ოთხშაბათი, ივლისი 17, 2024
17 ივლისი, ოთხშაბათი, 2024

სამშობლო

დმანისის რაიონის მთიანეთში სულ სხვანაირი სოკოები იზრდებოდა – შეეხებოდი თუ არა, რაღაცნაირ მტვრიან კვამლად იშლებოდა. მათი არც ქართული, არც ლათინური სახელი არ ვიცი, არც ის, ნამდვილად არსებობდნენ თუ ჩემს ბავშვურ ფანტაზიაში…

ფაქტია, რომ მხოლოდ ეს აბოლებადი სოკოები, კამეჩის მაწონი და საქონლისფუნიანი ორღობეები მახსოვდა ჩემი წინაპრების სოფელ გორადან, ადგილობრივები უცნაურ სახელს ჯირაიორს რომ ეძახდნენ.
იმ სოფელში ზაფხულობით ჩავდიოდი ჩვეულებრივი ბავშვური ბუზღუნის თანხლებით: ჩემი მეგობრებიდან ზოგი მწვანე და დაბურულ რაჭაში მიდიოდა, ზოგი – ზღვაზე, მე კი – ამ უცნაურ, ყველისსუნიან სოფელში, ჩემთვის გაუგებარ ენაზე მოლაპარაკე ადამიანებთან.
მე პონტოელი ბერძენი ვარ. თუ პონტოელთა ანთროპოლოგიაზე ვისაუბრებთ, ბევრ საინტერესო საკითხს წავაწყდებით. შავი ზღვის სანაპიროზე მცხოვრებ ბერძენთა კულტურის, ჩვეულებების, თუნდაც გარეგნობის მსგავსება ლაზებსა და აჭარელებთან მახსენებს ჯერ პონტოს სამეფოს, მერე ტრაპიზონის იმპერიას, სადაც გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ ქართველური და ბერძნული ტომები, ასე რომ, ვინ იცის… იდუმალი და გამოუცნობი რამაა სისხლი.
ჩემი წინაპრები დიდებული ბიზანტიის ნანგრევებთან, შავი ზღვის პირას ცხოვრობდნენ. შემდეგ, თურქული პოლიტიკისა და შევიწროების შედეგად, რასაც ზოგიერთი ისტორიკოსი პონტოელთა გენოციდსაც კი არქმევს, ადგილობრივ ბერძენთა ნაწილი ბრძოლაში დაიღუპა, ნაწილმა გაქცევა მოახერხა, თუმცა ამ ლტოლვილთაგანაც ბევრი დაიხრჩო ზღვაში თუ სნეულებებმა და შიმშილმა გაწყვიტა. ვინც გადარჩა, სხვადასხვა კონტინენტზე, სხვადასხვა ქვეყანაში დაიფანტნენ. ყველაზე დიდი ნაწილი საბერძნეთმა შეიფარა.
ჩემი წინაპრები საქართველოში, დმანისის რაიონის პატარა და მთიან სოფელში გორაში დასახლდნენ. ერთ-ერთი ღვთისმშობლის სახელობის პატარა საყდრის წინამძღვარიც გამხდარა. მეტი არც არაფერი ვიცი. მითები კი, იცოცხლე, ბევრია, მაგალითად, ის, რომ აია-სოფიას დიდებული ტაძრის მშენებელთაგან ერთი ჩემი გვარისა ყოფილა.
დასახლდა ჩემი ბაბუის ბაბუა ამ სოფელში, გაიჩინა საქონელი, დათესა კარტოფილი, გააჩინა შვილები და შედეგად – მე, უმადური შთამომავალი, ვისაც წინაპრების სოფელში ჩასვლაც ეზარება.
რატომ მოვყევი ამ ამბებს:
ბავშვობის მერე იმ სოფელში აღარც ჩავსულვარ, ჩემი ბერძნული იდენტობაც ბერძნული მითოლოგიისა და ლიტერატურის განსაკუთრებული სიყვარულით შემოიფარგლებოდა, სანამ ერთ დღესაც საბერძნეთში, ჩემს დასთან, სტუმრად არ წავედი. რასაკვირველია, დიდ ელადასთან შესახვედრად ვემზადებოდი. ასეც მოხდა, თუმცა ახლა ამ შთაბეჭდილებების გაზიარებას არ ვაპირებ, სულ სხვა რამ მინდა გიამბოთ.
საბერძნეთის ჩრდილოეთ ოლქში, მაკედონიაში, განსაკუთრებით ბევრი პონტოელი ბერძენი დასახლდა, ზოგან – საკმაოდ კომპაქტურადაც. ერთ-ერთი ასეთი კომპაქტური დასახლება ქალაქის ის ნაწილია, სადაც ჩემი და ცხოვრობს თავისი ოჯახით. ჰოდა, შუაგულ საბერძნეთში დმანისის მთიანი სოფელი გორა დამხვდა, მიუხედავად იმისა, რომ იქ არც მთები იყო, არც საქონელი, არც კამეჩისმაწვნიანი ქილები, არც კარაქის სადღვებელა-საქანელა, არც ის უცნაური სოკოები, შეხებისას რომ მტვრად იქცეოდნენ – მთავარი დამხვდა: დმანისელი ბერძნები, განსაკუთრებით – მოხუცები, ვინც, მიუხედავად ცხოვრების უკეთესი პირობებისა, დიდი თეთრი სახლებისა, ლამაზი ქუჩებისა და ბერძნული თბილი მზისა, მაინც თავიანთი მთის სოფლის მიწას, ჰაერსა და ბალახს ნატრობდნენ. ისინი ისეთ სასწაულებს ჰყვებოდნენ თავიანთი სოფლის შესახებ, რომ საკუთარ მეხსიერებაში ეჭვიც კი შემეპარა, იქნებ რამე არ მახსოვს, ან დრომ გადამავიწყა მეთქი.
იმავე წელს, საქართველოში დაბრუნებულმა, ჩემი სოფლის მონახულება გადავწყვიტე.
საამისო მიზეზიც გამიჩნდა – იქ, საბერძნეთში, ჩემი სოფლიდან წასულმა ბერძენმა გოგონამ ბავშვობისდროინდელ შეყვარებულთან წერილი გამომატანა მეზობელ მდებარე სოფელში. რა და როგორ მოხდა, არ მოგიყვებით, ეს სხვა პოსტის თემაა. ჰოდა, რომ ვიბორიალე სომხეთის საზღვართან და წერილი რომ ადრესატს ჩავაბარე, მერე ამ ჩემს სოფელში გამოვიარე.
დამხვდა… დამხვდა რა, პირობითია ეს დახვედრა:
დაცლილი სოფელი, ჩამოშლილი სახლები, უკაცური ორღობე, დაკეტილი სკოლა, უპატრონო ძაღლები, ნასახლარებზე მოდებული ეკალ-ბარდი და თითო-ოროლა სახლიდან ამოსული კვამლი.
სულაც არ ჰგავდა ეს ნაცრისფერი სოფელი იმ მზით განათებულ, ნაყოფიერ ადგილს, რომელსაც დღესაც დაატარებენ გულით და წარმოსახვით საბერძნეთში “დაბრუნებული” ბერძნები.
P.S. ჩემს 80 წლის ბებიას ავადმყოფობის გამო მეხსიერება დაეკარგა. მან სრულიად გაწყვიტა რეალობასთან კავშირი და მხოლოდ მოგონებებსა და სიზმრებში ცხოვრობდა. ხან დედამთილს ეჩხუბებოდა სპილენძის ქვაბის გამო, ხან თავისი სკოლის მასწავლებლებს ელაპარაკებოდა. ყველაზე ხშირად კი დმანისის იმ სოფელში იყო, რომელზეც მე გიამბეთ, კუნელსა და შინდს აგროვებდა ტყეში, სადაც ბევრი უცნაური სოკოა, მათ შორის ისეთიც, შეხებისას რომ მტვრად იფანტება.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“