მოსწავლის წერითი ნამუშევრის შეფასებისას მასწავლებლის ყურადღება ხშირად ორთოგრაფიული, პუნქტუაციური და გრამატიკული შეცდომებისკენაა მიმართული. ეს ბუნებრივიცაა: ნაწერი ენობრივი ნორმების დაცვას მოითხოვს. თუმცა გრამატიკულად გამართული წინადადება ყოველთვის ზუსტი, მოქნილი და აზრობრივად ეფექტიანი არ არის. ტექსტში შეიძლება ყველა სიტყვა სწორად ეწეროს და წინადადებებიც გამართული იყოს, მაგრამ სათქმელი მაინც ბუნდოვანი დარჩეს.
სწორედ აქ იკვეთება სტილისტური რედაქტირების მნიშვნელობა. მოსწავლემ უნდა ისწავლოს არა მხოლოდ ენობრივი შეცდომის აღმოჩენა, არამედ იმის შეფასებაც, რამდენად ზუსტად გამოხატავს შერჩეული სიტყვები სათქმელს. ხომ არ ამძიმებს ტექსტს ზედმეტი განმარტება და როგორ შეიძლება აზრის უფრო მკაფიოდ ჩამოყალიბება.
სტილისტური რედაქტირება სიტყვების მექანიკურ შემცირებას არ გულისხმობს. ტექსტის ხარისხს განსაზღვრავს არა მხოლოდ სიტყვების რაოდენობა, არამედ მათი შერჩევის სიზუსტე, ურთიერთკავშირი და სათქმელთან შესაბამისობა.
სიტყვის ფუნქცია კონტექსტით განისაზღვრება. გამოთქმა, რომელიც ერთ წინადადებაში აზრს ამძიმებს, მეორეში შეიძლება მნიშვნელოვანი შინაარსობრივი ან ემოციური დატვირთვის მატარებელი იყოს. ამიტომ მოსწავლისთვის მზა წესის – „რაც შეიძლება ლაკონიურად წერე“ – მიწოდება პრობლემას ვერ გადაჭრის. უფრო შედეგიანია, ვასწავლოთ, როგორ შეაფასოს საკუთარი ენობრივი არჩევანი.
განვიხილოთ მაგალითი: „ჩემი პირადი აზრით, ეს გადაწყვეტილება არასწორია“.
თუ ავტორი საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს, სიტყვა „პირადი“ დამატებით ინფორმაციას, როგორც წესი, არ გვაწვდის. წინადადება უფრო ბუნებრივად ჩამოყალიბდება: „ჩემი აზრით, ეს გადაწყვეტილება არასწორია“. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ „პირადი“ ყოველთვის ზედმეტია. თუ ტექსტში პირადი მოსაზრება უპირისპირდება საზოგადოებრივ შეფასებას ან ოფიციალურ პოზიციას, ამ სიტყვას გამოკვეთილი ფუნქცია შეიძლება ჰქონდეს.
განვიხილოთ კიდევ ერთი მაგალითი: „მან საკუთარი თვალით დაინახა მომხდარი ფაქტი“.
გამოთქმა „მომხდარი ფაქტი“ ხშირად შეიძლება შეიცვალოს უფრო ზუსტი ან მოკლე ფორმით – „მოვლენა“ ან უბრალოდ „ფაქტი“ – კონტექსტის მიხედვით. ამასთან, გამოთქმა „საკუთარი თვალით დაინახა“ ავტომატურად ზედმეტად არ უნდა მივიჩნიოთ: ის შეიძლება უშუალო დაკვირვებას ან პირად გამოცდილებას უსვამდეს ხაზს.
სტილისტური რედაქტირებისას მოსწავლემ უნდა გაიაზროს: რას დავკარგავ, თუ ამ სიტყვას ამოვიღებ? რას ვამატებ, თუ მას დავტოვებ? სწორედ ამ კითხვებზე პასუხი აქცევს რედაქტირებას გააზრებულ საქმიანობად.
გამეორება – ხარვეზი თუ აზრის გამოკვეთის საშუალება
მოსწავლეთა წერით ნამუშევრებში ხშირად გვხვდება ერთი და იმავე სიტყვის გაუმართლებელი გამეორება. მასწავლებელი ზოგჯერ მოსწავლეს განმეორებული სიტყვის სინონიმით ჩანაცვლებას სთავაზობს. ეს ხერხი შეიძლება სასარგებლო იყოს, თუმცა ყოველთვის ვერ აუმჯობესებს ტექსტს. სინონიმი მხოლოდ იმიტომ არ უნდა შევარჩიოთ, რომ სიტყვა მეორდება: გასათვალისწინებელია მისი მნიშვნელობა, სტილისტური შეფერილობა და კონკრეტულ კონტექსტთან შესაბამისობა.
მაგალითად: „მოთხრობაში მთავარი პერსონაჟი რთული არჩევანის წინაშე დგას. მოთხრობაში მისი გადაწყვეტილება პერსონაჟის ხასიათს წარმოაჩენს“.
მეორე წინადადებაში სიტყვა „მოთხრობაში“ გამეორება აუცილებელი არ არის. ტექსტი შეიძლება უფრო შეკრულად ჩამოყალიბდეს: „მოთხრობის მთავარი პერსონაჟი რთული არჩევანის წინაშე დგას, ხოლო მისი გადაწყვეტილება ხასიათის მნიშვნელოვან თვისებებს წარმოაჩენს“. ამ ცვლილებით მხოლოდ გამეორება კი აღმოიფხვრა, არამედ წინადადებებს შორის ლოგიკური კავშირიც უფრო მკაფიო გახდა.
გამეორების შეფასებისას უნდა გავითვალისწინოთ მისი მხატვრული ფუნქციაც. მხატვრულ ტექსტში გამეორებამ შეიძლება გააძლიეროს ემოცია, გამოკვეთოს მნიშვნელოვანი სახე ან შექმნას რიტმული ეფექტი. არგუმენტირებულ ნაშრომშიც კი საკვანძო ცნების გამეორება ზოგჯერ უფრო ზუსტია, ვიდრე მისი ყოველ ჯერზე სხვა სიტყვით ჩანაცვლება.
ამიტომ მოსწავლეს უნდა შეეძლოს ერთმანეთისგან განასხვაოს შემთხვევითი და მიზანმიმართული გამეორება, რომელიც სათქმელს აძლიერებს. ამის სწავლა მხოლოდ სინონიმების ჩამონათვალის ცოდნით შეუძლებელია: საჭიროა კონტექსტის გააზრება და ენობრივი არჩევანის დასაბუთება.
სიტყვების სიმრავლე და აზრის სიზუსტე
სიტყვიერი სიჭარბე მხოლოდ ერთი და იმავე სიტყვის გამეორებით არ გამოიხატება. ზოგჯერ მოსწავლე ერთ აზრს რამდენიმე ურთიერთმონაცვლე ფორმით გადმოსცემს, ზოგჯერ კი ზოგადი სიტყვებით ცდილობს ისეთი შინაარსის გამოხატვას, რომელსაც უფრო ზუსტი ფორმულირება სჭირდება.
მაგალითად: „ჩემი აზრით, ვფიქრობ, რომ ნაწარმოების მთავარი სათქმელი ის არის, რომ ადამიანებს შორის გაგება ძალიან მნიშვნელოვანი რამეა“.
ამ წინადადებაში გამოთქმები „ჩემი აზრით“ და „ვფიქრობ“ ერთსა და იმავე ფუნქციას ასრულებს. კონსტრუქცია „მთავარი სათქმელი ის არის, რომ“ კი შეიძლება უფრო მოქნილი ფორმით შეიცვალოს. ერთ-ერთი შესაძლო რედაქციაა: „ვფიქრობ, ნაწარმოები ადამიანებს შორის ურთიერთგაგების მნიშვნელობას წარმოაჩენს“. რედაქტირებისას აუცილებელია იმის შემოწმებაც, ხომ არ შეიცვალა ან ზედმეტად გამარტივდა ავტორის თავდაპირველი აზრი.
შევადაროთ ორი წინადადება:
„პერსონაჟის საქციელი ძალიან ცუდია და მკითხველში ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს“.
„პერსონაჟის საქციელი მის უპასუხისმგებლობას წარმოაჩენს და მკითხველში უნდობლობას იწვევს“.
მეორე ვარიანტში შეფასება უფრო კონკრეტულია: დასახელებულია პერსონაჟის თვისება და მისი ქცევის შესაძლო შედეგი, ზოგადი შეფასება შინაარსობრივად ზუსტმა ფორმულირებამ შეცვალა.
როგორ ვასწავლოთ მოსწავლეს ტექსტის რედაქტირება
თუ მასწავლებელი მოსწავლის ნაწერში მხოლოდ ხარვეზებს მონიშნავს და სწორ ფორმას თავად მიუთითებს, მოსწავლემ შეიძლება ვერ გაიაზროს, რატომ იყო ცვლილება საჭირო. დამოუკიდებელი რედაქტირების უნარის გასავითარებლად საჭიროა ისეთი სამუშაო, რომლის დროსაც მოსწავლე თავად აღმოაჩენს პრობლემას, შეარჩევს გამოსავალს და დაასაბუთებს გადაწყვეტილებას.
