ოთხშაბათი, ნოემბერი 25, 2026
25 ნოემბერი, ოთხშაბათი, 2026

როგორ დავძლიოთ სირთულეები „სამოქალაქო საზოგადოებისა“ და „ადგილობრივი თვითმმართველობის“ შესწავლისას

 

სარემედიაციო პროგრამა და პრაქტიკული გამოცდილება

სამოქალაქო განათლების სწავლებისას მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს მე-8 კლასის პროგრამა. ამ საფეხურზე მოსწავლეები ეცნობიან ისეთ ფუნდამენტურ თემებს, როგორებიცაა „სამოქალაქო საზოგადოება“ და „ადგილობრივი თვითმმართველობა“. თუმცა პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეს ცნებები მოზარდებისთვის ხშირად ზედმეტად აბსტრაქტული და თეორიულია, რაც სწავლის პროცესში გარკვეულ ბარიერებს ქმნის.

ჩემს 29-მოსწავლიან მე-8 კლასში, თემატური ბლოკის დასრულების შემდეგ, ჩავატარე დიაგნოსტიკური შეფასება -განმავითარებელი რუბრიკები და განხილვითი დისკუსია. შედეგების ანალიზმა აჩვენა, რომ 24-მა მოსწავლემ წარმატებით აითვისა მასალა, ხოლო 5-ს სერიოზული სირთულეები ჰქონდა.

 

რა აჩვენა დიაგნოსტირებამ  5 მოსწავლესთან?

  1. ცნებების აღრევა – მოსწავლეები ვერ ასხვავებდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა (მერია, საკრებულო) ფუნქციებს.
  2. მექანიკური ცოდნა – სამოქალაქო საზოგადოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების განმარტებებს მექანიკურად იმახსოვრებდნენ, მაგრამ ვერ აკავშირებდნენ მათ რეალურ ცხოვრებასა და საკუთარ თემთან.
  3. პასიურობისა და უსუსურობის განცდა – სამიზნე ცნება მონაწილეობის გააზრებისას გამოიკვეთა რწმენა, რომ არასრულწლოვნებსა და რიგით მოქალაქეებს არაფრის შეცვლა არ შეუძლიათ.

ამ საჭიროებების გამოვლენის შემდეგ დაიგეგმა ინდივიდუალიზებული, მცირეჯგუფური სარემედიაციო შეხვედრები  5 მოსწავლისთვის. სარემედიაციო მუშაობა არ გულისხმობდა ტექსტის ხელახლა წაკითხვას.

პროცესი აიგო ეროვნული სასწავლო გეგმის ოთხ ძირითად სამიზნე ცნებაზე:

საზოგადოება

 

ინდივიდუალური და საზოგადოებრივი ინტერესების ურთიერთკავშირის გააზრება

 

დემოკრატია

 

ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების დემოკრატიული პრინციპებისა და პროცედურების გაცნობიერება

მონაწილეობა

 

სამოქალაქო ინიციატივებისა და ჩართულობის რეალური, პრაქტიკული ინსტრუმენტების (პეტიცია, მოხალისეობა) ათვისება; მექანიზმების ათვისება

 

მდგრადი განვითარება

 

მუნიციპალური და სოციალური გადაწყვეტილებების შეფასება (ეკოლოგიურ, ეკონომიკურ და სოციალურ ჭრილში)

 

 

 

სარემედიაციო ნაბიჯები და პრაქტიკული აქტივობები 5-მოსწავლიან ჯგუფში

ნაბიჯი პირველი – აბსტრაქციიდან თვალსაჩინოებამდე

სირთულე: მოსწავლეებს უჭირდათ გაგება, რა არის საზოგადეობრივი ორგანიზაცია, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი.

სარემედიაციო აქტივობა „ჩვენი უბნის/სკოლის პრობლემების რუკა“: ხუთივე მოსწავლეს დაევალა, დაეხატათ/ჩამოეწერათ 2 რეალური პრობლემა თავიანთი ეზოდან ან სკოლიდან. მაგ., დაზიანებული სკამები ეზოში, ქუჩაში ან სკვერში დაყრილი პლასტმასის ნარჩენები. ვენის დიაგრამის გამოყენებით მათ აჩვენეს, რა იყო მათი პირადი წუხილი და რა – მთელი თემის წუხილი. ამის შემდეგ მათ მოიფიქრეს, როგორ შეიძლებოდა ამ პრობლემის გადასაჭრელად მეზობლების ან თანაკლასელების გაერთიანება.

მოსწავლეებმა გაიაზრეს, რომ სამოქალაქო საზოგადოება იწყება სწორედ იქ, სადაც მოქალაქეები საერთო პრობლემის გარშემო თვითორგანიზებას ახდენენ.

 

ნაბიჯი მეორე – ფუნქციების დიფერენცირება და სიმულაცია

სირთულე: მერიის, საკრებულოსა და ცენტრალური ხელისუფლების უფლებამოსილებათა აღრევა.

სარემედიაციო აქტივობა  ვინ რაზეა პასუხისმგებელი? და მინი-როლური თამაში:

  1. ბარათების დახარისხება. მოსწავლეებს დაურიგდათ სიტუაციური ბარათები: ქუჩის განათების შეკეთება, ეროვნული გამოცდების ჩატარება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტის დადგენა, ჯარის მართვა. მათ უნდა განეთავსებინათ ეს ბარათები ორ სვეტში: ადგილობრივი თვითმმართველობა და ცენტრალური ხელისუფლება.
  2. იმიტირებული სხდომა. 5 მოსწავლეს შორის განაწილდა როლები: 1 მერი, 2 საკრებულოს წევრი, 2 ადგილობრივი მცხოვრები. მათ გაითამაშეს მოკლე სცენარი – სკოლის მიმდებარედ სიჩქარის შემზღუდავი ბარიერის დადგმის მოთხოვნა.

 

ნაბიჯი მესამე – პრაქტიკული ინსტრუმენტის ათვისება

სირთულე: საკუთარი შესაძლებლობებისადმი უნდობლობა და უნარების ნაკლებობა

სარემედიაციო აქტივობა  „მინი–პეტიციის შექმნის სახელოსნო“: მოსწავლეებს მიეწოდათ პეტიციის მარტივი, სტრუქტურირებული შაბლონი:

  1. ვის მივმართავთ? (მაგ., ქალაქის/მუნიციპალიტეტის მერს/საკრებულოს)
  2. რა არის პრობლემა? (მაგ., სკოლის მიმდებარედ ურნების ნაკლებობა)
  3. ჩვენი დასაბუთებული წინადადება
  4. ხელმოწერები

წყვილებში და ინდივიდუალურად მოსწავლეებმა შეადგინეს რეალური პეტიციის პროექტი.

ეტაპი / საკითხი ძირითადი შინაარსი და ნაბიჯები განხორციელების ფორმა და ინსტრუმენტები
1. მოსწავლეთა იდენტიფიცირება და პროგრამაში ჩართვა 1.1. სკრინინგი და შედეგების ანალიზი

თემატური ბლოკის დასრულებისას მოსწავლეთა ნამუშევრებისა და შედეგების პირველადი გადარჩევა

 

1.2. პირველადი ფოკუსირებული დიაგნოსტიკა

მოკლე დიაგნოსტიკური ტესტი/დავალება სამოქალაქო საზოგადოებასა და ადგილობრივ თვითმმართველობაზე, ინდივიდუალური გასაუბრება მოსწავლესთან -სირთულის მიზეზის დადგენა

 

1.3. მოსწრების ანალიზი სხვა საგნებში

დაკვირვება, ხომ არ აიხსნება სირთულე ტექსტის გაგება-გააზრების (ქართული) ან ლოგიკური აზროვნების ზოგადი ბარიერით

 

1.4. მშობელთან გასაუბრება და თანხმობა

შეხვედრა მშობელთან, შედეგების გაზიარება და წერილობითი/ზეპირი თანხმობის მიღება სარემედიაციო ჯგუფში ჩართვაზე

• დიაგნოსტიკური რუბრიკა

 

• ინდივიდუალური გასაუბრების ოქმი/ჩანაწერი

 

• მოსწავლის პროფილის ბარათი

 

• მშობლის თანხმობის ფორმა

2. სარემედიაციო ჯგუფის მუშაობის ძირითადი საფეხურები 2.1. გეგმების შედგენა

5 მოსწავლის საჭიროებებს მორგებული სპეციალური პროგრამისა და საათობრივი ბადის შემუშავება

 

2.2. გაკვეთილების წარმართვა

ინტერაქციული და პრაქტიკული აქტივობების განხორციელება (როლური თამაში, ბარათების დახარისხება, პეტიცია)

 

2.3. პროგრესის მონიტორინგი

შუალედური დაკვირვება და უკუკავშირი

 

2.4. შემაჯამებელი შეფასება

საბოლოო დიაგნოსტიკა და შედეგების შედარება საწყის მონაცემებთან

• სარემედიაციო გაკვეთილის გეგმები

 

• რესურსები (სიმულაციური ბარათები, პეტიციის შაბლონი)

 

• განმავითარებელი შეფასების სქემები

3. გაკვეთილების სიხშირე და ფორმატი სიხშირე – კვირაში 1-2-ჯერ (საჭიროებიდან გამომდინარე)

 

ხანგრძლივობა – 30-45 წუთი (საგაკვეთილო პროცესის შემდეგ ან თავისუფალი საათის დროს)

 

ფორმატი – მცირეჯგუფური მუშაობა, სადაც აქცენტი დაისმის თანამშრომლობაზე, ღია დისკუსიასა და პრაქტიკულ სავარჯიშოებზე

• მცირეჯგუფური/წყვილური მუშაობა

 

• ვიზუალური და პრაქტიკული მასალები

4. პროგრესის მონიტორინგი  

მიმდინარე დაკვირვება

თითოეული შეხვედრის შემდეგ მოსწავლის ჩართულობისა და გააზრების დონის აღრიცხვა

 

განმავითარებელი უკუკავშირი

კონსტრუქციული რჩევების მიცემა ყოველი აქტივობის ბოლოს

 

პროგრესის დღიური/ბარათი

ჩანაწერები იმის თაობაზე, რა დაძლია მოსწავლემ და რაზე სჭირდება დამატებითი მუშაობა

• მასწავლებლის დაკვირვების დღიური

 

• მოსწავლის თვითშეფასების ბარათი – რა ვიცოდი / რა ვ

 

სარემედიაციო ციკლის 3 შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩატარდა განმავითარებელი შეფასება და განმეორებითი დიაგნოსტიკა.

მიღწეული პროგრესი:

  • ხუთივე მოსწავლემ შეძლო, მკაფიოდ გაემიჯნა მერიისა და საკრებულოს ფუნქციები.
  • მოსწავლეებმა შეძლეს, დაეკავშირებინათ სამოქალაქო საზოგადოების ცნება კონკრეტულ სამოქალაქო ინიციატივებთან.
  • გაიზარდა მათი მოტივაცია და თვითეფექტურობის განცდა. პეტიციის შაბლონზე მუშაობამ მათ დაანახა, რომ სამოქალაქო მონაწილეობა რთული და მიუწვდომელი რამ არ არის.
  • რემედიაციის შემდეგ ეს მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ მთელი კლასის შემაჯამებელ კომპლექსურ დავალებაშიც.

 

სამოქალაქო განათლებაში სარემედიაციო მუშაობა თეორიული მასალის უბრალო გამეორებაზე არ უნდა იქნეს დაყვანილი, განსაკუთრებით ისეთი თემების შესწავლისას, როგორებიცაა სამოქალაქო საზოგადოება და ადგილობრივი თვითმმართველობა. წარმატების გასაღებია:

  • ადრეული დიაგნოსტირება, საჭიროებების დროულად გამოვლენა დიაგნოსტიკური ინსტრუმენტებით;
  • დიფერენცირებული, მცირეჯგუფური მუშაობა პრობლემების მქონე მოსწავლეებთან, ინდივიდუალური აქცენტების დასმა;
  • პრაქტიკული, ვიზუალური და როლური აქტივობები, ბარათების დახარისხება, სიმულაციები, პეტიციის შაბლონები.

როდესაც მოსწავლე ხედავს, როგორ ეხება ადგილობრივი თვითმმართველობა მის ყოველდღიურ გარემოს, ეზოს, სკოლასა თუ ქუჩას, აბსტრაქტული ცნებები მისთვის გასაგები ხდება, ხოლო სწავლის პროცესი  – შინაარსიანი და საინტერესო.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. (2018). ეროვნული სასწავლო გეგმა (III თაობა). თბილისი
  2. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. მოქალაქეობის საგნობრივი სტანდარტი
  3. ევროპის საბჭო. (2018). დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების საცნობარო ჩარჩო (Reference Framework of Competences for Democratic Culture – RFCDC). სტრასბურგი
  4. (2015). Global Citizenship Education: Topics and Learning Objectives. Paris: UNESCO
  5. (2018). The Future of Education and Skills: Education 2030 Framework. Paris: OECD Publishing

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

მშობლის მთავარი კითხვა

ტერცო მონდო

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“