სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

გიგზის უმწეო პასის ამბავი

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე იყო. ქალაქ ოზურგეთში ჯერ კიდევ არსებობდა ,,გადმოყვანილი დენის’’ არამიწიერი მადლი და მისი მომმატებელი ალქიკიმოსი ტრანსფორმატორი. ეს უკანასკნელი ან გულებს წვავდა სერიალების მაყურებელთა ან მათ სახლებს, ვისაც ღამე ჩართული რჩებოდა. ჩემი გული კი და სახლიც და რაც გნებავთ მაშინ ბარსელონაში იყო. წითელმაისურიანმა თერთმეტმა ნომერმა რაღაცნაირად განწირულად მოიქნია ფეხი, თითქოს უმიზნოდ, ტედი შერინგემა დაახვედრა და ანგარიში გათანაბრდა. ბაიერნი–მანჩესტერი 1:1. თერთმეტი ნომერი კი რაიან გიგზისა გახლდათ, მანჩესტერის ყველა დროის უმთავრეს კაცთაგანის – ჩარლტონის, ბესტის, კანტონას ტოლის. ის ფეხბურთიდან წავიდა.

 ეს ცოტა უცნაური, გულჩათხრობილი კაცი, რომელსაც მამა ინგლისელი ჰყავდა, გვარად ვილსონი, თავის დროზე დედის გვარს აირჩევს. ამ ყველაფრის გამო შემდეგ ის უელსის ნაკრებში გამოდის. უელსი ბევრს იგებს ამით, ინგლისს მარცხენა ფლანგზე სტივ მაკმანამი ჰყავს, მაგრამ..ეს რაიან გიგზია. კაცი, რომელმაც ასოციაციის თასის ნახევარფინალში ნახევარი არსენალი მოატყუა და ამ ფილმ–მატში გადამწყვეტი ბურთი შეაგდო. სერ ფერგი იგონებს, რომ სეზონის ტრიუმფით დასრულების იმედი სწორედ ამ გოლის შემდეგ გაუჩნდა – რაღაც დიდ სასწაულს უჩანდა პირი. საერთოდ ფერგიუსონს განსაკუთრებით უყვარს რაიანი –


წყნარი და დისციპლინის მიმდვარი, მედიის არმოყვარული კაცი, რეკლამებისთვის და  საიმიჯო მიმოხვრისთვის თითის არგამტოკებელი. მოკლედ რომ ვთქვათ – ანტიბექჰემი. ვარჯიშისას დევიდიც თავდაუზოგავი იყო, მაგრამ მისი გონება სხვაგან ჰქროდა და ფერგის ნასროლი ბუცი მისი თავისკენ. გიგზისთვის მსგავსი ამბები უცხო ხელობა გახლდათ. თუმცა ბრიტანულ ტაბლოიდებს ვერც ის ასცდა – ,,სანი’’ წერდა, რომ რაიანს საკუთარი ძმის ცოლთან, ნატაშასთან ჰქონდა რომანი. მერე მამამისმა, რომელსაც დიად გულზე არც მანამდე ეხატებოდა გვარშეცვლილი ფეხბურთელი, ასეთი რამ თქვა: ,,ის სულელია. გსურთ, რაიანი მოკლედ დავახასიათო? სულელის გარდა, მოღალატე, მატყუარა და დედიკოს ბიჭია. ვერ გამიგია, როგორ ენდობა ამხელა კლუბის ხელმძღვანელობა ასეთ მშიშარას, რომელმაც საკუთარ ძმას ოჯახი დაუნგრია. მასში “მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელობისთვის საჭირო თვისებებს ვერ ვხედავ. რაიანი პიროვნებად ვერ ჩამოყალიბდა’’.  გიგზმა სამიოდ კვირის გადმოიბარა მანჩესტერის მწვრთნელის პოსტი გადაყენებული მოიესისგან. მართალია დროებით, მაგრამ მაინც. მიუხედავად მამის სიტყვებზე გამარჯვებისა, ეს სკანდალი გარემარბის ცხოვრებაში ყველაზე რთულ ეტაპად შემორჩა. თუმცა დიდი გმირები სწორხაზოვანნი არასდროს არიან. ცხადია, საკუთარი სიდიდე ვერ ამართლებთ, მაგრამ მეორე მხრივ, მორალისტ დიდაქტიკოსებს პასუხი ადვილად გაეცემა – ცუდი და არმისაბაძი საქმე მნიშვნელოვანი ხალხის ფონზე უფრო ცხადად ჩანს.  მოკლედ ასე იყო თუ ისე, გიგზი ამ ისტორიის კაცად არ შემორჩება მსოფლიოს. ჩვენ ის როგორც ფეხბურთელი, ისე გვაინტერესებს.  როგორც, მაგალითად, ბილი ჰოლიდეის სიმღერები და არა ბილი ჰოლიდეის პრობლემები სამართალთან.

გიგზი გენიალური მოთამაშე იყო. ამ სიტყვის სრულიად არაპათეტიკური გაგებით. მისი მოძრაობა, მანევრები, პასებიც არაპათეტიკური იყო. მე პათეტიკური ფეხბურთელებიც მიყვარს, მაგრა რაიანის მნიშვნელობა მისი სტილის სისადავეში უფრო იყო. მოედანს სრულად ხედავდა. ამობებენ რომ ოქროს გუნდში ამ კომპონენტით მხოლოდ სქოულზს ჩამოუვარდებოდა. ფინტების დარგში პირველი იყო.  გრძელი პასის უნარი ვეტერანობისასაც არ დაუკარგავს. ცოტას თუ დაავიწყდება მისი გადაცემა მაიკლ ოუენისკენ, სიტისთან 4:3 მოგებულ მატჩში. სტაბილურობა მისი ერთ–ერთი უმთავრესი მიღწევაა – ათწლეულების თამაში უმაღლეს დონეზე ბევრი ფეხბურთელის ხვედრი როდია. ცხადია აქ იღბლის საქმეცაა – უტრავმობა და მწვრთნელის ულიმიტო ნდობა.

მოკლედ, სახელი და გვარი, რაიან გიგზი – უკვე ოქროს ასოებია ფეხბურთის წიგნში. წიგნში, სადაც მოხვედრა ბევრ სწავლსა და შრომას, არაერთ იმედგაცრუებას და  სირთულესთან არის დაკავშირებული, შუაღამამდე ვარჯიშთან, ნიუანსების დახვეწასთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რომლის გვირიგვინად, რაც უნდა პარადოქსული იყოს – განწირულად, სუსტად მოქნეული ფეხი შეიძლება იქცეს, სუსტად და ბედსმინდობილად, რომლის შემდეგ ბურთი ტედი შერინგემს მიუვა და მე ჩაბნელებული ოზურგეთიდან, გადმოყვანილი შუქით ძვლისგნათებული ოთახიდან, რომელიც გრაფიკის გამო მალე მხოლოდ ნავთის ლამფის შუქს დაჯერდებოდა – აჩახჩახებულ კამპ ნოუზე აღმოვჩნდი. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“