სამოქალაქო განათლება ნიშნავს მოსწავლეთა (ა) პოლიტიკურ წიგნიერებას, (ბ) კრიტიკულ აზროვნებას და განსაზღვრული დამოკიდებულებებისა და ღირებულებების განვითარებას, (გ) აქტიურ მონაწილეობას. მოქალაქეობრივი განათლების წარმატებული გამოცდილების სტრატეგიებიდან ამჯერად საზოგადოებრივი საქმიანობით სწავლებას (სსს) შევეხებით.
საზოგადოებრივი საქმიანობით სწავლებას როგორც პოპულარულ საგანმანათლებლო ფილოსოფიას ხანგრძლივი ისტორია აქვს. ბევრი მის ფესვებს ჯონ დიუისა და ჟან პიაჟეს ნაშრომებში პოულობს, ზოგი კი უფრო შორს, ალექსის დე ტოკვილამდე მიდის. ამ ფილოსოფოსებს სჯეროდათ, რომ სწავლა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი პროცესში და როდესაც სწავლას კონკრეტული მიზანი აქვს.
ტერმინი „საზოგადოებრივი საქმიანობით სწავლება“ გულისხმობს მეთოდს, რომლის დროსაც მოსწავლეები სწავლობენ გააზრებულად, ორგანიზებულ საქმიანობაში აქტიური მონაწილეობით. ის რამდენიმე თავისებურებით ხასიათდება:
- ხორციელდება საზოგადოებაში და ეხმიანება მის საჭიროებებს;
- შესაძლებელია დაიგეგმოს სწავლების ნებისმიერ საფეხურზე (დაწყებითი, საბაზო, საშუალო, უმაღლესი);
- ხელს უწყობს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის განვითარებას;
- ინტეგრირებულია, აძლიერებს და აფართოებს (ძირითად) აკადემიურ კურიკულუმს ან საზოგადოებრივი საქმიანობის პროგრამების საგანმანათლებლო კომპონენტებს, რომლებშიც მოსწავლეები მონაწილეობენ;
- მოსწავლეებს ან მონაწილეებს სთავაზობს სტრუქტურირებულ დროს მიღებულ გამოცდილებაზე ფიქრისთვის.
სსს-ის ყველაზე დიდი ხიბლი ის გახლავთ, რომ რაღაც რეალური და კონკრეტული კეთდება. სწავლა სხვა განზომილებაში გადადის. როცა მოსწავლეები ინტელექტუალურად და ემოციურად ჩართულები არიან, რაღაც ახალს აღმოაჩენენ ან ცალკეულ იდეებს შორის კავშირებს ამყარებენ. ის, რაც სკოლაში ისწავლეს, უცებ მნიშვნელოვანი ხდება მათი გონებისა და გულისთვის. გარდა ამისა, შედეგით მოსწავლეც და საზოგადოებაც თანაბრად მოგებულები რჩებიან.
სსს-ს საზოგადოების/თემის ჩართულობით სწავლებასაც უწოდებენ, რადგან ის სასწავლო მიზნებსა და საზოგადოების სამსახურს აერთიანებს ისე, რომ მოსწავლეთა განვითარებასაც უწყობს ხელს და საზოგადოების კეთილდღეობასაც. ის სწავლებისა და სწავლის სტრატეგიაა, რომელიც მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საქმიანობას სწავლებასა და აზროვნებასთან აერთიანებს, რითაც ხელს უწყობს სწავლის გამოცდილებას, ასწავლის სამოქალაქო პასუხისმგებლობას და აძლიერებს თემს.
სსს-ის სარგებელი რამდენიმე მიმართულებით შეიძლება წარმოვადგინოთ: სწავლის სარგებელი, პიროვნული სარგებელი, სარგებელი თემისთვის/საზოგადოებისთვის, პროფესიული წინსვლა, სხვადასხვა ინსტიტუციასთან ურთიერთობა. განვიხილოთ თითოეული მათგანი:
სწავლის სარგებელი:
- დადებითი გავლენა აქვს მოსწავლეთა აკადემიურ მაჩვენებლებზე;
- უვითარებს მოსწავლეებს უნარს, ნასწავლი ცხოვრებაში გამოიყენონ;
- დადებითი გავლენა აქვს ისეთ ზოგად უნარებზე, როგორიცაა გააზრება, პრობლემის ანალიზი, პრობლემის გადაჭრა, კრიტიკული აზროვნება და შემეცნება;
- ავითარებს სირთულესა და ბუნდოვანებასთან გამკლავების უნარს.
პიროვნული სარგებელი:
- პიროვნული ეფექტურობის ზრდა, იდენტობის ჩამოყალიბება, სულიერი და მორალური განვითარება;
- პიროვნებათაშორისი ურთიერთობების, განსაკუთრებით – სხვებთან შეწყობილად მუშაობის უნარის განვითარება, ლიდერობისა და კომუნიკაციის უნარების სრულყოფა.
თემის/საზოგადოების სარგებელი:
- სტერეოტიპული დამოკიდებულებების შემცირება და ინტერკულტურული ურთიერთობების განვითარება;
- საზოგადოებრივი პასუხისმგებლობისა და მოქალაქეობრივი უნარების სრულყოფა;
- სკოლის დასრულების შემდგომ უფრო აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობა.
პროფესიული წინსვლა:
- კავშირები პროფესიონალებთან და, ზოგადად, საზოგადოების წევრებთან სწავლისა და პროფესიული წინსვლის შესაძლებლობისთვის;
- აკადემიური წარმატება, ლიდერობის უნარები და პიროვნული ეფექტურობა აფართოებს პროფესიული ზრდის შესაძლებლობებს.
ინსტიტუციებთან ურთიერთობა:
- აკადემიურ პერსონალთან მჭიდრო ურთიერთობა;
- კმაყოფილების ზრდა სკოლის ფარგლებში და მის მიღმა ინსტიტუციებში;
- კურსდამთავრებულთა მაღალი აკადემიური მაჩვენებლები.
ზოგადი რეკომენდაციები სსს-ისთვის
წარმატებულ სსს-ის განსაზღვრული ფორმატი აქვს, რაც მის მონაწილეებს მიზნების მიღწევაში უწყობს ხელს. ცალკეული ეტაპისთვის დეტალური გეგმის შექმნა საშუალებას გვაძლევს, მთლიანობაში წარმოვიდგინოთ საქმიანობა, დავაინტერესოთ მოსწავლეები და დავიცვათ წარმატებისთვის აუცილებელი ძირითადი სტანდარტები.
განვიხილოთ ფორმატის ძირითადი პუნქტები:
მომზადება – ამ საფეხურზე მასწავლებელი საკუთარ თავსაც და მოსწავლეებსაც ამზადებს სსს-ში ჩასართავად. შეიძლება დაწყება იმ პროექტის შერჩევით, რომელზე მუშაობაც გსურთ; იმაზე ფიქრით, როგორ დაუკავშიროთ ეს პროექტი სასწავლო პროგრამას; მოსწავლეთა და ადგილობრივ ორგანიზაციათა შესაძლო კავშირებზე ფიქრით; საზოგადოების საჭიროებებზე საუბრით და მოსწავლეთა ინტერესის აღძვრით, მოქმედებისთვის მომზადებით. დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ თქვენ მიერ შერჩეული პროექტი აქტუალურია/რელევანტურია საზოგადოებისთვის.
მოსწავლეთა ინტერესის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია, რომ ამ და ყველა მომდევნო ეტაპზე მათ ჰქონდეთ ხმის უფლება. მაგ., შესაძლოა კლასმა კენჭისყრით გადაწყვიტოს, რომელი საზოგადოებრივი საკითხის მხარდაჭერა სურთ ან პროექტში რა ინდივიდუალური წვლილის შეტანას ისურვებდნენ.
მოსწავლეებმა გადასაჭრელი პრობლემის შესახებ შეიძლება გაიგონ:
- საკლასო ან მცირე ჯგუფებში დისკუსიით;
- ვიზუალური გონებრივი იერიშით;
- წიგნებით;
- ინტერნეტკვლევით;
- ახალი ამბების ანონსით;
- ინფოგრაფიკით;
- ვიდეოთი.
მოქმედება – ეს პრაქტიკული კომპონენტია, რომლის დროსაც მოსწავლეებს შეუძლიათ გამოიყენონ ნასწავლი და ის რეალურ საზოგადოებრივ საქმიანობას მიუსადაგონ. ამ ეტაპზე მოსწავლეები უშუალოდ ეხმარებიან საზოგადოების წევრებს და მათ, ვისზეც არსებულმა პრობლემამ იმოქმედა.
მოსწავლეებს შეუძლიათ, შეარჩიონ საქმიანობის შემდეგი გზები:
- საველე გასვლები;
- კვლევითი პროექტები;
- ღონისძიებები;
- ხელგარჯილობა/ხელოსნობა;
- ფონდების მოზიდვა;
- სწავლება;
- საინფორმაციო კამპანია;
- სხვადასხვა მომსახურება (დასუფთავება, მშენებლობა, გამწვანება და სხვ.).
გააზრება – ეს ეტაპი საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, გაიაზრონ განხორციელებული საზოგადოებრივი საქმიანობა, გააანალიზონ, რა ისწავლეს და როგორ გამოიყენებენ ნასწავლს სასწავლო პროგრამაში. ამგვარი რეფლექსია წახალისებული უნდა იყოს ყველა ეტაპზე, თუმცა ამ საფეხურზე პროცესი უფრო სიღრმისეულია და მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, დაფიქრდნენ, რა ისწავლეს და რას გრძნობენ იმ საქმიანობისადმი, რომელიც საზოგადოებისთვის განახორციელეს.
მოსწავლეებს საკუთარ გამოცდილებაზე რეფლექსიისას შეუძლიათ გამოიყენონ:
- ჯგუფური დისკუსია;
- ჟურნალში ჩანაწერები;
- სამუშაო ფურცლები;
- ესე;
- ბლოგი;
- ვიდეო;
- ლექსი ან სიმღერა;
- ნახატები/ფოტოგამოფენა.
დანართის (N1) სახით გთავაზობთ რეფლექსიის ფორმის ნიმუშს.
დემონსტრირება – მოსწავლეებს შეუძლიათ, კლასს, სკოლას ან საზოგადოებას აჩვენონ/გააცნონ, რა ისწავლეს პროექტის ფარგლებში პრობლემისა და მისი გადაჭრის გზების შესახებ. ეს მათ საშუალებას აძლევს, უფრო სიღრმისეულად გაიაზრონ საზოგადოებაში არსებული პრობლემები და ის, თუ რა წვლილის შეტანა შეუძლიათ მის გადაჭრაში სხვა ადამიანებს.
მოსწავლეებს შეუძლიათ, თვალსაჩინოდ წარმოადგინონ ნასწავლი შემდეგი საშუალებებით:
- დასკვნითი პრეზენტაცია;
- სკეტჩი;
- სლაიდშოუ;
- ვიდეო;
- ინფოგრაფიკა;
- გრაფიკები/დიაგრამები;
- წიგნი/პორტფოლიო.
მიღწევის აღნიშვნა – მოსწავლეებს შეუძლიათ, მიულოცონ საკუთარ თავს და სხვებს საზოგადოებისთვის გაწეული სამსახური და პრობლემის მოგვარებაში შეტანილი წვლილი.
ამ ეტაპზე შედეგებზე მნიშვნელოვანია ყურადღების ძალისხმევაზე გამახვილება. ცხადია, არაჩვეულებრივია დადებითი შედეგის აღნიშვნა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი მოსწავლეთა თავდადებული შრომა და ერთგულებაა.
მუყაითობა და წარმატება მოსწავლეებმა შეიძლება აღნიშნონ შემდეგი ფორმით:
- მადლიერების ბარათებით ან მცირე საჩუქრებით თანატოლებისა და თემის წევრებისთვის;
- სკოლის შეკრებაზე ან სოციალურ მედიაში აღიარებით;
- საკუთარი ძალისხმევის შედეგებზე მსჯელობით;
- საკლასო წვეულებით (პიცა, ტკბილეული და სხვ.).
შთაგონებისთვის რამდენიმე მაგალითს გთავაზობთ, რომლებიც შესაძლოა გეგმის შედგენისას გამოგადგეთ:
1) საკითხი: წიგნიერება
მომზადება: აუხსენით მოსწავლეებს წიგნიერების მნიშვნელობა და წიგნიერების დაბალი დონის შედეგები ადამიანისა და საზოგადოებისთვის.
მოქმედება: შეაგროვეთ წიგნები და გადაეცით დაბალშემოსავლიან სკოლებს ან საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს დაავალეთ, ასწავლონ კითხვა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს. გახდით წიგნიერების ხელშემწყობი ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციის პარტნიორი.
2) საკითხი: ცხოველებზე ზრუნვა
მომზადება: ესაუბრეთ მოსწავლეებს ცხოველთა თავშესაფრის, აყვანის, რეაბილიტაციისა და ცხოველებისადმი სასტიკად მოპყრობის თავიდან აცილების შესახებ.
მოქმედება: შეაგროვეთ ცხოველების საკვები და სათამაშოები ადგილობრივი ჰუმანიტარული ორგანიზაციის დახმარებით, მერე კი დაგეგმეთ საველე გასვლა თავშესაფარში ცხოველების მოსანახულებლად და მათ დასახმარებლად.
3) საკითხი: სიღარიბე და შიმშილი
მომზადება: ესაუბრეთ მოსწავლეებს საზოგადოებაში არსებული სიღარიბის, შიმშილის და ბავშვის განვითარებასა და ჯანმრთელობაზე მათი უარყოფითი გავლენის შესახებ. იმსჯელეთ იმაზე, რისი გაკეთება შეიძლება ასეთი ადამიანების დასახმარებლად.
მოქმედება: დაუკავშირდით ადგილობრივ ორგანიზაციას, რომელიც სიღარიბეს ებრძვის და მისი რეკომენდაციით, მოსწავლეებთან ერთად, თავი მოუყარეთ იმ სურსათსა და საგნებს, რომლებიც აუცილებელია უსახლკაროებისთვის.
4) საკითხი: გარემო
მომზადება: იმსჯელეთ აქტუალურ ეკოლოგიურ პრობლემებზე; დედამიწაზე მავნე ნარჩენების გავლენასა და მათი შემცირების გზებზე. ისაუბრეთ „შეამცირე, გადაამუშავე, ხელახლა გამოიყენე“ ციკლის მნიშვნელობაზე გარემოზე ზრუნვის თვალსაზრისით.
მოქმედება: დასახეთ სკოლაში ნარჩენების ხელახლა გამოყენების შესაძლო გზები (მაგ., მაკულატურის შეგროვება). გააცანით სკოლის პერსონალსა და მოსწავლეებს, რისი გადამუშავება შეიძლება და რისი – არა. მოამზადეთ მოკლე ინფორმაციული პლაკატები.
5) საკითხი: მრავალფეროვნება და ინკლუზია
მომზადება: აუხსენით მოსწავლეებს, რას ნიშნავს უთანასწორობა. განსაზღვრეთ და აუხსენით მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის მნიშვნელობა. იმსჯელეთ იმაზე, როგორ შეუძლიათ მრავალფეროვნების მხარდაჭერა ყოველდღიურ ცხოვრებაში.
მოქმედება: მოსწავლეებთან ერთად დაგეგმეთ და მოაწყვეთ სკოლაში „მრავალფეროვნების ზეიმი“. მოსწავლეები გაეცნობიან თანატოლთა განსხვავებულ კულტურებსა და ჯგუფებს. გახდით მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის ხელშემწყობი ადგილობრივი ორგანიზაციის პარტნიორი.
საზოგადოებრივი საქმიანობით სწავლების გეგმის შექმნის შესაძლებლობები უსაზღვროა და ამ პროცესში, როგორც, საზოგადოდ, სწავლებაში, მნიშვნელოვანია შემოქმედებითი მიდგომა. სსს-ის წარმატებული გეგმა თანამშრომლობითი სწავლების ხელშეწყობის საუკეთესო საშუალებაა და წაახალისებს ჯანსაღ კომუნიკაციასა და რეფლექსიას. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ პროექტს აირჩევთ, რადგან საზოგადოებრივი საქმიანობით სწავლება ნებისმიერ შემთხვევაში აკადემიური მიზნების მიღწევის, გუნდური მუშაობისა და ურთიერთობის ხელშეწყობის, სკოლის დადებითი კულტურის ჩამოყალიბების არაჩვეულებრივი გზაა.
დანართი
გამოყენებული ლიტერატურა:
თამარ მოსიაშვილი, საზოგადოებრივი საქმიანობით სწავლება. ინტერნეტგაზეთი „მასწავლებელი“, 2016
https://mastsavlebeli.ge/?p=12113
Bandy Joe (2018). What is Service Learning or Community Engagement? Center for Teaching, Vanderbilt University. https://cft.vanderbilt.edu/guides-sub-pages/teaching-through-community-engagement/
Corporation for National Service, National and Community Service Act of 1990.
Schmitz Suzanne (2012). How Local Schools can Promote Civic Education. Simon Preview.