სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

კორტასარის ჯადოქრობანი

ყოველთვის მეშინოდა კორტასარის. დაახლოებით ისე, როგორც მიწისძვრის ან წყალდიდობის. ზიხარ სახლში მყუდროდ, სახლისა ხარ: მშვიდი, სამსახურიდან ორიოდ საათის წინ დაბრუნებული, ბავშვის ხელით ნაწვალები პლასტელინივით მომლღვალი, შესაძლოა, გაცვია პიჟამა და დასაწოლადაც ემზადები. უცებ კი, ყველაფერი თავზე გენგრევა ან ნიაღვარი გადარეცხავს შენ მიერ შეკოწიწებულ სიმყუდროვეს. 
ასე იყო: ცამეტი წლის ასაკში წაკითხულ მოთხრობებს მიწის სუნი ასდიოდა. ეს დაახლოებით ის ასაკია, როცა ყოფიერების ამაოებაზე იწყებ ფიქრს და საგნების მნიშვნელობას სასიცოცხლო შკალაზე ლამის ნულოვან შეფასებას ანიჭებ. მიწის სუნი კი ნესტოებს ისე გიფართოებს, როგორც ძვლის მფლობელ ძაღლს შემცილებლის გამოჩენა. მე კი ერთადერთი და განუმეორებელი ძვალი მქონდა: ჩემი ცამეტწლიანი და სავარაუდოდ, კიდევ მრავალწლიანი სიცოცხლე. ხულიო კორტასარი არაფერში მჭირდებოდა. მეზიზღებოდა მისი დრო, მისი ურნები და სასაფლაოსთვის განკუთვნილი ყვავილები, ისინი ისეთი სახიფათო იყო, როგორც “გმირთა მოედნის” მიწისქვეშა გადასასვლელი. 
რამდენიმე წლის შემდეგ, როცა თბილისის მიწისქვეშა გადასასვლელებში ფეკალიების სუნმა იკლო და სინათლემ იმატა, კორტასარს თავიდან მივუბრუნდი. მაშინ უკვე ვიცოდი, რომ კარგი წიგნებიდან მაინცდამაინც მარკ ჯეიკობსის “დეიზის” სურნელი არ უნდა გცემდეს. 
მას შემდეგ მე თვითონაც ერთი დიდი ნაგვის “ბუნკერი” ვარ. ჩემს სოფელში დღემდე არ არის სანაგვე ურნები და ყველაფერს ერთ დიდ ორმოში ყრიან გარდა პამპერსებისა, რომლებთანაც მიწა მწყრალადა. პამპერსები რაიონში მიაქვთ ხოლმე, ცივილიზაციის პატარა წიაღში, იქ, სადაც მეტალის ურნებმა შეაღწია. ზუსტად ასე, პამპერსებივით დავატარებ წიგნებს, რომლებიც ხანდახან ძალიან შემზარავია. ამ წიგნებში არც ზომბები დარბიან და არც ვამპირები წრუპავენ სისხლს მთავარი არტერიიდან. აქ არც არაფერია ვულგარული. უბრალოდ, მათი კითხვისას თავს ისე გრძნობ, თითქოს ორმოც გრადუსიან სიცხეში უკონდიციონერო ოთახში იჯდე. თანაც მზის მხარეს მოქცეულ ოთახში.
სწორედ ასეთი სადისტია ჩემი აწ უკვე საყვარელი არგენტინელი მწერალი. განსაკუთრებით კარგად კი მკითხველის ნერვებზე თამაში გამოსდის: მხოლოდ მას შეუძლია თავის ნებაზე, თავბრუსხვევამდე გატრიალოთ და მუდმივად დაძაბული გამყოფოთ. ცხვირწინ თქვენი ყველა სისუსტე, ყველა პრობლემა, ოდესღაც ვერგამოუთქმელი ყველა შეგრძნება, მთელი თქვენი ვიწრო ეგოიზმი, თქვენი ხშირად მტკივნეული ილუზიები, თქვენი ძლივს მოპოვებული თავისუფლება აგიფრიალოთ და მიწაზე დაგახეთქოთ. ეს, რა თქმა უნდა, არ იქნება მსუბუქი დაშვება. საინტერესო ისაა, რომ კორტასარი სწორედ მაგიური რეალიზმით, ფანტასტიკისა და რეალობის ზღვარზე შექმნილი სიუჟეტებით ცდილობს, ჩვენს რეალურ დროში დაგვაბრუნოს.

„კლასობანა” კორტასარის გახმაურებული რომანია დროისა და არჩევანის შესახებ „კერძოსა და ზოგადს შორის” (მალხაზ ხარბედია). სამი ნაწილისგან შემდგარ რომანში თხრობა სხვადასხვა კუთხიდან მიმდინარეობს, „აქ, ერთის მხრივ, პარიზია, მეორე მხრივ, ბუენოს აირესი, წარსული და აწმყო, ქაოსი და წესრიგი, იზოლაცია და ღიაობა” (მალხაზ ხარბედია). თუმცაღა, მე უფრო კორტასარის მაგიური მოთხრობების გოგო ვარ: იქაური ჯაზით, დროის დილემით, პირადი წვრილმანი, ეგოისტური ინტერესებით („მდევარი”); ინდივიდუალიზმის სირთულეებით („ავტობუსი”) თუ სუბიექტური სივრცის მიტაცებით („მიტაცებული სახლი”).
წინ მიდევს კორტასარის მოთხრობების პირველი ქართული გამოცემა ყვითელი, უკვე დაგლეჯილი ფურცლებით და ვთვლი დროს. ეს არის თექვსემტი წლიდან საკითხავი წიგნი გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად: რადგან ამ პერიოდში მიწის სუნს ნესტოები მიჩვეულია და „მდევრის” დევნილიც, გენიალური საქსაფონისტი შენთვის აღარც ისეთი უცხოა, როგორიც სამი წლის წინ იყო. აღარც მის (ჯონის) სიტყვებზე „ეს ხომ უკვე ხვალ დავუკარი, მაილზ” გიფართოვდება თვალები. ჯონის რეზინის სამყარო საქსოფონზე ყოველი ჩაბერვისას ფართოვდება და მეტროში კი, წუთნახევრიანი ჩაფიქრებისას ჰგონია, მთელი საათი გავიდა. მთავარი სირთულეები ყველაზე მარტივი ამბებია: „მაგალითად, მზერა და დანახვა….. გუშინ საღამოს სარკეში ჩავიხედე რატომღაც და გინდ დაიჯერე, გინდ არა, ეს საშინლად ძნელი რამ იყო…. სინამდვილეში ხომ ის ტიპი მე არ ვარ, ვინც სარკეში დავინახე”.
ჯონის „სტრასტიზის” მოსმენისას, მისი შემზარავი გენიალობის კვალდაკვალ, იქნებ, მიხვდე კიდეც, რომ თავად საქსოფონისტი ქცეულა მდევრად. მისი ღმერთი კი კარს იქით ზის და ყურებზე ხელები აუფარებია. 
ეს არის ტექსტი დროისა და ღმერთის გამოცანების შესახებ. ხოლო მუსიკა დროებითი გამოსავალია, შექმნის წუთები, თუმცა შექმნილი ღმერთები ბოლო ნოტის შემდეგ ისე მარტივად ქრებიან, როგორც გაზაფხულის „გუგულის” თოვლი მზის პირველსავე სხივებზე. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“