შეცდომიდან აკადემიურ პროგრესამდე
როგორც მენტორ მასწავლებელს, ახალი სქემით მონიჭებული მაქვს მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ფუნქცია – მუნიციპალიტეტის სკოლების საგნობრივი ჯგუფების წარმომადგენლების მხარდაჭერა შეფასების კულტურის განვითარებაში სასწავლო პროცესში განმავითარებელი შეფასების სრული ციკლის ინტეგრირების გზით.
ამ ფუნქციის ეფექტიანად განხორციელება მოითხოვს არსებული გამოცდილების სიღრმისეულ შესწავლას, დიაგნოსტიკური და განმავითარებელი შეფასების ერთიან მეთოდოლოგიურ ჩარჩოზე შეთანხმებას, სამუშაო შეხვედრების ორგანიზებასა და კოლეგების უწყვეტ პროფესიულ მხარდაჭერას, თუმცა ნებისმიერი მეთოდოლოგიური რეფორმა და ინოვაცია იწყება ერთი უბრალო, მაგრამ გარდამტეხი კითხვით, რომელიც ყოველდღიურად ისმის ჩვენს საკლასო სივრცეში: როგორ მოქმედებს განმავითარებელი შეფასების სრული ციკლი მოსწავლის მიერ შეცდომის აღქმასა და მის რეალურ აკადემიურ პროგრესზე?
საკლასო პრაქტიკაში ხშირად ვხვდებით ნაცნობ სცენარს: მოსწავლეებს ვაძლევთ კომპლექსურ თუ შემოქმედებით დავალებას, განვსაზღვრავთ ვადებს, ვისმენთ მათ საინტერესო პრეზენტაციებს, ვაფასებთ შესრულებულ ნამუშევრებს, ვწერთ შესაბამის ქულებს და ნაშრომებს უკან ვუბრუნებთ.
ბუნებრივია, ამ დროს მოსწავლე, უწინარეს ყოვლისა, საბოლოო ქულით ინტერესდება, რის შემდეგაც სასწავლო პროცესი ჩვეულებრივ, მომდევნო თემით გრძელდება.
ნამდვილად ღირს იმაზე დაფიქრება, რამდენად ეხმარება მოსწავლეს უკვე დაწერილი განმსაზღვრელი ნიშანი იმაში, რომ სიღრმისეულად გაიაზროს საკუთარი ხარვეზები და მათ გამოსწორებაზე იმუშაოს. როდესაც შეფასება საბოლოო ვერდიქტად აღიქმება, სწავლის რესურსი ხშირად ამოწურული ჩანს.
სწორედ აქ იჩენს თავს მნიშვნელოვანი მეთოდოლოგიური საკითხი: როგორ შევიტანოთ შეფასების ელემენტები ნამუშევრის დამუშავების იმ ეტაპზე, როდესაც სწავლისა და გაუმჯობესების პროცესი ჯერ კიდევ აქტიურ ფაზაშია?
როდესაც მოსწავლე პირველად ვერსიაში უშვებს შეცდომას და სანაცვლოდ იღებს დაბალ განმსაზღვრელ ნიშანს, მისი გონება ამას აღიქვამს როგორც დამსჯელ ვერდიქტს. ირთვება თავდაცვითი მექანიზმი, მოსწავლეს ეუფლება უსუსურობის განცდა, ეცემა მისი მოტივაცია და უყალიბდება წარმოდგენა: მე ეს საგანი არ გამომდის.
