სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

მოგზაურობა ევროპაში – ბავშვები და მუზეუმები

ახლაღა მივხვდი, რომ სანამ ამბების მოყოლას დავიწყებდი, მცირე შესავალი უნდა წამემძღვარებინა, ანუ ჩემი მოგზაურობის მიზეზებზე მომეთხრო.

მოკლედ, ასე იყო: ცოტა ხნის წინ ფრანკფურტის ქართული ლიტერატურული სალონიდან შემატყობინეს, რომ სხვა ავტორებთან ერთად ლიტერატურულ საღამოზე მიწვევდნენ და რამდენიმე ლექსის თარგმნასაც აპირებდნენ. ფრანკფურტის ლიტერატურულ სალონსა და მის დიასახლისზე, მანანა თანდაშვილზე აუცილებლად უფრო დაწვრილებით მოგიყვებით, ახლა სხვა ამბებზე შევჩერდები. მოკლედ, რაკიღა, ასეთი კარგი შემთხვევის გამოტოვება არ იქნებოდა, მე და ზაზამ დავგეგმეთ, რომ გერმანიაში ჩავიდოდით, ლიტერატურულ შეხვედრას დავესწრებოდით, მერე რაიმე იაფფასიან მანქანას ვიყიდდით და გერმანიიდან საქართველოსკენ მანქანით წამოვიდოდით, გზად რამდენიმე ქვეყანას ვნახავდით, გერმანიასა და საბერძნეთში ჩემს მონატრებულ ოჯახის წევრებს ვესტუმრებოდით. 

მიუხედავად იმისა, რომ გეგმა ცოტათი ავანტიურისტულად გამოიყურებოდა, ის მაინც აღსრულდა. ჰოდა, ჩვენი თვითმფრინავი მიუნხენის აეროპორტში დაეშვა….

ძალიან ბევრი რამის ნახვა გვინდოდა, ამიტომ ზუსტად გაწერილი განრიგი შევადგინეთ, მეც ვეცდები, მოგზაურობის ყველაზე საინტერესო ეპიზოდებზე გიამბოთ.

ამჯერად, მუზეუმებზე შევჩერდები.

1. „აუდის” მუზეუმში

„აუდის” ქარხანაზე წინა პოსტში მოგიყევით. ეს კომპანია ძალიან დიდ როლს ასრულებს პატარა ქალაქის,  ინგოლშტადტის ცხოვრებაში. „აუდის” ავტომობილების მუზეუმი, თავისი ძალიან საინტერესო და კარგად მოფიქრებული ექსპოზიციებით ყოველდღიურად ძალიან ბევრ სტუმარს მასპინძლობს.

მიუხედავად იმისა, რომ ავტომანქანები დიდად არ მაინტერესებს, მუზეუმში მაინც წავედი, რადგან სანაცვლოდ ქმრისგან დაპირება მივიღე, რომ უდრტვინველად გამომყვებოდა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში. 

ექსპოზიცია ნამდვილად ძალიან საინტერესო იყო, კომპანიის ისტორიის ამსახველი ფილმები თითქმის ყველა სტენდზე გადიოდა, ხოლო მეოცე საუკუნის დასაწყისის მანქანების, ველოსიპედებისა თუ მოტოციკლეტების მოდელები უახლესი ავტომანქანების გვერდით იწონებდნენ თავს.

 პირველი, რამაც მუზეუმში შესვლისას გამაოცა, ბავშვების სიმრავლე იყო. 2–3 კლასელი ბავშვები ყურადღებით ათვალიერებდნენ გამოფენას, ზოგი მშობელთან ერთად იყო, ზოგი -მათ გარეშე, მასწავლებლის თანხლებით.

 გვერდით მდგარ მაგიდებთან რამდენიმე ბავშვი იჯდა და საკლასო დავალებას ასრულებდა. აღმოჩნდა, რომ მეორეკლასელების გაკვეთილზე მოვხვდი. ბავშვებს ავტომანქანებსა და გერმანიის ეკონომიკაზე უამბეს, მერე კი სხვადასხვა მასალისგან სასაცილო  მანქანები დაამზადებინეს, ეს მანქანები დიდი ხნის განმავლობაში იქნება გამოფენილი აუდის მუზეუმში.
 
 ახალგაზრდა მამა პატარა შვილთან ერთად ათვალიერებს 1937 წელს გამოშვებული მანქანის  მოტორს და რაღაცას უხსნის, ბიჭუნა ყურადღებით უსმენს.
დედა და სამი ბავშვი მეოცე საუკუნის ბოლოს გამოშვებულ მანქანებს უყურებენ და რაღაცაზე ხმამაღლა იცინიან.
ყველა მუზეუმში თუ გამოფენაზე, წიგნის მაღაზიებში – ბავშვები და მშობლები ყველგან ერთად იყვნენ! გამოგიტყდებით და ცოტათი შემშურდა.

რა იქნებოდა, ჩვენც უფრო საინტერესოდ რომ ვგეგმავდეთ შვილებთან ერთად გასეირნებებს, მათთან ერთად ვეძებდეთ და ვპოულობდეთ საინტერესო რამეებს, თბილისში ხომ იმდენი კარგი მუზეუმია.

2.ზენკერბერგის ბუნებისმეტყველების მუზეუმი, ფრანკფურტი

ფრანკფურტში საინტერესო ადგილების დასათვალიერებლად სულ ერთი დღე მქონდა, ამიტომ ჩემს მეგობარს ვთხოვე, ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცები  გვენახა. პირველი, რაც მას გაახსენდა, ბუნებისმეტყველების მუზეუმი იყო, ცნობილი თავისი უძვირფასესი და უიშვიათესი კოლექციებით, სადაც დინოზავრების ჩონჩხები, გადაშენებული ცხოველებისა და ფრინველების ფიტულები, იშვიათი ქვები თუ მეტალები და ბევრი სხვა რამ არის წარმოდგენილი.

რასაკვირველია, აქაც, ისევე, როგორც გერმანიის ყველა საგანმანათლებლო თუ კულტურულ ცენტრში, რამდენიმე ღია გაკვეთილი თუ ექსკურსია მიმდინარეობდა. მოსწავლეების სიმრავლე იყო, მასწავლებელი დაწვრილებით უხსნიდა ბავშვებს ბუნების საოცრებებს და ისინიც, თვალებგაფართოებულები, ათვალიერებდნენ არქეოპტერიქსებს თუ ბიზონებს, უმცირეს მიკროორგანიზმებს თუ იშვიათ მწერებს.
ჩემი ბიოლოგიის მასწავლებელი გამახსენდა, გაგიჟდებოდა ეს მუზეუმი რომ ენახა.
 
 
 

        
შემდეგ პოსტში გოეთეს მუზეუმში ჩატარებულ ლიტერატურის გაკვეთილზე მოგიყვებით. ერთი რამ კი აუცილებლად უნდა გავაკეთო, მომავალი კვირიდან თბილისის მუზეუმებს დავივლი და იქ ჩემი მოსწავლეებისთვის საინტერესო გაკვეთილებს დავგეგმავ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“