ამისთვის სასარგებლოა რედაქტირების რამდენიმე თანმიმდევრული მოქმედების სწავლება:
- ტექსტის შინაარსის გააზრება – მოსწავლემ უნდა განსაზღვროს, რის თქმა სურს ავტორს. სანამ წინადადებას შეცვლის, უნდა დარწმუნდეს, რომ ძირითადი აზრი სწორად გაიგო.
- პრობლემური ადგილის აღმოჩენა – მოსწავლე ეძებს ისეთ სიტყვებსა და გამოთქმებს, რომლებიც გაუმართლებლად მეორდება, აზრს ბუნდოვანს ხდის ან წინადადების ლოგიკურ განვითარებას აფერხებს.
- რედაქტირების ვარიანტების შედარება – მოსწავლე ერთზე მეტ შესაძლო ფორმულირებას განიხილავს და აფასებს, რომელი მათგანი გამოხატავს აზრს უფრო ზუსტად.
- ცვლილების დასაბუთება – მოსწავლე განმარტავს, რა შეიცვალა და რატომ. მაგალითად: „ამოვიღე სიტყვა, რადგან იმავე აზრს სხვა სიტყვა უკვე გამოხატავდა“; „შევცვალე ზოგადი სიტყვა, რათა პერსონაჟის თვისება უფრო ზუსტად დამეხასიათებინა“; „გამეორება დავტოვე, რადგან ის მნიშვნელოვან აზრს უსვამს ხაზს“.
- დამოუკიდებელი გადამოწმება – მოსწავლე კითხულობს საბოლოო ვერსიას და ამოწმებს, გაუმჯობესდა თუ არა ტექსტის აზრობრივი სიცხადე, წინადადებებს შორის კავშირი და სათქმელის სიზუსტე.
ეს თანმიმდევრობა არ უნდა იქცეს ხისტ ალგორითმად.
პრაქტიკული სამუშაო: ერთი აბზაცი – რამდენიმე რედაქცია
სტილისტური რედაქტირების სწავლება განსაკუთრებით შედეგიანია მაშინ, როდესაც მოსწავლე კონკრეტულ ტექსტზე მუშაობს და ცვლილების საჭიროებას უშუალოდ ხედავს. ქვემოთ წარმოდგენილი დავალება შეიძლება გამოყენებულ იქნეს საბაზო ან საშუალო საფეხურზე, მოსწავლეთა ასაკისა და წერითი უნარების გათვალისწინებით.
საწყისი ტექსტი
„ჩემი აზრით, წიგნის მთავარი პერსონაჟი ძალიან საინტერესო პერსონაჟია. ის საინტერესოა იმიტომ, რომ რთულ სიტუაციებში ის სწორ გადაწყვეტილებებს იღებს. ჩემი აზრით, მისი საქციელი გვიჩვენებს, რომ ადამიანმა რთულ სიტუაციებში სწორად უნდა იმოქმედოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამეა“.
დავალება მოსწავლეებისთვის:
- წაიკითხე აბზაცი და ერთი წინადადებით ჩამოაყალიბე მისი მთავარი სათქმელი.
- მონიშნე სიტყვები ან გამოთქმები, რომელთა გამეორება ტექსტს ახალ შინაარსს არ მატებს.
- შექმენი აბზაცის ახალი რედაქცია ისე, რომ შეინარჩუნო თავდაპირველი აზრი.
- ახსენი, რომელი ცვლილება იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და რატომ.
- შეადარე შენი ვერსია თანაკლასელის ნამუშევარს. განიხილეთ, განსხვავებული რედაქციებიდან რომელი გამოხატავს სათქმელს უფრო ზუსტად და რა განაპირობებს ამ არჩევანს.
რედაქტირების შესაძლო ვარიანტი:
„წიგნის მთავარი პერსონაჟი რთულ სიტუაციებში გააზრებულ გადაწყვეტილებებს იღებს. მისი საქციელი გვაფიქრებინებს, რომ სირთულეების დაძლევა პასუხისმგებლობასა და სწორ განსჯას მოითხოვს“.
ეს ერთადერთი სწორი პასუხი არ არის. მოსწავლემ შეიძლება სხვა რედაქციაც შემოგვთავაზოს, თუ დაასაბუთებს, რომ შეინარჩუნა ტექსტის ძირითადი აზრი და უფრო ზუსტად ჩამოაყალიბა იგი. მაგალითად, თუ ნაწარმოების კონტექსტი გვიჩვენებს, რომ პერსონაჟის გადაწყვეტილება სადავოა, სიტყვა „სწორი“ შესაძლოა სათქმელს აღარ შეესაბამებოდეს. ამ შემთხვევაში მოსწავლემ უნდა გაითვალისწინოს არა მხოლოდ წინადადების ფორმა, არამედ ისიც, რამდენად შეესაბამება შეფასება ნაწარმოების შინაარსს.
შეფასების კრიტერიუმები
მასწავლებელმა მოსწავლეს წინასწარ უნდა გააცნოს, რას მიაქცევს ყურადღებას:
- შეინარჩუნა თუ არა მოსწავლემ საწყისი ტექსტის ძირითადი სათქმელი;
- აღმოაჩინა თუ არა გაუმართლებელი გამეორება და ზოგადი ფორმულირება;
- უფრო მკაფიოდ გამოხატა თუ არა ტექსტში არსებული აზრი;
- შეინარჩუნა ან გააუმჯობესა თუ არა აბზაცის ლოგიკური მთლიანობა;
- შეძლო თუ არა ცვლილებების მიზეზების ახსნა.
ამ კრიტერიუმების გამოყენება შესაძლებელია როგორც მასწავლებლის მიერ შეფასებისას, ისე თვითშეფასებისა და თანატოლთა უკუკავშირის დროს. მნიშვნელოვანია, შეფასება მხოლოდ შეცვლილი სიტყვების რაოდენობას არ ეფუძნებოდეს. თუ მოსწავლემ გამეორება მიზანმიმართულად დატოვა და მისი ფუნქცია დამაჯერებლად ახსნა, ესეც გააზრებული რედაქტირების მაჩვენებელია.
მასწავლებლის უკუკავშირი: სწორი პასუხიდან გააზრებულ არჩევანამდე
სტილისტური რედაქტირებისას მასწავლებლის უკუკავშირი მოსწავლის დამოუკიდებელ აზროვნებას უნდა უწყობდეს ხელს. შენიშვნა – „ეს სიტყვა ზედმეტია“ – პრობლემაზე მიუთითებს, მაგრამ მოსწავლეს არ ეხმარება იმის გარკვევაში, რატომ არის სიტყვა ზედმეტი და როგორ შეიძლება ტექსტის გაუმჯობესება.
უფრო პროდუქტიულია ისეთი კითხვები, რომლებიც მოსწავლეს საკუთარი გადაწყვეტილების გადამოწმებისკენ უბიძგებს:
- ამ სიტყვას რა ფუნქცია აქვს მოცემულ წინადადებაში? შეიცვლება თუ არა აზრი, თუ მას ამოვიღებთ?
- შესაძლებელია თუ არა სათქმელის უფრო ზუსტად გადმოცემა?
- გამეორება შემთხვევითია თუ რაიმე აზრს გამოკვეთს?
- რომელი რედაქცია იქნება მკითხველისთვის უფრო მკაფიო და რატომ? და ა.შ.
ასეთი უკუკავშირი მასწავლებელსაც აძლევს მნიშვნელოვან ინფორმაციას: ის ხედავს არა მხოლოდ საბოლოო ტექსტს, არამედ მოსწავლის მსჯელობის პროცესსაც. შესაძლოა, მოსწავლემ გამართული წინადადება შექმნას, მაგრამ ვერ ახსნას, რატომ შეარჩია კონკრეტული სიტყვა. ეს მიუთითებს, რომ მას ჯერ კიდევ სჭირდება დახმარება ენობრივი არჩევანის გააზრებაში.
მნიშვნელოვანია, მოსწავლემ ცვლილებები თავად განახორციელოს, შეადაროს საწყისი და საბოლოო ვერსიები და შეაფასოს, რამდენად მიაღწია დასახულ მიზანს. სტილისტური რედაქტირება მას ასწავლის, რომ ზოგჯერ აზრი მოკლე ფორმულირებით უფრო მკაფიო ხდება, ზოგჯერ კი დამატებითი განმარტებაა საჭირო. მთავარი ამოცანა ამ არჩევანის გააზრებაა: თითოეულ სიტყვას წინადადებაში თავისი ფუნქცია უნდა ჰქონდეს.
ლიტერატურა
კვარაცხელია, გ. (1990). ქართული ენის ფუნქციური სტილისტიკა. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა;
ცეცხლაძე, ნ., ხახუტაიშვილია, მ. (2013). სტილისტიკა. გამომცემლობა „ივერიონი“;
სანიკიძე, თ., სანიკიძე, ი. (2009). ქართული ენის პრაქტიკული სტილისტიკა. გამომცემლობა „ინტელექტი“.


