ახალი სასწავლო წლის დაწყება მხოლოდ ახალი სახელმძღვანელოების, სასკოლო ნივთების, რვეულების შეძენას არ ნიშნავს. ეს არის პერიოდი, როდესაც მოსწავლე, მშობელი და მასწავლებელი ერთდროულად უბრუნდებიან ნაცნობ, თუმცა შეცვლილ რიტმს.
სასწავლო წლის პირველ დღეებს თან ახლავს სიხარული, მოლოდინი და ერთმანეთის ნახვის სურვილი, მაგრამ ამ ემოციებთან ერთად შესაძლოა თავი იჩინოს შფოთვამ, გაურკვევლობამ, დაძაბულობამ, ახალ გარემოსთან შეგუების სირთულემ. ეს ყველაფერი ბუნებრივია.
ახალი სასწავლო წელი მხოლოდ აკადემიური პროცესის განახლება არ არის. ეს არის ურთიერთობები, ახალი გამოცდილება და ემოციური ადაპტაცია, ამიტომ პირველი დღეების მთავარი ამოცანაა უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემოს შექმნა.
ბავშვი: „როგორი იქნება ეს წელი?“
საზაფხულო არდადეგების შემდეგ სასკოლო რეჟიმში დაბრუნება ბავშვისთვის რიგითი მოვლენა არ არის. იცვლება მისი დღის განრიგი, ძილისა და დასვენების დრო, ყოველდღიური პასუხისმგებლობები და სოციალური გარემო. ამასთან, სკოლაში დაბრუნებას დადებითი ემოციებიც ახლავს. ბავშვებს უხარიათ მეგობრების ნახვა, ერთმანეთისთვის ზაფხულის ამბების მოყოლა, ერთად დროის გატარება. სწორედ ეს განცდები ეხმარება მათ ადაპტაციის პროცესში.
თუმცა სკოლაში დაბრუნებამდე ბევრ ბავშვს აფორიაქებს კითხვები: როგორ შემხვდებიან მეგობრები? როგორი იქნება ახალი მასწავლებელი? გამიჭირდება თუ არა სწავლა? ყველაფერს მოვასწრებ თუ არა?
ზოგჯერ ამ კითხვებს ხმამაღლა არც კი სვამენ, მაგრამ ისინი შეიძლება ქცევაში გამოჩნდეს: ბავშვი გახდეს უფრო ჩუმი ან მოუთმენელი, ადვილად ღიზიანდებოდეს, ზედმეტად ღელავდეს.
ამ დროს მნიშვნელოვანია, კი არ უარვყოთ, არამედ მივიღოთ ბავშვის ემოცია.
ფრაზა „ნუ ნერვიულობ“ ყოველთვის ვერ ამცირებს შფოთვას. გაცილებით უკეთესია „ვხვდები, რომ ცოტა ღელავ. ახალი წლის დასაწყისში ასეთი განცდა ბუნებრივია. ნელ-ნელა შეეჩვევი“. ამით ბავშვს ვეუბნებით, რომ მისი ემოცია მისაღებია და მასთან გამკლავება შესაძლებელია.
პირველი დღე გამოცდა არ არის
ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ არ არის აუცილებელი, პირველივე დღეს ყველაფერი იდეალურად იყოს. ახალი მასწავლებლის გაცნობა, დღის რეჟიმთან შეგუება და სასწავლო პროცესში ჩართვა ეტაპობრივად ხდება.
ბავშვს მშვიდი სამზადისიც ეხმარება. მაგალითად, წინა საღამოს ჩანთისა და ტანსაცმლის მომზადება, სასკოლო ნივთების ერთად გადამოწმება და მეორე დღის განრიგის გაცნობა მას ორგანიზებულობისა და პროგნოზირებადობის განცდას უქმნის. ეს პატარ-პატარა მოქმედებები ბავშვისთვის მნიშვნელოვან შეტყობინებას შეიცავს: „ვიცი, რა მელოდება და ამისთვის მზად ვარ“.
მშობელი: „ბავშვის ემოციებს ჩვენი ემოციებიც ახლავს“
შვილის სკოლაში გაცილება მშობლისთვისაც ემოციური გამოცდილებაა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბავშვი პირველად მიდის სკოლაში, ახალ საფეხურზე გადადის ან ახალი სასწავლო წლის მიმართ განსაკუთრებული მოლოდინი აქვს.
მშობელს ბუნებრივად უჩნდება სურვილი, ბავშვი ნებისმიერი სირთულისგან დაიცვას. ზოგჯერ ეს სურვილი ზედმეტ კონტროლში გადაიზრდება: რამდენად კარგად მოემზადა, რას მიიღებს, როგორ მოიქცევა, რა უთხრა მასწავლებელმა, ვინ დაუმეგობრდება.
მაგრამ ბავშვისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რას ვეუბნებით, არამედ ისიც, როგორ ვიქცევით.
ბავშვები მშობლების ემოციურ მდგომარეობას ძალიან სწრაფად ამჩნევენ. თუ მშობელი მშვიდად საუბრობს სკოლაზე, ენდობა მასწავლებელს და ახალ ეტაპს საფრთხედ კი არა, განვითარების შესაძლებლობად აღიქვამს, ბავშვსაც უადვილდება გარემოსთან შეგუება.
ეს არ ნიშნავს, რომ მშობელმა საკუთარი შფოთვა უნდა დამალოს. უფრო მნიშვნელოვანია, ბავშვმა დაინახოს: ღელვა შეიძლება, მაგრამ მასთან გამკლავებაც შესაძლებელია.
რას ვეკითხებით ბავშვს შინ?
სკოლიდან დაბრუნების შემდეგ მშობლის პირველი კითხვები ხშირად ასეთია: „რა მიიღე?“; „ხომ კარგად იქცეოდი?“
ეს კითხვები თავისთავად ცუდი არ არის, მაგრამ თუ საუბარი ყოველთვის მხოლოდ ნიშნებსა და ქცევას ეხება, ბავშვს შესაძლოა გაუჩნდეს განცდა, რომ მშობლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია შედეგი.
სასარგებლოა ისეთი კითხვების დასმაც, რომლებიც ბავშვის გამოცდილებასა და ემოციებზეა ორიენტირებული:
- „დღეს ყველაზე მეტად რამ გაგახარა?“
- „ვისთან ერთად გაატარე შესვენება?“
- „რა იყო დღეს ყველაზე საინტერესო?“
- „რამ გაგაკვირვა?“
- „მოხდა რამე ისეთი, რაც არ მოგეწონა?“
ასეთი კითხვები ბავშვს აჩვენებს, რომ ჩვენ მხოლოდ მისი აკადემიური შედეგები კი არა, მისი ყოველდღიური გამოცდილებაც გვაინტერესებს.
ზოგჯერ კი საუკეთესო კითხვა შესაძლოა საერთოდ არ იყოს კითხვა. ბავშვს შესაძლოა უბრალოდ დრო სჭირდებოს, რომ სკოლიდან დაბრუნების შემდეგ დაისვენოს და თავად დაიწყოს საუბარი.
მასწავლებელი: „აქ გელოდნენ“
ამ ემოციური სამკუთხედის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საყრდენი მასწავლებელია.
სასწავლო წლის დასაწყისი პედაგოგისთვისაც დატვირთული პერიოდია. სასწავლო გეგმები, დოკუმენტაცია, საკლასო ოთახის მომზადება, ახალი მოსწავლეების გაცნობა და მრავალი სხვა პასუხისმგებლობა მისგან დიდ ენერგიას მოითხოვს.
ამ ფონზე შეიძლება დაგვავიწყდეს ერთი უბრალო რამ: პირველ დღეს ბავშვი მხოლოდ გაკვეთილზე არ მოდის. ის მოდის ურთიერთობის დასაწყებად.
პირველი შეხვედრისას მოსწავლისთვის შესაძლოა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს ისეთი უბრალო ჟესტები, როგორიცაა სახელით მიმართვა, თვალით კონტაქტი, ღიმილი, მოსმენა და გულწრფელი ინტერესის გამოხატვა.
ბავშვმა უნდა იგრძნოს: „აქ ჩემი მოსვლა უხარიათ“.
ეს განცდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც ახალ კლასში გადადიან, ახალ სკოლაში იწყებენ სწავლას ან ადაპტაციის უფრო ნელი ტემპი აქვთ.
პირველ დღეებში სასარგებლოა ისეთი გარემოს შექმნა, სადაც მოსწავლეს შეუძლია საკუთარი თავის წარდგენა, თანაკლასელების გაცნობა, კითხვების დასმა და ახალი წესების ეტაპობრივად გაგება.
სასწავლო წლის პირველი დღე შეიძლება არ დარჩეს მხოლოდ წესებისა და მოთხოვნების ჩამონათვალად – ის შესაძლოა იქცეს დღედ, როდესაც საფუძველი ეყრება ურთიერთობას.
სამივე მხარეს ერთი საერთო მიზანი აქვს
მოსწავლე, მშობელი და მასწავლებელი სხვადასხვა როლში არიან, მაგრამ მათ ერთი მნიშვნელოვანი საერთო მიზანი აქვთ: ბავშვისთვის ისეთი გარემოს შექმნა, სადაც მას შეუძლია ისწავლოს, შეცდეს, სცადოს, იკითხოს და განვითარდეს.
ამიტომ სკოლა არ უნდა იქცეს სივრცედ, სადაც ბავშვი მუდმივად აფასებს საკუთარ თავს კითხვით: „საკმარისად კარგი ვარ?“
სკოლა უნდა იყოს ადგილი, სადაც მას შეუძლია იფიქროს:
„შემიძლია, ვცადო“.
„თუ არ გამომივიდა, კიდევ ერთხელ ვცდი“.
„შეცდომა სწავლის ნაწილია“.
„თუ გამიჭირდა, შემიძლია, დახმარება ვითხოვო“.
ამისთვის კი არც მოსწავლეს, არც მშობელს და არც მასწავლებელს არ სჭირდებათ იდეალურობა.
ყველა ბავშვი სხვადასხვა ტემპით ეგუება ცვლილებას. ზოგისთვის ახალი გარემო საინტერესო თავგადასავალია, ზოგისთვის კი – თავდაპირველად დამღლელი და დამაბნეველი გამოცდილება. ზოგ ბავშვს მეგობრებთან შეხვედრა ამხნევებს, ზოგს კი შესაძლოა რამდენიმე დღე დასჭირდეს იმისთვის, რომ ახალ რიტმს მოერგოს.
ეს განსხვავებები პრობლემა არ არის, ისინი ინდივიდუალური განვითარების ნაწილია.
ახალი სასწავლო წელი რბოლა არ არის. სწავლის პირველი დღე წარმატებულია არა მაშინ, როდესაც ყველაფერი გეგმის მიხედვით, უშეცდომოდ და იდეალურად ჩაივლის, არამედ მაშინ, როდესაც ბავშვი დღის ბოლოს გრძნობს, რომ სკოლა მისთვის უსაფრთხო და მისაღები სივრცეა.
ამიტომ პირველ დღეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოთხი რამ: დრო, მოთმინება, მოსმენა და მხარდაჭერა.
ვადროვოთ ბავშვს, შეეგუოს.
მივცეთ საკუთარ თავს უფლება, ყველაფერი ერთ დღეში არ მოგვარდეს.
მოვუსმინოთ ერთმანეთს შეფასების გარეშე და შევახსენოთ ბავშვებს, რომ სირთულეები წარუმატებლობას არ ნიშნავს.
ახალი სასწავლო წელი რბოლა არ არის. ის გზაა, რომელსაც მოსწავლე, მშობელი და მასწავლებელი ერთად გადიან და ამ გზის საუკეთესო დასაწყისია, ბავშვმა იგრძნოს: „მე აქ მელოდნენ“.


