ბავშვობასა და მოზარდობაში, როგორც დედა იტყოდა, არარეალისტური ფილმები მიყვარდა. არაცხოვრებისეული, ნაირ-ნაირ ურჩხულებსა და სხვა ზღაპრულ არსებებზე. ვიცოდი, რომ არაფრის მომცემი იყო, მაგრამ მიმაჩნდა, რომ საკმარისზე მეტად მოწესრიგებული და ბეჯითი ვიყავი და ზოგჯერ ურჩხულების ყურების უფლებაც მქონდა. მით უმეტეს, ეს ფილმები არც ისე არაცხოვრებისეული გახლდათ, რადგან ჩვენი სინამდვილე სწორედ ურჩხულებით არის სავსე.
ცოდვა გამხელილი ჯობია და მოცალეობის ჟამს დროდადრო ახლაც შევავლებ ხოლმე თვალს. ოღონდ ახლა სხვა ინტერესი მაქვს. ამისთვის ადრე ყურადღება არ მიმიქცევია, არადა ყველა ასეთ ფილმში ქიმიაა გამოყენებული.
ამ საახალწლო უქმეებზეც რაღაც ფილმს აჩვენებდნენ ვამპირებზე. ერთი ახოვანი კაცი, თავად ვამპირი, სხვა სისხლისმწოველებს ებრძვის და ადამიანებს ეხმარება. ეს კაცი კბილებამდეა შეიარაღებული:
აქვს სპრეი, რომელშიც ნივრის ფხვნილის ექსტრაქტი ასხია და ვამპირებს ელეთმელეთს მართებს;
აქვს ვერცხლის ტყვიები და ასაფეთქებელი ყუმბარები, რომლებიც კოლოიდურ ვერცხლს აფრქვევს.
ნიორი შროშანისებრთა ოჯახის ერთწლოვანი ბოლქვიანი მცენარეა. მრავლდება კბილით და ბოლქვაკით. ახლა კი მთავარი კითხვა: რას შეიცავს ნიორი ასეთს? რითია სასარგებლო ჩვენთვის და საშიში ვამპირებისთვის?
100 გრამი ნიორი შეიცავს: 58 გ წყალს, 6,4 გ ცილას, 0,5 გ ცხიმს, 33 გ ნახშირწყალს, 1 გ დისაქარიდს, 5 მკგ ბეტა კაროტინს, 0,2 მგ თიამინს, 0,1 მგ რიბოფლავინს, 0,7 მგ ნიაცინს, 0,6 მგ პანტოთენის მჟავას, 1,2 მგ პირიდოქსინს, 3 მკგ ფოლიუმის მჟავას, 2 მგ ასკორბინის მჟავას, 185 მგ კალციუმს, 1,7 მგ რკინას, 25 მგ მაგნიუმს, 155 მგ ფოსფორს, 402 მგ კალიუმს, 17მგ ნატრიუმს, 1,2 მგ თუთიას, 1,7 მგ მანგანუმს, 17 მკგ სელენს. თუმცა ეს იმდენად ცოტაა, რომ ჩამოთვლილ ნივთიერებათა სადღეღამისო ნორმის მისაღებად ნიორი არ გამოდგება – უბრალოდ, კილოობით ჭამა მოგვიწევს.
აქვეა ფიტონციდებიც: დიალილდისულფიდი, ალილპროპილდისულფიდი, თიოპროპიონალდეჰიდ-S-ოქსიდი და ალიცინი. ასე რომ, ნიორი გოგირდის უხვი წყაროა. ვამპირებს კი გოგირდის შესუნთქვისას სუნთქვა ეკვრით. სავარაუდოდ, ნივრის სპრეისაც ამიტომ იყენებდნენ მათ წინააღმდეგ. პირდაპირ გოგორდი გამოეყენებინათო, იტყვით. რა გითხრათ, ფილმებში მხოლოდ ნიორი ფიგურირებს.
ახლა ვერცხლს მივხედოთ. ვამპირები ვერცხლს ვერ უძლებდნენ, თანამედროვე ურჩხულები კი ვერცხლზე გიჟდებიან, ოქროზე – კიდევ უფრო მეტად, მაგრამ ჩვენ ამჯერად ვერცხლი გვაინტერესებს.
ვერცხლი იშვიათი ლითონია. ბუნებაში გავრცელებულია როგორც თვითნაბადი, ისე ნაერთების სახით: სულფიდები, სელენატები, ჰალოგენიდები – არგენტიტი (Ag2S), პრუსტიტი (Ag3AsS3), პირარგირიტი (Ag3SbS3) და სხვა. ვერცხლი მინარევების სახით თითქმის ყოველთვის ახლავს სპილენძისა და ტყვიის მადნებს. იგი ზღვის წყალშიც მოიპოვება. ბუნებაში ცნობილია ვერცხლის 50-ზე მეტი მინერალი.
ყველაზე დიდი თვითნაბადი ვერცხლის ზოდი კანადაშია ნაპოვნი. მას „ვერცხლის ქვაფენილი“ უწოდეს, რადგან 30 მეტრი სიგრძისა იყო. მისგან 20 ტონა სუფთა ვერცხლი გამოადნეს.
ლითონური ვერცხლი უმთავრესად მიიღება მძიმე ლითონების სულფიდების ნარევისგან, რომელიც მას Ag2S სახით შეიცავს. ვერცხლის სულფიდს ხსნიან ნატრიუმის ტეტრაციანატში და მიღებული ვერცხლის ციანიდის ხსნარზე ლითონური თუთიით მოქმედებენ.
ამ მეთოდით მიღებული ვერცხლი სისუფთავით გამოირჩევა. ვერცხლს აგრეთვე იღებენ პირომეტალურგიული გზით ტყვიისა და სპილენძის კონცენტრატების გამოდნობის დროს. მას ვერცხლის მადნებისგან გრავიტაციული გამდიდრებით ან ამალგამირებით გამოყოფენ. ვერცხლის გამოყოფა ასევე შეიძლება იონგაცვლითი ფისებით და თხევადი ექსტრაქციით.
ლაბორატორიაში ლითონური ვერცხლის მიღება შეიძლება ვერცხლის ნიტრატის წყალხსნარზე თუთიის ზემოქმედებით:
2AgNO3+Zn=2Ag+Zn(NO3)2
სუფთა ვერცხლი რბილი და პლასტიკურია. ახასიათებს მაღალი ელექტრო- და სითბოგამტარობა. ვერცხლის ჭურჭელში შენახული წყალი სტერილდება და დიდხანს არ ფუჭდება. ამას ვერცხლის იონები განაპირობებს, რომლებსაც ძლიერი ბაქტერიოციდული თვისებები აქვს. ვერცხლის ფიზიკურ-ქიმიური თვისებები მის ქიმიურ სისუფთავეზეა დამოკიდებული. ლეგირებით ის კარგავს ისეთ არასასურველ თვისებებს, როგორიცაა სირბილე, დაბალი მექანიკური სიმტკიცე, გოგირდის მიმართ მაღალი რეაქციის უნარი და სხვა. ზოგიერთი აირი, მაგალითად, წყალბადი, ჟანგბადი, ნახშირბადის მონო- და დიოქსიდები, ვერცხლში იხსნება, რის გამოც მსხვრევადი (მყიფე) ხდება.
პრაქტიკაში სუფთა ვერცხლი სირბილისა და წევადობის გამო თითქმის არ გამოიყენება. სპილენძთან ვერცხლის შენადნობს საიუველირო და საოჯახო ნაკეთობების, მონეტებისა და ლაბორატორიული ჭურჭლის დასამზადებლად იყენებენ.
სხვათა შორის, ვერცხლის პირველი მონეტები ძვ. წ. VII ს-ში მოიჭრა ლიდიის სამეფოში ელექტრუმისგან, რომელიც ოქროსა და ვერცხლის ბუნებრივი შენადნობია.
კოროზიისგან დასაცავად სხვა ლითონების ზედაპირს ვერცხლით ფარავენ. ის, როგორც საუკეთესო ელექტროგამტარი, რადიოელექტრონიკაშიც გამოიყენება. მისი მნიშვნელოვანი რაოდენობა იხარჯება თუთია-ვერცხლის აკუმულატორების დასამზადებლად.
ვერცხლის შემცველი პრეპარატები ხასიათდება ანტიბაქტერიული და ბიოქსოვილის მოწვის თვისებით.
ალქიმიკოსები ოქროზე არანაკლები მონდომებით ცდილობდნენ ვერცხლის მიღებას. „ალქიმიური დოქტრინის“ ადაპტირებულ ვერსიაში ასეთი რეცეპტი აღმოვაჩინე:
აიღეთ ერთი დირჰამი „მთვარის გრძნობა“ და შეურიეთ ათ დირჰამ „მოახლეს“. ამ ყველაფერს ძმარმჟავა დაუმატეთ და რკინის ჯოხით მოურიეთ. შემდეგ ცეცხლზე შემოდგით და მანამდე გააცხელეთ, სანამ ძმარმჟავა მთლიანად არ აორთქლდება. მიღებული მასა გააცივეთ – მიიღებთ „თეთრ ცვილს“.
„თეთრი ცვილი“ ვერცხლია. ბევრი ვეძებე, მაგრამ „მთვარის გრძნობა“ რა არის, ვერ დავადგინე. აი, „მოახლე“ კი ვერცხლისწყალია.
სხვათა შორის, არსებობს ტერმინი „სულელების ოქრო“. ძველი დროის თაღლითები გულუბრყვილო მყიდველებს ოქროს ნაცვლად მინერალ პირიტს შეატყუებდნენ ხოლმე. სინამდვილეში მას ოქროსთან საერთო არაფერი აქვს, რკინის დისულფიდია. პირიტს „შვილობილი“ მინერალებიც ჰყავს, რომლებსაც ვერცხლად ასაღებდნენ. მაგალითად, მარკაზიტი.
დღეს ვერცხლის ნაკეთობებს ყოველ ნაბიჯზე გვთავაზობენ. ლამაზიცაა და გულმისასვლელიც, მაგრამ ყველა ვერცხლია? თუ ზოგიერთი, შუა საუკუნეთა თაღლითებისა არ იყოს, მიმნდობ ადამიანებზე „სულელთა ვერცხლს“ ასაღებს? მარტივი ქიმია ნაკეთობის შემოწმებაში დაგვეხმარება, თანაც ისე, რომ ნაკეთობა ძალიან არ დავაზიანოთ.
ავიღოთ ვერცხლის ბეჭედი, საყურე ან სულაც ვამპირისთვის მომზადებული ტყვია. პარალელურად სამუშაო ხსნარი – ე.წ. შვერტერის ხსნარი (Schwerte’s solution) მოვამზადოთ. ხსნარის შემადგენლობა ასეთია: 0,25 გ კალიუმის ბიქრომატი, 5 მლ გამოხდილი წყალი და 3,5 მლ 70%-იანი აზოტმჟავა.
ვერცხლის ნაკეთობას ამ ხსნარის ერთი წვეთი დავასხათ, ოღონდ შიგნითა მხრიდან, რომ არ გამოჩნდეს. თუ მართლა ვერცხლია, გაწითლდება, რადგან ეს ლითონი აზოტმჟავასთან ურთიერთქმედებს და ნაკეთობა კალიუმის ბიქრომატთან რეაქციაში შევა. 925 სინჯის ვერცხლს წითელი ფერი უნდა დაედოს, 500 სინჯის ვერცხლი კი ბაც ვარდისფერს მიიღებს.
ხსნარი სხვა მეტალებზეც მოქმედებს და განსხვავებულ ფერს წარმოქმნის. მაგალითად, ნიკელის საფარზე – ლურჯს, ალუმინზე – ყვითელს.
მეტალთა ძაბვის მწკრივში ვერცხლი წყალბადის მარჯვნივ არის მოთავსებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მჟავებთან არ მოქმედებს. გამონაკლისია განზავებული აზოტმჟავა, რომელთან ურთიერთქმედებისას ის ვერცხლის ნიტრატს წარმოქმნის.
Ag+2HNO3=AgNO3+NO2+H2O
წარმოქმნილი ვერცხლის ნიტრატი ურთიერთქმედებს კალიუმის ბიქრომატთან ვერცხლის ბიქრომატის წარმოქმნით, რომელსაც წითელი ფერი აქვს.
K2Cr2O7+2AgNO3=Ag2Cr2O7+2KNO3
რაც შეეხება კოლოიდურ ვერცხლს, ეს ძირითადად კოლოიდური ხსნარია, რომელიც ვერცხლის 1 ნმ ზომის ნაწილაკებს შეიცავს. მისი მიღება ელექტრული მეთოდით ხდება. ზოგიერთ ჩანაწერში კოლოიდურ ვერცხლად მერკური იწოდება.
ასე რომ, ეს თითქოსდა არარეალისტური ფილმები სინამდვილეში სავსებით რეალისტურია. ცხოვრებაშიც ხომ ასეა: ზოგს ვერცხლისა ეშინია, ზოგი კი მისი სიყვარულით ისეა დაბრმავებული, რომ სინდისსაც კი გაყიდის 30 ვერცხლად!