ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

„ოსკარი“ მარტოხელა დედებს

3 მარტის ღამეს, „ოსკარით” დაჯილდოების ცერემონიალზე, როცა მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის პრიზი უნდა მიეღო, ამერიკელმა მსახიობმა და მომღერალმა ჯარედ ლეტომ სცენიდან ისეთი სიტყვა წარმოთქვა, რამდენიმე წამით რეალობას მოვწყდი და მომეჩვენა, რომ ვიღაც ქართველი მშობელს დედის დღეს ულოცავდა.

„1971 წელს ლუიზიანელი თინეჯერი გოგონა მეორე შვილზე იყო ფეხმძიმედ. გოგონა საშუალო სკოლიდან გამოაგდეს. იგი მარტოხელა დედა იყო, მაგრამ როგორღაც მოახერხა, უკეთესი ცხოვრება შეექმნა თავისთვის და თავისი შვილებისთვის. იგი აქეზებდა შვილებს, ყოფილიყვნენ კრეატიულები, ემუშავათ ბევრი და შეექმნათ რაიმე განსაკუთრებული. ეს გოგონა დედაჩემია და ის აქ არის. მიყვარხარ, დედა, და გმადლობ იმისთვის, რომ ოცნება მასწავლე!”

მისმა სიტყვებმა გამახსენა, რომ მარტოხელა დედები და მათდამი საზოგადოების დამოკიდებულება არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ თითქმის მთელ მსოფლიოში მძიმე თემაა. ამის გათვალისწინებით, მსახიობის სიტყვა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.

12-13 წლის ვიქნებოდი, როცა მითხრეს, კარგი იქნება, თუ  შენს მეგობარს, ძალიან ლამაზი რომაა, ძალიან რომ გიყვარს და მასთან ურთიერთობას არაფერი გირჩევნია, ასე ხშირად აღარ ნახავ – ბიჭებს ეპრანჭება, შინ გვიან ბრუნდება და საერთოდ, მისი საქციელი დიდად მოსაწონი სულაც არ არისო. იცით, ხომ, როგორია ადამიანი 12-13 წლის ასაკში – მზადაა, მთელ სამყაროს დაუპირისპირდეს და ყველას პირში უთხრას სიმართლე. მეც ასე, განრისხებულმა ვიძახე, რა თქვენი საქმეა, ვინ ვის ეპრანჭება და შინ როდის ბრუნდება, მეგობრობა ასეთი არგუმენტებით არ წყდება-მეთქი. დროთა განმავლობაში ჩვენი გზები მაინც გაიყო. ის ადრე გათხოვდა, როგორც მერე გავიგე, ქმარი ეჭვიანი და მოძალადე აღმოჩნდა, ორი შვილი ეყოლათ, დაშორდნენ და, როგორც ხდება ხოლმე, ბავშვებს ბებია ზრდის, დედა სხვა ქვეყანაში წავიდა.

რამდენიმე წლის შემდეგ მეორე ნაცნობის შესახებ შევიტყვე, რომ ორსულად იყო. მისი მშობლებისთვის ეს ამბავი იმდენად შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა, გოგონას საკმაოდ დიდი ნაყოფი უკითხავად მოაშორეს, „უკანონო შვილიშვილის” გაქრობით „ოჯახის ღირსება” გადაარჩინეს. მოგვიანებით ეს გოგონაც გათხოვდა და უკვე ლეგიტიმური გზით გააჩინა შვილები, რომელთა საწინააღმდეგოც ბებია-ბაბუას, ცხადია, აღარაფერი ჰქონდა.

ასეთი ამბავი ჩვენ ირგვლივ უამრავი მომხდარა. მე მხოლოდ ის გავიხსენე, რაც ბავშვობიდან მძიმე ტრავმად მომყვება. ყველგან – შინ თუ გარეთ, სკოლებსა თუ ოჯახებში – ზეწოლას განიცდიან გოგონები, რომლებიც ლამაზები არიან და ბევრს მოსწონს, რომლებიც სხვებზე ადრე იზრდებიან, რომლებიც საღამოობით გვიან ბრუნდებიან შინ, რომლებსაც ვინმე შეუყვარდებათ, „გაგიჟდებიან” და ქორწინების გარეშე გადაწყვეტენ ბავშვის გაჩენას. ზეწოლის მიზეზი, წესისამებრ, სირცხვილია, გარშემო მყოფთა სირცხვილი, რომ მათ გვერდით ვიღაც ასე იქცევა, ვიღაცამ გაბედა და შეუყვარდა. არადა, ამ გოგონებს გაცილებით მეტად სჭირდებათ დახმარება, ვიდრე კანონიერ, ლეგიტიმურ კავშირში მყოფებს. მათთვის გაცილებით მნიშვნელოვანია ოჯახის წევრებისა და მეგობრების მხარში დგომა, რომ ბოლოს, ახლობლების სირცხვილით შეწუხებულები, მოძალადე ბიჭებს არ გაჰყვნენ ცოლად, სხვა ქვეყნებში არ გადაიკარგონ და „უკანონო” შვილები „კანონიერთა” გაჩენის პერსპექტივით არ ხოცონ.

სწორედ ამიტომ არის ამერიკელი მსახიობის სიტყვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მთელი სამყაროსთვის. ლეტო ნათელი მაგალითია იმისა, რომ „უკანონო” შვილიც შეიძლება იყოს საამაყო და მეტიც – არ რცხვენოდეს დედის, რომელიც კოლეჯიდან გამოაძევეს; პირიქით, მადლიერი იყოს მისი, ვინც მარტომ გაზარდა ორი შვილი და, მძიმე პირობების მიუხედავად, საინტერესო ცხოვრება მისცა მათ.

არ ვიცი, რამდენს შეუცვლის ფასეულობათა სისტემას ოსკაროსანი მსახიობის სიტყვები, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ სირცხვილი არ არის ერთადერთი, უალტერნატივო გრძნობა, რომელიც შეიძლება ახლობლის, ოჯახის წევრის ან მეგობრის შენთვის (ან ვინმესთვის) მიუღებელი საქციელის შემდეგ დაგეუფლოს. პირიქით, ის სრულიად უმნიშვნელო უნდა იყოს მაშინ, როცა ადამიანს შენი თანაგრძნობა სჭირდება. აუცილებელია იმის ცოდნაც, რომ ერთადერთი არ ხარ, ვის ახლობელსაც რაღაც შეემთხვა – ასეთი ამბავი ბევრ სხვასაც დასტეხია თავს. თუ თქვენს კლასში უცაბედად აღმოჩნდა ბავშვი, რომელსაც მხოლოდ ერთი მშობელი ჰყავს და რომელსაც თანაკლასელები, საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების გამო, ალმაცერად უყურებენ, შეგიძლიათ თამამად მოუყვეთ ამერიკელი მსახიობის ამბავს. ასეთი ამბები მოზარდებზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს. თუ ხვდებით, რომ უფროსკლასელი გოგონა „საეჭვოდ” იქცევა, ნუ დაუწყებთ მორალის კითხვას, უბრალოდ, ჩამოუთვალეთ პრობლემები, რომლებსაც ნაადრევი კავშირების შემთხვევაში აუცილებლად შეეჯახება. თუ ხვდებით, რომ მშობელს რცხვენია თავისი შვილის გამო, უთხარით, რომ მას არაერთი კარგი თვისებაც აქვს, რომლებითაც შეუძლია იამაყოს და თუ აქცენტს ამ თვისებებზე დასვამს, ბავშვსაც განუმტკიცებს საკუთარი თავის რწმენასა და პატივისცემას. შესაძლოა, ეს შეგონებები იდეალისტურად და არადამაჯერებლად ჟღერდეს, მაგრამ მწამს, რომ პატივისცემასა და სიყვარულს რადიკალური ცვლილებების მოხდება შეუძლია.

2010-2013 წლების სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში 30 000-მდე მარტოხელა დედაა. მათ ოფიციალური სტატუსი არ გააჩნიათ და ვერც სახელმწიფოსგან იღებენ რაიმე შეღავათს. ამ რეალობის გათვალისწინებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების ჯანსაღი დამოკიდებულება და გარშემო მყოფების თანადგომა. სწორედ ეს მაიძულებს დედის დღეს ამ შინაარსის წერილის წერას, ვინაიდან ვიცი: ვიდრე მე და ჩემი შვილის მამა თბილ სახლში ბედნიერად ვცხოვრობთ, არაერთი სხვა დედა მარტო იბრძვის შვილების უკეთესი მომავლისთვის. და ისინი ნამდვილად იმსახურებენ პატივისცემას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი