ოთხშაბათი, ნოემბერი 25, 2026
25 ნოემბერი, ოთხშაბათი, 2026

რაციონალური ტანდეგობის განვითარების პრობლემები მოსწავლეებში

ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლებისთვის ნაცნობი სურათია მოსწავლის მოხრილი მხრები, ჩავარდნილი გულმკერდი, წინ წამოწეული კისერი (ე.წ. კომპიუტერული კისერი) და ტანდეგობის სხვა დარღვევები. წლიდან წლამდე ეს სურათი დაწყებითი კლასებიდანვე უფრო და უფრო მკვეთრი ხდება.

ტრადიციულად, ამ პრობლემის მიზეზად ჰიპოდინამია (მოძრაობის ნაკლებობა) და კუნთოვანი კორსეტის სისუსტე მიიჩნევა. ბავშვებს გამუდმებით ვაძლევთ შენიშვნებს: „გასწორდი!“, „ბეჭები შეაერთე!“, „ნუ იხრები!“ – მაგრამ მოდი, თვალი გავუსწოროთ სიმართლეს: მუშაობს ეს მითითებები? მოსწავლე სწორდება რამდენიმე წამით, სანამ მასწავლებლის თვალსაწიერშია, მაგრამ როგორც კი პედაგოგი შებრუნდება, ბავშვის სხეული უბრუნდება ჩვეულ პოზას.

საქმე ის არის, რომ ფიზიკური აღზრდის მასწავლებელი უთანასწორო ბრძოლას ეწევა. კვირაში ორი-სამი გაკვეთილი უპირისპირდება მოსწავლის სკოლისმიღმა ცხოვრებას.  ბავშვი ზის სკოლაში, ზის ტრანსპორტში და ზის სახლში, გაჯეტებთან. ასეთ პირობებში საყრდენ-მამოძრავებელი აპარატი უბრალოდ კი არ სუსტდება – ის ახალ საცხოვრებელ გარემოსთან ადაპტირდება. სპორტული მედიცინის, ბიომექანიკისა და ფიზიოლოგიის სფეროში მიმდინარე თანამედროვე საერთაშორისო კვლევები აჩვენებს, რომ ბავშვთა ტანდეგობის მექანიკა გაცილებით რთულია, ვიდრე წარმოგვედგინა. ტანდეგობა არ არის მხოლოდ კუნთების ძალის ან შეგნებული დისციპლინის საკითხი. ეს არის რთული ნეიროფიზიოლოგიური ჩვევა. ტვინი, ფაქტობრივად, გადააპროგრამებს სხეულს, ხელახლა ანაწილებს ფასციებისა და იოგების დაჭიმულობას ისე, რომ მინიმალური ენერგია დახარჯოს იმ პოზაში, რომელშიც ბავშვი დღის უდიდეს ნაწილს ატარებს.

რა ემართება მოსწავლის ხერხემალს სპორტული დარბაზის კედლებს მიღმა და როგორ უნდა ააგოს მასწავლებელმა პროფილაქტიკის სწორი, მეცნიერულად დასაბუთებული სტრატეგია თავის გაკვეთილებზე? მოდი, განვიხილოთ ის მთავარი ფაქტორები, რომლებიც პრობლემის გადაჭრაში დაგვეხმარება.

 

მაგიდასთან ჯდომის ჩვევები

ბოლოდროინდელი კვლევა „ფიზიკური განვითარება და ტანდეგობასთან დაკავშირებული ქცევები ბავშვებსა და მოზარდებში“ (2026) წარმოაჩენს მნიშვნელოვან ფაქტს: ეკრანთან გატარებულ საერთო დროსა და ძილის ხანგრძლივობას არ აქვს პირდაპირი კავშირი მოსწავლეებში ტანდეგობის დარღვევასა და ზურგის ტკივილთან. მთავარი, ფარული და ყველაზე დამანგრეველი მტერი სპეციფიკური ლოკალური მიკროჩვევები აღმოჩნდა. ტკივილი ზურგისა და კისრის არეში, მყარი ასიმეტრიის ჩამოყალიბება პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, როგორ ზის ბავშვი თავისი რუტინული, ყოველდღიური საქმიანობის დროს.