როდესაც სწავლების პროცესში ვრთავთ განმავითარებელი შეფასების სრულ ციკლს, მოსწავლეთა ცნობიერებაში სამი ფუნდამენტური ცვლილება ხდება:
| 1 | 2 | 3 |
| შეცდომა აღარ არის დანაშაული ან აკადემიური მარცხი. ის ხდება სწავლის პროცესის ბუნებრივი, აუცილებელი ეტაპი. მოსწავლეს აღარ ეშინია ცდისა და ექსპერიმენტირების. | რადგან მასწავლებელი არ წერს საბოლოო ნიშანს პირველად ვერსიაზე, მოსწავლეს ეძლევა შანსი, თავად გახდეს საკუთარი სწავლის მმართველი. | შეცდომა აღარ არის დანაშაული ან აკადემიური მარცხი. ის ხდება სწავლის პროცესის ბუნებრივი, აუცილებელი ეტაპი. მოსწავლეს აღარ ეშინია ცდისა და ექსპერიმენტირების. |
განმავითარებელი შეფასება ხშირად რაღაც რთულ, ბიუროკრატიულ დოკუმენტაციად გვესახება. სინამდვილეში ყველაფერი გაცილებით მარტივია.
წარმოიდგინეთ მშენებლობა: ხარაჩოები და უსაფრთხოების ბადეები, რომლებიც გარს არტყია მშენებარე ნაგებობას, განმავითარებელი შეფასებაა. ის ეხმარება მშენებელს, შეამჩნიოს ბზარი, გაასწოროს კედლის ხაზი და თავიდან აიცილოს ჩამოქცევა. შენობის ჩაბარება და ლენტის გაჭრა კი განმსაზღვრელი შეფასებაა.
თუ მშენებლობის დროს ხარაჩოებს არ გამოვიყენებთ, შენობა ბზარებით აშენდება და ჩაბარებისას წითელ ლენტს ვეღარ გავჭრით. თუ კედელი ოდნავ გადაიხარა, ხარაჩოზე მდგომ მშენებელს ჯერ კიდევ აქვს შანსი, შეასწოროს სტრუქტურა და გაამაგროს საძირკველი. ჩვენ კი ხშირად შენობის მიმღები კომისიის როლში ვდგებით და მოსწავლეს არ ვაძლევთ შანსს, საკუთარ ნაშენებს ხარაჩოები შეაშველოს და ხარვეზი გამოასწოროს.
განმავითარებელი შეფასების სრული ციკლი სწორედ ამას ნიშნავს:
| მოსწავლემ წინასწარ იცის არქიტექტურული ნახაზი -მიზანი და წარმატების კრიტერიუმები | აგებს პირველად კონსტრუქციას – შავ ვერსიას (პირველადი პროდუქტი) | იღებს სწრაფ რჩევას ხარაჩოებიდან – შუალედურ – გაკვეთილზევე | კორექტირება და რეფლექსია – გაუმჯობესებული საბოლოო პროდუქტი |
|
მოსწავლემ დავალებაზე მუშაობის დაწყებამდე ზუსტად იცის, საით მიდის და რა მოეთხოვება.
მეთოდოლოგიური ინსტრუმენტი „მე შემიძლია…“ ფორმულით გაწერილი ჩექლისტი, რუბრიკა, ნიმუშის ჩვენება
მოსწავლეს აქვს მკაფიო არქიტექტურული ნახაზი, თუ როგორ უნდა ააგოს თავისი ნამუშევარი.
|
მოსწავლე ახორციელებს პირველ მცდელობას, აგენერირებს იდეებს და ქმნის დავალების პირველად ვერსიას.
მნიშვნელოვანი პრინციპი: განმსაზღვრელი ნიშანი არ იწერება!
შეცდომა ამ ეტაპზე არის ბუნებრივი, აუცილებელი სასწავლო მასალა და არა აკადემიური მარცხი.
|
სწრაფი, კონსტრუქციული და დროული რჩევის მიწოდება ნამუშევრის გაუმჯობესებისთვის
მეთოდოლოგიური ინსტრუმენტი:
3 სტიკერის წესი – 1 პოზიტივი + 1 რჩევა
„სენდვიჩის მეთოდი“
ურთიერთშეფასება წყვილებში
მოსწავლე იღებს მიმართულებას ხარვეზების გამოსასწორებლად შენობის საბოლოოდ ჩაბარებამდე.
|
მოსწავლე ითვალისწინებს მიღებულ უკუკავშირს, ასწორებს შეცდომებს, აუმჯობესებს ნამუშევარს და აბარებს საბოლოო ვერსიას.
