„იკიგაი ყოველდღიურ წვრილმანებში უნდა ვეძებოთ, მცირედით დავიწყოთ: ვიცხოვროთ აწმყოში”.
კენ მოგი
„აკეთეთ მხოლოდ ის, რაც ყველაზე მეტად გიყვართ. ეს აუცილებლად მიგიყვანთ წარმატებამდე. ყოველ დღე მე ვუყურებდი ჩემს თავს სარკეში და ვეკითხებოდი: დღეს რომ ჩემი ცხოვრების ბოლო დღე იყოს, მენდომებოდა თუ არა იმის გაკეთება, რაც დღეს უნდა გავაკეთო? და თუ პასუხი რამდენიმე დღის განმავლობაში იქნებოდა „არა“, ეს ნიშნავდა, რომ რაღაც უნდა შემეცვალა.“
სტივ ჯობსი
ერთხელ პატარა იაპონურ ქალაქში ქალი კვდებოდა. რაღაც მომენტში მან იგრძნო, რომ მისი სული ტოვებდა სხეულს და ზემოთ მიქროდა. უეცრად ვიღაცამ ხმამაღლა ჰკითხა:
- ვინ ხარ?
- მე მერის ცოლი ვარ.
- მე არ გეკითხები, ვისი ცოლი ხარ? მიპასუხე, ვინ ხარ?
- ოთხი შვილის დედა ვარ და სკოლის მასწავლებელი.
- მე ხომ არ მიკითხავს, რამდენი შვილი გყავს ან სად მუშაობ?
…ასე გაგრძელდა დიალოგი მანამ, სანამ ქალმა არ უპასუხა:
- მე ის ვარ, ვინც ყოველდღე იღვიძებს იმისთვის, რომ დაეხმაროს ოჯახს და ასწავლოს ბავშვებს სკოლაში.
ამის შემდეგ ქალის სული დაუბრუნდა სხეულს და სრულიად გამოჯანმრთელდა, რადგან მან იპოვა თავისი იკიგაი.
რა არის იკიგაი, რომელიც დღეს ცხოვრების საზრისის ძიების ფორმულად განიხილება?
იკიგაი იაპონური სიტყვაა. ამ კონცეპტით აღნიშნავენ „ცხოვრების საზრისს“, სიცოცხლის მოტივაციას. დენ ბიუტნერი, ე.წ. სიცოცხლისუნარიანობით გამორჩეულ „ცისფერ ზონებს“ იკვლევდა, მის ნაშრომში “The Blue Zones: Lessons for Living Longer from the People Who’ve Lived the Longest”, მსოფლიოს ხუთ ძირითად რეგიონს შორის იაპონიის ერთ-ერთი შორეული კუნძული ოკინავაც მოხვდა. კუნძულზე ქალების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 92 წელია, ხოლო მამაკაცების – 88. დენ ბიუტნერი აღწერს, რომ ოკინავას მოსახლეობის ძირითადი საკვებია ზღვის პროდუქტები, ბოსტნეული და ხილი. აქტიურად მისდევენ ტაი-ჩის გამაჯანსაღებელი ვარჯიშების პრაქტიკას, მაგრამ მათთვის განსაკუთრებით ნიშანდობლივი ცხოვრების უნიკალური კონცეფციაა – იკიგაი.
იკიგაი – ეს არ არის უბრალოდ კითხვებზე პასუხი, ეს არის საზრისის ძიება და ცხოვრების იდეოლოგია და ფილოსოფია. კენ მოგი წიგნში: “The Little Book of Ikigai: The Essential Japanese Way to Finding Your Purpose in Life“ წერს: „იკიგაი ყოველდღიურ წვრილმანებში უნდა ვეძებოთ, მცირედით დავიწყოთ: ვიცხოვროთ აწმყოში”. მოგის აზრით, არა აქვს მნიშვნელობა “მატარებლის დამლაგებელი ხარ, ახალშობილის დედა თუ მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი მზარეული — თუ შეგიძლია, სიამოვნება და კმაყოფილება მიიღო იქიდან, რასაც აკეთებ და რაც კარგად გამოგდის, გილოცავ, იკიგაი უკვე ნაპოვნი გაქვს”.
ადამიანები ხშირად გაუცნობიერებლად ცხოვრობენ, გაუცნობიერებლად სჩადიან სიკეთეს ან ბოროტებას, უბრალოდ, დინებას მიჰყვებიან… ასეთი ცხოვრება გარკვეული დროის შემდეგ ხდება რუტინული და მოსაწყენი. მერე, საუკეთესო შემთხვევაში, იწყება რეფლექსია: რა ხდება და როგორ უნდა დაიბრუნოს ადამიანმა ცხოვრების სიხარული? ყოველდღიური პატარა ამბებით ტკბობის სურვილი?
სიცოცხლის ბოლოს რომ არ აღმოვჩნდეთ ამ დილემის წინაშე, სჯობს, თავიდანვე ვიზრუნოთ ამაზე და ბავშვებსაც სკოლაში ვასწავლოთ იმაზე ფიქრი, რას მოაქვს მათთვის ბედნიერება, რის გაკეთება სურთ, რა უხარიათ?
ნურც ის შეგაშფოთებთ, ძვირფასო მასწავლებლებო, რომ, შესაძლოა, თქვენმა მოსწავლეებმა ძალიან ხშირად იცვალონ აზრი, გაუჭირდეთ იმის პოვნა, რის კეთებაც უხარიათ, ან რაც კარგად გამოსდით. მაგრამ ფიქრი ხომ პროცესია და იკიგაის აღმოჩენაც 2 დღეში არ ხდება. მთავარია, ფიქრი დაიწყონ და ცვალონ მერე გატაცებები, სურვილები, ჰობები ყოველწლიურად. როდესაც პროფესიის არჩევა მოუწევთ, უკვე მზად იქნებიან იმისთვის, რომ პროფესია სწორად აირჩიონ.
იკიგაი – კითხვების დასმის ხელოვნება არ არის. ეს არის ყოველდღიური მოქმედებების გაცნობიერების, ცხოვრების ხელოვნება.
სულ 4 კითხვა და გულწრფელი პასუხებია საჭირო. ეს კითხვებია:
- რა გიყვარს, რა საქმეს აკეთებ სიამოვნებით?
- რა გამოგდის კარგად, რისი უნარი გაქვს?
- მიიღებ თუ არა შემოსავალს ამ საქმიანობიდან?
- რა სჭირდება სამყაროს?
ამ კითხვებზე პასუხით შეგიძლია განსაზღვრო აგრეთვე: შენი გატაცება, მისია, პროფესია და მოწოდება.
გატაცება – ეს არის ის, რაც გიყვართ და შეგიძლიათ;
მისია – ეს არის რაც გიყვართ და რაც სჭირდება სამყაროს;
მოწოდება – ის, რაც სჭირდება სამყაროს და რაშიც გიხდიან;
პროფესია – ის, რაც შეგიძლიათ და რაშიც გიხდიან.
მაგრამ იკიგაის აღმოჩენა მხოლოდ ეს არ არის. მნიშვნელოვანია, ამ ოთხი ელემენტის გადაკვეთა. სწორედ მათი სინერგია ქმნის იკიგაის. დააკვირდით ფოტოს: რაც ცენტრშია, ის არის იკიგაი.
შეიძლება არასდროს ამდგარიყო ადამიანი საწოლიდან, რომ არა ცხოვრების მამოძრავებელი ძალა. იკიგაი არის საწვავი, რომელიც თუ მანქანაში არ ასხია, ადგილიდან ვერ დაძრავ, როგორი გამართულიც არ უნდა იყოს.
„შენს სამსახურს შენი ცხოვრების დიდი ნაწილი უჭირავს, კმაყოფილების მისაღწევად ერთადერთი გზაა, აკეთო დიდებული საქმეები. დიდებული საქმის საკეთებლად ერთადერთი გზაა გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ. თუკი საყვარელი საქმე ჯერ არ გიპოვია, განაგრძე ძიება. არ გაჩერდე. როდესაც იპოვი, აუცილებლად მიხვდები“ (სტივ ჯობსი).