კვირა, ოქტომბერი 6, 2024
6 ოქტომბერი, კვირა, 2024

ნობელის პრემია ანა პოლიტკოვსკაიას

წელს ნობელის კომიტეტმა მშვიდობის დარგში პრემია ორ ჟურნალისტს გადასცა. „ქალბატონი მარია რესა და ბატონი დიმიტრი მურატოვი მიიღებენ ნობელის პრემიას აზრის გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ მამაცი ბრძოლისთვის ფილიპინებსა და რუსეთში“, – განაცხადა ოსლოში გამართულ პრესკონფერენციაზე კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ამის მოსმენის შემდეგ ცოტა ხანს გაოცებული ვიყავი, რადგან ვერ წარმომედგინა, რომ მსოფლიოსთვის სრულიად უცნობი (თუმცა ჩემთვის კარგად ნაცნობი) რუსი ჟურნალისტი ამ რანგის ჯილდოს დაიმსახურებდა. რამდენიმე საათი ვეძებდი პასუხს კითხვებზე: რა აქვს მურატოვს საერთო ვილი ბრანდტთან, დედა ტერეზასთან ან მარტინ ლუთერ კინგთან? რატომ შეარჩიეს იგი ჟიურის წევრებმა? დიდხანს ფიქრი არ დამჭირვებია, თავად „ნოვაია გაზეტას“ რედაქტორმა დაუსვა წერტილი ჩემს დაბნეულობას. რედაქციის წინ სახელდახელოდ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტმა კოლეგებს უთხრა: „ეს პრემია ეკუთვნის ანა პოლიტკოვსკაიას, იური შეკაჩიხინს, იგორ დომნიკოვს, ნასტია ბაბუროვას, სტას მარკელოვს, ნატაშა ასტემიროვას… ჩვენს დაღუპულ პროფესიონალებს, რომელთაც პროფესიისთვის სიცოცხლე გაწირეს. მე არ დამიმსახურებია ეს ჯილდო… ვინაიდან ნობელის პრემიით არ აჯილდოებენ გარდაცვლილებს, ალბათ, მათ ასე მოიფიქრეს, რომ ანასა და სხვებს ჩემი საშუალებით მიეღოთ ეს აღიარება“. მაშასადამე, რედაქტორმა კომიტეტის გადაწყვეტილება გაზეთის წარსულით და გამოცემის თანამშრომელთა თავგანწირვით ახსნა და არა პერსონალური ძალისხმევით.

„ნოვაია გაზეტა“ დამოუკიდებელი რუსეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული გამოცემაა. იგი 1993 წელს რუსმა ლიბერალებმა, ლიბერალურად განწყობილმა ინტელექტუალებმა დააფუძნეს. გაზეთში თავი მოიყარეს „პერესტროიკის“ პერიოდში გააქტიურებულმა ჟურნალისტებმა და პუბლიცისტებმა, რომელთაც ისარგებლეს დემოკრატიზაციის პროცესით და აქტიურად გამოვიდნენ საზოგადოებრივ ასპარეზზე. „ნოვაია გაზეტა“ დაარსების დღიდან უპირისპირდებოდა რუს ნაციონალისტებსა და კომუნისტებს, მათ იმპერიალისტურ ხედვებს და ცდილობდა წარმოეჩინა რუსული კულტურის ევროპული განზომილება. დიმიტრი მურატოვი დაარსების დღიდანვე მუშაობს გაზეთში, 1995 წლიდან კი მისი მთავარი რედაქტორი გახლავთ. აღსანიშნავია, რომ გამოცემის დაფუძნებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო კიდევ ერთმა რუს ნობელიანტმა, სსრკ-ის პირველმა და უკანასკნელმა პრეზიდენტმა – მიხაილ გობრაჩოვმა. იგი დღემდე რჩება გაზეთის მეწილედ. გორბაჩოვის თქმით, „ნოვაია გაზეტას“ მუშაობაში ოსლოდან მიღებული ჰონორარი დააბანდა. პოსტსაბჭოთა რუსეთში მურატოვის ხელმძღვანელობით მომუშავე მედიასაშუალებამ რამდენიმე მოვლენის დამსახურებით გაითქვა სახელი.