მეტაკოგნიტიური ფოკუსი მოსწავლე ფიქრობს არა იმაზე, რა ნიშანი მიიღო, არამედ იმაზე, რა გამოასწორა და როგორ მიაღწია პროგრესს.
იწერება საბოლოო შეფასება/ქულა, რომელიც უკვე მოსწავლის რეალურ, გაუმჯობესებულ შესაძლებლობებს ასახავს.
|
ეს პროცესი თვეობით კი არ გრძელდება, არამედ 2-3 გაკვეთილის ფარგლებში ეტევა.
განვიხილოთ სამოქალაქო განათლების საგანში ერთ-ერთი მოსწავლის, ნინოს, ნამუშევრის განვითარების რეალური მაგალითი, სადაც სამიზნე ცნებაა „მონაწილეობა“, ხოლო საკითხი – „მოსწავლეთა თვითმმართველობა“.
1-ელი ეტაპი: მიზანი და წარმატების კრიტერიუმები – წინასწარი ცოდნა
მასწავლებელმა დავალების მიცემისთანავე გააცნო მოსწავლეებს მარტივი ჩექლისტი:
- იდენტიფიცირებულია სკოლის 1 რეალური პრობლემა;
- გაწერილია 3-ნაბიჯიანი სამოქმედო გეგმა (ვინ, რას და როდის აკეთებს);
- ახსნილია მოსწავლეთა თვითმმართველობის როლი.
მე-2 ეტაპი: მოსწავლის პირველადი ნამუშევარი – შავი ვერსია
ნინოს პირველადი ჩანაწერი:
„ჩვენს სკოლას არ აქვს მწვანე კუთხე. ეზოში მხოლოდ ბეტონია. ჩემი ინიციატივაა, რომ გავაკეთოთ მწვანე ზონა, დავრგოთ ყვავილები და დავდგათ სკამები. ამისთვის გვჭირდება ნერგები და ხის სკამები“.
ანალიზი: პრობლემა იდენტიფიცირებულია, მაგრამ არ არის ნაჩვენები სამოქმედო ნაბიჯები და თვითმმართველობის როლი. ტრადიციულად, ასეთ ნამუშევარში დაბალი ნიშანი დაიწერებოდა, ციკლური მიდგომით კი სწორედ აქ იწყება ფიქრი უკეთესობისკენ ცვლილებაზე.
მე-3 ეტაპი: შუალედური უკუკავშირი სენდვიჩის მეთოდით გაკვეთილზევე
მასწავლებელი მიდის ნინოსთან და ეუბნება (ან პატარა სტიკერზე უწერს):
. პოზიტივი: „ნინო, შესანიშნავი და ძალიან აქტუალური ინიციატივაა ეზოს გამწვანება!“
. კონსტრუქციული რჩევა: „დააკვირდი დავალების II და III კრიტერიუმებს, დაამატე 3-ნაბიჯიანი გეგმა, ვინ აგროვებს ნერგებს, ვინ მიმართავს დირექციას და განმარტე, რა როლი აკისრია თვითმმართველობას“.
. წახალისება: „ამ დეტალებს თუ დაამატებ, შენი დავალება სრულყოფილი გახდება და სრულად მოიცავს ყველა კრიტერიუმს!“
მე-4 ეტაპი: საბოლოო, გაუმჯობესებული ნამუშევარი
ნინომ გაითვალისწინა რჩევა და 10 წუთში შექმნა საბოლოო პროდუქტი: „საპროექტო წინადადება – გამწვანებული სკოლის ეზოს გეგმა“.
განმავითარებელი შეფასების სრული ციკლის დანერგვისას მასწავლებლები ხშირად რამდენიმე ტიპურ დაბრკოლებას აწყდებიან. იმისთვის, რომ პროცესი იყოს მარტივი, ეფექტიანი და არ გადაიქცეს დამატებით ბიუროკრატიულ ტვირთად, მნიშვნელოვანია ამ რისკების წინასწარ გააზრება და პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა.
