სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

არჩევნები

როცა ჩემს შვიდი წლის ძმისშვილს სძინავს, ფიქრის დროა. მივუწვები ხოლმე გვერდით, ჯერ საკუთარ სუნთქვას მისას გავუთანაბრებ და მერე ჩემი დაბნეული, სწრაფი აზრებიც, აყოლილები თომას მშვიდ რიტმს, თავისით დალაგდებიან. ამ ბოლო დროს კი საკუთარი თავი უცნაურ რამეში გამოვიჭირე: მივუწვები და არ ვფიქრობ. მთავარია, ვიგრძნო ტემპერატურა და კანი, რომლის ქვეშაც ორგანოები მუშაობენ. ძაღლივით ვდარაჯობ მის ყოველ უჯრედს და ბევრობა მინდება: თითოეულ უჯრედს საკუთარი პირადი მცველი სჭირდება. ის ძალიან მაგარი ბიჭია და ერთდროულად შეუძლია იყოს კაპიტანი კაუჭა და ალისა, მეფე ლომი და ნემო, კალე ბლუმკვისტი და კაი, ჩემი ძმისშვილი და ჩემი ძმისშვილი. ფიქრიც არ მინდა, რა მოხდება, ერთხელაც ხელი რომ აიღოს ჩემს ძმისშვილობაზე! მაგრამ თავის დასამშვიდებელი არგუმენტიც ყოველთვის მზად მაქვს: შეიძლება, ხელი აიღო მეგობარზე ან სულაც თავზე – მამიდაზე ხელის აღება გამორიცხულია. სიცოცხლეზე ხელის აღებაც შესაძლებელა. განსაკუთრებით მაშინ, თუ გაქვს სუსტი ხელები და არ გაქვს საკვები. ასანთის ღერებით აწყობილი სომალელი ბავშვები, რომლებიც ფოტოებიდან გვიყურებდნენ დიდი, თაფლისფერი თვალებით, ანიმაცია უფრო გვეგონა და ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ ასანთის ღერები უკვე ჩამწვარი იყო. სულ ასეა: შორი ქვეყნების შორი ამბები ჩვენს ამბებად არასდროს იქცევა.
ცოტა ხნის წინ კი ჩვენი ამბავი მოხდა… ეს მოსალოდნელიც უნდა ყოფილიყო, რადგან საქართველოში 77 ათასი ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, ხოლო 205 ათასი – სიღარიბეში (გაეროს ბავშვთა ფონდის 2012 წლის კვლევა). მაგრამ რიცხვები მშრალი და ფუყე გვეჩვენება, სანამ მათ მიღმა ნამდვილ სისხლს ან გაცივებულ ხორცს არ დავინახავთ. ასე გვჩვევია რიცხვების “განაღდება”, თითქოს ადამიანები თამასუქები იყვნენ და მათ სხვა ადამიანები აპროცენტებდნენ. ჰოდა, დაველოდეთ მსხვერპლს. გამოდის, ჩვენი არჩევანი ყოფილა პატარა გოგიტა აბაშიძის სიკვდილი. ჩემი არჩევანია არ ან ვერგამეტებული უმცირესი თანხა დიანა ანფიმიადის ლოკალური, მიკროსაქველმოქმედო ფონდისთვის. ჩემი არჩევანია ქართველი პატარების დასუსტებული სხეულები, შუქი რომ გასდით და გგონია, თითი რომ მიადო, ქაღალდივით დაიფლითებიან. 

