ოთხშაბათი, ივლისი 17, 2024
17 ივლისი, ოთხშაბათი, 2024

მე დედას ველოდები – ფოტომოთხრობა

 ნინო მეგრელიძის ფოტოები
გაკვეთილები დამთავრდა.  ბევრი კითხვისა და წერისაგან დაღლილებმა, ლოყებაღაჟღაჟებულებმა, მოშიებულებმა და მხიარულებმა  ჩანთები აიკიდეს და სიცილ-ხარხარით გაცვივდნენ გარეთ – დამშვიდობება რამდენიმეს  გაახსენდა, უფრო მეტს-არა.

 ზოგს დედა მოაკითხავს, ზოგს-მამა, ზოგს უფროსი და-ძმა, ზოგიც-ახლოს ცხოვრობს , ერთი-ორი ყველაზე მამაცია და მარტო გაუდგება გზას შინისკენ.

საკლასო ოთახში ძლივსდამყარებულ სიჩუმეს და მყუდროებას ვერაფრით ვეგუები, ნივთებს ვაწესრიგებ, დაფას ვასუფთავებ, ბოლოს,,  მეც წასასვლელად ვემზადები.

ბოლო მოქმედება-ფანჯარასთან მივდივარ და რაღაცნაირ, მოსაწყენ, მდოგვისფერ ფარდას ვასწორებ. ფანჯრიდან ვიყურები.

სკოლის ეზოში თითო-ოროლა ბავშვიღა დარჩა, ზოგის მშობელს დააგვიანდა, ზოგსაც-სახლში წასვლა არ უნდა. 
 მარჯვენა მხარეს თეთრი ვარდების გაზონია, ეზოს შუაში- იაკობ გოგებაშვილის ძეგლი.
ფანჯარასთან ვდგავარ, მინაზე ლოყამიჭყლეტილი, ეზოს ვუყურებ და ჩემი ბავშვობა მახსენდება.
 

ეპიზოდი 1

ჭადრაკი და კარალიოკი

სკოლიდან დაბრუნებულს დედა ხშირად სახლში არ მხვდებოდა, გვიანობამდე მუშაობდა. როცა ბინდდებოდა, სახლში მარტო დარჩენის მეშინოდა და მეზობელთან ჩავდიოდი-ხოლმე.
 ჯერ გაკვეთილებს ვიმეცადინებდი, მერე სოლფეჯიოს და მუსლიტერატურას.
 
 

 მერე მეზობელი ჭადრაკს მასწავლიდა. რა დროს ჭადრაკია- მე დედას ველოდები- ვფიქრობდი გულში. 
სწორედ იმ დროიდან ამოვიძულე ჭადრაკი და დღემდე არ მიყვარს, ვთამაშობ,  მაგრამ არ მიყვარს.
-ვინც მოიგებს, იმისია უფრო დიდი კარალიოკი-მეუბნებოდა მეზობელი.

დიდი კარალიოკი სულ მე მხვდებოდა.

მეც ვიდექი, დედას ველოდებოდი და ვჭამდი-ძალიან ზრდილობიანი ბავშვი ვიყავი, უარის თქმა ჩემთვის არავის უსწავლებია.

დღემდე მახსოვს, როგორ ველოდებოდი ზარს კარზე, დედაჩემის დაღლილ ხმას,  მერე კიბეზე ავდიოდით და დედას ვეუბნებოდი:

-დე, რა კარგია, რომ მოხვედი, რა კარგია.
ეპიზოდი 2
სხვა ქუჩა
იმ დღეს სკოლიდან ჩემით წამოვედი, მარტო.
საშიში დრო იყო, დედა არსად მიშვებდა, პატარა ვიყავი, ალბათ 6-7 წლისა.
ჩვენს პატარა ქუჩაზე ჩემი სახლი და სკოლა თითქმის გვერდ-გვერდით იდგა, ამიტომ ზოგჯერ მარტო მოვდიოდი-ხოლმე. 
 
 

ჩემი ქუჩის პარალელურად სხვა ქუჩა იყო, უფრო დიდი, ცენტრალური,  რამდენიმე მაღაზიითა და ძალიან საინტერესო სკვერით. ჰოდა, იმ დღეს გადავწყვიტე ახალი სამყარო აღმომეჩინა-სხვა ქუჩაზე წავსულიყავი, რა თქმა უნდა, გაუფრთხილებლად.

მივდივარ, მივდივარ… აი, ზღაპრებში რომ არის „იარა, იარა, მთელი ქვეყანა გადაიარა”-ზუსტად ასე. მგონია, რომ სახეზე მაწერია, რომ გაუფრთხილებლად წამოვედი,ფაქტობრივად გამოპარული ვარ. არადა, როგორი საინტერესო რამ მელის ამ უზარმაზარი გზის გავლის შემდეგ-მეზობელ ქუჩაზე.

დღემდე მახსოვს ის გრძნობა- როგორი დიდი იყო მეზობელი ქუჩის მრავლისმომცველი სამყარო, როგორი სხვანაირი- გაზონები, გადასასვლელები, სხვანაირადჩაცმული ადამიანები, სხვანაირადჩამომხმარფერდებიანი ქუჩის ძაღლები. 

მივდივარ, მივდივარ და ყოველ ნაბიჯზე მაოცებს სამყარო…
 
 

იმ გაპარვისთვის კარგად დავისაჯე, რამდენიმე დღით ჩემი საყვარელი წიგნების კითხვა ამეკრძალა-ამაზე უარესი რა შეიძლება მომხდარიყო?

ახლა ვდგავარ სკოლის ფანჯარასთან და მახსენდება ჩემი მაშინდელი წარუშლელი შთაბეჭდილებები, მახსენდება ჩემი საყვარელი მწერლის, რეზო ინანიშვილის ერთი მოთხრობის ფინალი: „ ქვეყნიერება მაშინ იყო დიდი, სკოლა _ პატარა. ახლა, პირიქით,  ქვეყნიერება დაპატარავდა, სკოლები გაიზარდა. ქალაქად თუ სოფლად ახლა სულ დიდი სკოლებია. იმ სკოლებს რომ უახლოვდები, არც ერთზე არ იფიქრებ, იმას თუ ვინმე ადგილიდან დაძრავს.”
 

რა აღარ ხდებოდა ბავშვობაში, სანამ დედა სამსახურიდან მოვიდოდა, სანამ დაღლილი დედა სადარბაზოში შემოაბიჯებდა.  სანამ პატარა გოგოები დედებს ელოდებოდნენ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“