3 სტიკერის წესი
| მწვანე სტიკერი – პოზიტივი: რა არის კარგი? | ყვითელი სტიკერი – კონსტრუქციული რჩევა: რა არის გასაუმჯობესებელი? | ლურჯი სტიკერი – წახალისება / მოტივირება: სამომავლო ნაბიჯი |
| დანიშნულება: ნამუშევრის ძლიერი მხარის აღნიშვნა და შექება.
რას ვწერთ: 1 მოკლე წინადადებით ვეუბნებით, რა გამოუვიდა ყველაზე კარგად.
მაგალითი: საინტერესო და აქტუალური ინიციატივაა! |
დანიშნულება: კონკრეტულ ხარვეზზე მითითება და გამოსწორების გზის ჩვენება.
რას ვწერთ: 1 კონკრეტულ რჩევას იმის შესახებ, რა უნდა ჩაამატოს ან შეასწოროს წარმატების კრიტერიუმის მიხედვით.
მაგალითი: დაამატე 1 ნაბიჯი იმის შესახებ, როგორ ჩართავ პროცესში თვითმმართველობას.
|
დანიშნულება: მოსწავლის გაძლიერება და რწმენის ჩანერგვა, რომ მას პროგრესის მიღწევა შეუძლია.
რას ვწერთ: 1 მოკლე წამახალისებელ ფრაზას.
მაგალითი: ამ დეტალს თუ ჩაამატებ, შენი პროექტი სრულყოფილი გახდება! |
ამ პროცესში ხშირია რისკებიც. განვიხილოთ ეს რისკები და მათი დაძლევის გზები:
- დროის დეფიციტის საფრთხე – მასწავლებლებს ეშინიათ, რომ 25-30-მოსწავლიან კლასში თითოეული ნამუშევრის შავი ვერსიის წერილობით გასწორება და უკუკავშირის გაცემა საგაკვეთილო დროის უდიდეს ნაწილს წაიღებს.
რეკომენდაცია: როგორ გავამარტივოთ – 3 სტიკერის წესი ან ზეპირი უკუკავშირი
- ნუ დაწერთ ვრცელ რეცენზიებს. დააწებეთ ნამუშევარს მცირე სტიკერი-აღმწერი მხოლოდ 1 პოზიტივითა და 1 რჩევით გაუმჯობესების შესახებ.
მაგალითი: როდესაც ნინომ თავისი პროექტის შავი ვერსია აჩვენა მასწავლებელს, მას დიდხანს არ უმსჯელია, უბრალოდ, მიაკრა პატარა სტიკერი:
- ძალიან კარგი იდეაა!
- ოღონდ დაამატე 1 ნაბიჯი, როგორ ჩართავ თვითმმართველობას.
მთელ კლასში ამ სტიკერების დარიგებას მასწავლებელმა სულ 5 წუთი მოანდომა.
ურთიერთშეფასება: მოსწავლეებმა წყვილებში გაცვალონ ნამუშევრები და წარმატების კრიტერიუმების ჩექლისტის მიხედვით მისცენ ერთმანეთს 1 პრაქტიკული რჩევა.
მაგალითი: მეწყვილე გიორგიმ ნინოს ნამუშევარს გადაავლო თვალი და უთხრა: „ნინო, პრობლემა გიწერია, მაგრამ გეგმაში დროები არ მიგიწერია, ჩაამატე“. ასე იმუშავა მთელმა კლასმა წყვილებში 7 წუთის განმავლობაში.
- მოსწავლეთა პასიურობის / დემოტივაციის საფრთხე – მოსწავლემ, რომელიც მიჩვეულია მხოლოდ ნიშნის მიღებას, შესაძლოა, ყურადღებით არ წაიკითხოს უკუკავშირი და საბოლოო ვერსიაში არ გაითვალისწინოს რეკომენდაციები.
რეკომენდაცია: როგორ გავამარტივოთ – უკუკავშირის დაყოვნების ტექნიკა
- სანამ მოსწავლე არ გაითვალისწინებს შუალედურ რჩევას, ნამუშევარს საბოლოო ნიშანი არ ეწერება.
