წარმოიდგინეთ, მასწავლებელი წილადების თემაზე გაკვეთილს გეგმავს და თვალსაჩინოებად ვაშლს ირჩევს. იდეა მარტივია: ვაშლის ორ ან ოთხ ნაწილად გაყოფით ბავშვები უკეთ გაიაზრებენ, როგორ უკავშირდება ნაწილი მთელს. თუმცა გაკვეთილზე შეიძლება აღმოჩნდეს, რომ მოსწავლეების ყურადღება სასწავლო მიზნიდან სხვა მიმართულებით გადავიდა, ისინი იმაზე ფიქრობენ, ვინ რამდენს მიიღებს და როდის შეძლებენ ვაშლის ჭამას. შესაძლოა, ვაშლის დაყოფის დროს კიდევ ერთი სირთულეც გამოიკვეთოს: შეიძლება მიღებული ორი ნახევარი ზომით ერთმანეთის ტოლი არ იყოს.
ეს ნიშნავს თუ არა, რომ ვაშლის გამოყენება ცუდი იდეაა? რა თქმა უნდა, არა. ეს მაგალითი გვაჩვენებს, რომ საინტერესო იდეა თავისთავად ჯერ კიდევ არ ნიშნავს ეფექტიან სასწავლო რესურსს. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რას ვთავაზობთ ბავშვებს, არამედ ისიც, როგორ და რა მიზნით ვიყენებთ მას.
სასწავლო რესურსის ღირებულებას მხოლოდ მისი ორიგინალურობა, ხელმისაწვდომობა ან მიმზიდველობა არ განსაზღვრავს. არსებითია, რამდენად ემსახურება ის კონკრეტულ სასწავლო მიზანს, რამდენად უსაფრთხოა და რამდენად უზრუნველყოფს ყველა ბავშვის მონაწილეობას. ვაშლის მაგალითი გვიჩვენებს, რომ შემოქმედებით იდეას პროფესიული გააზრება უნდა ახლდეს: მასწავლებელმა წინასწარ უნდა გაითვალისწინოს რესურსის შესაძლებლობები, შეზღუდვები და მისი გამოყენებისას შესაძლო სირთულეები. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა სახის სასწავლო რესურსები არსებობს, რა მიზნით შეიძლება მათი გამოყენება და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება რესურსის შერჩევისას.
რა სახის სასწავლო რესურსებს ვიყენებთ და რა მიზნით?
მასწავლებლის შემოქმედებითი მიდგომა ხშირად იმაში ვლინდება, რომ ჩვეულებრივ ნივთებს სასწავლო დანიშნულებას უძებნის და მათ ბავშვებისთვის საინტერესო აქტივობებად აქცევს. თუმცა მხოლოდ საინტერესო იდეა საკმარისი არ არის, მნიშვნელოვანია, რამდენად შეესაბამება შერჩეული რესურსი სასწავლო მიზანს, რამდენად უსაფრთხოა და რამდენად ითვალისწინებს ბავშვების საჭიროებებს. ამის გასააზრებლად, სასარგებლოა, სასწავლო რესურსებს გადავხედოთ.
სასწავლო რესურსების კლასიფიცირების სხვადასხვა მიდგომა არსებობს. ამ სტატიაში საკითხის პრაქტიკულად განხილვის მიზნით, რესურსებს ოთხ ფართო ჯგუფად დავყოფთ:
- მზა, სპეციალურად დამზადებული თვალსაჩინოებები – მაგალითად, დასათვლელი მასალა, ბარათები, გეომეტრიული ფიგურები და სხვა. ისინი ხშირად კონკრეტული სასწავლო მიზნისთვის არის შექმნილი, თუმცა შეიძლება ძვირი ღირდეს ან გამოყენების შესაძლებლობა შეზღუდული ჰქონდეს.
- ღია, მრავალფუნქციური მასალები – ბუნებრივი მასალები (ქვები, ფოთლები, ჩხირები…) და მეორადი ნივთები (მუყაოს ყუთები, თავსახურები, ქსოვილის ნარჩენები…). მათ შორისაა სხვადასხვა დანიშნულებით გამოსაყენებელი ცალკეული მასალები (ე. წ. loose parts), რომლებსაც ბავშვები საკუთარი იდეების მიხედვით აერთიანებენ და ახალ ფუნქციას ანიჭებენ (Daly, L., & Beloglovsky, M., 2015). ასეთი მასალები შემოქმედებითი მიდგომისა და ექსპერიმენტირების შესაძლებლობას ქმნის, თუმცა მათ გააზრებული შერჩევა და უსაფრთხოების შეფასება სჭირდება. მაგალითად, ხის ჩხირები, გირჩები, ქვები და მუყაოს რულონები ბავშვმა შეიძლება ნაგებობის ასაგებად, ნიმუშების შესაქმნელად ან წარმოსახვით თამაშში გამოიყენოს.
- ყოველდღიური ნივთები და საკვები პროდუქტები – მაგალითად, ჭიქები, კოვზები, სხვადასხვა ზომის ჭურჭელი, ქსოვილები, ასევე, ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული და სხვა საკვები პროდუქტები. მათი გამოყენება შესაძლებელია რაოდენობის, გაზომვის, კლასიფიკაციისა და წილადების შესასწავლად. თუმცა რესურსის შერჩევისას მნიშვნელოვანია სასწავლო მიზნის, ჰიგიენის, უსაფრთხოებისა და ბავშვების ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება.
- ციფრული სასწავლო რესურსები – მაგალითად, საგანმანათლებლო აპლიკაციები, ინტერაქციული სავარჯიშოები, ციფრული თამაშები, სიმულაციები, ვიდეომასალა და პრეზენტაციები. მათი საშუალებით შესაძლებელია პროცესებისა და მოვლენების ვიზუალიზაცია, ახალი ცნებების ილუსტრირება და ცოდნის განმტკიცება. თუმცა მნიშვნელოვანია, რესურსის შინაარსი ზუსტი და ბავშვის ასაკისთვის შესაფერისი იყოს, ხოლო მისი გამოყენება კონკრეტულ სასწავლო მიზანს ემსახურებოდეს. მათი გამოყენებისას მნიშვნელოვანია, ასევე, გავითვალისწინოთ სკოლის ტექნიკური შესაძლებლობები, ინტერნეტზე წვდომა და სკოლაში მოქმედი წესები. ციფრული აქტივობა ისე უნდა დაიგეგმოს, რომ თითოეული ბავშვის მონაწილეობა პირადი მოწყობილობის ქონაზე არ იყოს დამოკიდებული.
რესურსების თითოეულ ჯგუფს სასწავლო პროცესში თავისი ადგილი აქვს. მთავარია, სწორად განვსაზღვროთ, რომელი რესურსი შეესაბამება კონკრეტულ სასწავლო მიზანს და რა უნდა გავითვალისწინოთ მისი გამოყენებისას. ამასთან, ეს ჯგუფები ერთმანეთისგან ყოველთვის მკვეთრად გამიჯნული არ არის. მაგალითად, გეომეტრიული ფიგურების გამოსახულებიანი ციფრული ბარათები ერთდროულად ციფრულ რესურსსაც წარმოადგენს და მზა თვალსაჩინოებასაც.
მეორადი მასალები – სასარგებლო რესურსი, რომელიც გააზრებულ შერჩევას მოითხოვს
ხელახლა გამოსაყენებელი მასალები სკოლამდელ და სასკოლო გარემოში მრავალფეროვანი აქტივობების დაგეგმვის შესაძლებლობას გვაძლევს. მუყაოს ყუთებით ბავშვებს შეუძლიათ ააგონ შენობები, შექმნან წარმოსახვითი ქალაქები ან დაგეგმონ სივრცე. ქაღალდის რულონები შეიძლება გამოიყენონ კონსტრუქციების შესაქმნელად, ქსოვილის ნაჭრები – როლური თამაშებისთვის, ხოლო სხვადასხვა ზომისა და ფერის თავსახურები – ფერების, ფორმებისა და რაოდენობების შესასწავლად. ასეთი საქმიანობა ბავშვებს ექსპერიმენტირების, პრობლემების გადაჭრისა და საკუთარი იდეების განხორციელების საშუალებას აძლევს.
ამასთან, მეორადი მასალების გამოყენება რესურსების ხელახლა გამოყენების მნიშვნელობის გააზრებასაც უწყობს ხელს. ბავშვები ხედავენ, რომ ნივთს ყოველთვის მხოლოდ ერთი დანიშნულება არ აქვს და ის, რასაც ერთი ადამიანი აღარ იყენებს, შესაძლოა სხვას ახალი იდეის განხორციელებაში დაეხმაროს.
თუმცა ნივთისთვის ახალი დანიშნულების მოძებნა მისი გამოყენებისთვის საკმარისი არ არის. მეორადი მასალების გამოყენებამდე მნიშვნელოვანია მათი წარმომავლობის, მდგომარეობისა და უსაფრთხოების შეფასება. მაგალითად, მუყაოს ყუთი არ უნდა იყოს დასველებული ან დაბინძურებული. ქაღალდის რულონს არ უნდა ჰქონდეს დაზიანებული, მოშვებული ნაწილები, ხოლო პლასტმასის თავსახურები არ უნდა იყოს გატეხილი ან ბასრი კიდეებით. ასევე, გასათვალისწინებელია მასალის ზომა, რადგან მცირე ზომის ნივთები განსაკუთრებით სახიფათო შეიძლება იყოს იმ ასაკის ბავშვებისთვის, რომლებიც ნივთებს პირში იდებენ.
მნიშვნელოვანია ისიც, თუ რას შეიცავდა შეფუთვა მანამდე. მაგალითად, საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებების, სადეზინფექციო ხსნარებისა და მედიკამენტების კონტეინერების ბავშვების სასწავლო აქტივობებში გამოყენება მიზანშეწონილი არ არის. ასეთი შეფუთვების გარეცხვა არ იძლევა გარანტიას, რომ ყველა შესაძლო რისკი აღმოფხვრილია. თუ ნივთის წინა დანიშნულება უცნობია ან არსებობს ეჭვი, რომ შეფუთვაზე სახიფათო ნივთიერებების ნარჩენებია, უმჯობესია, მისი გამოყენებისგან თავი შევიკავოთ.
მასალის უსაფრთხოება მხოლოდ სისუფთავით არ განისაზღვრება. მაგალითად, გარეცხილი პლასტმასის თავსახურიც შეიძლება შეუსაბამო იყოს მცირეწლოვან ბავშვებთან გამოსაყენებლად, თუ მისი ზომა გადაყლაპვის საფრთხეს ქმნის. ამიტომ რესურსის შერჩევისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს ბავშვის ასაკი, ინდივიდუალური შესაძლებლობები და ისიც, როგორ გამოიყენებენ ბავშვები ამ ნივთს კონკრეტული აქტივობის დროს.
უსაფრთხოების საკითხებზე ბავშვებთან საუბარიც სასწავლო პროცესის ნაწილად შეიძლება იქცეს. მასწავლებელს შეუძლია აუხსნას მათ, რატომ ვამოწმებთ ნივთის მდგომარეობას, რატომ არ ვიყენებთ უცნობი დანიშნულების შეფუთვას და რატომ არ არის ყველა გადაგდებული ნივთი ხელახლა გამოსაყენებლად შესაფერისი. ამ გზით ბავშვები არა მხოლოდ მასალების გამოყენებას სწავლობენ, არამედ უსაფრთხოებასა და პასუხისმგებლობაზეც მსჯელობენ.
ამგვარად, მეორადი მასალის გამოყენებისას მთავარი კითხვა არ არის მხოლოდ ის, თუ რის დამზადება შეგვიძლია მისგან. პირველ რიგში უნდა განვსაზღვროთ, რამდენად შეესაბამება ნივთი სასწავლო მიზანს, უსაფრთხოა თუ არა და საერთოდ ღირს თუ არა მისი გამოყენება.
საკვები, როგორც სასწავლო რესურსი – რა უნდა გავითვალისწინოთ?
ვაშლი შეიძლება წილადების სწავლების თვალსაჩინო საშუალებად გამოვიყენოთ: ბავშვი უშუალოდ ხედავს, როგორ იყოფა მთელი ორ ან ოთხ ნაწილად. ასეთი პრაქტიკული მაგალითი შეიძლება უფრო გასაგები იყოს ბავშვისთვის, ვიდრე მხოლოდ სიტყვიერი განმარტება ან დაფაზე დაწერილი წილადი. თუმცა ამ ერთი შეხედვით მარტივი აქტივობის დაგეგმვისას ორი მნიშვნელოვანი საკითხია გასათვალისწინებელი.
პირველი ეხება ცნების სიზუსტეს. თუ ვაშლს შემთხვევით არათანაბარ ნაწილებად გავყოფთ და მათ ნახევრებს ან მეოთხედებს ვუწოდებთ, შეიძლება სწორედ იმ ცნების არასწორ გაგებას შევუწყოთ ხელი, რომლის სწავლებაც გვინდოდა. თანაბარი ნაწილების გააზრება წილადების სწავლების ერთ-ერთი საფუძველია (Van de Walle, J. A., et al., 2023). ამიტომ თვალსაჩინოების გამოყენება თავისთავად ცნების სწორად გააზრებას არ უზრუნველყოფს. მნიშვნელოვანია, როგორ იყენებს მასწავლებელი რესურსს და როგორ უხსნის ბავშვს შესასწავლ ცნებას. ამ შემთხვევაში მასწავლებელს შეუძლია ბავშვებს სთხოვოს, ერთმანეთს შეადარონ ვაშლის მიღებული ნაწილები და იმსჯელონ, თანაბარია თუ არა ისინი და რის საფუძველზე აკეთებენ ამ დასკვნას.
მეორე საკითხი თავად საკვების გამოყენებას უკავშირდება. ვაშლმა შეიძლება ბავშვების ყურადღება წილადების გააზრებიდან საკვების განაწილებაზე გადაიტანოს. ამასთან, მასწავლებელმა შესაძლოა არ იცოდეს, ჰქონდა თუ არა ყველა ბავშვს იმ დღეს საკვების მიღების შესაძლებლობა. ამიტომ საკვების გამოყენებამდე მნიშვნელოვანია ბავშვების მდგომარეობისა და საჭიროებების გათვალისწინება. ზოგჯერ უმჯობესია, ნამდვილი ვაშლის ნაცვლად ქაღალდის მოდელი, წრიული თვალსაჩინოება ან ფერადი ფურცლები გამოვიყენოთ. წილადების ასახსნელად მთავარი ისაა, რომ ბავშვმა მთელისა და მისი ნაწილების მიმართება გაიაზროს – ამისთვის კი ყოველთვის აუცილებელი არ არის ნამდვილი საკვების გამოყენება.
თამაშსა და სასწავლო აქტივობებში საკვების გამოყენების შესახებ ადრეული განათლების სფეროში განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. ერთი მხრივ, კრიტიკული მოსაზრებები უკავშირდება საკვების ფლანგვას, საკვების დეფიციტის პირობებში მის არასათანადო გამოყენებასა და ზოგიერთი პროდუქტის კულტურულ მნიშვნელობას. მეორე მხრივ, საკვების გამოყენების მხარდამჭერები ხაზს უსვამენ მის ხელმისაწვდომობასა და იმ სენსორულ და საგანმანათლებლო შესაძლებლობებს, რომლებსაც ის ბავშვებს სთავაზობს (Community Early Learning Australia, 2024; NAEYC, 2021; Md-Yunus, S., 2009).
რესურსის შერჩევა ყველა ბავშვის საჭიროებების გათვალისწინებით
სასწავლო რესურსის შერჩევისას მნიშვნელოვანია დავფიქრდეთ: ხომ არ ვქმნით ისეთ სიტუაციას, რომელშიც რომელიმე ბავშვის მონაწილეობა რთულდება? ეს შეიძლება მოხდეს მაშინაც, როდესაც აქტივობის იდეა ერთი შეხედვით უსაფრთხო და საინტერესოა. მაგალითად, თუ მასწავლებელი ოჯახებს სთხოვს სხვადასხვა მასალის მოტანას, უნდა გაითვალისწინოს, რომ ყველა ოჯახს ერთნაირი შესაძლებლობა არ აქვს. მშობელს შეიძლება არ ჰქონდეს საჭირო ნივთი, დრო ან შესაძლებლობა, რომ მოთხოვნილი მასალა მოამზადოს. ამიტომ რესურსების შეგროვება ისე უნდა დაიგეგმოს, რომ ბავშვის მონაწილეობა ოჯახის ფინანსურ ან ორგანიზაციულ შესაძლებლობებზე არ იყოს დამოკიდებული. ამ პრობლემის თავიდან აცილებაში მასწავლებელს შეუძლია დაგეგმოს კლასში ან ჯგუფში საერთო სარეზერვო მასალების კუთხის მოწყობა, საიდანაც ნებისმიერ ბავშვს შეეძლება საჭირო ნივთის აღება.
იგივე პრინციპი მოქმედებს უშუალოდ აქტივობის დროსაც. თუ არჩეული რესურსი კონკრეტული ბავშვისთვის მიუღებელია ან მის საჭიროებებს არ შეესაბამება, მასწავლებელმა ალტერნატივა უნდა გაითვალისწინოს: საკვების ნაცვლად გამოიყენოს მისი მოდელი, მცირე ზომის დეტალების ნაცვლად შეარჩიოს უფრო დიდი ნაწილები, ხოლო რთულად გამოსაყენებელი მასალის ნაცვლად – უფრო მოსახერხებელი საშუალება შესთავაზოს ბავშვს.
ეს მიდგომა ეხმიანება სწავლის უნივერსალური დიზაინის (UDL) იდეას, რომლის მიხედვითაც სასწავლო გარემო და რესურსები თავიდანვე უნდა იგეგმებოდეს მოსწავლეთა მრავალფეროვანი საჭიროებების გათვალისწინებით (წერეთელი, მ. და სხვ., 2023; Meyer, A., et al., 2014). მიზანი არ არის ყველა ბავშვისთვის ერთნაირი რესურსის შეთავაზება ნებისმიერ ფასად. მთავარია, თითოეულ მოსწავლეს ჰქონდეს სასწავლო მიზნის მიღწევისა და აქტივობაში მონაწილეობის რეალური შესაძლებლობა.
რა უნდა გავითვალისწინოთ რესურსის გამოყენებამდე?
სასწავლო აქტივობის დაგეგმვისას მასწავლებელმა საკუთარ თავს რამდენიმე კითხვა უნდა დაუსვას:
- რა არის აქტივობის სასწავლო მიზანი? კონკრეტულად რა უნდა გაიგოს, ისწავლოს ან შეძლოს ბავშვმა ამ რესურსის გამოყენებით?
- რამდენად უსაფრთხოა მასალა? ცნობილია მისი წარმომავლობა და წინა დანიშნულება? ხომ არ არის დაზიანებული და შეესაბამება თუ არა ბავშვის ასაკს?
- შეესაბამება თუ არა რესურსი ბავშვების საჭიროებებს? ხომ არ გაართულებს მისი გამოყენება რომელიმე ბავშვის მონაწილეობას?
- არსებობს ალტერნატივა? შესაძლებელია თუ არა იმავე სასწავლო მიზნის მიღწევა სხვა, უფრო უსაფრთხო ან ხელმისაწვდომი მასალის გამოყენებით?
- როგორ გამოვიყენებ რესურსს? საჭიროა მისი გამოყენების დემონსტრირება, ინსტრუქციის მიცემა ან ბავშვებზე დაკვირვება?
მაგალითად, თუ მასწავლებლის მიზანია წილადების სწავლება, მან უნდა შეარჩიოს ისეთი რესურსი, რომელიც ბავშვებს მთელისა და მისი თანაბარი ნაწილების გააზრებაში დაეხმარება. ამასთან, უნდა გაითვალისწინოს მასალის უსაფრთხოება და ისიც, შერჩეული რესურსი ხომ არ გადაიტანს ბავშვების ყურადღებას სასწავლო მიზნიდან. საჭიროების შემთხვევაში, მაგალითად, ნამდვილი ვაშლი შეიძლება ქაღალდის მოდელით ჩაანაცვლოს. აქტივობის დროს კი ბავშვებს აჩვენოს თანაბარი და არათანაბარი ნაწილები და მათი შედარება სთხოვოს.
ამ კითხვებზე დაფიქრება რესურსის შერჩევას ზედმეტად რთულ პროცესად არ აქცევს. პირიქით, დაეხმარება მასწავლებელს, წინასწარ გაითვალისწინოს ის გარემოებები, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს აქტივობის მიმდინარეობაზე, სასწავლო მიზნის მიღწევასა და ბავშვების მონაწილეობაზე.
შემოქმედებითი მიდგომა და პროფესიული პასუხისმგებლობა
მასწავლებლის შემოქმედებითი მიდგომა სასწავლო პროცესს მრავალფეროვანს ხდის. ყოველდღიური ნივთებისთვის ახალი დანიშნულების მოძებნა და ხელახლა გამოსაყენებელი მასალების ჩართვა მრავალფეროვანი სასწავლო აქტივობების დაგეგმვის შესაძლებლობას გვაძლევს. თუმცა საინტერესო იდეა თავისთავად არ ნიშნავს, რომ სასწავლო მიზანი მიღწეულია. მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა წინასწარ გაიაზროს, რამდენად შეესაბამება შერჩეული რესურსი სასწავლო მიზანს და რა უნდა გაითვალისწინოს მისი გამოყენებისას.
რესურსის შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ არა მხოლოდ ის, რამდენად ეხმარება იგი სასწავლო მიზნის მიღწევას, არამედ ისიც, რამდენად უსაფრთხოა ის, და რამდენად უწყობს ხელს ბავშვების ჩართულობას და შეესაბამება თუ არა მათ ინტერესებს, შესაძლებლობებსა და განსხვავებულ საჭიროებებს. კარგი სასწავლო რესურსი აუცილებლად ახალი, ძვირადღირებული ან უჩვეულო არ უნდა იყოს, მთავარია, ემსახურებოდეს სასწავლო მიზანს და ბავშვებისთვის უსაფრთხო, ხელმისაწვდომი და შესაბამისი იყოს.
გამოყენებული ლიტერატურა
წერეთელი, მ., კილაძე, ლ., მახარაძე, თ., კუბლაშვილი, ბ., რევიშვილი, მ., მაღლაკელიძე, თ., & ფოფხაძე, თ. (2023). საკითხავი მასალა კურსისთვის: სპეციალური და ინკლუზიური განათლების საფუძვლები. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა.
Community Early Learning Australia. (2024). The ethics of playing with food in ECEC: https://www.cela.org.au/publications/amplify-blog/apr-2024/the-ethics-of-playing-with-food
Daly, L., & Beloglovsky, M. (2015). Loose parts: Inspiring play in young children. Redleaf Press.
Md-Yunus, S. (2009). Rice, rice, rice in the bin: Addressing culturally appropriate practice in early childhood classroom. Childhood Education.
Meyer, A., Rose, D. H., & Gordon, D. (2014). Universal design for learning: Theory and practice. CAST Professional Publishing.
NAEYC. (2021). Ask HELLO: Food in the sensory table. Teaching Young Children, 14 (4). https://www.naeyc.org/node/4205
Van de Walle, J. A., Karp, K. S., & Bay-Williams, J. M. (2023). Elementary and middle school mathematics: Teaching developmentally (11th ed.). Pearson.


