შაბათი, მარტი 2, 2024
2 მარტი, შაბათი, 2024

ნარინჯისფერი დღეები

ვკითხულობ:

„ინციდენტი მოხდა ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში. სოფლის მაცხოვრებლების ინფორმაციით, ბიძას 14 წლის გოგონას წაყვანა სურდა სხვისთვის გადაცემის მიზნით. ბავშვის დედამ მაზლს ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც მამაკაცმა ნივთები დაამტვრია, ქალი კი ცემა. დაშავებული ქალბატონი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხის საავადმყოფოში გადაიყვანა” (კახეთის საინფორმაციო ცენტრი, 24.08.2013).

დაუჯერებელი გეჩვენებათ, არა? 

ვაგრძელებ:

„მეზობლების თქმით, ბიძამ ბავშვებს ჯერ სახლი გაუყიდა, შემდეგ კი ძმისშვილებით ვაჭრობა გადაწყვიტა. მათივე ინფორმაციით, მარტოხელა დედას გოგონას წაყვანა ბიძამ და მისმა მეუღლემ ადრეც მოსთხოვეს. მეზობლების ცნობით, გოგონას ბიძას ბანკიდან კრედიტი აქვს გამოტანილი და მის დაფარვას სხვისთვის ძმისშვილის გადაცემიდან მიღებული თანხით აპირებდა, რადგან თავად სახლიც არ აქვს, რომ გაყიდოს. ბიძას ფული კლიენტმა წინასწარ გადაუხადა, ამიტომ უარის მიღების შემდეგ მამაკაცმა რძალს სცემა”.

საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ძალიან არ უყვართ ქალთა მიმართ ძალადობაზე ლაპარაკი. საქართველო ის ქვეყანაა, სადაც, უმრავლესობის აზრით, ქალთა უფლებები არ ირღვევა, რადგან აქ „ლეკვი ლომისა სწორია”, მაგრამ ზოგიერთი ლეკვი – კიდევ უფრო (თანა)სწორი. საქართველო ის ქვეყანაა, სადაც მამაკაცები ქალების სადღეგრძელოს განსხვავებული სასმისით, ფეხზე წამომდგარი სვამენ, მერე კი სიამაყით დასძენენ, რომ კარგია, როცა ქალმა საკუთარი ადგილი იცის. საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ოჯახურ კონფლიქტში ჩარევისგან სამართალდამცავებიც კი ხშირად იკავებენ თავს, ტექსტით „თვითონ მორიგდებიან”, და ეს მაშინ, როცა ცოლი ნაცემია, შვილი – ტრავმირებული, მეზობლების ნაწილი – გაოგნებული, ნაწილი, შესაძლოა, კმაყოფილიც.

როგორღაც მივეჩვიეთ ასე ცხოვრებას, ენას კბილს ვაჭერთ, თავს ვიტყუებთ, სხვებსაც ვატყუებთ და მომავალ თაობასაც იმავეს ვუნერგავთ: „ჩუმად, მეზობლებმა არ გაიგონონ!” – რადგან თურმე საზოგადოებრივი აზრი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სიმართლე და ბედნიერება, რომელიც არასოდეს მიიღწევა პრობლემების გადაჭრის გარეშე.

გაეროს გენერალური მდივნის კამპანიის ფარგლებში, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგაა მიმართული, ყოველი თვის 25 რიცხვი ნარინჯისფერ დღედაა გამოცხადებული. გაეროს წარმომადგენლობები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ახალგაზრდული გაერთიანებები და უბრალოდ დაინტერესებული ადამიანები მთელ მსოფლიოში ცდილობენ, საზოგადოებას შეახსენონ ქალებსა და გოგონებზე ძალადობის პრობლემა, პრობლემა, რომელიც მაღალი ტექნოლოგიებით განებივრებულ, კოსმოსის დამპყრობელ კაცობრიობას ჯერ კიდევ ვერ გადაუჭრია.

„უსაფრთხო სამუშაო გარემო ქალებისა და გოგონებისთვის”, „უსაფრთხო საცხოვრებელი პირობები ქალებისა და გოგონებისთვის”, „ქალთა და გოგონათა მიმართ სექსუალური ძალადობა კონფლიქტის პერიოდში” – ეს არასრული ჩამონათვალია იმ თემებისა, რომლებზეც კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა თვეში დაისვა აქცენტი. კამპანიას ადამიანები სოციალური ქსელების საშუალებითაც უერთდებიან ნარინჯისფერ ტანსაცმელში გადაღებული ფოტოებით. აი, ჩვენ კი ასეთი ამბები დიდად არ გვიყვარს, ჩვენ მასშტაბური საგმირო საქმეები გვიტაცებს, ისეთები, როგორიც ნესტან-დარეჯანის ქაჯეთის ციხიდან დახსნაა. მერე რა, თუ ზოგიერთი ქალისთვის საკუთარი სახლია ქაჯეთის ციხე აქვე, ჩვენ გვერდით, მეზობელ სადარბაზოში, მეზობელ ქუჩაზე, მეზობელ სოფელში.

ხშირად ვფიქრობ, რა არის ჩვენი მთავარი შეცდომა, როგორ ვცდებით გზას, როგორ ყალიბდებიან მოძალადეებად ოდესღაც დედებისა და ბებიების კალთებს ამოფარებული ბიჭები. იქნებ ღირდეს, ხმამაღლა ვთქვათ, რომ ჩვენთანაც არსებობენ დაჩაგრული ქალები, რომ სულაც არ ვართ იდეალური საზოგადოება ამ თვალსაზრისით, იქნებ ღირდეს, ჩვენს შვილებსა და მოსწავლეებს ყოველი თვის 25 რიცხვში ნარინჯისფერი მაისურები ჩავაცვათ და საღამოობით სოციალურ ქსელში, ფეშენებელურ რესტორნებში გადაღებული კერძების ნაცვლად, მათი ფოტოები დავპოსტოთ, ვუთხრათ მათ, რომ მხოლოდ სიტყვიერი დაფასება არ არის საკმარისი, უფრო მეტიც – სიტყვები საერთოდ არაფერს ნიშნავს, თუ მათ შესაბამისი მოქმედებაც არ მოჰყვება.

უბრალოდ, ფართოდ გავახილოთ თვალები. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ძალისხმევა საკმარისი არ არის იმისთვის, რომ უამრავ ქალსა და გოგონას, ვისაც ბედნიერების უფლება წაართვეს, თავიდან შეუყვარდეს სიცოცხლე. სხვაგვარად კიდევ დიდხანს მოგვიწევს საკუთარი უბედურების სხვისთვის გადაბრალება.

მომავალი თვის 25-ში მე თქვენს ნარინჯისფერ ფოტოებს ველი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი