სამშაბათი, მარტი 5, 2024
5 მარტი, სამშაბათი, 2024

“როკენროლი – ეს ჭეშმარიტების მტანჯველი ძიებაა და არა გიტარაზე უბრალო ბრახუნი…”

დიქლორდიფენილტრიქლორეთანი – მგონი სწორად გამოვთქვი…

არა, ქიმიის შესახებ საუბარს არ ვაპირებ. არ არის ჩემი სფერო, მიუხედავად იმისა, რომ დედა მყავს ქიმიკოსი და სკოლაშიც საკმაოდ კარგად ვსწავლობდი ამ საგანს. მასწავლებელიც კარგი მყავდა – მარინა მასწი…

თუმცა ამ ნივთიერების შესახებ, როგორც მახსოვს, სკოლაში ბევრი არაფერი მისწავლია…

ამ ძალიან გრძელი სახელწოდების აბრევიატურა მხოლოდ სამი სიმბოლოთი გამოიხატება – DDT.

რა არის DDT? – ე.წ. დუსტი, ნივთიერება, რომელიც ეფექტურად გამოიყენება მავნე მწერების წინააღმდეგ. ნივთიერება, რომელმაც ჩვენი ცხოვრება უკეთესი უნდა გახადოს.

ჩემი თაობის მელომანებისთვის DDT მუსიკასთან ასოცირდება. კიდევ – პაციფიზმთან, ამბოხთან, პროტესტთან, თავისუფლებასთან. შემოდგომასთანაც… და, რა თქმა უნდა, ერთ წვერიან, სათვალიან კაცთან, რომელსაც ძალიან საინტერესო მსოფლმხედველობა და ცხოვრების პრინციპები აქვს.

იური შევჩუკი. მუსიკოსი, რომელიც არა მარტო რუსეთში – მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში ახალგაზრდების ნამდვილ იდეოლოგად იქცა. ადამიანი, რომელიც თამამად შეიძლება ჩაითვალოს რუსული ალტერნატიული მუსიკის ერთ-ერთ მამამთავრად. მისი ჯგუფი, “ДДТ”, შეგვიძლია ღირსეულად მოვიხსენიოთ ისეთი ჯგუფების გვერდით, როგორებიც იყვნენ “КИНО”, “Машина Времени”, “Аквариум”…

მუსიკასთან პირველი აქტიური შეხება შევჩუკს 70-იანი წლების ბოლოს ჰქონდა, როდესაც ბაშკირეთის ერთ-ერთ სოფელში ხატვის მასწავლებლად მომუშავე მუსიკოსი კულტურის ადგილობრივ სახლებში მართავდა კონცერტებს. პირველი “დარტყმაც” სწორედ აქ მიიღო საბჭოთა მთავრობისგან მუსიკაში კომუნისტებისთვის უცხო, არასაბჭოთა ელემენტების გაჟღერების გამო.

რას ვიზამთ, 70-იან წლებში “ზემოთ” როკენროლი არ უყვარდათ… არც მანამდე გიჟდებოდნენ, მაგრამ მაინც. გარდამტეხი ამ მხრივ 80-იანი წლები აღმოჩნდა. კომუნისტებს, მართალია, ეს მუსიკა არც მაშინ შეჰყვარებიათ, მაგრამ საზოგადოებრივმა აქტივობამ და ხელოვანთა თავდაუზოგავმა შრომამ შეძლო, შეერბილებინა განწყობა დასავლური, არასაბჭოთა მუსიკის მიმართ.
სწორედ 1980-ში ჩამოყალიბდა ჯგუფი “ДДТ”.

2000 წელს შევჩუკმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა: “დიდხანს ვფიქრობდით… “დუსტი” – “ДДТ” – ეს იყო ძალიან ბოროტი, ხისტი სახელი იმ დროისთვის, როცა უკრავდნენ ასეთი ანსამბლები: “მხიარული ბიჭები” (“Веселые ребята”), “წინ, ცისკრისაკენ” (“Вперед к рассвету”)… ჩვენ კი განგებ დავირქვით “ДДТ” – ანუ ადამიანები, რომლებიც წამლავენ სიბინძურეს. ჩვენ სოციალურად ძალიან აქტიურები ვიყავით…”

ჯგუფის სახელის იდეა ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული, როცა შევჩუკს უკვე ჰქონდა დაწერილი რამდენიმე ნამდვილად ღირებული კომპოზიცია. მაგალითად კმარა სიმღერა “Не стреляй”, რომელიც დღემდე ბენდის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ ტრეკად რჩება. სიმღერა 1980 წელს დაიწერა. მაშინ, როდესაც საბჭოთა ჯარებმა ავღანეთში პირველი ჯარისკაცები დაკარგეს.

კომუნისტური მთავრობისთვის მუდამ პრობლემას წარმოადგენდნენ ადამიანები, რომლებსაც თამამი გადაწყვეტილების მიღება და მათი გაკრიტიკება შეეძლოთ. იურიც არაერთხელ მოხვედრილა КГБ-ს ყურადღების არეალში.

“ДДТ”-ს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერის, “Свинья на Радуге”-ს ტექსტი ასე ჟღერდა:
В небе радуга висела,
А на ней свинья сидела
И осоловевшим боком,

Свысока на нас глядела.

შევჩუკი იხსენებს, რომ მასა და უშიშროების თანამშრომელს შორის ერთხელ ასეთი დიალოგიც კი გაიმართა:
– ღორი ცისარტყელაზე ვინ არის, ბრეჟნევი?

– როგორ მიხვდით? – იყო პასუხი.

ჯგუფს ჰქონდა ის, რისიც ეშინოდათ კომუნისტებს – თავისუფალი აზროვნება. ამ ყველაფერს დროთა განმავლობაში მაყურებლის, უბრალო საბჭოთა ხალხის, სიყვარულიც დაემატა და 1983 წელს მოსკოვში, ლუჟნიკებზე, ერთ-ერთ ფესტივალზე, “ДДТ”-ს უმნიშვნელოვანესი გამოსვლა შედგა, თუმცა ფესტივალის სატელევიზიო ვერსიიდან საბჭოთა ცენზურამ ჯგუფის გამოსვლის ამსახველი კადრები ამოჭრა. ბენდის ფართო მასებზე გასვლა დროებით გადაიდო.

მომდევნო წელს უშიშროებამ რამდენიმე კონცერტი დაბლოკა. შევჩუკს სტუდიური ჩაწერის უფლებაც წაართვეს. იურიმ რამდენიმეჯერ გამოიცვალა საცხოვრებელი ადგილი, ბოლოს კი პეტერბურგში, იმდროინდელ ლენინგრადში დასახლდა. ამ ქალაქში ბევრი როკმუსიკოსი ცხოვრობდა, თუმცა, მიუხედავად მცირე გამონათებებისა, როკენროლი ჯერ კიდევ “ანდერგრაუნდ” სუბკულტურად მიჩნეოდა და მუსიკოსებს, კანონთან პრობლემები რომ არ შექმნოდათ, მეეზოვეებად, ღამის დარაჯებად თუ ცეცხლფარეშებად უწევდათ მუშაობა.

სწორედ ამ ქალაქში მოახერხა “ДДТ”-მ პოპულარობის მოხვეჭა. 1987 წელს ის როკფესტივალის მთავარ აღმოჩენად იქცა.

მერე იყო ტური მთელი რუსეთის მასშტაბით და საუკეთესო კომპოზიციები, გაერთიანებული ალბომში “Я получил эту роль” (“მე ეს როლი მივიღე”), რომელიც 1987 წელს გამოვიდა.

90-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირი დაიშალა და რუსული საზოგადოება ახალ პრობლემას შეეჯახა: ომს ჩეჩნეთში. შევჩუკმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო – მან კონფლიქტის პერიოდში ჩეჩნეთში რამდენიმე კონცერტი გამართა. იური იხსენებდა, რომ კონცერტებზე მიდიოდნენ ჩეჩნებიც, რუსებიც, ხშირად – იარაღით, თუმცა არც ერთი ინციდენტი არ მომხდარა. “ეს ძალიან მაგარი იყო, სწორედ ამის მიღწევა გვსურდა… როკენროლი ხომ მუდამ მშვიდობისთვის იბრძვის”, – ამბობდა მუსიკოსი.

მშვიდობისთვის იბრძოდა შევჩუკი 2008 წლის სექტემბერშიც, როდესაც რუსეთ-საქართველოს ომიდან ერთი თვის შემდეგ გამართა კონცერტი “Не стреляй”. საღამოზე “ДДТ”-სთან ერთად გამოვიდნენ ნინო ქათამაძე და ჯგუფი “Insight”-იც, აგრეთვე – კოლექტივები უკრაინიდან. სცენაზე ერთად იდგნენ ქართველები, რუსები, ოსები და უკრაინელები. ათეულობით ათასი ადამიანი ხმამაღლა ყვიროდა: “Нет Войне!” (“არა ომს!”).

შევჩუკმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ომი, ვინც არ უნდა აწარმოებდეს მას, საშინელებაა.

სოციალური აქტივობა “ДДТ”-ს სოლისტის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ის არაერთხელ გამოსულა სამთავრობო კურსის საწინააღმდეგო აქციაზე მოსკოვსა თუ პეტერბურგში, ის არის “მოწინააღმდეგეთა მარშის” ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი. მარშს პერიოდული ხასიათი აქვს და მისი მთავარი მიზანი “ჩეკისტური მმართველობის” გაპროტესტებაა.

საინტერესოა, რომ 2010 წლის მაისში, პუტინთან გამართულ შეხვედრაზე (რომელსაც იმხანად პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა), შევჩუკმა ღიად ილაპარაკა და საკმაოდ მწვავედ გააკრიტიკა მთავრობის ქმედებები. სანამ პასუხს მიიღებდა, პრემიერმა ასეთი კითხვა დასვა: “А как Вас зовут, извините?”

ძნელი წარმოსადგენია, რომ უშიშროების ყოფილ თანამშრომელსა და ქვეყნის სათავეში მყოფ პირს არ სცოდნოდა, ვინ არის იური შევჩუკი -ადამიანი, რომელიც მუდამ ხმამაღლა ლაპარაკობს საზოგადოებასა და მმართველობის სისტემაში არსებულ პრობლემებზე.

თავად მუსიკოსი კითხვას, ვინ არის ის, უბრალოდ პასუხობს: “Я Юра, музыкант”.

ასეთივე უბრალოა მისი შემოქმედებაც, თუმცა არის მის კომპოზიციებში განსაკუთრებული ელემენტი – ტექსტი. შევჩუკი ძალიან კარგი პოეტია და შეუძლია, ყოველთვის სწორი, აწონ-დაწონილი და მიზანმიმართული სიტყვებით გამოხატოს პროტესტი, რომელსაც გრძობს.

“ДДТ”-ს მოსმენის ბედნიერება მხოლოდ წელს მხვდა წილად. ერთი თვით ადრე შევიტყვე, რომ ჩამოდიოდნენ და ბილეთები იმ დღესვე შევიძინე, როცა გაყიდვა დაიწყო. ზუსტად ვიცოდი, რომ კონცერტზე ძალიან ბევრი ხალხი მოვიდოდა. ორმაგად გამიხარდა, რომ მათი დიდი უმრავლესობა ახალგაზრდა იყო.

ეს ფოტო 2012 წლის 3 ივნისსაა გადაღებული, თბილისში, როკფესტივალზე “Tbilisi Open Air”. თავადაც ხედავთ, რომ კონცერტს ათასობით ადამიანი ესწრებოდა. შევჩუკმა ძველ, კარგად ნაცნობ სიმღერებთან ერთად ახალი პროგრამაც შეასრულა, რომელმაც ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. 55 წლის მუსიკოსმა ძალიან ხარისხიანი, თანამედროვე და, რაც მთავარია, აქტუალური კომპოზიციები იდეალურად მიიტანა მსმენელამდე.

სცენაზე იდგა ადამიანი, რომელსაც ზურგს ძალიან კარგი ბენდი და თავისუფლებისთვის ოცდაათწლიანი ბრძოლა უმაგრებდა… ორმაგად პატივსაცემი იყო შევჩუკის სწრაფვა, არ ჩამორჩენოდა თანამედროვე ტენდენციებს, რაც მას საკმაოდ კარგად გამოუვიდა. შთაბეჭდილება იმდენად ძლიერი იყო, რომ იმ ღამით არ დამეძინა… “ДДТ”-მ დაგვანახა, რომ მას ოცდაათი წლის შემდეგაც შეუძლია თქვას თავისი სიტყვა თანამედროვე მუსიკაში. მან დაგვანახა, რომ ცოცხალია…

“ცოცხალია თუ არა როკენროლი?

მკვდრები ამბობენ, რომ არა.
ცოცხლები ფიქრობენ, რომ ცოცხალია…”
იური შევჩუკი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი