სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

იღბლიანი მე, ანუ როგორ შევხვდი იან გილანს

Deep Purple თბილისში რომ ჩამოდიოდა, მარტის თვეში გავიგე. მაშინვე ვუთხარი ჩემს თავს, რამდენი ლარიც არ უნდა დაგიჯდეს, შენ ამ კონცერტზე აუცილებლად უნდა მოხვდე-მეთქი. ბილეთების გაყიდვა დაიწყო თუ არა, მეორე დღესვე ვეწვიე დინამო არენას, მოლარეს ბანკომატიდან 10 წუთის წინ გამოტანილი თანხა გავუწოდე და ამაყად წარმოვთქვი: ორი ბილეთი, Open Air-ზე.

ვინ უნდა წამეყვანა კონცერტზე, თუ არა შეყვარებული – ქეთი, რომელსაც, მგონი ჩემზე მეტად უყვარს როკმუსიკა. ხშირად ვუსმენთ ხოლმე ერთად ჰენდრიქსს, ჯოპლინს, Pink Floyd-ს და Punk როკსაც.. Punk სტილი ჩემს გოგოსთან ერთად შემიყვარდა, მანამდე ამ ჟანრს არც ისე ხშირად ვუსმენდი. მე მას ბლუზი შევაყვარე. ყოველ შემთხვევაში, ასე მგონია .
 

5 ივნისს ვმუშაობდი. სამსახურიდან გამოვედი თუ არა, ქეთის შევხვდი და მეგობრებთან ერთად გავეშურეთ დინამოზე. განწყობა ყველას კარგი გვქონდა.  გზაში მითხრეს, რომ ერთ-ერთი ჩვენი მეგობარი 'Deep Purple'-ის ვოკალისტს, იან გილანს უნდა შეხვედროდა და ამ შეხვედრაზე კიდევ ერთი ადამიანის შეყვანა შეეძლო. მცირე ხნის მსჯელობის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ მეორე ადამიანი მე ვიქნებოდი.. ცოტა ავნერვიულდი, მაგრამ თავი კარგად მეჭირა. მთელი აღმაშენებლის გამზირი ფეხით ჩავირბინეთ, რომ არ დაგვეგვიანა. 

მივედით, დინამო არენას მედია ცენტრი ვიპოვეთ და შიგნით შევედით. გილანთან შეხვედრას 10-მდე ადამიანი ელოდა. მცირე ხნის შემდეგ, ერთ-ერთმა თანამშრომელმა ქვედა სართულზე ჩაგვიყვანა. იან გილანი მეუღლესთან ერთად გამოვიდა ჩვენთან შესახვედრად – თეთრებში ჩაცმული, შავი სათვალით. თბილად ჩამოგვართვა ხელი, ყველა მოგვიკითხა და ავტოგრაფების დარიგებას შეუდგა.

ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, თითქოს ცდილობდა, მაქსიმალურად დაეზოგა ენერგია კონცერტის წინ, რათა შემდეგ სცენაზე ბოლომდე დახარჯულიყო. მშვიდად, დინჯად, მაგრამ თბილად გვესაუბრებოდა. ცოტა არ იყოს, დავიბენი, სიტყვები ერთმანეთზე როგორც იქნა გადავაბი და მორიდებით ვთხოვე, რამდენიმე ავტოგრაფი მინდა, მეგობრებისთვისაც-მეთქი. გაიღიმა და თხოვნა უსიტყვოდ შემისრულა. აი შედეგიც:

ლეგენდასთან შეხვედრა დაახლოებით 10 წუთს გაგრძელდა. შემდეგ გილანის ასისტენტი გამოვიდა და იკითხა: ‘Everybody Happy?’ ჩვენც ღიმილით დავუდასტურეთ, იანს და მის მეუღლეს აპლოდისმენტებით დავემშვიდობეთ. მედია ცენტრიდან ძალიან ბევრი ემოციით დატვირთულები გავედით და ჩვენი ადგილებისკენ გავეშურეთ, სადაც ქეთი და სხვა მეგობრები უკვე გველოდნენ.
შემდეგ იყო კონცერტი.. არ ვიცი რა დავწერო ამ ლაივის შესახებ. უბრალოდ, მინდა ვთქვა, რომ ეს იყო იშვიათი შემთხვევა, როცა ნებისმიერ ახალგაზრდას შეეძლო მშობლებთან ერთად მისულიყო კონცერტზე.. Deep Purple-მა დინამო არენაზე რამდენიმე თაობა გააერთიანა. თინეიჯერები, ახალგაზრდები და უფროსი თაობის წარმომადგენლები ერთ მუსიკაზე ერთსა და იმავე ემოციებს განიცდიდნენ.

პირადად მე ყველაზე მეტად ‘Lazy’-ს შესრულება მომეწონა. ბოლოსკენ კი მთელმა სტადიონმა ლეგენდარული ‘Smoke On The Water’ ჯგუფთან ერთად იმღერა. ცუდი ისაა, რომ ‘ფარფლების’ კონცერტის შემდეგ ისედაც ნახევრად სავსე სტადიონი მაყურებლების უდიდესმა ნაწილმა დატოვა და დანარჩენ ჯგუფებს მცირე აუდიტორიასთან მოუხდათ დაკვრა.. ეს უკვე გემოვნებისა და კულტურის საკითხია, რასაც დიდი ხნის მუშაობა სჭირდება. ამის მიუხედავად, საერთო ჯამში, ფესტივალმა კარგად ჩაიარა და, როგორც ორგანიზატორები იტყობინებიან, ეს კონცერტი რაღაც განსაკუთრებული ეტაპის დასაწყისად უნდა იქცეს საქართველოში. 

არ ვიცი რამდენად დაიწყება ახალი ეტაპი საქართველოსთვის, პირადად ჩემს ცხოვრებაში კი 5 ივნისს ნამდვილად განსაკუთრებული რამ მოხდა. შევხვდი ადამიანს, რომელთან შეხვედრას, თუნდაც 1 წლის წინ, ვერც კი წარმოვიდგენდი. ეს ხომ Deep Purple-ია – ლეგენდა, რომელმაც როკ მუსიკის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ მსოფლიოში და რომლის ხმაც ჩემი ყურსასმენებიდან ძალიან, ძალიან ხშირად ისმოდა ხოლმე. 2013 წლის 5 ივნისი იქცა დღედ, რომელიც არასდროს დამავიწყდება.

P.S. დიდი მადლობა თენგო ერგემლიძეს – ადამიანს, რომელმაც თავისი ადგილი დამითმო გილანთან შესახვედრად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი