კვირა, აპრილი 28, 2024
28 აპრილი, კვირა, 2024

მოჭარბებული მეურვეობა – დამოუკიდებელი პიროვნების ფორმირების დამაბრკოლებელი

 

რამდენიმე დღის წინ ძალიან საინტერესო და საყურადღებო სიტუაციის უნებლიე მოწმე და მონაწილე აღმოვჩნდი. ქუჩაში, ტრანსპორტის გაჩერებაზე მდგომმა ჩემსკენ გაღიმებული სახით მომავალი ერთი ძველი ნაცნობი, დიდი ხნის უნახავი ქალბატონი შევნიშნე. მას თან ახლდა თავისი გოგონა, რომელიც სულ პატარა მახსოვდა, ახლა კი სიმაღლით დედასაც კი უსწრებდა. ისინი ხელიხელჩაკიდებული, გაღიმებული სახით მოდიოდნენ ჩემკენ. როცა მომიახლოვდნენ, გაოცება ვერ დავმალე მოზარდის დანახვაზე – „ეს თამუნაა არა? როგორ გაზრდილა“! –„აბა, აბა, გავიზარდეთ, გავიზარდეთ, დრო ძალიან სწრაფად გარბის“ – აღფრთოვანებას და სიამაყეს ვერ მალავდა ჩემი დიდი ხნის უნახავი ნაცნობი ქალბატონი. „თამუნა, რომელ კლასში ხარ“? – შევეცადე მოზარდს გამოვლაპარაკებოდი. მან პასუხის გაცემა დააპირა, მაგრამ დედამ დაასწრო – „ჩვენ უკვე მეთერთმეტეში გადავედით“. „თამუნა, მომავალი პროფესია ალბათ უკვე არჩეული გექნება, ასეა?“ – ვცდილობდი, როგორმე ამელაპარაკებინა გოგონა, რომ მისი ხმა გამეგო, მაგრამ ამ შემთხვევაშიც დედამ დაასწრო. „ექიმობა გვინდა, სამედიცინოზე ვაპირებთ ჩაბარებას, მონაცემებიც გვაქვს“. თამუნა უხერხულად იღიმებოდა, დედა კი გაუჩერებლად ლაპარაკობდა. ამ დროს ავტობუსიც გამოჩნდა და ჩვენი გზები გაიყო, დავცილდით ისე, რომ მოზარდი გოგონას ხმის გაგონება მაინც ვერ მოვახერხე. თუმცა, მის შესახებ დედისგან საკმაოდ დიდი ინფორმაცია მივიღე.

 

ვფიქრობ, ანალოგიური სცენები უცხო არ არის ჩვენი საზოგადოებისთვის. დედა შეწუხებულია იმის გამო, რომ ბავშვი აგვიანებს სახლში დაბრუნებას და აღმოჩნდება, რომ ეს „ბავშვი“ 60 წლის კაცია. ან აფთიაქში შესული მამაკაცი წამალს ეძებს ბავშვისთვის და როგორც ირკვევა „ბავშვის“ ასაკი 25 წელია. რა თქმა უნდა, მშობლისთვის შვილი, მისი ასაკის მიუხედავად, ყოველთვის ბავშვად რჩება, მაგრამ, როცა ასეთი დამოკიდებულების დემონსტრირებას საზოგადოებაში უცხო ადამიანების თანდასწრებით ახდენს, ის ნებით, თუ უნებლიეთ უხერხულ მდგომარეობაში იგდებს თავს და არცთუ იშვიათად დაცინვის ობიექტადაც კი შეიძლება იქცეს.

 

რა შედეგის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს მშობლის მხრიდან შვილის უზომო მეურვეობა და მთელი მისი ცხოვრების წინასწარ გაწერა. როგორც წესი, ასეთ მშობლებს წინასწარ, ჯერ კიდევ ბავშვის დაბადებამდე შედგენილი აქვთ შვილის მთელი ცხოვრების გეგმა – დაბადებიდან თითქმის ღრმა სიბერემდე – ვინ უნდა შეურჩიონ ძიძად; რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ის ადამიანი, ვისაც საკუთარ შვილს ანდობენ; როგორი უნდა იყოს საბავშვო ბაღი, სადაც ბავშვს შეიყვანენ; რა უნდა ისწავლოს ბავშვმა სკოლაში შესვლამდე – შვილთან დაკავშირებულ გეგმაში მუსიკის, ცეკვის, ერთი-ორი უცხო ენის შესწავლა მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ამ შემთხვევაში მშობლები, როგორც წესი, საკუთარი ბავშვობისდროინდელი არარეალიზებული სურვილების, მისწრაფებების, დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული. მაგ. ბავშვობაში ძალიან უნდოდა მუსიკის შესწავლა, მაგრამ მშობლებმა არ იზრუნეს, რომ მუსიკალური განათლება მიეცათ. ახლა ის ყველანაირად ცდილობს ეს „შეცდომა“ გამოასწოროს და საკუთარ შვილს შეუქმნას ისეთი პირობები, რომ მან მუსიკალური განათლების მიღება შეძლოს. რა თქმა უნდა, არც მუსიკის და არც უცხო ენების შესწავლა ზედმეტი არ არის  ბავშვისთვის, მაგრამ გაუმართლებელია, როცა მას არავინ ეკითხება, რა აინტერესებს, რა ურჩევნია – მუსიკის თუ ხატვის შესწავლა, ცეკვაზე სიარული თუ სპორტის რომელიმე სახეობის დაუფლება. ასეთ დროს მშობელთა დიდი ნაწილი საკუთარი ინტერესებითა და მისწრაფებებით უფრო ხელმძღვანელობს, ვიდრე ბავშვის სურვილებითა და გატაცებებით.

 

ყველაზე სერიოზულ პრობლემას მშობლები შვილისთვის სკოლის შერჩევის დროს აწყდებიან. ვფიქრობ, ადვილი არ უნდა იყოს შვილის უზომო მეურვეობითა და მისი ცხოვრების წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით მოქმედი მშობლისთვის ისეთი სკოლის შერჩევა, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს მის მოთხოვნებს და შვილთან დაკავშირებული საკუთარი გეგმების განხორციელებაში ხელს არ შეუშლის. როგორც წესი, ასეთი მშობელი ძალიან ხშირად უცვლის ბავშვს სკოლას და მიზეზად სხვადასხვა რამეს ასახელებს – ან მასწავლებლები არ მოსწონს, ან ის სასწავლო გეგმა, რომლითაც სკოლა მუშაობს, ან მის შვილთან თანაკლასელების დამოკიდებულებაა მშობლისთვის მიუღებელი. ყოველ შემთხვევაში მისთვის მიზეზის პოვნა ძნელი არ არის იმისათვის, რომ უკმაყოფილება გამოხატოს შერჩეული სკოლის მიმართ და შვილი სხვა სკოლაში გადაიყვანოს. სკოლების ხშირი მონაცვლეობა, თავის მხრივ, ახალი პრობლემების წინაშე აყენებს ბავშვს. როგორც წესი, ამ პრობლემების მიზეზებს მშობელი ისევ გარეთ ეძებს და საკუთარ ბრალეულობას სრულად გამორიცხავს, რაც ბუნებრივია პრობლემის მოგვარებას საკმაოდ ართულებს. შვილების უზომო მეურვეობით და მათი ცხოვრების განკარგვით დაკავებული მშობლები მოზარდის მიერ სკოლის დამთავრების შემდეგაც არ წყვეტენ მის ცხოვრებაში აქტიურ ჩარევას და მიმდინარე მოვლენებში წამყვან როლს ასრულებენ. ისინი საკუთარ თავზე იღებენ შვილისთვის პროფესიის არჩევას, მოგვიანებით მისთვის სამსახურის შერჩევაც საკუთარ მოვალეობად მიაჩნიათ. და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ასეთი მშობლები, როგორც წესი, მიინევენ, რომ მათზე უკეთესად ოჯახურ ცხოვრებას ვერავინ მოუწყობს. ამიტომ, მთელ პასუხისმგებლობას ამ საქმეშიც საკუთარ თავზე იღებენ და თავად წყვეტენ, ვინ იქნება მათი შვილისთვის ცხოვრების საუკეთესო მეგზური. იმ შემთხვევაში, თუ მშობლების აქტიური ჩარევით მოწყობილ პირად ცხოვრებაში ახალგაზრდას რაიმე პრობლემა ექმნება, ის, როგორც წესი, მშობლებს ადანაშაულებს და მთელ პასუხისმგებლობას საკუთარ „უბედურებაზე“ მათ აკისრებს.

 

რა თქმა უნდა, ყველა შვილი მორჩილად როდი მიჰყვება მშობლების გეგმებს. ცხოვრების რომელიმე ეტაპზე ის „სერიოზულ“ ამბოხს აწყობს მათ წინააღმდეგ და ყველანაირად ცდილობს, თავად განკარგოს საკუთარი მომავალი. არცთუ იშვიათად მშობლების გეგმებიდან გადახვევით ისინი სერიოზულ წარმატებებსაც აღწევენ, რაც გულწრფელად ახარებს მშობლებს და სერიოზულად ამაყობენ საკუთარი შვილითა და მისი მიღწევებით. თუმცა, არიან ისეთი ახალგაზრდებიც, რომლებიც სიტყვაშეუბრუნებლად ემორჩილებიან მშობლებს და საკუთარ ცხოვრებას მათ მიერ შედგენილი გეგმის მიხედვით წარმართავენ. გარკვეული აზრით, მათ მოსწონთ კიდეც ასეთი ცხოვრება, როცა მოხსნილი აქვთ მთელი პასუხისმგებლობა გადაწყვეტილების მიღებაზე და ყველაფერი მათ ცხოვრებაში ძალიან მარტივად, მათი ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე გვარდება. თუმცა, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე მშობლებს უკვე თავად აღიზიანებთ შვილის მათზე უზომო დამოკიდებულება, პასიურობა, ინფანტილიზმი და საყვედურებსაც არ იშურებენ მის მიმართ – „უჩემოდ არაფრის გაკეთება შეუძლია“, „ყველა პრობლემა მე უნდა გადავუწყვიტო“, „ხელით  სატარებელი მყავს ამხელა კაცი“, „რა ეშველება მე რომ აღარ ვეყოლები გვერდით, ნამდვილად დაიღუპება“. ასეთ დროს მშობლები გულწრფელად წუხან შექმნილი მდგომარეობის გამო, მაგრამ ამ დროისათვის პრობლემის მოგვარება და რაიმეს შეცვლა თითქმის შეუძლებელი ხდება.

 

ალბათ ბევრს გაუჩნდება შეკითხვა – როდიდან უნდა დავიწყოთ ბავშვის დამოუკიდებელ, ძლიერ პიროვნებად ჩამოყალიბებაზე ზრუნვა? პასუხი ამ შემთხვევაში ერთადერთია – რაც შეიძლება ადრე. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც პატარა დაუხვეწავი მოძრაობებით გაჭირვებით ახერხებს ფეხსაცმლის ან ტანსაცმლის ჩაცმას, კოვზის პირთან მიტანას და დამოუკიდებლად, დაუხმარებლად ჭამას. ასეთ დროს უფროსები, როგორც წესი, ხელიდან სტაცებენ ბავშვს კოვზს და თავად აჭმევენ, თავადვე აცმევენ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს, რომ არ „დაიტანჯოს“ მათი ნებიერა. მიუხედავად იმისა, რომ 2-3 წლის ბავშვი, რომლის საყვარელი ფრაზაა „მე თვითონ“, ჭირვეულობს და დაჟინებით მოითხოვს, რომ თავად ჩაიცვას, თვითონ დაიჭიროს კოვზი ხელში და დამოუკიდებლად ჭამოს, უფროსები კი არ აძლევენ მას ამის საშუალებას იმ მოტივით, რომ დიდ დროს კარგავენ და თავად აკეთებენ ყველაფერ იმას, რასაც ამ ასაკის ბავშვი მართალია გაჭირვებით, მაგრამ თვითონ უნდა აკეთებდეს.

 

დამოუკიდებლად მოქმედების სურვილი მოზარდში კიდევ უფრო მეტად ძლიერდება განვითარების მეორე კრიტიკულ პერიოდში, რომელიც 10-11 წლიდან 15-16 წლამდე გრძელდება. თუ მშობელი ამ პერიოდშიც შეეცდება, ყველანაირად ჩაახშოს ბავშვის დამოუკიდებლად მოქმედების სურვილი, ის ან პროტესტის გამოხატვას დაიწყებს აქტიურად სხვადასხვა ფორმით – უხეშობით, ჩხუბით, სახლიდან გაქცევითაც კი, ან შეეგუება არსებულ მდგომარეობას და მოგვიანებით შეიძლება მოეწონოს კიდეც, რომ მას არანაირი ძალისხმევის გამოჩენა არ სჭირდება და მის პრობლემებს მშობლები წყვეტენ. ეს კი, ბუნებრივია, უფროსებზე ზედმეტად დამოკიდებული პიროვნების ჩამოყალიბების ხელშემწყობი ხდება, ისეთი პიროვნების, რომლის მიმართაც თავად მშობლებიც უკმაყოფილებას გამოხატავენ, მაგრამ უკვე ვეღარაფერს ცვლიან.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბევრად უკეთესი იქნება, თუ მოზარდი ცხოვრების საკუთარ გზას გაივლის, იცხოვრებს არა ისე, როგორც მას მშობლებმა წინასწარ დაუგეგმეს, როგორც მათ სურთ, რომ იცხოვროს, არამედ საკუთარი ინტერესების, შეხედულებების გათვალისწინებით. შეიძლება მან შეცდომებიც დაუშვას, მაგრამ ამ შეცდომებზე პასუხისმგებელი თავად იქნება და ამ შეცდომებითაც ბევრს ისწავლის. რა თქმა უნდა, შვილს ყოველთვის სჭირდება მშობლის გვერდში დგომა, მისი რჩევებიც, მაგრამ, ამასთან ერთად, მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყოველ ასაკობრივ საფეხურზე, გარკვეულ საზღვრებში დამოუკიდებლად მოქმედების უფლების მინიჭება. ეს ყოველივე მას ბევრად უფრო ძლიერ პიროვნებად ჩამოაყალიბებს და ამით, პირველ რიგში, თავად მშობელი იამაყებს.

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი