როგორ დავგეგმოთ შემაჯამებელი გაკვეთილი ილია ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივის“ მიხედვით
ილია ჭავჭავაძის შემოქმედების მიმართ დაუცხრომელი ინტერესი ყოველი ეპოქის თანამდევი მოვლენაა, რადგან თაობებს მუდამ იზიდავთ ერის მარადიულ მეგზურად ქცეული დიდი მოღვაწისა და მწერლის შინაგანი სამყარო. თანამედროვე ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში სხვადასხვა ნაწარმოების სახით არეკლილი მწერლის ნააზრევი უამრავ საფიქრალს უტოვებს მოსწავლესა და მასწავლებელს, მით უფრო, როცა ილიას ზრახვათა შეცნობა ქართველი ერის მომავლის შეცნობასთან იგივდება. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საყურადღებოდ გვესახება მე–11 კლასის სასწავლო პროგრამაში სავალდებულო შესასწავლი ტექსტის სახით წარმოდგენილი მოთხრობა „ოთარაანთ ქვრივი“. მოთხრობა ხომ დღემდე აღძრავს არაერთგვაროვან შეხედულებებს მკითხველთა ფართო წრეში პერსონაჟისა და პრობლემატიკის აღქმის თვალსაზრისით.
სტატიის მიზანია, 21–ე საუკუნის ადამიანის გადასახედიდან გაგვაცნოს პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილის ფარგლებში ჩატეული დიდი ილიას ამ მოთხრობის პრობლემებისა და პერსონაჟების შესახებ მოსწავლეთა შეხედულებანი და მოსაზრებები; დაგვანახვოს, როგორ შეიძლება აღიქვან მოზარდებმა მწერლის რთული და მრავალფეროვანი ფილოსოფიურ–სიმბოლური სამყარო და თავიანთ რეალობას დაუკავშირონ ის.
გაკვეთილის მიზანიც დაგეგმვისას ასე განისაზღვრა: მოსწავლე სწორად აკავშირებს პერსონაჟის მხატვრულ სახეს ტექსტობრივ მასალასთან და კრიტიკულ სალიტერატურო წყაროებთან; აანალიზებს პერსონაჟებს და სახე–სიმბოლოებს ნაწარმოებისა და კრიტიკული წყაროების საფუძველზე; მსჯელობს და გამოკვეთს, როგორია პერსონაჟთა მიმართება სახე–სიმბოლოებისადმი.
გაკვეთილის მიზანი გამომდინარეობდა ეროვნული სასწავლო გეგმის საფეხურებრივი სტანდარტის მისაღწევი შედეგებიდან და მათი შეფასების ინდიკატორებიდან. ამ მიზნების შესაბამისად ჩამოყალიბდა სასწავლო აქტივობების შინაარსი, გათვალისწინებულ იქნა თითოეული აქტივობისა და მეთოდის როლი მოსწავლეების სხვადასხვა უნარის განვითარების ხელშეწყობისათვის.
გაკვეთილის თემა საგნობრივი კურიკულუმისა და ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტის შესაბამისად განისაზღვრა. გაკვეთილის გეგმის შედგენამდე მოსწავლეთა საჭიროებების, მათი ძლიერი და სუსტი მხარეების გათვალისწინებით გამოიკვეთა გაკვეთილის მიზანი, რომელიც ფორმულირდა გაკვეთილის გეგმაში და ითვალისწინებდა იმ პრობლემის გადაჭრას, რომელზეც ორიენტირებული იყო გაკვეთილი.
შემაჯამებელ გაკვეთილამდე ნაწარმოების ტექსტი უკვე დამუშავებულია სათანადო მეთოდიკური ორიენტირებით, მოსწავლეები წინა გაკვეთილებიდან უკვე კარგად იცნობენ ნაწარმოების პერსონაჟებს, სათანადო კომენტარები აქვთ გამოთქმული ყოველი თავის დასათაურების, პერსონაჟთა დიალოგების, ილიას ენის თავისებურებების, ლექსიკური და ენობრივ–გამომსახველობითი საშუალებების შესახებ. რამდენჯერმე საგაკვეთილო პროცესში გახმოვანდა სადისკუსიო საკითხებიც და მათ შესახებ მოსწავლეთა არაერთგვაროვანი შეხედულებებიც. მოსწავლეები ტექსტს ეტაპობრივად ეცნობიან. გაცნობის პარალელურად, სახელმძღვანელოში წარმოდგენილი მრავალფეროვანი აქტივობის მეშვეობით მუშავდება სტანდარტით გათვალისწინებული ცნებები და საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პარალელებსა და ინტერტექსტუალურ შეხვედრებს სხვა მწერალთა ტექსტებთან.
ტექსტზე მუშაობისას მობილიზდა წინარე ცოდნა, გამოითქვა ვარაუდები, მოხდა პერიფრაზირება, დაისვა დამაზუსტებელი შეკითხვები, გაკეთდა მონიშვნები და ჩანაწერები, კოგნიტიური სქემები, ინტერნეტრესურსები, მოხდა იდეების გენერირება, იდეების დაჯგუფება, გეგმის შედგენა, პირველადი მონახაზის შედგენა, საპრეზენტაციო მასალის პირველადი ვარიანტის გაუმჯობესება, რედაქტირება და გაფორმება.
შემაჯამებელი გაკვეთილისათვის დაზუსტდა გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან: ჯერ კიდევ ნაწარმოების გაცნობისა და შესწავლის პროცესში მუშავდება საგნობრივი სტანდარტით გათვალისწინებული სამიზნე ცნებები: ჟანრი (შედეგები:1,4,6,7) კომპოზიცია (შედეგები: 1,3,4,6,7) ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებები (შედეგები: 4,6,7) კონტექსტი (შედეგები: 2,5). განისაზღვრა მოსალოდნელი შედეგები:
- ტექსტში ფაქტობრივი, კონცეპტუალური და ქვეტექსტური ინფორმაციის ამოცნობა-წვდომა და შესაბამისი დასკვნების გამოტანა მათი ურთიერთდაკავშირების გზით;
- მსჯელობა პერსონაჟთა სახეებზე შესაბამისი დასაბუთებით;
- ავტორისეული პოზიციის ახსნა ტექსტიდან შესაბამისი ადგილების დამოწმებით;
- ლიტერატურული პარალელის/პარალელების გამოყენება კონკრეტული მიზნით (მაგ.: ტექსტის გასაანალიზებლად, საკუთარი მოსაზრების დასასაბუთებლად);
- ნაწარმოებში ასახული ფასეულობების/შეხედულებების გააზრება საკუთარი გამოცდილების (ცხოვრებისეულისა თუ ლიტერატურულის) ან/და ფასეულობათა სისტემის ჭრილში;
- საკუთარი და სხვათა ინტერპრეტაციების შედარება და შესაბამისი დასკვნების გამოტანა მსგავსება-განსხვავებათა აღმოჩენის გზით;
- ავტორისეული პოზიციის შეფასება სათანადო დასაბუთებით, ნაწარმოებში ასახული პრობლემის გადაჭრის ავტორისგან განსხვავებული ვარიანტის აღმოჩენა;
- მსჯელობა მისთვის საინტერესო/მნიშვნელოვან საკითხებზე წაკითხულ მასალასთან კავშირის დამყარებით, სათანადო ადგილების/ეპიზოდების/ციტატების დამოწმებით.
- მხატვრულ ნაწარმოებში წარმოდგენილი კონფლიქტის/პრობლემის, ასევე ავტორის/მთხრობლის/პერსონაჟის პოზიციის ახსნა ტექსტის თანადროული ეპოქის სპეციფიკის გათვალისწინებით;
- ტექსტის მნიშვნელობის/აქტუალობის ახსნა-დასაბუთება როგორც მისი შექმნის თანადროული, ისე თანამედროვე ეპოქის გათვალისწინებით.
