ოთხშაბათი, ოქტომბერი 16, 2024
16 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

Festina lente: სად ეჩქარება მასწავლებელს?

თანამედროვე სამყაროში ყველა და ყველაფერი თითქოს თავბრუდამხვევი სიჩქარის დაუოკებელი ვნებითაა შეპყრობილი. დრო თითქოს კატასტროფულად შეიკუმშა და შემცირდა. შინ თუ გარეთ, ქუჩასა თუ ტრანსპორტში, ვხედავთ დროის დეფიციტით დამწუხრებულ ადამიანებს – ყველას სადღაც ეჩქარება, ყველას სადღაც აგვიანდება, ყველა საქმე მოსასწრებია, მათ შორის – რაღაცის სწავლა, გაგება თუ გააზრება. სიჩქარეს ტემპს მატებს ათასგვარი რეკლამა, რომლებიც დაუყოვნებლივ რაღაცის შეძენის, ფლობის, მოპოვებისკენ გვიბიძგებს იმგვარი დარწმუნებულობით, თითქოს იმ რაღაცის გარეშე სიცოცხლეს აზრი დაეკარგება, ბედნიერება სადღაც გასხლტება. ხშირად ნახავთ რეკლამებს იმის შესახებ, რა იოლად და სწრაფად შეიძლება გახდე პროფესიონალი, დაოსტატდე ამა თუ იმ საქმეში, ორიოდ დღეში შეისწავლო უცხო ენა და ა.შ.

სამწუხარო და დასაფიქრებელი კი ისაა, რომ ეს უკონტროლო და თავაშვებული სწრაფი რიტმი სასწავლო პროცესსაც ახლავს. დღეს მასწავლებელსაც და მოსწავლეებსაც ბევრი რამ აქვთ მოსასწრები, ამიტომ იქმნება სტრესული გარემო, რომელიც ცოდნის შეძენას აფერხებს. არადა, კარგი იქნებოდა, ყველასთვის ცნობილი ლათინური ფრთიანი გამოთქმა თუ სენტენცია, ერთგვარი ოქსიმორონი Festina lente (იჩქარე ნელა) – სასკოლო სივრცისთვისაც გააქტიურებულიყო როგორც მაგიური ფრაზა ტემპის შესანელებლად, ფაქტებისა თუ მოვლენების სიღრმისეულად გასააზრებლად.

მასწავლებელსაც სულ ეჩქარება, მოსასწრები აქვს სასწავლო პროგრამა, რომელიც გადატვირთულია. მიუხედავად იმისა, რომ საათები განაწილებულია, ყოველი წუთი გათვლილია, დრო მაინც არ ჰყოფნის იმისთვის, რომ, მაგალითად, სახელმძღვანელოში მოცემული მასალა რიგიანად და გეგმაზომიერად გაიაროს და ამოწუროს. უამისოდ კი ეუფლება ნაკლულოვნებისა და დანაშაულის განცდა, რომ სათანადოდ არ იჩქარა. მერე კი, ცოტა დრო თუ გამონახა შეყოვნებისთვის, დიდი ფიქრი არ უნდა იმას, რომ დაასკვნის – ყველა საკითხის შესწავლის დაგეგმვა არ იყო გონივრული, არ იყო საჭიროება ამისა, რადგან ისედაც მიაღწევდა მიზანს. ასე კი დრო დაკარგა. მნიშვნელოვან თემას ცოტა დრო დაუთმო, რადგან ამისთვის მეტი საათი რომ გამოეყო, სხვა რამეს მოაკლდებოდა. თანაც პედაგოგი ხშირად თვითონ არ განსაზღვრავს შესასწავლ თემათა თუ საკითხთა რაოდენობას – ის ეროვნული სასწავლო გეგმითა თუ სასკოლო ამოცანებითაა განსაზღვრული. ამას ემატება ბიუროკრატიული ფორმალობები, ათასგვარი მსხვილმან-წვრილმანი, რომლებიც მან უნდა შეასრულოს, რათა სტატუსი შეინარჩუნოს, განვითარებაზე იზრუნოს. ამ სისწრაფეში კი ხშირად ხელიდან უსხლტება მთავარი და მნიშვნელოვანი, რომელსაც მაშინ აღმოაჩენს, თუ ამ სპრინტერულ სრბოლაში მოულოდნელად შეჩერდა, ამოისუნთქა, შეყოვნდა, გაიაზრა, რას რისთვის აკეთებს, მოკლევადიანი გეგმა უფრო მასშტაბურ გრძელვადიან მიზნებთან დააკავშირა, სასწავლო ამოცანები არა ცალკე, მოწყვეტილად, არამედ მთლიანობაში, პერსპექტივიდან დაინახა და შეაფასა.

ერთ ძველ იგავში ბრძენი ურჩევს ადამიანს, სანამ რამეს დაიჯერებს ან გადაწყვეტილების მიიღებს, ის სამ საცერში გაატაროს. საცერში გატარება მეტაფორაა და გადაწყვეტილების მიღებამდე ყველაფრის დინჯად აწონ-დაწონას გულისხმობს, რათა ადამიანს ფიქრის საშუალება მიეცეს. იგავში კაცი ბრძენს ეუბნება, რომ მეგობრის ნათქვამი უნდა აუწყოს, რომელიც მას ეხება. ბრძენი კაცს აყოვნებს სიმართლის, სიკეთისა და სარგებლიანობის სამი საცერით, რომლებიც გულისხმობს, რომ მთქმელმა მხოლოდ მაშინ უნდა თქვას ამბავი, თუ დარწმუნებულია მის სიმართლეში, სიკეთესა და სარგებლიანობაში.

ამ იგავის ანალოგიით, მასწავლებელმაც ერთგვარ საცერში უნდა გაატაროს თავისი სასწავლო გეგმები და ამოცანები. მაგალითად, ჯერ უნდა დარწმუნდეს, რომ აუცილებელია მოსწავლის განვითარებისთვის (აუცილებლობის საცერი), შემდეგ დარწმუნდეს, რომ მოსწავლეს გამოადგება ეს ცოდნა პრაქტიკული თუ სულიერი საქმიანობისთვის (პრაქტიკულობის საცერი), მომდევნო საცრად კი უნდა იქცეს დრო (რამდენად შესაძლებელია ამის განხორციელება დროის მოცემულ მონაკვეთში). ეს მეტაფორული საცრები მასწავლებელმა ჩვენზე უკეთესად შეიძლება მოიფიქროს და გაამრავალფეროვნოს, მიუსადაგოს საკუთარ თავს. რაც უფრო მეტ „საცერს“ მოიფიქრებს, მით უფრო შეანელებს ტემპს, რათა ყოველივე დინჯად განსაჯოს და პურს, რომელიც ამ „გაცრილი ფქვილისგან“ უნდა გამოაცხოს, სურნელიც, ფორმაც და ნოყიერებაც უკეთესი ჰქონდეს, ისეთი, რომ მოსწავლეს სწავლა მოანდომოს და მართლაც აუცილებელ ყოველდღიურ საზრდოდ ექცეს.

ამერიკელი ელენა აგილერი, განათლების საკითხებზე არაერთი სტატიის ავტორი, თავის წერილებში ხშირად ეხება ამ თემას („როგორ შეიძლება, შენელებამ დიდი ცვლილებები გამოიწვიოს“, „10 რჩევა მასწავლებელს ტემპის შესანელებლად“ და სხვ). მისი აზრით, თუ სასწავლო პროცესს თუ მთლიანად განათლების სისტემას წარმოსახვით, ზემოდან დავხედავთ, როგორც რუკას, რათა გავერკვეთ, რა ხდება, უპირველესად, დავინახავთ ქაოსურ მოძრაობებს, ერთგვარ მორევს, რომელშიც ერთმანეთს ეხეთქება ათასგვარი პროექტი, იდეა, გადაწყვეტილება. პედაგოგებიც ყვინთავენ ამ მორევში, ცდილობენ ნაპირზე გასვლას, სული ეხუთებათ. ამ წარმოსახვით რუკაზე თითქოს ფიზიკურად და სულიერად იშლება მათი არსება. აქ არის შფოთვა, სტრესი, იმედგაცრუება. ელენა აგილერი ამერიკული სკოლების მაგალითზე მსჯელობს და ვხედავთ, რომ ეს საქართველოსთვისაც აქტუალური და მნიშვნელოვანია. მართლაც, ყოველივე ამან შეიძლება დეპრესია და უიმედობა გამოიწვიოს, ამიტომ საჭიროა ტემპის შენელება, მეტი სიმშვიდე, მეტი დროის დათმობა რეფლექსიისთვის, შედეგების ანალიზისთვის. სკოლა არ უნდა დაემსგავსოს სწრაფი კვების ობიექტებს, რომლებიც ადამიანებს არაჯანსაღი საკვებით ანაყრებენ, რადგან მოკლე ხანში მათ ისევ მოშვდებათ.

რასაკვირველია, მასწავლებელმა ისე უნდა გაანაწილოს სასწავლო ამოცანები, რომ ნელა, მშვიდად, აუღელვებლად შეასრულოს ისინი და ამგვარად, მოსწავლეებიც აარიდოს სიჩქარით გამოწვეულ მღელვარებას. აგილერი საზოგადოდ სწავლების ტემპის პარადიგმის შეცვლაზე მსჯელობს. ვფიქრობ, მასწავლებელს გამოადგება მისი გამოცდილება.

 

პირველი რჩევა: მიზნების შემცირება

მასწავლებელი, რასაკვირველია, განსაზღვრავს მიზნებს როგორც საკუთარი თავისთვის, ისე მოსწავლეებისთვისაც, მაგრამ საჭიროა მკაცრი გადარჩევა, გამოხშირვა. შესაძლოა, მაცდუნებლად გამოიყურებოდეს მიზანთა მრავალფეროვნება, მაგრამ აუცილებელია პრიორიტეტების განსაზღვრა, შედეგების უფრო ნათლად წარმოდგენა; უპირველეს ყოვლისა, იმგვარი ამოცანის შესრულება, რომელიც სასწავლო პროცესს აბრკოლებს.

 

მეორე რჩევა: კალენდრის შემსუბუქება

კალენდარში ჩანიშნული აქტივობებიდან მხოლოდ აუცილებლის დატოვება. სურვილები შესაძლოა ძალიან მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ მასწავლებელმა საკუთარი შესაძლებლობების ანალიზისა და გარემოებათა გათვალისწინების გზით თავი უნდა დაირწმუნოს, რომ ყველაფერს ვერ მოასწრებს, ამიტომ რაღაცებზე უარი უნდა თქვას, სამაგიეროდ, მეტი დრო დაიტოვოს თითოეული საქმის ხარისხიანად შესასრულებლად. კალენდარში ბევრი რამის მონიშვნა თავიდანვე გულისხმობს გადარბენას, მიფუჩეჩებას, თავის მოტყუებას.

 

მესამე რჩევა: კოლეგებთან ურთიერთობა

მასწავლებელმა უნდა გამონახოს დრო კოლეგებთან საურთიერთოდ, მათთვის კითხვების დასასმელად, გამოცდილების გასაზიარებლად. ამ ურთიერთობას შეიძლება ოფიციალური შეხვედრის ფორმა მიეცეს, რომელზეც რომელიმე ერთ საკითხს განიხილავენ, მაგრამ აუცილებელია არაფორმალური შეხვედრებიც. შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს კოლეგისგან ისეთ კითხვებზე პასუხის მიღება, როგორიცაა, მაგალითად, რა მოხდა ბოლო კვირის განმავლობაში გაკვეთილზე ისეთი, რამაც კმაყოფილების განცდა მოჰგვარა? ან რომელი მოსწავლე როგორ შეიცვალა? ან თვითონ მასზე თუ იმოქმედა რომელიმე მოსწავლის ქცევამ და თუ განიცადა რამე ისეთი, რამაც სასწავლო მეთოდისა თუ ხერხის შეცვლისკენ უბიძგა?

 

მეოთხე რჩევა: ურთიერთობა მოსწავლესა და მშობელთან

მასწავლებელმა დრო უნდა გამონახოს და დაინტერესდეს, რას ფიქრობს მოსწავლე მასა თუ სასწავლო პროცესზე. ამ გზითაც უნდა მოიპოვოს მისი ნდობა, რათა მოსწავლემ გულწრფელად გაუზიაროს გასაჭირი, სთხოვოს დახმარება. ეს შესაძლებლობას მისცემს პედაგოგს, გაიაზროს მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებები და დაეხმაროს სწავლასთან დაკავშირებული უნარების გაუმჯობესებაში. მოსწავლემ უნდა იგრძნოს კეთილგანწყობა და იფიქროს, რომ მასწავლებელს უხარია მისი წარმატება და აღელვებს მარცხი.

კიდევ ერთი რჩევაა, მასწავლებელმა საკუთარ თავსაც და ე.წ. წვრილმანებსაც დაუთმოს დრო. მაგალითად, წვრილმანად არ უნდა მიიჩნიოს უგუნებობა, მცირე ავადმყოფობა თუ მოშიება; საკუთარ თავს პაუზის, გამოჯანმრთელების, დანაყრების საშუალება უნდა მისცეს. მისი ავადობაცა თუ შიმშილიც პირდაპირ აისახება სწავლების ხარისხზე. მასწავლებლის სიმშვიდე, ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა, შინაგანი ჰარმონია აუცილებელია იმისთვის, რომ მოსწავლესაც გაუჩნდეს ამგვარივე განცდები და მღელვარების, შფოთვისა და სტრესის, სულიერი ტრავმების გარეშე ისწავლოს.

სიჩქარეს რომ ვნება მოაქვს, ამის საილუსტრაციოდ მსოფლიო ისტორიიდან თუ ლიტერატურიდან არაერთი ისეთი მაგალითი შეიძლება გავიხსენოთ, როდესაც აჩქარებამ, სულსწრაფობამ მარცხი და ტკივილი გამოიწვია. „სიწყნარე გმობილი სჯობს სიჩქარესა ქებულსა!“ – ამბობს ბრძენი ავთანდილი, რომელიც სწორედ იმით გვხიბლავს, რომ დინჯად და აწონილ-დაწონილად მოქმედებს. თუმცა ერთხელ მასაც „შეეშალა“, აჩქარდა და ტარიელს ნესტანის მიერ ქაჯეთის ციხიდან გამოგზავნილი რიდის ნაწილი და წერილი აჩვენა. გულანშაროდან ახალი ამბით დაბრუნებულმა ავთანდილმა „მის ამბისა დაყოვნება ვეღარ გაძლო, აუჩქარდა“ და ტარიელს მიახარა. ტარიელს კი სიხარულისგან გული წაუვიდა, კინაღამ მოკვდა („ჩქარად ეცეს, ვერ გაუძლებს გული ლხინსა მეტის-მეტსა“). ავთანდილი მოთქვამს, თავს იდანაშაულებს, რომ „დაზმით“, ე.ი. დინჯად და დაყოვნებით არ შეატყობინა სასოწარკვეთილ მეგობარს სასიხარულო ცნობა:

„მე მოვკალ ჩემი მოყვარე; რა მმართებს გაწბილებულსა?

თავსა ვაბრალობ საქმესა, არ დაზმით გაგონებულსა!“

რუსთაველი კი, როგორც ადამიანური ბუნების, სულის სიღრმეთა მცოდნე, დაასკვნის: „გული კაცისა მოსაგვარებლად ძნელია, / ჭირსა და ლხინსა – ორსავე ზედა მართ ვითა ხელია“.

„განუგებლად“, აჩქარებით დაწერა წერილი ბაგრატ კურაპალატმა, როდესაც საბა იშხნელი გრიგოლ ხანძთელის უკითხავად დაიბარა და მერე სანანებელი გაუხდა („გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“).

საზოგადოდ, ტემპი კულტურისა და ცივილიზაციის ერთ მთავარ განმასხვავებელ ნიშანსაც ააშკარავებს: ცივილიზაცია გიგანტური ნაბიჯებით ვითარდება, – ამას თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევებიც ცხადყოფს, – ხოლო კულტურას საუკუნეებზე გაწელილი რიტმი აქვს, დროისა და სივრცის მშვენიერებით „ტკბება“ და ადამიანსაც აყოვნებს, რათა მან სამყაროს მრავალფეროვნების გემო და სურნელი შეიგრძნოს, მზერა რამეს ხანგრძლივად ჩამოაყრდნოს, სულს, გულსა და გონებას გარინდების საშუალება მისცეს, საკუთარ სულიერ სიღრმეებში შეიხედოს. „ვინც ჩქარობს, მოუგვიანდესო“, – გვასწავლის ქართული ანდაზა. მასწავლებელმაც უნდა გამოსტაცოს თავი თავბრუდამხვევ რიტმს, რათა „არ მოუგვიანდეს“ და ბევრი რამ, სისწრაფით მიფუჩეჩებული, ხელმეორედ გასაკეთებელი არ გაუხდეს.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“