2006 წლამდე „ნოვაია გაზეტას“ წამყვანი თანამშრომელი ანა პოლიტკოვსკაია გახლდათ. მას მიაჩნდა, რომ ნამდვილი ჟურნალისტი ადამიანის ღირსების დამცველი, ჩაგრულთა ქომაგიც უნდა ყოფილიყო. შესაბამისად, მთელი თავისი მოღვაწეობის განმავლობაში ცდილობდა, გაზეთის ფურცლებიდან სოლიდარობა გამოეცხადებინა რუსეთის ხელისუფლების მიერ გარიყული, დამცირებული, სიკვდილისთვის განწირული მოქალაქეებისა და ჯგუფებისთვის. პოლიტკოვსკაიას მოღვაწეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩეჩნეთის რესპუბლიკას უკავშირდება. ჩეჩნეთის მეორე ომის მიმდინარეობისას და მისი დასრულების შემდგომ პერიოდში ის ფაქტობრივად ერთადერთი ადამიანი იყო, რომელსაც მკვიდრი მოსახლეობის ტანჯვის ამბავი სააშკარაოზე გამოჰქონდა და მთელ რუსეთს, მთელ მსოფლიოს მისი გადარჩენისკენ მოუწოდებდა. პოლიტკოვსკაია ინტენსიურად წერდა რუსეთის არმიის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე, აშუქებდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს, რომლებიც 2000-იანი წლების გარიჟრაჟზე კავკასიაში რუტინად იყო ქცეული; ამხელდა სამხედრო და პოლიტიკურ ლიდერთა უკანონო გადაწყვეტილებებს, სახელმწიფო სახსრების მითვისებას, სხვების უბედურების ხარჯზე სიმდიდრის მოხვეჭის შემთხვევებს; ხელს უწყობდა დაობლებული ბავშვებისა და მარჩენალდაკარგული მოხუცებისთვის შემწეობის შეგროვებას. ანა პოლიტკოვსკაიას ჟურნალისტური საქმიანობის შედეგად რუსეთის პროკურატურა იძულებული გახდა, ათეულობით სისხლის სამართლის საქმე აღეძრა. ცხადია, მათი უდიდესი უმრავლესობა ბოლომდე არ მიუყვანიათ, მაგრამ ხალხმა არაერთი გენერლისა და პოლიტიკოსის ნამდვილი სახე დაინახა.

პოლიტკოვსკაიამ 2004 წელს ინტერვიუ ჩაწერა ჩეჩნეთის ახალგაზრდა ლიდერ რამზან კადიროვთან და მთელი სისავსით წარუდგინა იგი „ნოვაია გაზეტას“ მკითხველს. მის კალამს ეკუთვნის მსოფლიოს ბესტსელერად მიჩნეული ორი წიგნი – „პუტინის რუსეთი“ და „ჩეჩნეთი – რუსეთის სირცხვილი“. ამ პუბლიკაციების წყალობით ჩეჩნეთში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი სისასტიკეებისა და რუსეთში დამკვიდრებული ავტორიტარიზმის შესახებ მთელმა მსოფლიომ შეიტყო. ანა პოლიტკოვსკაია აქტიურად აშუქებდა ბესლანის პირველ საჯარო სკოლაში ჩატარებულ სპეცოპერაციას, იბრძოდა „ნორდ-ოსტის“ წარმოდგენის დროს დახოცილი ადამიანების ოჯახის წევრთა ინტერესებისთვის. ჩრდილოეთ კავკასიაში ერთ-ერთი მივლინების დროს ის თვითმფრინავში მოწამლეს, რამაც ახალგაზრდა ქალი კინაღამ იმსხვერპლა. ადამიანის უფლებებისთვის, მცირე ერების თავისუფალი განვითარებისა და დემოკრატიისთვის თავდადებული შრომა 2006 წლის ოქტომბერში დასრულდა, როდესაც პოლიტკოვსკაია საკუთარი სახლის ლიფტში ჩაცხრილეს. საქმე დღემდე გამოუძიებელია, მაგრამ მისი მკვლელობიდან 15 წლის თავზე ანას მეგობარმა და მთავარმა რედაქტორმა ნობელის მშვიდობის პრემია მიიღო, რითაც კიდევ ერთხელ აღინიშნა რუსეთში რიგითი მოქალაქეების გადარჩენისთვის მოქმედი პროფესიონალების განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენი პლანეტისთვის.

პრემიის მიღების დროს მურატოვს მადლობა მხოლოდ პოლიტკოვსკაიასთვის არ გადაუხდია – ჩამონათვალში მოხვდა ნატაშა ასტემიროვაც, რომელიც წლების განმავლობაში პოლიტკოვსკაიას პირველწყარო გახლდათ. გროზნოსა და გუდერმესში, ჩეჩნეთის რეგიონებში ასტემიროვა „ნოვაია გაზეტას“ თანამშრომლის მუდმივი თანამგზავრი და მეგზური იყო. ანას არყოფნაში შვილმოკლული ჩეჩენი დედები, ამოწყვეტილი ოჯახების გადარჩენილი მცირეწლოვანი შვილები, უსამართლობით გამწარებული ადამიანები ნატაშა ასტემიროვასთან მიდიოდნენ და მას უტოვებდნენ პოლიტკოვსკაიასთვის გადასაცემ დოკუმენტებს, მასალებს, რათა ჟურნალისტს შემდგომ ადგილობრივთა გასაჭირი გაეშუქებინა. მურატოვის გაზეთთან ერთად ასტემიროვა „მემორიალშიც“ მუშაობდა და ადამიანებს ომში დაკარგული ნათესავების ძებნაში ეხმარებოდა. პოლიტკოვსკაიას გარდაცვალების შემდეგ „მემორიალის“ აქტივისტი ჩრდილიდან გამოვიდა და თავად დაიწყო ღიად წერა ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკაში შექმნილი ვითარების შესახებ. რამზან კადიროვის მთავარ ოპონენტად იქცა, ოპონენტად, რომელსაც პატივს სცემდნენ და უსმენდნენ მთელ ევროპაში. 2009 წელს ჟურნალისტი გროზნოდან გაიტაცეს და მოგვიანებით ინგუშეთის ერთ-ერთ პროვინციაში მოკლული იპოვეს.

მურატოვის მტკიცებით, ნობელის პრემიის რუსი ჟურნალისტისთვის გადაცემა კიდევ ერთმა ადამიანმა, მემარცხენე ეკოლოგისტმა ნასტია ბაბუროვამ განაპირობა. ბაბუროვა „ნოვაია გაზეტას“ შტატგარეშე თანამშრომელი იყო, რომელიც შესანიშნავად ერკვეოდა რუსეთის ახალგაზრდულ ნაცისტურ მოძრაობაში, სწავლობდა მის შემადგენლობასა და ქვეჯგუფებს, აკვირდებოდა ქუჩის არაფორმალურ აქციებს, სკინჰედთა აქტივობებს, „ანტიფას“ კონტრდემონსტრაციებს, შეგროვილი მასალების საფუძველზე კი გამოცემისთვის უმნიშვნელოვანეს სტატიებსა და რეპორტაჟებს ამზადებდა. ბაბუროვა დაუნდობლად აკრიტიკებდა და ებრძოდა 18 წლის ჩეჩენი გოგოს მოტაცებაში, გაუპატიურებასა და მკვლელობაში ბრალდებულ პოლკოვნიკ ბუდანოვს, რომელიც რუსი ნეონაცისტების დაცვის მთავარი ობიექტი გახლდათ. 2009 წელს 26 წლის ბაბუროვა, „ნოვაია გაზეტას“ იურისტთან და ბუდანოვის მიერ მოკლულილი გოგოს ადვოკატთან – სტანისლავ მარკელოვთან ერთად ნეონაცისტებმა ქუჩაში ჩაცხრილეს. რადიო „თავისუფლების“ ცნობით, მკვლელობის ადგილას უცნობმა პირებმა შუშხუნა ღვინის ბოთლი მიიტანეს, რომელსაც ეწერა: „დედამ ხომ გითხრა, წვერებიან ბიძებს ნუ ემეგობრებიო“.

იური შეკოჩიხინი რუსეთის ძალოვან უწყებებსა და საბაჟოს მაღალჩინოსნებს შორის მიმდინარე ფინანსური გარიგებებისა და უთანხმოებების გაშუქებას შეეწირა. მოწამვლამდე მან არაერთი გაფრთხილება მიიღო, ჟურნალისტსა და ყოფილ დეპუტატს ურჩევდნენ, არ ჩარეულიყო მსხვილი მოთამაშეების ბრძოლაში. იგორ დომნიკოვი კი ლიპეცკის ოლქის ადმინისტრაციის მუშაობის შესახებ დაწერილი კრიტიკული სტატიების გამო ვიცე-გუბერნატორის დაკვეთით ქუჩაში მოკლეს ჩაქუჩებით.

ამ ისტორიების გათვალისწინებით, თავისუფლად შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ „ნოვაია გაზეტა“ იმპერიალიზმის, მცირე ერების განადგურების, ნაციზმის, სახელმწიფო ბიუჯეტის ძარცვისა და რიგითი მოქალაქეების ჩაგვრის წინააღმდეგ მომუშავე მთავარი რუსული გაზეთია. სხვა გამოცემებისა და ტელევიზიებისგან განსხვავებით, მან გაუძლო ოცდაათწლიან წნეხს და დიდი დანაკარგის მიუხედავად, დღემდე აგრძელებს მუშაობას. ქარიშხლების დროს მას სათავეში დიმიტრი მურატოვი ედგა. გაზეთის შენარჩუნება, თავისუფალი სიტყვის უკანასკნელი ფორპოსტის გამაგრება მთავარი რედაქტორის დამსახურებაა. ნობელის მშვიდობის პრემიის რუსეთში გაგზავნა ნიშნავს იმას, რომ ცივილიზებული მსოფლიო ამ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში მსხვერპლთა მხარეს დგას და პირდაპირ ამხელს ჯალათების მხარდამჭერ რეჟიმს. სამწუხაროდ, დიმიტრი მურატოვს საქართველოდან ოფიციალური წერილით არავინ მიულოცა ჯილდოს მიღება, ჩვენ კვლავ ჩრდილში დგომა ვამჯობინეთ.

დიმიტრი მურატოვი იმსახურებდა ნობელის პრემიას, რადგან მის უკან ანა პოლიტკოვსკაია და სხვები დგანან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

როგორ გავხდი ავტორიტეტი

კომუნიზმი

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“