ხუთშაბათი, ივლისი 25, 2024
25 ივლისი, ხუთშაბათი, 2024

ჩვენი ცხოვრების ზღაპრები

პოსტს, რომელსაც მე რვა მარტს ვწერ, თქვენ ალბათ მოგვიანებით წაიკითხავთ, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს. არსებობს საკითხები, რომლებზეც დრო არ მოქმედებს.

 

ქალთა პრობლემებზე ხშირად ვლაპარაკობ, მარტის დასაწყისში – უფრო ხშირად. ზოგჯერ, როცა მიმტკიცებენ, რომ ქალებს ჩვენს ქვეყანაში ხელისგულზე ატარებენ, რომ მათ დასაცავი არაფერი სჭირთ, რომ ყველა პრობლემა გამოგონილი და ხელოვნურად შექმნილია, რომ საოჯახო ნივთი ქალისთვის საუკეთესო საჩუქარია და აბა, სხვა რა უნდა ისურვო, თუ 8 მარტს წითელი ბაფთით შეკრულ მტვერსასრუტს მოგართმევენ, ტონი მეცვლება და ჯერ საპირისპიროს მტკიცებას ვიწყებ, მერე კი, ვინ იცის, მერამდენედ ვიქექები გონებაში, რომ მივხვდე, საიდან მოდის ჩვენში ღრმად ფესვგადგმული სტერეოტიპები, მხოლოდ ჩვენი საზოგადოებაა დამნაშავე თუ უფრო გლობალური ანალიზია საჭირო.

 

ალბათ 1993 წელი იქნებოდა, ან 1994. ჩემი მეგობრის უფროსკლასელმა დამ სასწავლო სტიპენდია მოიპოვა და ერთი წლით წავიდა იმ დროს ასე შორეულ, უცხო და სანატრელ ამერიკაში. დაბრუნებულმა თან მთელი ჩვენი ოცნება ჩამოიტანა: რამდენიმე ბარბი, კასეტებზე ჩაწერილი მულტფილმები და ბევრი ფერადი ნივთი, რომლებზეც დისნეის გმირები იყვნენ გამოსახული. ჩვენც ვისხედით და საათობით, გადაბმულად ვუყურებდით მულტფილმებს, ვუყურებდით და ვფიქრობდით, რომ ჩვეულებრივი გოგოობიდან პრინცესობამდე ერთი ნაბიჯია და თუ ძალიან გინდა, ყველაფერი შესაძლებელია: ერთი ნახვით შეყვარებაც, საუკუნო ძილიდან გამოფხიზლებაც, ურჩხულის უფლისწულად ქცევაც, ზღვიდან დედამიწაზე გადასახლებაც და ყველაზე შეუწყნარებელი ბოროტების დამარცხებაც. მაშინ საყოველთაო ნატვრა ელექტროენერგია და შინიდან გასული ახლობლების მშვიდობით დაბრუნება იყო, მაგრამ ეს ხელს არ გვიშლიდა, თუნდაც ცოტა ხნით ზღაპრულ პრინცესებად ვქცეულიყავით, დანგრეული, ნაომარი,
გაღატაკებული ქვეყნიდან გაქცეულ ზღაპრულ პრინცესებად.

 

დღეს ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ და გულის სიღრმეში მაწუხებს, რომ ჩემი ბავშვობის წარმოდგენები ჩემსავე კრიტიკას ვეღარ უძლებს. ალბათ ვინმე შემომედავება, რა საჭიროა ყველაფრის გართულება, როცა ბავშვურ ფანტაზიებზე ვლაპარაკობთო, მაგრამ მე მწამს, რომ ოცნებები, განსაკუთრებით კი ადრეული ოცნებები, მთელ ჩვენს ცხოვრებას ცვლის. ამიტომ უნდა ვეცადოთ და მათ სწორი მიმართულება მივცეთ. ჩვენ კი მთელი ბავშვობა მაგალითს დისნეის პრინცესებისგან ვიღებდით და ალბათ არცაა გასაკვირი, რომ ეს მაგალითი არ გამოგვადგა.

 

 

<ჩვენ დავიჯერეთ, რომ ჩვეულებრივი ამბავია, შვიდი მამაკაცის მიერ არეული სახლი დაალაგო და ამით ბედნიერი იყო, რომ ადვილია, მსხვერპლად გაიღო საკუთარი ცხოვრება, დათმო ხმა, რომელიც სიცოცხლეს აზრს აძლევს, ოღონდ შენი უფლისწული დაიბრუნო, რომ მხოლოდ ქალის მოთმინების წყალობითაა შესაძლებელი მხეცის მოთვინიერება, რომ სამეფო ოჯახში მოხვედრა ბედნიერებისკენ მიმავალი ერთადერთი გზაა და ეს გზაც აუცილებლად ლამაზ კაბებსა და ბრჭყვიალა სამკაულებზე გადის, სასახლეში გამართულ მეჯლისზე სხვაგვარად არავინ დაიშვება.

 

დრო ყველაფერს თავის მოთხოვნებს უყენებს, მათ შორის – ზღაპრებსაც, ამიტომ არ გამკვირვებია, როცა 2013 წელს გამოსულ მულტფილმ „გაყინულზე” სრულიად განსხვავებული რეცენზიები და კომენტარები წავიკითხე. ჰანს ქრისტიან ანდერსენის „თოვლის დედოფლის” მოტივებზე შექმნილი ანიმაციური ფილმი ორი დის, ანას და ელზას, ისტორიას გვიამბობს. ერთი მათგანი ძნელად სამართავ ზებუნებრივ ძალებს ფლობს და ამიტომ განცალკევებით უწევს ცხოვრება, მეორე კი ცდილობს, დასთან ურთიერთობა აღადგინოს და ის სიყვარული დაიბრუნოს, რომელიც ბავშვობაში აკავშირებდათ.

„გაყინული” არც სასიყვარულო ისტორიის განვითარებით ჰგავს დანარჩენებს. უფლისწული, რომელიც პრინცესა ანას უყვარდება, სინამდვილეში არც კეთილშობილებით გამოირჩევა, არც მოწყალე გულით და არც ერთგულებით. როგორ ვითარდება მოვლენები, გირჩევთ, თავად ნახოთ და ბავშვებსაც აყურებინოთ, რათა თქვენმა გოგონებმა დაიმახსოვრონ, რომ რაც ბრწყინავს, ყოველთვის ოქრო არ არის, რომ ერთი ნახვით შეყვარება არ არის თანაცხოვრების საუკეთესო წინა პირობა და კოცნა, რომელსაც ჩვენი გადარჩენა შეუძლია, შესაძლოა, პრინცისა კი არა, დისა იყოს.

 სიმართლე გითხრათ, მიხარია, რომ ჩემი მეგობრების შვილები, განსაკუთრებით – გოგონები, „გაყინულს” ხშირად უყურებენ. იმედი მაქვს, ისინი სხვანაირად იაზროვნებენ და იცხოვრებენ, გაცილებით უკეთესად, ვიდრე ჩვენი თაობა. აქვე გამოვტყდები, რომ იმ დროს, ამერიკიდან ჩამოტანილ კასეტებზე ჩაწერილ მულტფილმებს ათასჯერ რომ ვატრიალებდით და ვოცნებობდით, მე ყველაზე მეტად პატარა ქალთევზა – არიელი მიყვარდა, რომელიც, ახლა რომ მკითხოთ, საოცრად ტრაგიკული პერსონაჟია.

 რა თქმა უნდა, ზღაპრებს
ჩვენი ყოფის შეცვლა შეუძლია. საბედნიეროდ, ჩვენც გვაქვს საშუალება, თავად ავირჩიოთ
ზღაპარი, რომელშიც გვინდა ცხოვრება და რომელიც არასასიამოვნო სურპრიზებს არ მოგვიმზადებს
მას შემდეგ, რაც ვიტყვით: „ჭირი იქა, ლხინი აქა…”

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“