“ბრიუგეში” (In Bruges) არის ფილმი, რომელშიც არჩევანს აკეთებენ, უკვე გაკეთებულ არჩევანს ნანობენ ან გასაკეთებელი არჩევანის გამო წუხან. ლონდონელმა ირლანდიელმა მარტინ მაკდონაჰმა ხუთი წლის წინ, 38 წლის ასაკში, გადაიღო ფილმი, რომელშიც დიდი არჩევნები გამართა. ახალ ტარანტინოდ შერაცხულმა რეჟისორმა ბელგიის არქაულ, ულამაზეს ქალაქ ბრიუგეში დიდი ორომტრიალი მოაწყო. ისევე ოსტატურად, როგორც დედაჩემმა – ჩვენი ახალგარემონტებული სახლი. დიახ, მაკდონაჰი კარგი რეჟისორია, ხოლო დედაჩემი – გემოვნებიანი დიასახლისი.
ეს არის ამბავი ორი მკვლელისა და მუდმივი არჩევანისა. არჩევანი კი იმდენია, რომ შესაძლოა, ბიულეტენი გაგითავდეთ და მშრალზე დარჩეთ. ახალგაზრდა რეის თავის პირველ საქმეზე ბავშვი შემოაკვდება და კენთან, გამოცდილ მკვლელთან ერთად ბრიუგეში იძულებით გამოხიზნული, ისევ პატარა მსხვერპლზე ფიქრობს. ფეხის გადაბრუნება ან თავზე აგურის დაცემა ეგებ შემთხვევითობაა, მაგრამ ბავშვის სიკვდილი – არამც და არამც. რეი თავად წავიდა დავალებაზე, ე.ი. გააკეთა არჩევანი, დანიშნულ დროს დანიშნულ ადგილას ყოფილიყო და სასიკვდილოდ გაესროლა. ეს რომ არ გაეკეთებინა და დანიშნულ დროს, დანიშნული ადგილის გარდა, ნებისმიერ სხვა, შემთხვევით ადგილას – ბარში, პარკში ან ტრანსპორტში ყოფილიყო, ბავშვი გადარჩებოდა. იმავდროულად, რეი, კოლინ ფარელის ექსცენტრიკული გმირი, რომელიც თავადაც ძალიან ჰგავს ბავშვს, თვითონაც გადასარჩენია.

ფაინსის გმირი, მთელი ამ გაუგებრობის შემოქმედი, კენს უკვეთს მეგობრის მკვლელობას და რადგან კენი პროფესიონალია და რადგან კენის საქმე მკვლელობა და რწმენაა და რადგან ის ამ არქაულ ბრიუგეშია, სიკვდილისთვის ყველაზე ნაკლებად მოხდენილ ადგილას, და რადგან მას ჰარი ძალიან ადრე დიდად დაეხმარა და რადგან ის თან უყვარს და თან სძულს, ე.ი. რეი უნდა მოკვდეს. დიახ, მაკდონაჰს უყვარს კონტრასტები: მორწმუნე და მკვლელი გმირები, ექსცენტრიკული, თან კეთილი, თან ბოროტი “ბოსები”, დიდებული ადგილები და არასასიკვდილო ბუნაგები. მაკდონაჰი პირდაპირ გიჟდება ამ ყველაფერზე. რეჟისორი რომ არ იყოს, დიქტოფონზე ჩაწერდა და ყველას დაგვიგზავნიდა ფრაზებს: “დაივიწყეთ სრული ბოროტება ან სრული სიკეთე, ნუ განსაზღვრავთ საგნებს ერთი კუთხიდან დანახული ხედით და ადამიანებს – ერთი თვისებით”.
ადამიანებს წმინდანობა არ ეხერხებათ, განსაკუთრებით – მკვლელებს. “ბავშვი მკვლელი”, რეი, თავის მოკვლას ბავშვებისგან უკვე დაცლილ საბავშვო პარკში აპირებს. კენი კი, რომელსაც მკაცრად დაავალეს ბიჭის თავიდან მოშორება, გადაარჩენს. გადაარჩენს იმისთვის, რომ მერე რეიმ გადაარჩინოს სხვები, აი, მაშინ, უფრო დიდი და კარგი ბიჭი რომ გაიზრდება. მაგრამ ფაინსის გმირს სულაც არ უნდა, რეი დიდი ბიჭი გახდეს. ის კენის და რეის დასასჯელად ბრიუგეში ჩამოდის.
კარგი დიალოგები, ასეთივე იუმორი, კარგი მუსიკალური გაფორმება, საინტერესო სცენები მოულოდნელი დასასრულით, ახირებული, ადამიანური პერსონაჟები, ლანგარზე დადებული ძალადობა, რომელიც ძალიან ჰგავს “მოსამსახურეში” (“The Help”) ფეკალიებისგან გამომცხვარ ნამცხვარს და არცთუ შემთხვევითი დეტალები ამ ფილმს ერთხელ საყურებელ კადრებად არასდროს გაგამეტებინებს. მით უმეტეს, თუ შენი ძმისშვილის მცველობა გადაწყვიტე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“