რადიო “თავისუფლების” ქართული მაუწყებლობა 60 წლის გახდა. დიახ, იმ დროიდან, რაც საბჭოთა კავშირში მცხოვრები ქართველები ცენზურისგან თავისუფალ ინფორმაციას რადიოტალღების მეშვეობით მშობლიურ ენაზე პირველად ეზიარნენ, უკვე 60 წელი გავიდა.
საბჭოთა ცენზურისგან თავისუფალი ინფორმაციის წყაროს იდეა ცივი ომის დროს გაჩნდა და აშშ-ის კონგრესის დაფინანსებით განხორციელდა. რადიოსადგური დღემდე ინარჩუნებს საინფორმაციო არხის ნიშას ისეთ ქვეყნებში, სადაც ინფორმაციის თავისუფლება მთლიანად ან ნაწილობრივ შეზღუდულია. მაუწყებლობა ფარავს ევროპის, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს და, ცხადია, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მრავალი სხვა ქვეყნის რეალობაშიც გარდამტეხი როლი შეასრულა. აღსანიშნავია ისიც, რომ თუ ცივი ომის განმავლობაში რადიოსადგური მეტი დატვირთვით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მაუწყებლობდა, დღეს მისი რესურსების დიდი ნაწილი ახლო აღმოსავლეთისკენაა მიმართული, რაც იმას ნიშნავს, რომ რადიო ”თავისუფლება” თავისუფალი სიტყვის გავრცელებას ცდილობს იქ, სადაც ყველაზე მეტადაა ამის საჭიროება.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა კონსტიტუციით დაცული სიტყვის თავისუფლებითა და ნაწილობრივ ცენზურის გარეშე მომუშავე მედიასაშუალებებით, რადიო “თავისუფლება” ჩემთვის დღემდე რჩება ერთადერთ სანდო წყაროდ – ამომწურავი ინფორმაციითა და ჟურნალისტებით, რომლებიც შესანიშნავად იცნობენ მედიასტანდარტებს. კარგად მომზადებული ანალიტიკური გადაცემებითა და დიალოგებით ისეთ სენსიტიურ თემებზე, როგორიცაა ეროვნული და რელიგიური უმცირესობების ბედი და ადამიანის უფლებები. თანამედროვე კულტურა და ხელოვნება, სიუჟეტები ახალგაზრდობისთვის აქტუალურ თემებზე, ახალი წიგნების მიმოხილვა და სხვადასხვა დროის ჯაზმენების მუსიკა, ის იმ იდეალურ ბალანსს ქმნის, რომელიც მედიასაშუალებას მოეთხოვება.
ალბათ სწორედ ეს უნდა ვასწავლოთ მასწავლებლებმა და მშობლებმა ბავშვებს, რომლებიც ჟურნალისტობაზე ოცნებობენ – რას ნიშნავს მაღალი და დაბალი სტანდარტი, რა განსხვავებაა რადიო “თავისუფლებასა” და დანარჩენ რადიოსადგურებს შორის, რომლებითაც, აგერ უკვე რამდენი წელია, უმთავრესად საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები გვსჯიან და რომლებიც თავიანთ მაღალ რეიტინგს საზოგადოებაში ისედაც ფესვგადგმული მახინჯი ტრადიციების სტიმულირებისთვის და დაძაბული, სტრესული გარემოს შესაქმნელად იყენებენ.