ციფრულმა ეპოქამ ინფორმაციაზე წვდომა მნიშვნელოვნად გაამარტივა, მაგრამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა თავისთავად არ ნიშნავს მის გააზრებას. მოსწავლეებისთვის ხშირად უფრო ადვილია ცალკეული ფაქტების დამახსოვრება და გახსენება, ვიდრე ერთმანეთსა და სხვადასხვა მოვლენასა თუ პროცესთან მათი დაკავშირება. მათ უჭირთ მოვლენებს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირების დანახვა და საკითხის მთლიანობაში აღქმა. მაგალითად,მოსწავლეებმა იციან, რა არის ელ-ნინიო, რა იწვევს გვალვას ან როგორ ხდება ურბანიზაცია, მაგრამ ხშირად ვერ ხედავენ, როგორ უკავშირდება ეს მოვლენები ერთმანეთს და რა გავლენას ახდენს ეს კავშირები ადამიანის ყოფა-ცხოვრებასა თუ გარემოზე. ამიტომ, თანამედროვე განათლების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არა მხოლოდ ინფორმაციის გადაცემა და დაგროვება, არამედ ცოდნის კონსტრუირებისა და გააზრების უნარის განვითარებაც არის.
ამ პრობლემის დაძლევის ერთ-ერთი ეფექტიანი საშუალებაა ჰექსაგონური აზროვნება (Hexagonal Thinking). მისი მთავარი მიზანია, მოსწავლემ აღმოაჩინოს და ახსნას კავშირები სხვადასხვა იდეასა და მოვლენას შორის. მეთოდი ხელს უწყობს ცოდნის იმგვარად ორგანიზებას, რომ მოსწავლემ ის აღიქვას არა როგორც ცალკეული და ერთმანეთისგან იზოლირებული ფაქტების ერთობლიობა, არამედ როგორც ურთიერთდაკავშირებული მთლიანი სისტემა.
ბიზნესის სამყაროში ჰექსაგონური აზროვნება ენტონი ჰოჯსონმა შემოიტანა, ხოლო განათლების სფეროში ის რამდენიმე მასწავლებელმა: ტარმა, ჰუკმა და პოტაშმა – დანერგა და გაავრცელა.
ჰექსაგონური აზროვნება მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, ვიზუალურად წარმოაჩინონ კავშირები სხვადასხვა ცნებას შორის. ისინი წინასწარ მომზადებულ ექვსკუთხა ბარათებზე დაწერილ ტერმინებს, მოვლენებსა და იდეებს ისე ალაგებენ, რომ ერთმანეთთან ლოგიკურად დაკავშირებული ცნებები გვერდიგვერდ აღმოჩნდეს. თუმცა აქტივობის მთავარი ღირებულება თავად ბარათების განლაგება კი არა, მათ შორის არსებული კავშირების აღმოჩენა და დასაბუთებაა. მოსწავლეებმა უნდა ახსნან, რატომ მოათავსეს კონკრეტული ჰექსაგონები გვერდიგვერდ, რა საერთო ან მიზეზშედეგობრივი კავშირი არსებობს მათზე დაწერილ ცნებებსა და იდეებს შორის. მოსწავლეები მხოლოდ არსებულ ცოდნას კი არ იყენებენ, არამედ მსჯელობენ, იკვლევენ და საკუთარ მოსაზრებებსაც ასაბუთებენ. საბოლოოდ იბმება ცნებებს შორის კავშირების ქსელი, რომელიც საკითხის ან პრობლემის ერთიან სურათს ქმნის და ბიძგს აძლევს ჰოლისტური აზროვნების განვითარებას.
მეთოდის ეფექტიანობას თავად ჰექსაგონის ფორმაც განაპირობებს: ექვსი გვერდი თითოეული ტერმინი რამდენიმე მიმართულებით დაკავშირების საშუალებას ქმნის, რაც მოსწავლეებს მრავალმხრივი ურთიერთკავშირის დანახვასა და გააზრებაში ეხმარება.
ჰექსაგონური აზროვნება მხოლოდ კონკრეტული მასალის ათვისებას კი არ აადვილებს, არამედ კრიტიკული და სისტემური აზროვნების, თანამშრომლობისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარების განვითარებასაც უწყობს ხელს.
ჰექსაგონური აზროვნება განსაკუთრებით ეფექტიანია ჯგუფური მუშაობის დროს. თანამშრომლობის პროცესში მოსწავლეები იკვლევენ და განიხილავენ სხვადასხვა ვარიანტს, ისმენენ ერთმანეთის მოსაზრებებს, აანალიზებენ კავშირებს და ასაბუთებენ საკუთარ არჩევანს. შედეგად, სასწავლო პროცესი ცოდნის პასიური მიღებიდან აქტიურ კონსტრუირებაზე გადადის.
ეს პროცესი მოსწავლისგან მოითხოვს სხვადასხვა ვარიანტის შედარებას, კავშირების შეფასებას, გადაწყვეტილების მიღებასა და საკუთარი მოსაზრების დასაბუთებას, რაც ხელს უწყობს მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებას, საკითხის ჰოლისტურ გააზრებასა და ცოდნის ტრანსფერს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ერთი და იგივე ტერმინი სხვადასხვა მოსწავლესთან სხვადასხვა ასოციაციებსა და ინტერპრეტაციებს აღძრავს. ჯგუფური მუშაობის პროცესში განსხვავებული ხედვები დისკუსიას განაპირობებს და მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, ახალი არგუმენტებით გაამყარონ ან, საჭიროების შემთხვევაში, გადააფასონ თავიანთი მოსაზრებები.
თანამედროვე სამყარო ეკოლოგიური, ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მოვლენების ურთიერთდაკავშირებული სისტემებისგან შედგება, რომელთა სრულყოფილად გააზრება მხოლოდ ცალკეული ფაქტების ცოდნით შეუძლებელია. ეს მოითხოვს კავშირების, ურთიერთგავლენებისა და დამოკიდებულებების დანახვის უნარს, ანუ სისტემურ აზროვნებას. ჰექსაგონური ბარათების დაჯგუფება, გადაადგილება და სხვადასხვა გზით დაკავშირება მოსწავლეებს სწორედ ამ უნარის განვითარებაში ეხმარება.
ეს მიდგომა სავსებით შეესაბამება კონსტრუქტივისტულ საგანმანათლებლო თეორიას: მოსწავლეები კვლევის, გამოცდილების, დაკვირვებისა და თანამშრომლობის გზით თავად აგებენ ცოდნას. როდესაც მოზარდები დამოუკიდებლად ადგენენ კავშირებს, ცვლიან ბარათების განლაგებას და ამატებენ ახალ ტერმინებსა და ცნებებს, ისინი ქმნიან ახალ მნიშვნელობებს და აყალიბებენ ცოდნის საკუთარ სტრუქტურას. შედეგად სწავლა უფრო გააზრებული ხდება, ხოლო მიღებული ცოდნა – უფრო მტკიცე და პრაქტიკულად გამოყენებადი.
ამ მეთოდის გამოყენებით მასწავლებელს ასევე შეუძლია, უკეთ დაინახოს, როგორ ესმით მოსწავლეებს სასწავლო მასალა და როგორ ამყარებენ კავშირებს სხვადასხვა იდეას შორის, ამიტომ აქტივობა შეფასების ინსტრუმენტადაც შეიძლება იქნეს გამოყენებული.
აქტივობის წარმატებით ჩასატარებლად მნიშვნელოვანია მისი წინასწარ დაგეგმვა. უპირველეს ყოვლისა, უნდა შეირჩეს ისეთი თემა, რომელიც ცნებებსა და მოვლენებს შორის კავშირების დანახვასა და გააზრებას მოითხოვს. მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურია კომპლექსური საკითხების შესწავლისას. აქტივობა უმჯობესია მცირე ჯგუფებში (2-4 მოსწავლე) ჩატარდეს. მასწავლებელმა წინასწარ უნდა მოამზადოს ექვსკუთხა ბარათები შესაბამისი ტერმინებით, ფაქტებითა და მოვლენებით, საჭიროების შემთხვევაში კი რამდენიმე ცარიელი ბარათიც დატოვოს ახალი იდეებისთვის.
მუშაობის პროცესში მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა არა მხოლოდ დაალაგონ და დააკავშირონ ტერმინები, არამედ ახსნან და დაასაბუთონ კიდეც თითოეული კავშირის მნიშვნელობა. აქტივობის დასასრულს ჯგუფებმა უნდა წარმოადგინონ შექმნილი სქემები და იმსჯელონ ერთმანეთის ნაშრომებზე. შეფასებისას ყურადღება უნდა გამახვილდეს როგორც ტერმინებს შორის შექმნილი კავშირების სისწორესა და ლოგიკურობაზე, ისე მოსწავლეთა თანამშრომლობისა და არგუმენტირებული მსჯელობის ხარისხზეც.
ჰექსაგონური აზროვნება გეოგრაფიის სწავლებისას განსაკუთრებით ეფექტიანია, რადგან გეოგრაფიული ცოდნა მრავალ ურთიერთდაკავშირებულ ბუნებრივ და საზოგადოებრივ პროცესს აერთიანებს. შესაბამისად, მათი გააზრება მოითხოვს არა მხოლოდ ცალკეული ფაქტების შესწავლას, არამედ მათ შორის არსებული კავშირების სისტემურ გაანალიზებასაც. თითქმის ყველა გეოგრაფიული თემა სხვადასხვა კომპონენტს შორის ურთიერთკავშირების გააზრებას მოითხოვს. გთავაზობთ რამდენიმე მაგალითს:
თემა: ელ-ნინიო
მუშაობისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შემდეგი ცნებები და ტერმინები: წყნარი ოკეანე, ზღვის ზედაპირის ტემპერატურა, ნალექები, გვალვა, წყალდიდობა, პერუ, თევზჭერა, სოფლის მეურნეობა, მოსავლიანობა, ეკონომიკა, კლიმატის ცვლილება.
მოსწავლეთა ამოცანაა, დაუკავშირონ ისინი ერთმანეთს და განმარტონ თითოეული კავშირის მნიშვნელობა. მაგალითად, როგორ უკავშირდება ზღვის ზედაპირის ტემპერატურის მატება თევზჭერის შემცირებას ან რა გავლენას ახდენს გვალვა სოფლის მეურნეობასა და ეკონომიკაზე. მუშაობის პროცესში ისინი დამოუკიდებლად იკვლევენ მიზეზშედეგობრივ კავშირებს, აანალიზებენ ელ-ნინიოს მრავალმხრივ გავლენას და აცნობიერებენ ბუნებრივ, სოციალურ და ეკონომიკურ პროცესებს შორის არსებულ ურთიერთდამოკიდებულებას.
თემა: კლიმატის ცვლილება და მისი გავლენა
მუშაობის პროცესში გამოსაყენებელი სავარაუდო ტერმინები: გლობალური დათბობა, ზღვის დონის აწევა, გვალვა, მიგრაცია, სოფლის მეურნეობა, ნახშირორჟანგის ემისია, სათბურის გაზები, ურბანიზაცია, სასურსათო უსაფრთხოება
მოსწავლეებმა უნდა დაადგინონ, როგორ უკავშირდება ნახშირორჟანგის ემისია სათბურის აირების მატებას ან რა გავლენას ახდენს გვალვა სოფლის მეურნეობასა და სასურსათო უსაფრთხოებაზე. ამ პროცესში ისინი იკვლევენ კლიმატის ცვლილების მიზეზებსა და შედეგებს და აანალიზებენ გარემოსა და საზოგადოებას შორის არსებულ ურთიერთკავშირებს.
თემა: ურბანიზაცია და ქალაქი
სავარაუდო ტერმინები: მოსახლეობის ზრდა, ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი, ჰაერის დაბინძურება, საცხოვრებელი კრიზისი, ურბანული გაფართოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, სოციალური უთანასწორობა
აქტივობის ფარგლებში მოსწავლეები აანალიზებენ ქალაქების ზრდასთან დაკავშირებულ ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით პროცესებს. ისინი იკვლევენ, როგორ უწყობს ხელს ეკონომიკური შესაძლებლობები მოსახლეობის ზრდას და რა გავლენას ახდენს ურბანული გაფართოება ტრანსპორტზე, საცხოვრებელ გარემოსა და ჰაერის ხარისხზე.
თემა: ბუნებრივი რესურსები და მდგრადი განვითარება
სავარაუდო ტერმინები: განახლებადი ენერგია, წიაღისეული საწვავი, წყლის რესურსები, ტყის განადგურება, ბიომრავალფეროვნება, მდგრადი განვითარება, მრეწველობა.
მოსწავლეები იკვლევენ, როგორ უკავშირდება წიაღისეული საწვავის გამოყენება გარემოს დაბინძურებას ან რა გავლენას ახდენს ტყის განადგურება ბიომრავალფეროვნებაზე. აღნიშნული აქტივობა მათ ეხმარება ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენებისა და მდგრადი განვითარების მნიშვნელობის გააზრებაში. საჭიროების შემთხვევაში მათ შეუძლიათ, სქემას ადგილობრივი მაგალითებიც დაამატონ.
თემა: „ტექტონიკური ფილები და სტიქიური მოვლენები“
სავარაუდო ტერმინები: ტექტონიკური ფილები, ფილების საზღვარი, სუბდუქცია, მიწისძვრა, ვულკანი, ცუნამი, სეისმური ზონა, რისკების შეფასება, კატასტროფების მართვა
მოსწავლეები ადგენენ, როგორ იწვევს ფილების მოძრაობა მიწისძვრებსა და ვულკანურ პროცესებს ან როგორ უკავშირდება სეისმური ზონა კატასტროფების რისკების შეფასებას. ეს აქტივობა ხელს უწყობს სტიქიური მოვლენების გამომწვევი მიზეზებისა და მათი შედეგების სისტემურ გააზრებას.
ჰექსაგონური აზროვნება შეიძლება გამოვიყენოთ გაკვეთილის სხვადასხვა ეტაპზე: დასაწყისში – წინარე ცოდნის გასააქტიურებლად, ახალი ცოდნის კონსტრუირების ეტაპზე – როგორც სასწავლო სტრატეგია, ხოლო გაკვეთილის ბოლოს – შემაჯამებელ დავალებად ან შეფასების ინსტრუმენტად.
მოსწავლე არ შემოიფარგლება მხოლოდ ფაქტების დამახსოვრებით – იგი სწავლობს მათ შორის კავშირების გააზრებას, არგუმენტირებულ მსჯელობასა და ცოდნის კრიტიკულ შეფასებას, ეს კი ხელს უწყობს მის ჩამოყალიბებას აქტიურ მკვლევრად, რომელიც ცოდნას არა მხოლოდ იღებს, არამედ თავადაც ქმნის და ამუშავებს.
თანამედროვე განათლების მიზანი აღარ არის მხოლოდ პასუხების ცოდნა. გაცილებით მნიშვნელოვანია ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა, სადაც მოსწავლე სვამს კითხვებს, ადგენს კავშირებს და დამოუკიდებლად აგებს საკუთარ ცოდნას. ამ მიზნის მიღწევაში კი მნიშვნელოვან დახმარებას გვიწევს ჰექსაგონური აზროვნება როგორც აქტიური სწავლებისა და ცოდნის კონსტრუირების ეფექტიანი სტრატეგია.
გამოყენებული ინტერნეტგვერდები:
https://pamhook.com/solo-apps/hexagon-generator/ – ვებგვერდზე შეგიძლიათ შექმნათ ჰექსაგონები.
https://seriousoutcomes.com/the-five-stage-seriouswork-model-how-lego-serious-play-makes-systems-visible-2/; https://www.cultofpedagogy.com/hexagonal-thinking/
https://ditchthattextbook.com/hexagonal-thinking/
https://www.graduateprogram.org/blog/hexagonal-thinking-in-the-modern-classroom/



