„ყველა მასწავლებელმა უნდა იზრუნოს თვითგანვითარებაზე, არა იმიტომ, რომ კომპეტენცია აკლიათ, არამედ იმიტომ, რომ შეუძლიათ იყვნენ უკეთესი“ — ეს სტატია მინდა, დავიწყო დილან უილიამის ამ სიტყვებით. სწორედ ამიტომ არასოდეს ვამბობ უარს სხვადასხვა პროექტსა თუ ტრენინგ-სემინარში მონაწილეობაზე.
2-11 ივლისის პერიოდში თურქეთის ქალაქ სტამბოლში, 8 ქვეყნის (თურქეთი, საქართველო, ალბანეთი, სერბეთი, ესპანეთი ჩეხეთი, უკრაინა და ლიეტუვა) წარმომადგენლები მონაწილეობას ვიღებდით საერთაშორისო გაცვლით ტრენინგკურსში – „ახალგაზრდული მუშაკები ადიქციის წინააღმდეგ“ (Youth Workers Against Addictions), რომლის მთავარი თემა იყო ადიქცია და მისი პრევენციის ეფექტური მექანიზმები.
ევროკავშირის ათდღიანი პროგრამის „Erasmus+“-ის ფარგლებში, მონაწილეებს გავაცანით ჩვენს ქვეყნებში არსებული მდგომარეობა. შევიმუშავეთ ადიქციის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების სტრატეგიები და პრევენციის მექანიზმები. პროგრამის ბოლოს შევქმენით 20 სამოდელო სემინარის გეგმა, რომელთა ჩატარება შესაძლებელია, როგორც ახალგაზრდებთან, ასევე მათ მშობლებთან, პედაგოგებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან. მომავალ წერილებში აუცილებლად გაგიზიარებთ აქტივობებს მათ შესახებ.
ჩვენს ქვეყანაში საგნის – „მოქალაქეობა“ – სტანდარტით, VII კლასში ერთ-ერთი სასწავლო თემა ეთმობა ჯანსაღ ცხოვრებას. სწორედ ამ თემის ფარგლებში შემოთავაზებული საკითხია ადიქცია. მოსწავლემ შესასწავლი საკითხის ფარგლებში უნდა შეძლოს ადიქციის სხვადასხვა ფორმის მავნე ზემოქმედების შედეგების გაანალიზება, პრობლემის დანახვა და მის საწინააღმდეგოდ ნაბიჯების გადადგმა.
სამედიცინო განმარტების მიხედვით ადიქცია არის სახიფათო და დამღუპველი ჩვევისადმი დამოკიდებულება. ფართო გაგებით იგი განიხილება, როგორც ადამიანის მიჯაჭვულობა მავნე საქმიანობისადმი. გამოყოფენ ადიქციური ქცევის ოთხ გამოვლინებას/ფორმას:
- დამოკიდებულება სიგარეტზე;
- დამოკიდებულება ალკოჰოლზე;
- დამოკიდებულება ნარკოტიკზე;
- დამოკიდებულება თამაშებსა და ტექნოლოგიებზე, აზარტულ და ვიდეოთამაშებზე.
ეს უკანასკნელი შედარებით ახალია. მისი ფართო გავრცელება უკავშირდება ინტერნეტის და ზოგადად ტექნოლოგიების განვითარებას.
ადიქციას მსოფლიოს ქვეყნები სერიოზულ პრობლემად განიხილავენ. მავნე ჩვევებისადმი დამოკიდებულებების გამოვლინება ყველაზე სახიფათოა ბავშვებსა და ახალგაზრდებში. გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში მოზარდებში აზარტული თამაშების გავრცელების მაჩვენებელი ზრდასრულების მაჩვენებელს 2-4 ჯერ აღემატება, ხოლო 12-დან 17 წლის ასაკის მოზარდების 8%-მდე პათოლოგიური მოთამაშეა.
სტამბოლის პროექტის ფარგლებში გვქონდა სასწავლო ვიზიტები ადიქციის თემაზე მომუშავე უმსხვილეს არასამთავრობო ორგანიზაციაში. „მწვანე მთვარე/Green Crescent“ არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც მთელი თურქეთის მასშტაბით ჩართულია ადიქციის წინააღმდეგ ბრძოლაში. მათ შემუშავებული აქვთ მრავალფეროვანი აქტივობები, რომლებიც მუშაობს როგორც პრევენციის, ასევე ინტერვენციის დონეზე. აქვთ საკუთარი წარმომადგენლობა მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც.
ჩემი განსაკუთრებული ყურადღება, სწორედ ადიქციის პრევენციისა და ინტერვენციის პროგრამებმა დაიმსახურა. მოსწავლეებში ადიქციის ოთხივე ფორმის პრევენციის მიზნით სკოლებში ატარებენ ინტენსიურ საინფორმაციო კამპანიებს/კვირეულებს, სპორტულ-შემეცნებით აქტივობებს, ეხმარებიან მასწავლებლებს კვალიფიკაციის ამაღლებაში, მუშაობენ მათთან ერთად ინტეგრირებულ პროგრამებზე, ქმნიან და ავრცელებენ ვიზუალურ მასალებს და ა.შ.
„მწვანე მთვარეს“ მთელი თურქეთის მასშტაბით აქვს სპეციალური სარეაბილიტაციო ცენტრები/პარტნიორი ორგანიზაციები, სადაც სპეციალისტები (სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები) მუშაობენ ინდივიდუალურად დამოკიდებულებაგამოვლენილ პირებთან (უშუალოდ სტამბოლში ასეთი თორმეტი ცენტრია). არასრულწლოვანი (14 წლიდან) ბენეფიციარების მიღება ხდება მშობლების მიმართვის საფუძველზე, ხოლო სრულწლოვანი მოქალაქეების პირადი განცხადების/სატელეფონო ზარის საფუძველზე. ფსიქოლოგთან ინტენსიური კურსის შემდეგ ბენეფიციარის ინტერესების გათვალისწინებით ხდება მისი ჩართვა კონკრეტულ პროგრამაში.
სარეაბილიტაციო პროგრამაში ჩართული ბენეფიციარები სწავლობენ ხეზე მუშაობას, ფერწერას, ვებდიზაინს, პროგრამირებას, გრაფიკულ დიზაინს, კულინარიას, ხელოვნების სხვადასხვა დარგს და სხვა… თითოეულ მსგავსს სარეაბილიტაციო ცენტრს ინდივიდუალური პროფილი აქვს, რაც დამოკიდებულია იმ ქალაქში/უბანში/კვარტალში მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებზე და სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე.
მნიშვნელოვანია, რომ სარეაბილიტაციო კურსის დასრულების შემდეგ, მაშინვე არ სრულდება ბენეფიციარებთან ურთიერთობა. აქ მკითხველის ყურადღებას გავამახვილებ ორ საკითხზე:
- ორგანიზაციას ჰყავს უამრავი პარტნიორი კერძო სექტორში. ბენეფიციარებს, რომლებმაც გაიარეს სარეაბილიტაციო კურსი და შეისწავლეს კონკრეტული პროფესია სთავაზობენ დასაქმებას რესტორნებში, სასტუმროებში, ქარხანა-ფაბრიკებში და ა.შ.
- გარკვეული პერიოდის შემდეგ, ტარდება გასაუბრება ბენეფიციართან, მის დამსაქმებელთან, ხოლო არასრულწლოვანის შემთხვევაში – მის კანონიერ წარმომადგენელთან. გასაუბრების მიზანია სარეაბილიტაციო კურსისა და შემდგომი პერიოდის შეფასება, მისი ეფექტურობის განსაზღვრა და სამომავლო ნაბიჯების დაგეგმვა.
სამწუხაროდ, საქართველოში სრულფასოვნად არ არის გამოკვლეული, მოზარდების რა რაოდენობა მოიხმარს ალკოჰოლს, თამბაქოს, ნარკოტიკსა და ტექნოლოგიებს.
რეკლამის შესახებ საქართველოს კანონი არეგულირებს წარმოების, განთავსებისა და გავრცელების დროს წარმოქმნილ სამართლებრივ ურთიერთობებს.
კანონი კრძალავს მაგარი სპირტიანი სასმლის პოპულარიზაციას ნებისმიერი ფორმით და განსაზღვრავს მსუბუქი ალკოჰოლის შემცველი პროდუქციის რეკლამის განთავსების წესს. აღნიშნული კანონის მიხედვით, ასევე აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ყველა სახის რეკლამა; აწესებს გარკვეულ შეზღუდვებს თამბაქოს ნაწარმის რეკლამასთან დაკავშირებით. აკრძალულია 18 წელს მიუღწეველ პირებზე ალკოჰოლიანი პროდუქციის, თამბაქოს ნაწარმის გაყიდვა, ასევ იკრძალებამათი ჩართვა აზარტულ თამაშებში.
უნდა ვაღიაროთ, რომ აღნიშნული რეგულაციები არ არის ეფექტური, რადგან ზოგადი დაკვირვებითაც ჩანს, რომ ახალგაზრდებში ხშირია ადიქციის ოთხივე ფორმა. ცხადია, რეკლამისა და გაყიდვების აკრძალვებმა შეიძლება გარკვეული როლი შეასრულოს მოზარდებსა და ზრდასრულებში ადიქციის პრევენციის კუთხით, თუმცა ეს არ არის საკმარისი. მაგალითისათვის, შეგვიძლია ვნახოთ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ საქართველოს საპატრიარქოსთან თანამშრომლობით განხორციელებული კვლევის „მოზარდებში აზარტული თამაშების პრევენციის საერთაშორისო გამოცდილების შესახებ“ ერთ-ერთი რეკომენდაცია – „აზარტულ თამაშებზე მოთხოვნილების მნიშვნელოვნად შემცირება შესაძლებელია ცნობიერების ამაღლების, საგანმანათლებლო ღონისძიებების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პოლიტიკის მიღებისა და განხორციელების გზით“.
მწვანე მთვარესა და მის ერთ-ერთ სარეაბილიტაციო ცენტრში სასწავლო ვიზიტის დროს გაგვაცნეს კონკრეტული ციფრები, რომლებიც შთამბეჭდავია. სამოქალაქო საზოგადოებისა და სახელმწიფოს კოორდინირებული მუშაობის შედეგად ყოველდღიურად უამრავი ადამიანი ერთვება სარეაბილიტაციო პროგრამებში. შედეგად ისინი თავს აღწევენ ადიქციის საკმაოდ რთულ ფორმებს, უბრუნდებიან ნორმალურ ცხოვრებას, ოჯახებს.
გამოყენებული წყაროები:
https://matsne.gov.ge/ka/document/view/31840?publication=28
https://befriend.mes.gov.ge/article/?id=24