ქვემოთ მოცემულია 10 რჩევა, რომლებსაც შეუძლია მნიშვნელოვნად იმოქმედოს ADHD-ის (ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის) მქონე ბავშვის წარმატებაზე.
ცვლილებები დროის მართვაში
- დამატებითი დრო საკლასო სამუშაოს, საშინაო დავალებისა და ტესტის დასასრულებლად
ADHD-ის მქონე მოსწავლის შემთხვევაში ხშირია დროის მართვასთან დაკავშირებული სირთულეები. ეს რჩევა ასევე შეიძლება დაეხმაროს საგამოცდო შფოთვისა და სიჩქარის ნაკლებობის მოგვარებაში..
- პომოდოროს მეთოდი
ADHD-ის მქონე მოზარდის ტვინს დასვენება უყვარს. და ეს არა იმიტომ, რომ ის უფრო „ზარმაცია“, არამედ იმიტომ, რომ ADHD-ის მქონეს ტვინის „ბატარეა“ უფრო პატარაა, ვიდრე ნეიროტიპური ტვინისა. შესაბამისად, ის უფრო მალე იფიტება და უფრო ხშირი შესვენებები სჭირდება „დასამუხტად“. პომოდოროს მეთოდის დანერგვა „დამუხტვის“ კარგი გზაა. ჩვეულებრივ, ეს მეთოდი გვირჩევს წამმზომის 20 წუთზე დაყენებას და 5-წუთიან შესვენებებს, მაგრამ ADHD-ის მქონე პატარებისთვის დრო შეიძლება შეიცვალოს, მაგალითად, 15 წუთი მუშაობა და 3 წუთი შესვენება 8-დან 18 წლამდე ბავშვებისათვის.
ცვლილებები გარემოში
- მნიშვნელოვანია საკლასო ოთახში მერხების/სკამების განლაგება
ყურადღების კონცენტრაციისა და გრძელი გაკვეთილის დროს ჯდომის პრობლემა ADHD-ის დამახასიათებელი ნიშანია. ყურადღების გადამტანების შეზღუდვა მარტივი გზაა უყურადღებობის, არასათანადო ქცევისა და იმპულსური ქმედებების შესამცირებლად. ნუ დასვამთ ასეთ ბავშვებს იქ, სადაც მეტი მოძრაობაა (მაგ. საკლასო ოთახის კართან ახლოს). ასევე ისინი სასურველია ისხდნენ ისეთი დისტრაქტორებისაგან მოშორებით, როგორიცაა – ფანჯარა, კონდიციონერი, დინამიკები და ხელისშემშლელი თანატოლები.
მორგებული ხელსაწყოები და აღჭურვილობები
- მორგებული სკამები
ADHD-ის მქონე ადამიანებს, განსაკუთრებით ჰიპერაქტიურ-იმპულსური ტიპისას, უჭირთ წყნარად, უმოძრაოდ ჯდომა, და ზოგადად, სხეულის კონტროლი. სპეციალური, მორგებული სკამები საშუალებას აძლევს მათ, დახარჯონ მოჭარბებული ენერგია სკამზე ჯდომისას და ეს შვებაა როგორც მასწავლებლების, ასევე მათი თანატოლებისათვის. სპეციალური ლენტები საშუალებას აძლევს მათ, ამოძრაონ ტერფები ისე, რომ სხვები არ შეაწუხონ. ასევე დასაშვებია მოძრავი სკამები, ბალიშები და წონასწორობის ბურთები.
- რჩევა წერის სირთულის მოსაგვარებლად
ADHD-ის ბავშვებს ხშირად ახასიათებს დისგრაფია – სწავლის სირთულე, რომელიც გამოიხატება როგორც ასოების, ასევე ციფრების წერის უუნარობაში. ფანქრის დამჭერები (Pencil grips), დახრილი დაფები, გრაფიკული ორგანიზატორები და ხაზგასმული ფურცლები შეამცირებს წერის პრობლემებს.
რჩევა მუშა მეხსიერების დეფიციტისას
- მეხსიერების დატვირთვის შემცირება
მუშა მეხსიერება ხშირად შესამჩნევი პრობლემაა ADHD-ის მქონე ბავშვებში. ეს გავლენას ახდენს მათ შესაძლებლობაზე, ისწავლონ და დაიმახსოვრონ ინფორმაცია გამოცდებისათვის. მათთვის მასწავლებელმა შეიძლება შექმნას ჩანაწერები ან სასწავლო მითითებები. უმჯობესია, თუ რომელიმე ბეჯითი მოსწავლე თავის ჩანაწერებს მიაწვდის მას. რა თქმა უნდა, ამ დროს დაცული უნდა იყოს კონფიდენციალურობა.
რჩევები შფოთვისას
ხშირად ADHD-ის მქონე ბავშვს სხვა შფოთვითი აშლილობაც აქვს, მაგალითად, ზოგადი შფოთვა, სოციალური შფოთვა და პანიკური აშლილობა. ამას ხელს უწყობს ის, რომ არ შეუძლია ფოკუსირება, აქვს მეხსიერების პრობლემები და სხვა სტრესი.
- შესვენებები კედლებგარეთ
ბავშვისთვის საკლასო ოთახის დატოვების უფლება მნიშვნელოვანია. ADHD-ისა და შფოთვის მქონე ბავშვებისათვის ეს განტვირთვა საჭიროა, რადგან საკლასო ოთახი მათთვის დამღლელი და ხშირად ზედმეტად მასტიმულირებელია. გართულებების თავიდან ასაცილებლად, მასწავლებელს შეუძლია შეზღუდოს გასვლების რაოდენობა, ან კედლებგარეთ გატარებული დრო.
- ADHD და სოციალური შფოთვა
კვლევებით დადგინდა, რომ სოციალურ შფოთვას ხშირად თან ახლავს ADHD. საკლასო პრეზენტაციები ასეთი ადამიანებისათვის პანიკის გამომწვევი და მატრავმირებელიც შეიძლება იყოს. მასწავლებელს შეუძლია ნება დართოს ასეთ ბავშვს, წინასწარ ჩაიწეროს სახლში პრეზენტაცია ან პირადად წარუდგინოს მას. საუკეთესო გამოსავალია შესაბამისი სპეციალისტის დახმარება შიშის დასაძლევად, რათა ეს ცვლილება არ გახანგრძლივდეს.
სოციალიზაციის მხარდაჭერა
- მეგობრების დახმარება
ADHD-ის მქონე ბავშვებს უჭირთ ცვლილებებთან გამკლავება: კლასების შეცვლა, საგნიდან საგანზე გადართვა, დავალებაზე მუშაობის დაწყება და ა.შ. გარდა დამატებითი დროის მიცემისა, მასწავლებლის მიერ დანიშნული თანატოლის ხელშეწყობა გაცილებით შეამსუბუქებს ამ ცვლილებებს.
- სთხოვეთ მასწავლებელს, დააკისროს თქვენს ბავშვს სპეციალური როლი გაკვეთილის დროს
ADHD ბავშვი ხშირად ხდება ბულერების სამიზნე, რადგან მათი ქცევა ხშირად იქცევს ნეგატიურ ყურადღებას. მასწავლებლის მიერ მისთვის „სპეციალური“ როლის ან საქმის დაკისრება ხელს შეუშლის მსგავს შემთხვევებს. ეს შეიძლება იყოს მაგ. „მოსწავლის დამხმარე“, „ფურცლების (რვეულების) დამრიგებელი“, „მასწავლებლის ასისტენტი“ და სხვ.