სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

„ბარაქალა მართლმადიდებელ რუსეთს“

ორი საუკუნის წინ ერთი კაცი, მრჩეველი კავკასიის
მეფისნაცვლის სამმართველოში, ამტკიცებდა: თუ კაცობრიობის პროგრესი გვინდა, მცირე ერები
უნდა მოისპოს და დიდი მასშტაბისა და მოცულობის ეროვნულ ერთეულებში გაითქვიფოს, უნდა
შეერწყას მათ – დამოუკიდებლობის სურვილი გულშიაც არ გაივლოს და დაუფიქრებლად შეეწიროს
დიდი სახელმწიფოების ინტერესებსო.

საგულისხმოა, რომ ამას სწორედ პატარა ერის
შვილი ამტკიცებდა და ისე მოხდა, რომ ეს ახირებული შეგონებანი პატარა ერისავე შვილებმა
– ილია ჭავჭავაძემ, აკაკი წერეთელმა, ეპისკოპოსმა გაბრიელ ქიქოძემ – ლამის იყო, თავზე
გადაახიეს.

ამას სხვა ურიცხვი თეორია და შეგონება მოჰყვა.
პატარა ერის შვილები ისე როგორ მოისვენებდნენ, რომ თავისი სამშობლოს ნაკლი და დაბეჩავება
მთელი ქვეყნიერებისთვის არ მოედოთ, არ დაერწმუნებინათ დანარჩენი სამყარო, რომ არათუ
თანაგრძნობას, არსებობასაც არ ვიმსახურებთ, თუკი ძლიერი მფარველი არ გვეყოლება.

თქვენში ცივილიზაცია როგორ მიდის?
ეკითხება პადპარუჩიკი
N ერთ-ერთ „სტანციაში”
გაჩერებულ მგზავრს (
ილია ჭავჭავაძე, „მგზავრის წერილები”)
და მისი პასუხისგან – „
მაგისას ვერ მოგახსენებთ: დიდი ხანია ჩემს ქვეყანაში არა ვყოფილვარო” – გულმოცემული, ისეთ ტესტ-შეკითხვას
მოაყოლებს, წინ რომ ვერაფერი დაუდგება:

რამდენი გენერლები გეყოლებათ თქვენ, ქართველებს?

იქნება ერთი ოციოდე მოგროვდეს.

რაო, ოციოდეო!.. – აქ კი გაოცებას ვერ დამალავს აფიცერი, ერთი მუჭა ხალხი და ოცი
გენერალი, დიდი ცივილიზაცია გქონიათო. მაგრამ, ეტყობა, ბოლომდე არ სჯერა და ერთხელ
კიდევ ჩაეკითხება მგზავრს: დამიზუსტე, გეთაყვა,
დეისტვიტელნი სტაცკის სოვეტნიკებსაც მართალ გენერლებშია სთვლით, თუ როგორ არის ეგ საქმეო?

და მგზავრი რომ იუარებს, – არა, თქვენმა მზემ, სულ მართალ გენერლებს მოგახსენებთო,
პადპარუჩიკი, ლამის არის, ხელებს აღაპყრობს ცისკენ:

ოციოდ მართალი გენერალი! ბარაქალა მართლმადიდებელ რუსეთს! სახელი და დიდება! საცა ფეხს შესდგამს, დაამყარებს ხოლმე ცივილიზაციას.

ეს ბედისწერასავით ფრაზა – „ბარაქალა
მართლმადიდებელ რუსეთს” ისე მიმზიდველი, ტკბილი და კეთილხმოვანი აღმოჩნდა, რომ უმალ
დედაენას შეველევით კონსტიტუციაში, ვიდრე ამ სიტყვების წარმოთქმის ბედნიერებას
გავუშვებთ ხელიდან.

სხვაგვარად ცივილიზაცია არ გვეღირსება.

ამასწინათ ერთი ტაქსისტი მოსთქვამდა
საქვეყნო სატკივარს: „იყო, კაცო, და რომ გადაყარეს ეს წიგნები, ეკითხათ მაინც
ხალხისთვის! ერთი სახელმძღვანელოთი ვსწავლობდით ყველა – მეც, მოსკოველიც, ჩუვაშიც
და ციმბირელიც, ერთმანეთის გაგება იყო, უკეთ გვესმოდა, შენ ხარ ჩემი ბატონი… ახლა
შემოიღეს რაღაც საოცრება: ჩემს შვილიშვილს მათემატიკა უნდა ეყიდა და ამოსარჩევი
გახდა, ექვსი წიგნიდან რომლით ესწავლა! ესაა დალაგებული ქვეყანა?!”

ცოტა ხნის წინ რადიოეთერში პატივცემულმა
ქალბატონმა დარეკა: „ხემინგუეი რომ გამოსულა, გამიხარდა! „სტარიკ ი მორე” ზეპირად
ვიცოდით გოგოებმა. საერთოდ, დიდებული მწერალია. ჩვენთან პირველად რომ გამოვიდა,
მაშინვე წავიკითხე ყველაფერი”. სტუდიაში მჯდომი ერთ-ერთი რესპოდენტ-თანაწამყვანი
ჩაეძია – „თქვენ, ალბათ, ვახტანგ ჭელიძის თარგმანებით…”. ქალბატონი ჯერ დაიბნა:
„ვისი?”, შემდეგ კი: „როგორ გეკადრებათ! რუსული სკოლა მაქვს ოქროს მედალზე
დამთავრებული. თან ეს ჩვენი მთარგმნელები რატომღაც ვერ… ვერ… ხომ გესმით, ხემინგუეი
სხვა სპეციფიკაა, ქართულად გულთან ახლოს ვერ მიდის!”

„რუსულ მენიუს დაგიყენებ, ძმა” –
მითხრა გამყიდველმა მობილური ტელეფონების ცენტრში და გაკვირვება რომ შემატყო – „ააა,
შენ ხო სხვა პაკალენია ხარ!” – გაეღიმა და განვადების ქაღალდებში ჩააპარა თვალი: „დასავლეთიდან
ყოფილხარ, რუსული როგორ არ იცი?!”

მობილურების გამყიდველზე გამახსენდა: 2010
წელს, ფრანკფურტში ჩასულს სიმ ბარათის შეძენა მინდოდა და მარკეტს მივადექი. ერთი
ერიტრიელი ბიჭი გამომეცნაურა, – თქვენ ის საქართველო არ ხართ, რუსეთთან ახლოს რომ
არისო? (მახსოვს, სიტყვა
close იხმარა, რაც იმ წუთას ორი მნიშვნელობით გავიგე: close-country – ახლობელი ქვეყანა, მეგობარი ხალხი
და საკუთრივ
close
დაკეტვა, დახშვა, დასრულება). მე ვუთხარი, შეიძლება ტერიტორიულად ახლოს ვიყოთ,
მაგრამ აზროვნებით სხვა ხალხი ვართ-მეთქი. გულმა ვერ მომითმინა და დავაყოლე, –
ეგენი ჩვენი დამპყრობლები არიან-მეთქი. მანაც, გადაკვრით, ირონიულად: ააა, თქვენ
უფრო ამერიკისკენ ხართ, სულ დამავიწყდაო.

რა უნდა მეთქვა. პატარა ერის შვილი ვიყავი
და ჩვენ ხომ ვერ მოვისვენებთ, სამშობლოს სიმცირე, ნაკლი და დაბეჩავება ხანდახან მთელ
ქვეყანას არ გავაგებინოთ. არ დავარწმუნოთ დანარჩენი სამყარო, რომ არათუ თანაგრძნობას,
არსებობასაც არ ვიმსახურებთ, თუკი ძლიერი მფარველი არ გვეყოლება.

ისე, ჩვენში რომ ვთქვათ – რამდენი
გენერალი იქნება დღეს საქართველოში?
დეისტვიტელნი სტაცკის სოვეტნიკებზე კი
არა,
მართალ გენერლებზე მოგახსენებთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“