სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ხევსურული ფერები

მარი მეტრაიეზე მომიყოლია? ამ შესანიშნავ შვეიცარიელ ქალზე, თავისი პატარა ევოლენის სულსა და გულზე, ადამიანზე, რომელმაც მარტოობა და მარტოობაში გაზრდა, სულიერი გაზრდა გაბედა? ჩემს უსაყვარლეს წიგნში „ღიმილის მტვერი”, რომელიც სწორედ მარი მეტრაიესა და მარი-მაგდალენ ბრუმანის დღიურს წარმოადგენს, მარი მეტრაიე ერთგან შვეიცარიულ მაქმანებსა და სამოსზე საუბრობს, მაქმანებზე, რომელთაც მათ შემქმნელ მარჯვე ხელებთან ერთად თითქოს ადგილიცა და დანიშნულებაც დაუკარგავთ.

ეს ამბავი ახლახან გამახსენდა, როცა ჩემმა ხევსურმა მეგობარმა, ნიჭიერმა პოეტმა გიორგი არაბულმა, მამამისის, შოთა არაბულის მიერ შედგენილი ხელნაწერი ბროშურა მაჩვენა, სადაც ხევსურულ კერძებთან ერთად ძაფის ბუნებრივი ღებვის ხევსურული წესებიც არის აღწერილი.

ხევსურეთში მიწასთან სულ სხვაგვარი კავშირი იგრძნობა, დაახლოებით ისეთი, რითაც პირველყოფილი დამიანი დაუკავშირდა გამოქვაბულის კედელს, რომელზეც უძველესი ნადირობის სცენები მიახატა, დაახლოებით ისეთი, როგორი ბუნებრიობითაც ჭიანჭველები და ჩიტები იშენებენ ბუდეს, ანდა ფუტკრები – სკას.

მომინდა, თქვენთვისაც გამეზიარებინა ხევსურული ფერების საიდუმლო, უფრო სწორად, ნაწილი ამ მნიშვნელოვანი ჩანაწერიდან. ვფიქრობ, ეთნოგრაფიით დაინტერესებულ ადამიანებს – მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გამოადგება და, რაც მთავარია, კიდევ ერთხელ დაანახვებს სასწაულს ღმერთისა, რომელმაც სამყარო „უთვალავი ფერითა” შექმნა, ხოლო იმისთვის, რაც ნაცრისფერია, ბუნებრივი საღებავები მოგვცა.

 

წითელი

„ენდროს გავახმობთ, დავფქვავთ და ქილაში ჩავყრით, დავასხამთ ცხელ წყალს და სამ კვირამდე გავაჩერებთ. შემდეგ ენდროს მოვხარშავთ. ერთ წონა შაბსა და ერთ წონა ძაფს ერთად მოვადუღებთ, მერე ჩავდებთ მოხარშულ ენდროში და კიდევ წამოვადუღებთ. თუ მუქი წითელი გვინდა, როცა გაცივდება, ძაფს ამოვიღებთ, დარჩენილ წვენში ახლად დამბალ ჭიაფერს ჩავყრით და შიგ გავავლებთ ძაფს”.

 

ნარინჯისფერი

„ნარინჯისფრად იღებება ნარინჯის მერქანში, ან თრიმლის გულში. ხის გულს ჩავთლით, დავჩეჩქვავთ და ერთ ღამეს ვხარშავთ. მეორე დღეს კიდევ წამოვადუღებთ და შიგ ძაფს ჩავდებთ. ცოტა ხანი რომ წამოდუღდება, ცეცხლიდან გადმოვდგამთ და ძაფს შიგვე გავაცივებთ. დროდადრო ძაფს ამოვიღებთ, რათა ნიავმა გაუაროს და ისევ ჩავუშვებთ. ბოლოს ნაცრით დავდედავთ და გავრეცხავთ”.


ყვითელი

„თრიმლს მოვხარშავთ, წვენს რომ გამოუშვებს, გადავწურავთ, მივცემთ ძაღასა და ერთ მუჭა თეთრ შაბს. კიდევ წამოვადუღებთ და შიგ ძაფს ჩავუშვებთ. ან ღოლოს ძირებს გავრეცხავთ და შესაღებ ძაფთან ერთად წამოვადუღებთ. შიგვე წავაყრით ნაცარს და შევღებავთ”.

 

ლურჯი

„ანწლის მარცვლებს ქვაბში ჩავჭყლეტთ, დავასხამთ ცოტაოდენ წყალს და ჩავდებთ შიგ შესაღებ ძაფს. ამ პროცესს სამჯერ გავიმეორებთ”.

 

ცისფერი

 

„წამოვადუღებთ ნაცართვალს, გადავწურავთ ქვაბში და ჩავუშვებთ შიგ პატარა პარკუჭში გამოკრულ ლილას, რომელსაც ორი-სამი დღე გავაჩერებთ, ლილას რომ ამოვიღებთ, ორ-სამ კვირას დავაცდით, სანამ მტუტა არ მოერევა, ჩავუშვებთ შიგ ძაფს, ამოვავლებთ და გავკიდებთ ქვაბის თავზე, რომ ჩაიწრიტოს. როცა გაშრება, კიდევ ამოვავლებთ , რამდენჯერმე გავიმეორებთ, სანამ სასურველ ფერს არ მიიღებს. ამის შემდეგ მოვადუღებთ თავშავა ბალახს და როცა წვენი მუქ ფერს მიიღებს, წიდას ვუზამთ და მზეზე დავდგამთ. შეღებილ ძაფს თავშავას წვენში სამჯერ გავავლებთ , გავაშრობთ და გავრეცხავთ”.

 

მწვანე

„ბუერას ფოთლებს ვხარშავთ ერთ-ორ საათს, შემდეგ ჩავდებთ შიგ ძაფს და ერთ საათამდე გავაჩერებთ. ამოვიღებთ და ჯერ კიდევ ცხელს ძველ მწურეში ჩავდებთ. მზიან ამინდში მწურეში რამდენჯერმე ამოვავლებთ გადავაბრუნ-გადმოვაბრუნებთ, ბოლოს ამოვიღებთ, გავაშრობთ, გავრეცხავთ და გავაშრობთ”.

 

შავი

„მურყნის ქერქი ხარშვისაგან რომ გათეთრდება და წყალი შავ ფერს მიიღებს, გადავწურავთ და შიგ ძაფს ჩავუშვებთ, რომელიც წინასწარ ძაღაში ან ჭვარტლში არის გავლებული”.

 

ნარგიზისფერი

„მაჟალოს კარგად წამოვადუღებთ და წვენს ერთხელ და ოთხჯერ გადავწურავთ. გადაწურულს კიდევ წამოვადუღებთ, დავამატებთ ძაღას და ჩავდებთ შიგ ძაფს”.

 

თვალი გადაავლეთ ბუნებრივ ფერებს, იმოგზაურეთ ხევსურეთში და შეიღებეთ თვალსაწიერი ხევსურეთის ულამაზესი პეიზაჟებით, მთებით, ველებითა და უძველესი ციხესიმაგრეებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“