მაგალითი: როდესაც მოსწავლემ ჰკითხა მასწავლებელს: „მას, რა ნიშანი მივიღე?“ – მასწავლებელმა უპასუხა: „ჯერ ნიშანი არ დამიწერია! აი, სტიკერზე დაგიწერე 1 რჩევა, რომ შენი სამოქმედო გეგმა უფრო რეალური გახდეს. როგორც კი ამ 1 ნაბიჯს ჩაამატებ, მაშინვე დავწერ საბოლოო შეფასებას“. მოსწავლემ მაშინვე გადაშალა რვეული და დაიწყო კორექტირება, დაინახა, რომ ნიშანი მისივე შესწორებაზე იყო დამოკიდებული.
გამოყავით გაკვეთილზე 7-10 წუთი -ხარაჩოების დრო, რომელსაც მოსწავლეები მხოლოდ უკუკავშირის წაკითხვასა და ნამუშევრის კორექტირებას დაუთმობენ.
მაგალითი: გაკვეთილის დასაწყისში მასწავლებელი აცხადებს: „დღეს პირველი 7 წუთი გვექნება ხარაჩოების დრო. ყველამ გახსენით თქვენი შავი ვერსიები და ჩემი ან თქვენივე მეწყვილის მიერ დატოვებული სტიკერის მიხედვით ჩაასწორეთ 1 დეტალი“. ამ დროს კლასში სიჩუმეა, ყველა ბავშვი ჩართულია საკუთარი შეცდომის გასწორებაში და ეს პროცესი ხდება ჩვეულებრივი, ყოველდღიური საკლასო რუტინა.
- წარმატების კრიტერიუმების აბსტრაქტულობის საფრთხე – კრიტერიუმები დაწერილია რთული, აკადემიური ენით, რის გამოც მოსწავლეს უჭირს გაგება, რა მოეთხოვება.
რეკომენდაცია: როგორ გავამარტივოთ – „მე შემიძლია…“
- ჩამოაყალიბეთ კრიტერიუმები მოსწავლის ენაზე, პირველ პირში.
მაგალითი: ნაცვლად რთული ფრაზისა: „მოსწავლეს შეუძლია სამოქალაქო ინიციატივის სტრუქტურირებული დაგეგმვა და სოციალური პასუხისმგებლობის გააზრება“, – მასწავლებელმა დაფაზე დაწერა:
- მე შემიძლია ჩემი სკოლის 1 რეალური პრობლემის დასახელება;
- მე შემიძლია, დავწერო 3-ნაბიჯიანი გეგმა იმისა, ვინ რას აკეთებს;
- მე შემიძლია ავხსნა, რა როლი აქვს თვითმმართველობას.
მოსწავლეებმა მაშინვე გაიგეს, რა მოეთხოვებოდათ.
სამოდელო ნიმუშის ჩვენება: დავალების დაწყებამდე აჩვენეთ მოსწავლეებს განვლილი წლის ან პარალელური კლასის 1 კარგი და 1 საშუალო ნამუშევრის ნიმუში.
მაგალითი: დავალების მიცემისას მასწავლებელმა ეკრანზე გამოიტანა სხვა მოსწავლის გასული წლის პროექტი და უთხრა კლასს: „დააკვირდით, აქ პრობლემა კარგად არის აღწერილი, მაგრამ გეგმაში მხოლოდ 1 ნაბიჯია, აკლია ვადები. ამიტომ ეს იყო საშუალო ნამუშევარი. ჩვენი მიზანია, სამივე ნაბიჯი მკაფიოდ გვქონდეს გაწერილი!“ მოსწავლეებმა თვალნათლივ დაინახეს, რას ნიშნავდა სრულყოფილი შედეგი.
- გადაწვისა და ფორმალიზმის საფრთხე – მასწავლებელი ცდილობს, ყველა ყოველდღიურ დავალებასა და სავარჯიშოზე ჩაატაროს სრული 4-ეტაპიანი ციკლი, რაც იწვევს გადაღლას.
რეკომენდაცია: როგორ გავამარტივოთ –სელექციური მიდგომა
- სრული განმავითარებელი ციკლი ჩაატარეთ მხოლოდ თემატურ/კომპლექსურ დავალებებზე (თვეში 1-ხელ ან 2-ჯერ), ხოლო ყოველდღიურ პრაქტიკაში გამოიყენეთ მარტივი, მიმდინარე უკუკავშირი.
მაგალითი: მასწავლებელმა სრული ციკლი (შავი ვერსია – სტიკერი – ჩასწორება) გამოიყენა მხოლოდ თვის მთავარ კომპლექსურ დავალებისთვის „სათემო/სასკოლო ინიციატივის პროექტი“, ხოლო ყოველდღიური საკლასო და საშინაო დავალებების შემოწმებისას იყენებდა „შუქნიშნის ბარათებს“, ფერად სტიკერ-აღმწერებს ან მოსწავლეების 1-წუთიან ურთიერთშეფასებას. ამით მან თავიდან აიცილა გადაღლა და პროცესი ბუნებრივი გახადა.
დავუბრუნდეთ საწყის საკვლევ კითხვას: როგორ მოქმედებს განმავითარებელი შეფასების სრული ციკლის ინტეგრირება მოსწავლის მიერ შეცდომის აღქმასა და აკადემიურ პროგრესზე?
პასუხი მარტივია: მოსწავლეს აღარ ეშინია შეცდომის დაშვების. შეცდომა მისთვის დამსჯელ ნიშანთან კი აღარ ასოცირდება, არამედ ჩვეულებრივი, სასარგებლო ნაბიჯი ხდება უკეთესი შედეგის მისაღწევად.
როდესაც საკლასო ოთახში ვნერგავთ დროულ, ხარაჩოების პრინციპზე დაფუძნებულ შუალედურ უკუკავშირს, ამით მოსწავლეს ვაძლევთ ყველაზე მთავარს – შანსს, ისწავლოს საკუთარ შეცდომაზე მანამდე, სანამ ის საბოლოო ნიშნად გადაიქცევა. ეს მიდგომა ავითარებს მოსწავლის მეტაკოგნიტიურ უნარებს, ზრდის მის პასუხისმგებლობას საკუთარ სწავლაზე და უყალიბებს განვითარებაზე ორიენტირებულ აზროვნებას.
მარტივი, სელექციური ინსტრუმენტების: სტიკერების, ჩექლისტების, ურთიერთშეფასების – სწორად გამოყენებით, ჩვენ:
- მნიშვნელოვნად ვზოგავთ გასწორების დროს;
- ვამაღლებთ მოსწავლეთა ჩართულობასა და მოტივაციას;
- თვალსაჩინოსა და გარდაუვალს ვხდით საბოლოო ნამუშევრების ხარისხსა და აკადემიურ პროგრესს.
შეფასების კულტურის განვითარება და განმავითარებელი შეფასების სრული ციკლის დანერგვა კომპლექსური, ცოცხალი პროცესია. მომდევნო სტატიებში კვლავ გავაგრძელებთ პრაქტიკული გამოცდილების, კონკრეტული ინსტრუმენტებისა და საკლასო ქეისების გაზიარებას , განვიხილავთ, როგორ ავაგოთ ეფექტიანი ჩექლისტები, როგორ ვმართოთ ურთიერთშეფასების პროცესი და როგორ გავხადოთ უკუკავშირი კიდევ უფრო ინკლუზიური და თითოეულ მოსწავლეზე მორგებული.
გამოყენებული ლიტერატურა
- საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. (2018). ეროვნული სასწავლო გეგმა (III თაობა). თბილისი.
- საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. მოქალაქეობის საგნობრივი სტანდარტი.
- ევროპის საბჭო. (2018). დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების საცნობარო ჩარჩო (Reference Framework of Competences for Democratic Culture – RFCDC). სტრასბურგი.
- UNESCO. (2015). Global Citizenship Education: Topics and Learning Objectives. Paris: UNESCO.
- OECD. (2018). The Future of Education and Skills: Education 2030 Framework. Paris: OECD Publishing.


