლილზე დაღლილი ვიწყებ ახალი სამუშაო წლის გადაგორებას.

ზაფხულის მოლოდინი არც მაშინ მახარებდა, როცა სკოლაში ვსწავლობდი და სამთვიანი დასვენება გარანტირებული მქონდა. მარტო გატარებული არდადეგები დედისერთა ბავშვების სევდაა. რა უნდა აკეთო თუნდაც ყველაზე გრილ კურორტზე, როცა სანათესაოში შენი ტოლი არავინაა და მეგობრები სხვაგან ისვენებენ? ამიტომ მე ყოველთვის სექტემბრის მოსვლას უფრო ველოდებოდი, ვიდრე ყველასათვის სანატრელ არდადეგებს. ჩემი თავისუფალი თემა, ”როგორ გავატარე არდადგები”, ძირითადად, წაკითხული წიგნების გრძელი ჩამონათვალისგან შედგებოდა.

სკოლაში აღარ ვსწავლობ და თავისუფალი თემის დაწერას აღარავინ მთხოვს, მაგრამ ჩემი განწყობა ბევრად არ შეცვლილა. თუმცა ჩემს ამჟამინდელ ზაფხულებს თავიანთი ხიბლი აქვთ, თავიანთი ხიბლი და რიტუალები. ალბათ ზრდასრულ ასაკში ადამიანები უკეთესად ვახერხებთ, ბედნიერი მომენტები შევქმნათ, დავიჭიროთ და დავიმახსოვროთ, მაშინაც კი როცა ჰაერის ტემპერატურა ორმოც გრადუსს სცილდება და სამუშაო მაგიდაზე ჩართული ლეპტოპი გველოდება საქმის დასასრულებლად.
***

ჩემი ქართულის მასწავლებელი ქუთაისის ძველ უბანში ცხოვრობს. მის სახლთან მოსასვლელად რამდენიმე ეკლესიასთან და ერთერთ სინაგოგასთან მიწევს გავლა. ბავშვობაში ამ გზაზე კვირაში რამდენიმეჯერ დავდიოდი. რელიგიებზე პირველად ამ გზამ დამაფიქრა. ეს სწორედ ის გზაა, რომელმაც ოდესღაც საკუთარ თავში ტოლერანტობის აღმოჩენამდე მიმიყვანა. დღეს აქ სიარული ჩემი ზაფხულის რიტუალია, რიტუალი, რომელიც ჩემი ყველაზე საინტერესო მიგნებების პერიოდში მაბრუნებს.

ოდესღაც, როცა გაცილებით პატარა ვიყავი და აზრები, რომლებიც თავში მომდიოდა, ხშირად მეჩვენებოდა სულელურად, როცა ხშირად მესმოდა, რომ ის, რაც პროგრამაში შეტანილი ნაწარმოებების განხილვაში წერია, ეჭვმიუტანელ ჭეშმარიტებად უნდა ჩაითვალოს, რომ მითითებებს სწორხაზოვნად უნდა მივყვეთ და სხვების მიერ დადგენილი გზისგან გადახვევით ცხოვრება არ უნდა გავირთულოთ, მე და ჩემს მეგობრებს პროტესტი და განსხვავებულად ფიქრი გვასწავლეს. ახლაც მგონია, რომ თუკი შემიძლია, ჩემი მოსაზრება გამოვთქვა და დავიცვა, თუკი ადამიანების თანასწორობის მჯერა, თუკი ჩემი ცხოვრებისეული პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა შევძელი, ეს ყველაფერი ჩემი ქართულის მასწავლებლის დამსახურებაა.

მასთან სტუმრობა ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემს ზაფხულის რიტუალებს შორის. დღეს ჩვენ შეგვიძლია, ისე ვისაუბროთ პირად, საქვეყნო თუ საერთაშორისო ამბებზე, როგორც ნამდვილ მეგობრებს შეეფერებათ და ეს დიდი ბედნიერებაა. ყოველთვის, როცა ვუსმენ, მახსენდება, ვინ დამანახა, რომ ჩემს განსხვავებულ აზრს არსებობის უფლება აქვს და ვხვდები, რომ ჩემი მასწავლებელი დღესაც გასაოცრად პროგრესული ადამიანია და რამდენიმე ათეული წლით მაინც უსწრებს თავის (ჩემი მშობლების) თაობას.

ჩემი დაკვირვებით, მასწავლებლებისა და მოსწავლეების ურთიერთობა მაშინ მთავრდება, როცა ბოლო ზარი ირეკება. მე არ ვიცი, როცა მასწავლებლები მოსწავლეებს ეუბნებიან, რომ სკოლამ უნდა იამაყოს მათი მიღწევებით, ფიქრობენ თუ არა, თავად იყვნენ ისეთები, რომ მოსწავლეებს მასწავლებლებთან, სკოლასთან დაბრუნების სურვილი გაუჩინონ. ან რას აკეთებენ იმისთვის, რომ უკვე ზრდასრული ყოფილი მოსწავლეების ცხოვრებას მათი კვალი ეტყობოდეს?
***

”ზაფხულის არდადეგები მოსაწყენად გავატარე” _ ასე დაიწყებოდა ჩემი თავისუფალი თემა, 2014 წლის სექტემბერში მისი დაწერა რომ მევალებოდეს. ვეღარც წაკითხული წიგნების უზარმაზარ სიას მოვიტანდი თავის დასაიმედებლად. ბავშვობაში მეც მიკვირდა, როცა უფროსები წუხდნენ უდროობის გამო და ვფიქრობდი, რომ მე ყოველთვის მოვახერხებდი, ოცდაოთხსაათიან რეჟიმში მეკითხა საყვარელი წიგნები, მაგრამ რას ვიზამთ, ზრდასრული ადამიანის ცხოვრება ასეთია.

თქვენ კი, ვინც ჩემსავით არ ელოდებით ზაფხულს, ვერასოდეს ახერხებთ დასვენებას და ძალების აღსადგენად ალტერნატიულ გზებს ეძებთ, მინდა გითხრათ, რომ ცხოვრების ხიბლი და ბედნიერება ზოგჯერ სწორედ ჩვენს მიერ შექმნილ რიტუალებშია, რომელიც გვეხმარება, უკეთესად დავინახოთ საკუთარი თავი და ადამიანები, რომლებმაც ჩვენი ცხოვრება შეცვალეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“