ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

ჩვეულებრივი- არაჩვეულებრივი ჰობიტი

ტოლკიენი ჯერ კიდევ თუ არ წაგიკითხავთ, რიგითობის პრინციპი დაიცავით და “ჰობიტით” დაიწყეთ. ბევრი ტოლკიენონამი “ჰობიტს” “საბავშვო ბაღად” მიიჩნევს, მაგრამ წიგნს არც სუპის სუნი უდის და არც არსად დაცურავს სქლად დაჭრილი ხახვი, არც მომვლელი გაიძულებთ, შუადღის არასასურველ ძილს მიეცეთ და არც საყვარელ სათამაშოს გართმევთ რომელიმე უპირობო ლიდერი. ეს არის ამბავი ჩვეულებრივი, სიმშვიდისმოყვარე ჰობიტისა, რომელმაც სრულიად არაჩვეულებრივი საქმეები ჩაიდინა. ჩვენ, ყველანი, პატარ- პატარა გმირობების პატრონები ვართ. არსებობენ სახლის პატრონები, ძაღლის პატრონები, ბავშვის პატრონები, დიდძალი ფულის პატრონები, მაღაზიათა ქსელების პატრონები, ერთი, მარჩენალი ძროხის პატრონები თუ “ეფლის” აქციების პატრონები. ბილბო აბგელი (ბილბო ბეგინსი) კი კეთილმოწყობილი სოროს, სასუსნავების მოყვარული მუცლისა და ჰობიტთათვის დამახასიათებელი ბანჯგვლიანი ტერფების პატრონია და წარმოდგენაც კი არ აქვს, რომ ოდესმე, შეიძლება, საკუთარ გმირობებს უპატრონოს. თუმცა ერთ მშვიდ, მზიან დილას მას დიდი ჯადოსანი, გენდალფი ესტუმრება და აიძულებს, დაეხმაროს ცამეტ ჯუჯას ბოროტი დრაკონის, სმაუგის მიერ მითვისებული საცხოვრისისა და განძის გამოხსნაში. ბილბოს კი, რომელიც, თავისდაუნებურად გმირი და “დიდი გამტეხი” გახდა, მთელი რთული გზისა და არასასიამოვნო თავგადასავლების განმავლობაში არ ტოვებს შიში, არც  სურვილი,- დაუბრუნდეს საკუთარ მშვიდ, მიწისქვეშა ცხოვრებას, სავსეს ჩაიდნის უდარდელი ზუზუნითა და საუზმე- სადილ- ვახშამზე ზრუნვით. ეს ერთი მხრივ კომიკურია, მეორე მხრივ კი ძალიან, ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი დეტალი:  სისუსტე და შიში პოზიტიურ საქმეებს არ გამორიცხავს და მათი თანხლებითაც ხდებიან გმირები. ბილბო სულ ცოტათი წააგავს ნაცარქექიას, ზუსტად ასეთივე მოხერხებული და უდარდელია, მაგრამ არა- ნაცრის ქექვით და სრული უსაქმურობით გატაცებული. 

არც “ჰობიტი” და არც “ბეჭდების მბრძანებელი” ევროპული მითოსის უბრალო გადამღერება არ გახლავთ. ევროპული ფოლკლორიდან გადმოტანილი პერსონაჟები  პირველად ნიშნებს ინარჩუნებენ, თუმცა მათი გამდიდრებული ხასიათები, ზუსტად გაწერილი და არაჩვეულებრივი ზღაპრული სამყარო ცალკე დროსა და სივრცეს ქმნის. ტოლკიენის სამყარო იმდენად რეალურია, მკითხველს შანსს არ უტოვებს, მის არსებობაში ეჭვი შეეპაროს,- უმალ საკუთარი ეპოქის არსებობას დავაყენებთ ეჭვქვეშ. ჩვენი ყოვლისშემძლე, ტექნიკური აღამავლობის ხანის მსოფლიო ხომ ხშირად ისეთი მომაბეზრებელი ხდება, იმდენად არაუშუალო, არაგულწრფელი  და ხელოვნური, მზად ხარ, ბნელტევრის საშიშ ბილიკებზეც კი იმოგზაურო, ოღონდაც მიაგნო სამყაროს, რომელიც პირველ საწყისებთან დაგაბრუნებს. თუმცაღა, მე, გადამკიდე დამღლელი არაქნეფობიით, ბნელი ტყის ერთადერთ არასაშიშ ბილიკს არაფრისდიდებით გადავუხვევდი. 

რადგან ეს არც მეცნიერული წერილია, არც კრიტიკული რეცენზია და არც ტოლკიენისტიკის სიღრმეებში ვიჭრები, უფლება მაქვს, პარალელებით ქრისტიანობასა თუ წარმართულ ფოლკლორში თავი არ მოგაბეზროთ. სამაგიეროდ, თავისუფლად შემიძლია, გადავუხვიო ნებისმიერ “ბილიკზე”, ნებისმიერ “ორღობეს” მოვედო და ნებისმიერი გზით ვეცადო,  ჯერ ჩემი საყვარელი ტოლკიენი წაგაკითხოთ და მერე ჯექსონის შესანიშნავი ეკრანიზაციებიც შემოგაპაროთ. ეს განსაკუთრებით ახლა შემიძლია: კითხვისათვის აქტიურ პერიოდში. თან, გაითვალისწინეთ, კარგა ხანია, ქართული თარგმანებიც გამოვიდა: სამუშიას თარგმანი, რომელსაც წუნი საკუთარი სახელების გადმოქართულებაში დასდეს. მე კი დარწმუნებული ვარ, ბილბო აბგელი ბილბო ბეგინსივით შეგიყვარდებათ და რა თქმა უნდა, შეიყვარებთ ჯონ რონალდ რუელ ტოლკინს, ბრიტანელ ფილოლოგსა და ფენტეზის ჟანრის მწერალს, “სილმარილიონის”, “ჰობიტისა” და “ბეჭდების მბრძანებლის” ავტორს, რომელმაც შეძლო, სიკეთისა და ბოროტების მუდმივ ბრძოლაზე ისეთი იუმორით მოეთხრო, როგორც შეიძლება ისაუბრო მეზობელი მანანას მუდმივ ომზე მეზობელ ციალასთან. ამავდროულად კი, მან შეძლო, მკითხველს გამუდმებით ეფიქრა ისეთ მნიშვნელოვან შინაგან პლასტებზე, როგორებიცაა ჰობიტი ფროდოს  ეტაპობრივი გარეგნული მსგავსება გრძნეულ ელფებთან (“ბეჭდების მბრძანებელი”) და მის მოკვეთილ, ბეჭდიან თითს უფსკრულში გადაყოლილი გოლუმი, როგორიც ჯუჯების მოულოდნელი სიხარბე თუ გენდალფის მოულოდნელი გაუჩინარებებია (“ჰობიტი”). ყველა შემთხვევაში თქვენ, ვისთვისაც ეს პოსტი დაიწერა, ძალიან, ძალიან ბედნიერი მკითხველები ხართ, რადგან წინ იმხელა თავგადასავლები გელით, ჩაშლილ ზაფხულს წვიმიან ზღვისპირეთში საწუწუნოდ აღარ გაიხდით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი