ორშაბათი, დეკემბერი 4, 2023
4 დეკემბერი, ორშაბათი, 2023

საკუთარი სილვია

რაც მაისი დაიწყო, უფრო ხშირად ვფიქრობ სილვია პლათზე, ვიდრე ოდესმე. გარდა მისდამი უსაზღვრო და განსაკუთრებული სიყვარულისა, ყველაფერი თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტების ბრალია, რომლებმაც  პროექტ “Art Weekend”-ის ფარგლებში ჩემს საყვარელ პოეტზე ლექციის წაკითხვა მთხოვეს. მე თუ მკითხავთ, დიდი ვერაფერი ლექტორი ვარ, უფრო სწორად, ლექტორობა არასოდეს მიცდია და ალბათ დიდი დრო გაივლის, სანამ სტუდენტებისთვის რაიმეს მოყოლას გადავწყვეტ, მაგრამ არსებობენ ავტორები, რომლებიც განდომებენ, მათი წიგნები ეგოისტურად გულში ჩახუტებული კი არ ატარო, სხვებსაც უამბო მათ შესახებ. ეტყობა, გამბედაობაც დიდ სიყვარულს მოაქვს, თორემ აუდიტორიის წინაშე ლაპარაკი კი არა, მგონი, პლათზე პოსტის დაწერაც თავხედობას ჰგავს ჩემი მხრიდან.
კონფესიონალისტი პოეტი სილვია პლათი 1932 წლის 27 ოქტომბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბოსტონში დაიბადა. ადრეულ ასაკში მამის გარდაცვალებამ და დედასთან არც ისე ჰარმონიულმა ურთიერთობამ მნიშვნელოვანი კვალი დატოვა მის ცხოვრებაზე. ჭკვიანი და წარმატებული, თუმცა შინაგანი წინააღმდეგობითა და პრობლემებით სავსე სილვია, რომელიც მუდმივად დიდ და ერთადერთ სიყვარულს ეძებდა, ცოლად ბრიტანელ პოეტს, ტედ ჰიუზს გაჰყვა. მათი კავშირი და თანაცხოვრება ტრაგიზმით და უცნაური ვნებებით იყო სავსე. ერთი მხრივ, ჰიუზი სწორედ ის კაცი იყო, ვის გვერდითაც სილვიას ბედნიერებაც უნდა ეპოვა და სრულყოფილებისაკენ მუდმივი სწრაფვა დაეკმაყოფილებინა, თუმცა ბავშვობის ტრავმებს, დეპრესიისადმი მიდრეკილებას და ცხოვრებისადმი სრულიად თავისებურ მიდგომას ქმრის ღალატი და რთული ოჯახური ცხოვრება დაერთო, რამაც სილვია პლათი ტრაგიკულ აღსასრულამდე მიიყვანა. მან 1963 წლის 11 თებერვალს მძინარე შვილებს საუზმე გაუმზადა და თავი მოიკლა. 
ჩემთვის ხშირად უთქვამთ, რომ თვითმკვლელობის გარეშე პლათი ვერ იქნებოდა ისეთი პოპულარული, როგორიც დღესაა, რასაც ბოლომდე ვერ დავეთანხმები. რა თქმა უნდა, მის შემოქმედებას, ადრე თუ გვიან, თვითმკვლელობის გარეშეც აუცილებლად აღმოაჩენდნენ და პულიცერის პრემიასაც აუცილებლად გადასცემდნენ, თუმცა ტრაგიკულმა ისტორიამ საზოგადოებას სხვა თვალით წააკითხა მისი პოეტური კრებულები: „კოლოსი” (1960), „არიელი” (1965) და რომანი „ზარხუფი” (1963). შემოქმედებამ, აზროვნებამ, ქალის როლზე თამამმა შეხედულებებმა, ქმრის ჩრდილში გატარებულმა წლებმა, ნიჭმა, რომელიც თავის დროზე სათანადოდ მაინც ვერ დაფასდა, ათასობით ქალისა და გოგონასათვის სილვია პლათი საკულტო ავტორად აქცია.  

ყველა ურთიერთობას თავისი ეტაპები აქვს. ჩემი და სილვიას, ორი სხვადასხვა დროსა და ადგილას დაბადებული, მაგრამ ასაკით თითქოს მაინც თანატოლი გოგოს, არარეალურმა ურთიერთობამაც გაიარა რამდენიმე სტადია. 
ჯერ ლექსები წავიკითხე, შემდეგ „ზარხუფი”, პლათის ნახევრად ავტობიოგრაფიული რომანი, სადაც ავტორი თავის შიშებზე, სურვილებზე, ეჭვებზე, პასუხგაუცემელ კითხვებზე, თვითმკვლელობის მცდელობასა და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობაზე ჰყვება. მახსოვს, იტალიისკენ მიმავალ გემზე, იატაკზე ვიჯექი და ვკითხულობდი, ვკითხულობდი და ვხვდებოდი, რომ მანამდე არასოდეს წამეკითხა ასეთი წიგნი, წიგნი, რომლის ავტორობას მე თვითონაც ვისურვებდი.
მოგვიანებით, მისი ცხოვრების კარგად შესწავლის შემდეგ სილვია პლათის მიმართ შიში გამიჩნდა. თავს ვარიდებდი მისი ჩანაწერების მოსმენას, მისი ცხოვრების შესახებ კითხვას, რამდენიმე ლექსის თარგმნაც ვცადე, მაგრამ ამაოდ. დიახ, მას აქვს უნარი – მიგიზიდოს, გავლენა იქონიოს შენს ცხოვრებაზე და დაგაჯეროს, რომ ჯადოქრობის გარეშეც შესაძლებელია სხვა ადამიანის გონებაში შეღწევა.
ბოლოს კი ინტერნეტში სრულიად შემთხვევით გადავაწყდი მის ფოტოს – სილვია პლაჟზე წევს, თეთრი საცურაო კოსტუმი აცვია და მზეს ეფიცხება. უეცრად, ერთი ხელის მოსმით გაქრა ჩემი შიშებიც და მისი, როგორც მხოლოდ გენიალური ავტორის აღქმაც. იმ ერთადერთი ფოტოს წყალობით პლათი ჩემს თვალში სულ სხვა, ჩვეულებრივ გოგოდ იქცა, რომელიც პლაჟზე ირუჯებოდა, წვეულებებზე დადიოდა, უყვარდა, ეჭვიანობდა, გოგოდ, რომელთანაც ალბათ სიამოვნებით ვიმეგობრებდი, ჩვენი რეალობა ერთმანეთს რომ არ ასცდენოდა, რომელსაც სიამოვნებით ვეტყოდი, რომ მასავით არც მე მიყვარდა სკოლაში სწავლის პერიოდში ფიზიკა და საკუთარი წარმატებები ყველა ასაკში მიხუთავდა სულს.   
მე არასოდეს შემხვედრია სილვია პლათის მიმართ შუალედური დამოკიდებულების მქონე ადამიანი. ის ან ძალიან უყვართ, ან საერთოდ არ აღიარებენ.

დღეს, რამდენიმე ათწლეულის შემდეგ, მისი სახელი დიდი პოპულარობით სარგებლობს, წიგნები მთელ მსოფლიოში იყიდება, მის შესახებ ფილმიც გადაიღეს, ერთი სიტყვით, როგორც სილვია პლათისა და ტედ ჰიუზის ქალიშვილი, ფრიდა, დედისადმი მიძღვნილ ლექსში წერს, სილვია  თანამედროვე სამყაროში თვითმკვლელ თოჯინად აქციეს.
ვისთვის – საყვარელი პოეტი, ვისთვის – ტედ ჰიუზის ცოლი, ვისთვის – ქალი, რომელმაც თქვა ის, რისი თქმაც ადვილი არ იყო, ვისთვის – შეშლილი, რომელსაც ელექტროშოკით მკურნალობდნენ, ვისთვის – თვითმკვლელი, ვისი ნაწერების წაკითხვასაც არ აპირებს, სილვია პლათი ჩემი შორეული მეგობარია, გოგო, რომელიც ოკეანის პირას პლაჟზე წევს და მზეს ეფიცხება. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი