სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ერთი, ორი, სამი ჩაკი

ყველას უყვარს ჩაკი. ის ჩაკ ნორისზე უნივერსალურია.
მას შეუძლია, ყველა გემოვნების მკითხველს ერთი ამოსუნთქვით წააკითხოს საკუთარი ტექსტები,
არამკითხველებს კი კითხვა დააწყებინოს. ეს ის ჩაკია, რომელიც პირდაპირ გიჟდება ყოველგვარი
სიბინძურის გამოფენაზე და ნაგავს
ურნაში კი არა, წიგნებში ყრის.
მკითხველი ნაგვის გადამამუშავებელია, ჩაკ პალანიკი – ნაგვის კონტეინერი, ოღონდ – არა
ჰერმეტულად დახურული. ის ჩვენზე, ნაგვის მკეთებლებზე წერს.

 

შელამაზებული თხრობა არ უყვარს, პირდაპირია
და უშუალო. ალბათ, ასეც უნდა იყოს: ინდივიდუალიზმის დაკარგვაზე, პიროვნების თვითრეალიზაციის
მცდელობასა და შეუძლებლობაზე, კაპიტალისტური სამყაროს და, საერთოდ, მსოფლიოს ხშირად
არაჰუმანურ კანონებსა თუ მონური მორჩილების აუცილებლობაზე, ტოტალური ანარქიის მიღწევასა
და მიღწეული ანარქიის უაზრობაზე სხვანაირად წერა არ გამოდის.

 

“მებრძოლთა კლუბი” არის რომანი ადამიანების
შესახებ, რომლებმაც, ჩაფლულებმა ყოველდღიურ რუტინასა და განუხორციელებელ ოცნებებში,
გადაწყვიტეს, აგრესიით, ჩამსხვრეული ძვლებითა და განადგურებული შენობებით, საკუთარი
და სხვების სისხლითა და ხორცით მოეწყოთ ანარქიული მსოფლიო.

 

ყველაფერი უძილობით, შიშითა და მარტოობით დაიწყო.
წიგნის მთავარი გმირი უდიდესი კორპორაციებით დახუნძლული ქვეყნის შვილია. კორპორაციული
წესები კი ისეთივე მოსაწყენია, როგორიც ბებიაჩემის ლოკალური შინაგანაწესი, რომლის მთავარი
პრინციპი მეტისმეტად ხშირად კვებაა. ის ჩვეულებრივი, მუდამ მომლოდინე ბებოა ბევრი საქმით
და მაინც შარაზე გამოკიდებული თვალებით. კორპორაციებისთვის კი შენ საჭირო, მაგრამ არამნიშვნელოვანი
ჭანჭიკი ხარ და ნებისმიერ დროს მარტივად ჩაგანაცვლებენ სხვა პატარა მექანიზმით. ეს
მაშინ, როცა წლობით ცდილობ, ჭანჭიკის უფერული ყოფიდან იერარქიული კიბის რომელიმე ზედა
საფეხურზე გადაინაცვლო. თუ საერთოდ გააჩნიათ ჭანჭიკებს იერარქია. ყოველ შემთხვევაში,
სტანდარტული ბრტყელტუჩა თუ არ მოგერია, ეგეც საქმეა.

 

მთავარ გმირს კი ძილი ვერაფრით მოერია. მას
მეტისმეტად ეშინოდა ბრტყელტუჩასი. ის მეტისმეტად მარტო იყო და გამამხნევებელ ჯგუფებში
სიარულიც დაიწყო: გვერდით ნაწლავის კიბოთი დაავადებული თუ გიდგას, საკუთარ სიცოცხლეს
უფრო მძაფრად გრძნობ. თითქოს სიცოცხლე კი არა, ორმაგი ჩიზბურგერი იყოს – მსუქანი, მსუყე,
დიდი და ბევრი.

 

ტაილერ დერდენიც გამოჩნდა. დიდი, უზარმაზარი,
ყოვლისშემძლე ტაილერ დერდენი. ისეთი ტაილერი, რომელიც ნეკა თითებზე აიწევა და ბრუს
ლისაც კი დააგდებს. ეს “ჩაკნორისა” პერსონაჟი, ეს თავზე ხელაღებული არამზადა,
ეს ამერიკელი სუპერმენი მთავარი გმირის ყველა განუხორციელებელი ოცნების შესანიშნავი
ნაკრებია. ის შემზარავად შესანიშნავია. შესაძლოა, უცებ მოიხიბლო კიდეც. მით უმეტეს,
თუ ფინჩერის ეკრანიზაციას რომანამდე გაეცანი.

“მებრძოლთა კლუბი” იმედების გაცრუების
შესახებ დაწერილი წიგნია. აქ ყველა ახდენილ ოცნებას ჯურღმულისკენ მიჰყავხარ. აქ არ
ელი კათარზისის მსგავს ფინალს და მთავარი გმირის თვითგადარჩენის მცდელობა ისეთივე არაორგანული
გგონია, როგორიც თბილისური, ჯერ კიდევ დაუმახინჯებელი ბილბორდები. არადა, მთავარი გმირი
მთავარი გმირების უპირველეს ჩვევას, გადარჩენას, მაინც მოახერხებს. ეს “კარფურივით”
წიგნია. ფართო არჩევანით და სევდიანი თანამშრომლებით, რომლებიც მადლობას გიხდიან შეძენილი
საღეჭი რეზინისთვის. აქაური არჩევანი საბოლოოაა: ან ირჩევ მებრძოლთა კლუბს, ან ირჩევ
მებრძოლთა კლუბს. სლოგანი საჭირო აღარაა და არც ყვითელ სამარშრუტო ტაქსიზე წააწერ შენს
უცილობელ მარშრუტს. ყველა ისედაც მებრძოლთა კლუბში მიდის.

 

საბოლოოდ კი, თითისბალიშებმოჭრილები, უანაბეჭდოები,
ნაწლავებგადმოყრილები, ერთმანეთს ემსგავსებიან და თავად ქმნიან ახალ, დაუნდობელ კორპორაციას,
ხორცსაკეპ მანქანას, ახალ ზომბილენდს.

 

ეს ჟურნალისტის ხელით შექმნილი ზომბილენდია.
ჩაკ პალანიკს პროფესია ისევე ეტყობა, როგორც მონიკა ბელუჩის – ნაოჭები. ეს კარგი და
ბუნებრივია. ბუნებრივია პალანიკის ფანების დიდი არმიის არსებობაც. ფსიქოსივრცეების
ძებნა და აღმოჩენაც ბუნებრივია. თუმცაღა, დღემდე მგონია, რომ “მებრძოლთა კლუბი”
ოცდაერთ წლამდე საკითხავი კარგი წიგნია. თანაც ამ რომანის კითხვისას სულ სისხლიანი
და მშვენიერი მულტიპლიკაციური სერიალი
“Happy Tree Friends” მახსენდება ხოლმე ლოსის მოჭრილი ფეხითა თუ ჰელოუინის
გვამებით. თითქოს რომანი კი არა, სისხლის ბანკი იყოს. უფრო კი სისხლის ავზი, რომელიც
გაუმჭვირვალეა და მეტის დანახვის საშუალებას არ გვაძლევს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“