გაკვეთილის დასაწყისში მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, ყურადღებით დააკვირდნენ ეკრანზე განწყობის შესაქმნელად გამოსახული ფილმის „ოთარაანთ ქვრივის“ ფრაგმენტს ან ილუსტრაციას–თემატურ ფოტოს, ფილმის პერსონაჟების გამოსახულებით. აქტივობის მიზანია მოსწავლეების ბუნებრივი ინტერესების სტიმულირება, მამოტივირებელი გარემოს შექმნა და მოსწავლეთა მხრიდან სავარაუდო პასუხების ინიციირება.
წინარე ცოდნის გააქტიურებისთვის გამოყენებული კითხვა-პასუხის მეთოდით და სლაიდზე განთავსებული ვიზუალური მასალის საშუალებით მოსწავლეებმა ამოიცნეს, გაიხსენეს ნაწარმოების მთავარი პერსონაჟის სახეები ნანახი ფილმიდან და წინა კლასებში შესწავლილი მასალიდან და გამოთქვეს ვარაუდები.
მასწავლებელი კლასს აცნობს გაკვეთილის მიზნებს, სტრატეგიებსა და შეფასების კრიტერიუმებს. ასევე შეახსენებს მათ მიერ შექმნილი ქცევის წესების შესახებაც. მოსწავლეებს მიეწოდებათ ინფორმაცია, რომ გაკვეთილის ბოლოს შეფასდებიან განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებით. აქტივობის მიზანია მოსწავლეთა ინტერესის გამოწვევა, გუნდურობის, ურთიერთთანამშრომლობისა და აზრთა გაზიარების მიღწევა.
გაკვეთილის მეორე ეტაპზე ხელი შეეწყო მოსწავლეთა აქტივობას, რისთვისაც გამოყენებული იქნა ჯგუფური მუშაობა. მასწავლებელი ჯგუფებს აძლევს დეტალურ ინსტრუქციას, წინასწარ არიგებს განმავითარებელი პრეზენტაციისა და მოსწავლეთა თვითშეფასების რუბრიკებს. კლასი იყოფა ოთხ ჯგუფად, მოსწავლეებს ევალებათ პერსონაჟთა პორტრეტების შექმნა და მთავარი სახასიათო თავისებურებების გამოკვეთა (I ჯგუფი – ოთარაანთ ქვრივი – პერსონაჟი და სახე–სიმბოლო; II ჯგუფი – გიორგი – პერსონაჟი და სახე–სიმბოლო; III ჯგუფი – არჩილი და კესო – პერსონაჟები და სიმბოლური სახეები; IV ჯგუფი – სოსია მეწისქვილე – პერსონაჟი და მხატვრული სახე–სიმბოლო). დაჯგუფებული მოსწავლეები აგრძელებენ მუშაობას სხვადასხვა პერსონაჟის დასახასიათებლად.
მოსწავლეთა ჯგუფებს დაურიგდათ დამატებითი ტექსტი (სხვადასხვა კრიტიკული წყაროდან) და კითხვები, რომელთა საშუალებითაც მათ გამოიყენეს არსებული ცოდნა და გააანალიზეს ტექსტი. შეადარეს ერთმანეთს ტექსტობრივი მასალა და კრიტიკული სალიტერატურო წყაროები; გააანალიზეს პერსონაჟები და სახე–სიმბოლოები ნაწარმოებისა და კრიტიკული წყაროების საფუძველზე. ამ კონკრეტული აქტივობის მიზანი კი ისაა, რომ მოსწავლე არგუმენტირებულად იმსჯელებს პერსონაჟზე, ნაწარმოებსა და კრიტიკულ ლიტერატურაში პერსონაჟის შესახებ არსებულ შეხედულებებზე. ჯგუფური მუშაობის დასრულების შემდეგ მოსწავლეები წარმართავენ პრეზენტაციას. პრეზენტატორი შერჩეულია ჯგუფის წევრების მიერ თანასწორობის პრინციპით. ამგვარი აქტივობის შედეგად მოსწავლეები გამოიტანენ სათანადო დასკვნებს და განუვითარდებათ საპრეზენტაციო უნარ–ჩვევები. ჯგუფებისათვის განსხვავებული ტექსტისა და დავალების მიცემამ შესაძლებელი გახადა დიდი მოცულობის მასალის დიფერენცირებით მოკლე დროში დამუშავება და გააზრება.
ჯგუფური მუშაობისა და პრეზენტაციების წარმოდგენის შემდეგ დისკუსიის მსვლელობისას მოსწავლეები მსჯელობენ მათთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე: ა) რატომ შექმნა ილიამ ასეთი მხატვრული სახეები? ბ) რა მიზანს ისახავდა მწერალი? გ) გვყავს თუ არა დღეს რეალურ ცხოვრებაში მსგავსი პერსონები?
მასწავლებლის მიერ გამოყენებული ანალოგიის მეთოდით-ტრანსფერით მოსწავლეები ახერხებენ შესწავლილის დაკავშირებას მათ პირად ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან და ამ აქტივობის შედეგად უვითარდებათ კრიტიკული, ანალიტიკური, სემიოტიკური უნარები. დისკუსიის მსვლელობისას მოსწავლეებმა პასუხი გასცეს სადისკუსიო კითხვებს. მათ შეძლეს გაეანალიზებინათ მიღებული ინფორმაცია, გამოეტანათ დასკვნები და არგუმენტირებულად ემსჯელათ პრობლემის გადაჭრის გზებზე.
ასეთი ტიპის გაკვეთილებზე იკვეთება, რომ სწავლა აღარაა სტანდარტული, რუტინული პროცესი – იგი გარდაიქმნება პიროვნების განვითარების ხელშემწყობ საშუალებად, რის შედეგადაც მოსწავლეს უყალიბდება ცოდნის ტრანსფერის, პრობლემის გადაჭრის, კრიტიკული აზროვნებისა და სწავლის სწავლის უნარ-ჩვევები. იმ საკლასო გარემოში, სადაც გამოყენებულია პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სწავლება, მოსწავლეები თანდათან უფრო მეტ პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარ სწავლაზე და ყალიბდებიან დამოუკიდებელ შემმეცნებლებად, ჰოლისტური განვითარების მქონე პიროვნებებად, რომელთაც დამოუკიდებლად შეუძლიათ მუდმივად იზრუნონ პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე. ასე შეიძლება გადაიჭრას თანამედროვე განათლების უპირველესი ამოცანა.
გაკვეთილის შემდეგ ეტაპზე მასწავლებელი მოსწავლეთა ცოდნისა და უნარების დადგენის მიზნით იყენებს განმავითარებელ (მოსწავლის თვითშეფასება და მასწავლებლის მიერ მოსწავლეთა პრეზენტაციების შეფასება) შეფასების რუბრიკებს, გამსვლელ ბარათებს, ასევე განმსაზღვრელ შეფასებას. შედეგად იდენტიფიცირდება მოსწავლეთა სუსტი და ძლიერი მხარეები, დაზუსტდება და გამოიკვეთება მოსწავლეთა აკადემიური მიღწევა.
გაკვეთილის შემაჯამებელ ეტაპზე მოსწავლეებმა გაიაზრეს ინფორმაცია, ჩამოაყალიბეს საკითხისადმი საკუთარი მიდგომები. ამავე ფაზაზე მოხდა მათი განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება, მიეცათ სათანადო რეკომენდაციები და რჩევები, მიეცათ საშინაო დავალება ინსტრუქციითურთ.
გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელი მოსწავლეებს ავალებს, განხილული საკითხების საფუძველზე დაწერონ ესეი – თანამედროვე სამყარო და ოთარაანთ ქვრივი. ამ აქტივობის მიზანია მოსწავლეთა ყურადღების ფოკუსირება და ცოდნის ერთგვარი შეჯამება–სისტემატიზაცია.
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგების მიხედვით, მოსწავლე შეაფასებს პრეზენტაციის ავტორთა მეტყველებას საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით; ამოიცნობს და განიხილავს პერსონაჟების მხატვრულ სახეებს; ჩამოაყალიბებს საკუთარ თვალსაზრისს მათ შესახებ; დაუკავშირებს არსებულ თვალსაზრისს ლიტერატურულ წყაროებს; ადარებს ლიტერატურულ პერსონაჟებს სახე-სიმბოლოებთან და განიხილავს მათ. აზუსტებს როგორი დატვირთვა აქვთ სიმბოლოებს საკაცობრიო ცხოვრებაში და რა მნიშვნელობა მიანიჭა დიდმა მწერალმა თავის პერსონაჟებს სიმბოლური თვალსაზრისით (სახარების, წმინდა გიორგის ღვაწლისა და სხვა წყაროებზე დაყრდნობით); ასევე ლიტერატურულ პერსონაჟებს აკავშირებს თანამედროვე სამყაროსთან და გამოაქვს დასკვნები მხატვრულ სახეთა აქტუალურობის თვალსაზრისით. სახე–სიმბოლოები ხომ არასოდეს კარგავენ მნიშვნელობასა და ცხოველმყოფელობას, ისინი იქცევიან ერის ცხოვრების მაორიენტირებელ გზად.
მრავალფეროვანი მეთოდების არსებობამ, რომლებიც ითვალისწინებდა მოსწავლეთა ასაკობრივ და ინდივიდუალურ თავისებურებებს, კლასში შექმნა მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი.
გაკვეთილის მიმდინარეობისას გამოიკვეთა მოსწავლეებსა და მასწავლებელს შორის კეთილგანწყობილი ურთიერთობა, რაც ეფუძნებოდა პატივისცემასა და დახმარების სურვილს. ყველა აქტივობის ბოლოს მოსწავლეებს ეძლეოდათ ზუსტი და მკაფიო შეფასება.
პრობლემაზე ორიენტირებული შემაჯამებელი გაკვეთილი მიზნად ისახავდა მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების, კომუნიკაციისა და სემიოტიკური უნარ-ჩვევების განვითარებას. მნიშვნელოვანია, რომ დისკუსიის ეფექტურად წარმართვისათვის ეს უნარ-ჩვევები განსაკუთრებით ღირებულია.
ჯგუფური მუშაობის დროს მოსწავლეებმა შეძლეს ამ უნარ-ჩვევების შემუშავება და გამოვლენა. ისინი თავისუფლად გამოხატავდნენ საკუთარ აზრს წყაროებზე დაყრდნობით, წახალისდა მოსწავლეთა შემოქმედებითი მიდგომა და შეიქმნა კომფორტული, უსაფრთხო და თავისუფალი გარემო, რომელშიც მოსწავლეებს არ ეშინოდათ შეცდომების.
საბოლოოდ, მოსწავლეთა მიერ წარმოდგენილი სხვადასხვა ტიპის სამუშაოს საფუძველზე, თვალნათლივ გამოიკვეთა, რომ ოთარაანთ ქვრივი და გიორგი, ასევე დანარჩენი პერსონაჟები არ არიან მხოლოდ რეალური ადამიანების მხატვრული სახეები. ისინი განასახიერებენ პერსონიფიცირებულ საწყისებს, ღირებულებებს, რომელთა არსებობის აუცილებლობაზეც შეგვახსენებს დიდი მწერალი და მოსწავლეებიც ასკვნიან, რომ ადამიანს ეს ღირებულებანი ყველა ეპოქაში უნდა ჰქონდეს.
გამოყენებული ლიტერატურა:
1.ეროვნული სასწავლო გეგმა https://matsne.gov.ge/ka/document/view/6991272?publication=0
2.ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების განახლების რეკომენდაციები, (2022)
3.პრობლემაზე დაფუძნებული სწავლა (2007) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი.
- პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი
https://eflgeorgia.blogspot.com/2018/03/blog-post_16.html
http://codnakatedrebi.blogspot.com/p/blog-page_61.html
- როდონაია ვ, ნაკუდაშვილი ნ, არაბული ა, ხუციშვილი მ, დათაშვილი ლ. ქართული ენა და ლიტერატურა, XI კლასის სახელმძღვანელო, XIX საუკუნის მწერლობა, სწავლანი, გვ. 220–271, 2010


