ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ვარაზისხევიდან ღიმილიან აღლუმამდე

იმ დროს თესალონიკში ვსწავლობდი “ერასმუს მუნდუსის” სტიპენდიით. ჩემმა მეგობარმა, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტის დიპლომით ხელდამშვენებული ბრუნდებოდა საქართველოში, გადაწყვიტა, რამდენიმე დღით საბერძნეთში შემოევლო. ცოდვა გამხელილი ჯობია – ჩვენ, პირველ ქართველ “ერასმუსელებს”, ყოველთვის გვრჩებოდა ცოტა დრო მზისა და ზღვისთვის, ჩემს ამერიკიდან ჩამოსულ მეგობარს კი მთელი წლის უძილობაც და ბოსტონის უამინდობაც ერთი შეხედვით ეტყობოდა სახეზე, ამიტომ ჰარვარდის შესახებ ბევრი არაფერი მიკითხავს, ჩემით გადავწყვიტე, რომ იქ მხოლოდ სწავლობენ. თურმე ვცდებოდი. მოგვიანებით ბევრი საინტერესო ამბავი მოვისმინე. ჰარვარდის სტუდენტური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია Primal Scream-ი – სწავლით გადაღლილი სტუდენტები გამოცდების დაწყებამდე უნივერსიტეტის ეზოში, არც მეტი, არც ნაკლები, შიშვლები დარბიან! უფრო მეტიც – თუ ბაკალავრიატის სტუდენტმა ამ ღონისძიებაში მონაწილეობა არ მიიღო, ის ნამდვილ ჰარვარდელად არ მიაჩნიათ – ეს დაუწერელი კანონია. იმისთვის, რომ ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიაროს, მობილიზებულია ექიმების, მეთვალყურეებისა და მოხალისეების მთელი ჯგუფი, რომლებიც მონაწილეებს თბილი პლედებითა და ცხელი სასმელებით ამარაგებენ. ღონისძიების მთავარი ორგანიზატორი კი სტუდენტური თვითმმართველობაა.

ეს ისტორია ხანდახან თავს მახსენებს – მაშინ, როცა ახალგაზრდების მიერ ღირებულებათა გადაფასებაზე ჩამოვარდება ლაპარაკი, როცა უფროსი თაობა სტუდენტობას ჩვენი საზოგადოებისთვის უცხო წეს-ჩვეულებების სწრაფ შეთვისებაში ადანაშაულებს, ყველაზე მეტად კი მაშინ, როცა ქართული უნივერსიტეტების სტუდენტური თვითმმართველობების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს განიხილავენ. ამგვარი განხილვა კი ჩემ გარშემო არც ისე იშვიათია…

წარმოიდგინეთ, რა მოხდება, მსგავსი განტვირთვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა რომ მოიწყონ. ვფიქრობ ამაზე და თვალწინ მიდგას სატელევიზიო ანონსები, საგაზეთო ჰედლაინები, აღშფოთებული უფროსი თაობა, რამდენიმე შეშფოთებული ორგანიზაცია და “ბრალდებული” სტუდენტები, რომლებიც თავს იმართლებენ. მსგავს შემთხვევაში ჰარვარდის ავტორიტეტიც ვერაფერს შეცვლის – ის, რაც მიუღებელია, მიუღებელია და მორჩა.

რადგან ჩემი ბერძნული უნივერსიტეტი უკვე ვახსენე, აქვე ვიტყვი, რომ სტუდენტური თვითმმართველობის ერთ–ერთი რიგითი არჩევნები სწორედ ჩემი იქ სწავლის პერიოდში ჩატარდა. პროცესი ხმაურიანად მიმდინარეობდა – სამხრეთულად. მახსოვს ბევრი წითელი დროშა უნივერსიტეტის ეზოში და შავი წარწერები კედლებზე, რუპორებით მორბენალი ლიდერები და აღტაცებული სტუდენტობა. არჩევნებს პოლიციაც ადევნებდა თვალყურს, ოღონდ შორიდან, უნივერსიტეტის ეზოში ფეხის შემოდგმაც კი არ უფიქრიათ.

თვითმმართველობა, ანუ საკუთარი თავის მართვა, დღემდე წარმოადგენს აქტუალურ პრობლემას ჩვენი საზოგადოებისთვის. ამის შესახებ წერდნენ საუკუნის წინაც, წერენ დღესაც და ალბათ ხვალაც დაწერენ. სტუდენტობა კი საზოგადოების ყველაზე პროგრესული და მუდმივად ყურადღების ცენტრში მყოფი ნაწილია და ბუნებრივია, რომ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტური თვითმმართველობების გაჩენას დიდი ინტერესი და არაერთგვაროვანი შეფასებები ახლდა თან. ასეა დღემდე. “როგორ, თქვენთან სტუდენტური თვითმმართველობის ღონისძიებებზე ტელევიზიები მოდიან? ჩვენთან ასეთი რამ არასოდეს მოხდებოდა!” – გულწრფელი გაკვირვებით მითხრა ერთხელ ჩემმა გერმანელმა მეგობარმა.


(ჯონ ჰარვარდი 1607-1638)

ცხადია, სტუდენტურ თვითმმართველობას მომხრეებიც ჰყავს და მოწინააღმდეგეებიც, თუმცა მე არ ვაპირებ მათი არგუმენტებისა და კონტრარგუმენტების განხილვას – ვშიშობ, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი სტუდენტური თვითმმართველობის წევრი, ობიექტურ მსაჯულად ვერ გამოვდგები. უბრალოდ, მგონია, რომ ისევე, როგორც ყველა ტიპის საზოგადოებრივ აქტივობას, სტუდენტურ ცხოვრებასაც სჭირდება ორგანიზება, რაც სულაც არ გულისხმობს სტუდენტთა ერთი ჯგუფის მიერ სხვების ინტერესების უკან გადაწევას; პირიქით, თვითმმართველობის იდეა სწორედ ინიციატივების აკუმულირება და მათ გარშემო სტუდენტების გაერთიანებაა. მთავარია, თვითმმართველობამ და სხვა სტუდენტებმა სხვადასხვა ჯგუფის წევრებად არ იგრძნონ თავი, რადგან ასეთი დამოკიდებულება თავდაპირველ იდეას უქმნის საფრთხეს – სტუდენტების ერთიანობის იდეას, რომელიც უმნიშვნელოვანესია ყველა უნივერსიტეტისთვის, რომელიც ყველა ჯანსაღ საზოგადოებას წინსვლისკენ უბიძგებს.

ჩემთვის ბევრჯერ უკითხავთ, რატომ გადავწყვიტე, თვითმმართველობის წევრი გავმხდარიყავი, მაშინ როდესაც ჩემი როგორც სტუდენტის ცხოვრება ისედაც მრავალფეროვანი და საინტერესო იყო. რა თქმა უნდა, კარგად მესმის, რომ ცვლილებები შეიძლება დაიწყოს ქუჩიდან, დაიწყოს “ზემოდან”, დაიწყოს ხელოვნურად ან მაშინ, როცა სხვა გზა აღარ რჩება, თუმცა ჩემთვის ყველაზე საინტერესო ის პროგრესი და ცვლილებებია, რომლებიც შიგნიდან იწყება. ამიტომ ყოველთვის მიმაჩნდა, რომ სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში სწორედ ის ადამიანები უნდა ჩაერთონ აქტიურად, ვისაც, თავისი სისხლსავსე სტუდენტური ცხოვრებიდან გამომდინარე, თავისი ჯგუფელების, კურსელების პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ ნათელი წარმოდგენა აქვს.

ჩემი ღრმა რწმენით, ცვლილებები შიგნიდან სწორედ ამით იწყება – გარემოებების ცოდნითა და სწორი შეფასებით.

წლებია, რაც სტუდენტი აღარ ვარ და, შესაბამისად, სტუდენტური თვითმმართველობების საქმიანობასაც სხვებივით შორიდან ვადევნებ თვალყურს. მიხარია ყველა წარმატებული ნაბიჯი, რომელსაც ისინი დგამენ, ყველა უსიამოვნება კი იმ საშიშროებას მახსენებს, რომლის შესახებაც ზემოთ უკვე დავწერე ორიოდე სიტყვით, და სულ უფრო და უფრო ხშირად მახსენდება ჩემი კიდევ ერთი, ამჯერად ვილნიუსის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა _ კეთილგანწყობილი ადამიანები და ფერადი ოთახები, საუნივერსიტეტო ტრადიციები, რომელთაც ასე უფრთხილდებოდნენ 1579 წელს დაარსებულ უნივერსიტეტში. მახსენდება სტუდენტური აღლუმი სასწავლო წლის დასაწყისში, მოღიმარი სტუდენტებითა და ფაკულტეტების დროშებით, აღლუმი, რომლის ნახვისას იოლად დარწმუნდებით იმაში, რომ არსებობს მართლაც მშვიდობიანი და ლამაზი მსვლელობები, რომელთაც არც საბჭოთა ტრადიციებთან აქვთ რაიმე საერთო და არც ძალის დემონსტრირებასთან, აღლუმი, რომლებშიც უნივერსიტეტის სიყვარულისა და საკუთარი პრესტიჟის გამო მონაწილეობენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი