ოთხშაბათი, ივლისი 17, 2024
17 ივლისი, ოთხშაბათი, 2024

დეკემბრის წერილი

 წელს უხვ თოვლს და ცივ ზამთარს გვპირდებიან.

 ვზივარ საყვარელი
კაფეს კუთხის მაგიდასთან, ვსვამ ჩაის, რომელსაც რაღაც ძალიან პოეტური სახელი ჰქვია.
ვზივარ და ჩემი კლავიატურიანეკრანიანი მეგობრის დახმარებით ამ პოსტს ვწერ.

გვერდით მაგიდასთან დედა–შვილი ზის. პატარა ბიჭია, ასე
მესამეკლასელი, წითელი ლოყები და აჩეჩილი თმა აქვს, ჩაის ხრუპუნით სვამს და ხაჭაპურს
აყოლებს. დედა ყავას სვამს, ნაქსოვი ხელთათმანები მაგიდის კიდეზე ჩამოდო და ზედ ნაცრისფერი
ბერეტიც დააბრძანა.

–დე – ეუბნება ბავშვი– გიომ თქვა, რომ ქუჩის ბავშვებს
ფული არ უნდა მივცეთ, იცი, თურმე ბიზნესი ჰქონიათ, მთელი მაფიააო– ასე ყვებოდა, უფროსები
ჰყავთ თურმე და ფულს იმათ აძლევენ, გიომ ასე თქვა,  მამაჩემმა მითხრაო.

დედამ მხრები აიჩეჩა და მეორე ნაჭერი ხაჭაპური მიუჩოჩა
ახლოს.

–შენ ის მითხარი, მათემატიკის საკონტროლოში რა ქენი?

…………………………………………………………………………………………………………………………………………

 

გამახსენდა, უნივერსიტეტი ახალი დამთავრებული მქონდა
და მეორეკლასელების დამრიგებელი ვიყავი. ძალიან კარგი, საყვარელი ბავშვები იყვნენ,
გულწრფელები და მიმნდობები.

მაშინაც დეკემბერი იყო, შობის დღესასწაულისთვის ვემზადებოდით,
ჩვენი ხელით ლიმონათები მოვამზადეთ და მთელ სკოლას გავუმასპინძლდით, მერე პატარა, ძალიან
მარტივი ორცხობილები დავაცხვეთ, ბავშვებმა სათამაშოებთან ერთად ჩააწყეს პატარა, ლამაზ
ყუთებში და მათ გაუგზავნეს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებოდათ თანატოლების ყურადღება.

ერთხელ  მახსოვს,
რაღაც გაკვეთილი გაუცდათ და მე უნდა ჩამენაცვლებინა, ჰოდა, სრულიად სპონტანურად, ზღაპარი
მოვიფიქრე რკინის ერთლარიანზე , რომელმაც მთელი ქალაქი შემოიარა.

ზუსტად აღარ მახსოვს შინაარსი,  დაახლოებით კი, ზღაპარი იმაზე იყო, თუ როგორ მისცა
ფუნთუშის საყიდლად გამოსულმა გოგონამ რკინის ერთლარიანი მოხუცს, მოხუცმა მაღაზიაში
პური იყიდა, მაღაზიის სალაროდან ერთლარიანი კიდევ სხვაგან მოხვდა, მერე ავადმყოფი ბავშვის
წამალზე დაიხარჯა და ასე შემოიარა მთელი ქალაქი, ბოლოს, როცა გოგონას თავისი ავადმყოფი
ძმის საჩუქარზე ზუსტად ერთი ლარი აკლდებოდა, ისევ მოგორდა რკინის  ერთლარიანი მასთან…

მარტივი, დიდაქტიკური შინაარსია, ქვაზე დადებულ სიკეთეზე,
თუმცა, მგონია, რომ პატარებს ასეთი მარტივი არქეტიპებით აუცილებლად უნდა გავაგებინოთ
, ვასწავლოთ და შევაყვაროთ სოლიდარობა, ქველმოქმედება, სხვისთვის  შოკოლადისა თუ ღიმილის გაზიარება.

სწორედ ამიტომ, დეკემბრის სუსხიან და ცივ დღეებში სასკოლო პროგრამაში სპეციალურ, თემატურ კვირას
შევიტან. ჯერ ოსკარ უაილდის „ბედნიერ უფლისწულს” წავიკითხავთ,  გახსოვთ ალბათ ეს შესანიშნავი მოთხრობა:

აი, იქ, შორს,პატარა ქუჩაში, – განაგრძო უფლისწულმა დაბალი,საამური ხმით, – ერთიღარიბი სახლი დგას.სარკმელი ღიაა და მე ვხედავქალს, რომელიც მაგიდას უზის. მას გამხდარი დაღლილი სახე და ნემსითდაჩხვლეტილი უხეში, წითელითითები აქვს.

ქალიმკერავია. ის ვარდებს ქარგავს ატლასის კაბაზე,რომელიც დედოფლის სეფექალთაგან ულამაზესმა უნდაჩაიცვას მომავალ მეჯლისზე. ოთახისკუთხეში, ლოგინში მისიპატარა ავადმყოფი ბიჭუნაწევს. ბიჭუნას ციებცხელება სჭირსდა ფორთოხალს თხოულობს; დედამისს კი მდინარის წყლისგარდა არაფერი გააჩნია და ბავშვი ტირის.მერცხალო, მერცხალო, პატარამერცხალო, ხომ არ მიუტან იმ მკერავს ჩემიხმლის ვადის ლალს?მე ფეხები მიკრული მაქვს კვარცხლბეკზე და განძრევა არ შემიძლია.

შემდეგ
ნოდარ დუმბაძის მხიარულსა და სევადიან სამყაროს გავიცნობთ, ომისდროინდელ ბავშვებს,
მათ ერთსულოვნებას, რთული, რთული დღეების ერთად გადალახვის სიძლიერეს. დუმბაძის
შესანიშნავი იუმორი ცოტა შეგვამსუბუქებს კიდეც.

კიდევ  ჯეიმს გრინვუდის „პატარა
მაწანწალადან”  წავიკითხავთ
ნაწყვეტებს-პატარა ბიჭის რთული და სახიფათო ცხოვრება ლონდონში, ტკივილიანი ამბები
და ყოველდღიური ბრძოლა გადარჩენისათვის.

შემდეგ,
ანდერსენის ზღაპარს მივადგებით. მიხვდით არა რომელს? დიახ, ზღაპარს, რომელიც
ყველაზე ნაკლებად ჰგავს ზღაპარს-„გოგონა ასანთით”.

ვნახავთ
დისნეის შესანიშნავ ანიმაციას:



ვიცი, რომ
პატარა გულები ეტკინებათ, ვიცი, მაგრამ მაინც მგონია, რომ სწორედ სკოლის წლებში,
სწორედ ასეთ გაკვეთილებზე, სწორედ მაშინ, როდესაც შთაბეჭდილება ყველაზე, ყველაზე
ძლიერი და დაუვიწყარია, უნდა ვასწავლოთ ჩვენს შვილებს სიყვარული, საკუთარის
სხვისთვის განაწილება და თანაგრძნობა.

 

პს. მგონია,
რომ დეკემბერი ყველაზე შესაფერისი თვეა სხვებზე ფიქრის, სხვათა ტკივილების
თანაზიარობისა და კეთილი საქმეებისათვის, რადგან შობა-პირველ რიგში, სწორედ სიყვარულის დღესასწაულია.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“