მეცადინეობისა და გაჯეტის გამოყენების დროს ბავშვი უმეტესად წინ არის წახრილი, გულმკერდი შეკუმშულია, ხოლო კისრის მალები განიცდის დიდ დატვირთვას (თავის წონა ასეთი დახრილობისას 4-5 კგ-დან 20-25 კგ-მდე იზრდება). ხშირად მოსწავლე უსმენს მასწავლებელს, თავი კი ცალ ხელზე  აქვს ჩამოდებული. ამ დროს ხერხემლის ბუნებრივი ღერძი დეფორმირდება და სხეული ასიმეტრიულ პოზას იღებს, რაც ზურგის გამრუდებას იწვევს. არცთუ იშვიათად ბავშვი ზის ნახევრად შებრუნებული მეზობლის მერხისკენ ან დაფისკენ, რის შედეგადაც დღიდან დღემდე აფიქსირებს ერთსა და იმავე ასიმეტრიას.

სხეული არ არის უძრავი ქანდაკება – ის პლასტიკურია, ტანდეგობა კი ადაპტაციის დინამიკური პროცესია. ორგანიზმი ყოველთვის ისწრაფვის ენერგიის დაზოგვისკენ. თუ ბავშვი ასიმეტრიულ ან მოხრილ პოზაში ყოველდღე 6-8 საათს ატარებს, მისი ნერვული სისტემა იღებს მარტივ გადაწყვეტილებას: „რატომ უნდა დავხარჯო ენერგია წინააღმდეგობაზე? მოდი, ამ პოზას ვაქცევ საბაზისოდ“. ხდება სტრუქტურული გადაწყობა: მკერდის კუნთები მოკლდება, კისრისა და მხრების არეში ქსოვილები მკვრივდება, ხოლო ზურგის კუნთები ზედმეტად იჭიმება და კარგავს ტონუსს. სხეული, ფაქტობრივად, „ცემენტდება“ მაგიდასთან ჯდომისთვის მოხერხებულ მდგომარეობაში.

 

ზურგჩანთა როგორც ყოველდღიური ბიომექანიკური სტრესტესტი

მასშტაბურ მიმოხილვაში „სასკოლო ჩანთების გავლენა სასკოლო ასაკის ბავშვების ტანდეგობაზე“ (2025) მკვლევრებმა დეტალურად გააანალიზეს სიმძიმის ტარების გავლენა საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაზე. როდესაც ბავშვს უკეთია ზურგჩანთა, რომლის წონა აღემატება უსაფრთხო ნორმას (სხეულის მასის 10-15%-ზე მეტი), ხდება სიმძიმის ცენტრის ავტომატური გადანაცვლება უკან. წონასწორობის შესანარჩუნებლად ორგანიზმი რთავს კომპენსატორულ მექანიზმებს: წელის ბუნებრივი გაზნექილობა სწორდება ზეწოლის ქვეშ, ტანი და კისერი ინსტინქტურად იხრება წინ.

ვითარებას ართულებს მძიმე ჩანთის ცალ მხარზე გადაკიდების ჩვევა. ამ შემთხვევაში ჩვენ ვიღებთ არა მხოლოდ ფრონტალურ დახრას, არამედ მენჯისა და მხრის სარტყლის გვერდით ასიმეტრიასაც. მძიმე ზურგჩანთის ტარების შედეგად ბავშვის ხერხემლის წელის არე შეკუმშვის მდგომარეობაშია, მკერდის კუნთები სპაზმირებულია თასმების გამო, რომლებიც მხრებს წინ ქაჩავს. თუ ფიზიკური აღზრდის გაკვეთილის დასაწყისში ბავშვს მოვთხოვთ სტანდარტულ ინტენსიურ მოთელვას, რომელიც მოიცავს სირბილს დარბაზის მყარ საფარზე, მკვეთრ ნახტომებს სიგრძეზე მყარ ზედაპირზე დახტომით, ღრმა ჩაჯდომებს, არსებობს რისკი, მოთელვა მიკროტრავმებით დასრულდეს. მოსწავლის ზურგი ამ დროს უბრალოდ არ არის მზად ადეკვატური ამორტიზაციისთვის.

უნდა ვაღიაროთ, რომ კვირაში ორჯერ 45-წუთიანი თუნდაც ინტენსიური ვარჯიში ვერ გადაწონის მაგიდასთან სტატიკური ადაპტაციის ათობით საათს. სწორედ ამიტომ ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე ზურგის კუნთების კლასიკური, იზოლირებული გავარჯიშება იძლევა მხოლოდ დროებით ეფექტს. გაკვეთილებზე მხოლოდ ძალისმიერი დატვირთვა საკმარისი არ არის – ამასთან ერთად საჭიროა სხეულისთვის იმის შეხსენება, თუ როგორ უნდა იმოძრაოს სიმეტრიულად, ნელ-ნელა, და არასწორი სასკოლო მიკროჩვევების მიზანმიმართულად შეცვლაც. ბავშვებს უნდა ვასწავლოთ საკუთარი სხეულის შეგრძნება, სივრცეში მისი მდგომარეობის გონებრივი აღქმა და მართვა, რასაც მეცნიერებაში „პოსტურალურ გაცნობიერებულობას“ უწოდებენ.

პოსტურალური გაცნობიერებულობის ფუნდამენტია პროპრიოცეფცია – ნერვული სისტემის უნარი, შეიგრძნოს სხეულის ნაწილების მდებარეობა და მოძრაობა სივრცეში ვიზუალური კონტროლის გარეშე. კუნთებსა და სახსრებში არსებული სპეციფიკური რეცეპტორები ტვინს მუდმივად აწვდიან ინფორმაციას. როდესაც ეს სისტემა გამართულად მუშაობს, ბავშვი ავტომატურად, გაუცნობიერებლად ასწორებს სხეულის პოზიციას. შესაბამისად, როდესაც მასწავლებელი ან მშობელი ბავშვს ეუბნება: „გაიმართე!“ – ბავშვი იყენებს არა ბუნებრივ პროპრიოცეპტულ შეგრძნებას, არამედ უბრალოდ ხელოვნურად ძაბავს კუნთებს, რაც მალევე იწვევს დაღლას და ბავშვიც თავდაპირველ პოზას უბრუნდება.

 

როგორ ვასწავლოთ ბავშვს საკუთარი სხეულის მართვა

მნიშვნელოვანია, ხერხემალი გავათავისუფლოთ დაგროვილი სტრესისგან. გაკვეთილის პირველი 5-7 წუთი დავუთმოთ რბილი გაჭიმვის სავარჯიშოებს. ეს შეიძლება იყოს ნახევრად დაკიდება ტანვარჯიშის კედელზე ფეხებზე დაყრნობით, ზედატანის ღრმა ზნექები და ბრუნები დგომში. ამოცანაა, გავზარდოთ მანძილი მალებს შორის და მოვხსნათ სპაზმი. ასევე, მიზანშეწონილია კუნთების „გაღვიძება“ წონასწორობის სავარჯიშოების საშუალებით. ბავშვთა ოკუპაციური თერაპევტებისა და პედიატრების რეკომენდაციით, საჭიროა შემდეგი სტრატეგიების გამოყენება:

  • სთხოვეთ მოსწავლეს, ჯერ განგებ მოიხაროს, მერე კი გასწორდეს და დააკვირდეს, როგორ გრძნობს თავს თითოეულ პოზაში.
  • ჩაატარეთ ძალისმიერი ვარჯიშები დამძიმების გარეშე (საკუთარი სხეულის წონის გამოყენებით), მაგალითად, პირქვე ცოცვა დახრილ სატანვარჯიშო სკამზე, ცოცვა ბაგირზე, ბაგირის გადაძალვა.
  • შეასრულებინეთ ცხოველების მოძრაობის იმიტაცია: „ოთხზე დათვივით სიარული“, „კიბორჩხალასავით სიარული“, „ბაყაყივით ხტომა“.
  • სთხოვეთ ბავშვს, ივარჯიშოს სარკის წინ – ამ დროს ვიზუალურად დაინახავს იმას, რასაც შინაგანად გრძნობს და თანდათან მოძრაობების დამოუკიდებლად კორექტირებას ისწავლის.
  • აუხსენით ბავშვს, რომ ჯდომის დროს ტერფები მყარად უნდა იდგას იატაკზე, მუხლები 90-გრადუსიან კუთხეს ქმნიდეს, ზურგი კი საზურგეს ეყრდნობოდეს.
  • აჩვენეთ ბავშვებს, როგორ გაისწორონ ზურგჩანთის თასმები ისე, რომ ჩანთა მჭიდროდ ეკვროდეს ზურგს, მისი სიმძიმე თანაბრად ნაწილდებოდეს ორივე მხარზე, ჩანთის ქვედა ნაწილი სცდებოდეს წელის დონეს.
  • გაამახვილეთ ყურადღება ზურჩანთაში ნივთების გადანაწილებაზე: ყველაზე მძიმე ნივთები უნდა მოთავსდეს ზურგთან ყველაზე ახლოს, რათა წელზე დატვირთვა შემცირდეს.
  • აუხსენით, როგორ აიღონ მძიმე ჩანთა იატაკიდან: სიმძიმე უნდა ასწიონ ჩაჯდომით, ფეხის კუნთების დახმარებით, ნაცვლად იმისა, რომ წელში მოიხარონ.

 

დასკვნა

მოსწავლეებში ტანდეგობის ფორმირების საკითხი არა უბრალოდ ესთეტიკურ, არამედ უმწვავეს ჯანდაცვით გამოწვევას წარმოადგენს. თანამედროვე ცხოვრების სტილმა ბავშვების სხეული ისეთ პირობებში ჩააყენა, სადაც საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დეფორმაცია საგანგაშო მასშტაბებს იღებს. ამ პრობლემის გადაჭრა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან საქმე ეხება არა მხოლოდ დროებით დისკომფორტს, არამედ მზარდი ორგანიზმის ფუნდამენტურ, ხშირად შეუქცევად ნეიროფიზიოლოგიურ ცვლილებებს. თუ ბავშვობის ასაკშივე არ მოხდა ამ პროცესების სწორი მართვა, მომავალში ეს უარყოფითად აისახება მოზარდების ცხოვრების ხარისხსა და ჯანმრთელობაზე.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. D’Elia, F., Ceruso, R., D’Isanto, T., & Altavilla, G. (2026). Physical development and postural behaviors in children and adolescents: A cross-sectional study. Children, 13(5), 698.https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/42194224/
  2. Pate, J. W., & O’Sullivan, P. (2025). The impact of schoolbags on postural health in school-aged children: An updated systematic review. MDPI, 4(1), 7.

https://www.researchgate.net/publication/400620518_The_Impact_of_Schoolbags_on_Postural_Health_in_School-Aged_Children_An_Updated_Systematic_Review

  1. Ruiz, C., et al. (2022). Effects of Postural Education Program (PEPE Study) on daily habits in children. Frontiers in Education.

https://www.researchgate.net/publication/362281751_Effects_of_Postural_Education_Program_PEPE_Study_on_Daily_Habits_in_Children

  1. Red Door Pediatric Therapy – Key Strategies and Activities for Developing Body Awareness in Children.https://reddoorpediatric.com/blog/occupational-therapy/key-strategies-and-activities-for-developing-body-awareness-in-children/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

მშობლის მთავარი კითხვა

ტერცო მონდო

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“